Menu
RSS

„კანონიერ ქურდ“ მერაბ გოგიას დაკავების უცნობი დეტალები

რისთვის გადაახდევინა სააკაშვილმა „მელიას“ მილიონი დოლარი და რა აკავშირებს „გოჭოს“ პუტინთან

31 მარტს, რუსული საინფორმაციო გამოშვებების კრიმინალის ბლოკში, მთავარი თემა მოსკოვში ჩატარებული სპეცოპერაცია გახლდათ. სპეცოპერაციის კადრებმა რუსული სოციალური ქსელები წალეკა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ჩადიან მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან სპეცრაზმის წევრები 24-ე სართულზე, როგორ ამტვრევენ შუშის კარს და როგორ შედიან ბინაში. აღნიშნულ ბინაში კი სამართალდამცავები ქართველ ,,კანონიერ ქურდს'', მერაბ გოგიას ეძებდნენ და იპოვეს კიდეც.

როგორც სპეცოპერაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, როცა სპეცრაზმი ოთახში შეიჭრა, გოგია სკამიდან არც წამომდგარა, ხოლო როცა იატაკზე დაწოლა უბრძანეს, ბრძანების გამცემს შეუკურთხა. ამის შემდეგ, ის იატაკზე ძალის გამოყენებით დააწვინეს და აუწყეს, რომ დაკავებული იყო, თუმცა... 

,,მელიას'' მეტსახელით ცნობილი გოგია, 2008 წელს, ესპანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს და მისი ექსტრადაცია, მეუღლესთან ერთად, საქართველოში მოხდა. ყველა ელოდა, რომ ერთ-ერთ გავლენიან ქურდს სააკაშვილის ხელისუფლება გაასამართლებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად _ გოგიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, სანაცვლოდ, მილიონი დოლარი გადაახდევინეს და მეუღლესთან ერთად, რუსეთში გაამგზავრეს. 

გამგზავრებიდან მეორე დღეს, გოგიაზე საქართველოს ხელისუფლებამ ძებნა გამოაცხადა და ამით სამშობლოში დაბრუნების ყველანაირი გზა მოუჭრა. 

იმავე 2008 წელს, მერაბმა, მეუღლესთან ერთად, რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და სწორედ ეს დოკუმენტი დააყენა ეჭვქვეშ რუსეთის შს მინისტრის მოადგილე მიხაილ ვანიჩკინმა, რომელმაც განაცხადა, რომ არაერთი კრიმინალი ყალბი საბუთებით იმალება და ყალბი საბუთებითვე ფლობს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას. 

გოგიას დაჭერის ბრძანებაც მან გასცა და, როგორც შემდეგ გაირკვა, ,,მელიას'' სახლის ჩხრეკისას, სამი პასპორტი ამოიღეს. სამივეგან დაკავებულის ფოტო იყო ჩასმული, მაგრამ ორ მათგანში, სხვა სახელი და გვარი ეწერა. 

ყველაზე საინტერესო კი ამის შემდეგ მოხდა: მოგეხსენებათ, რუსეთში მიღებული ახალი კანონის თანახმად, პირი, რომელიც ტელეკამერების წინ იტყვის, რომ ქურდია, მინიმუმ, შვიდწლიან სასჯელს იღებს და ხუთი მილიონი რუბლით ჯარიმდება. ჰოდა, გოგიასაც მიუშვირეს კამერა და ჰკითხეს, ქურდი ხარო? რაზეც მას გაეცინა, შემდეგ, დასერიოზულდა და მკაფიოდ განაცხადა _ ,,კი, ქურდი ვარ, ქურდი.'' 

წესითა და რიგით, ,,მელია'' უნდა იყოს პირველი, ვისაც ამ ახალი კანონით გაასამართლებენ, თუმცა ის უკვე გადაიყვანეს საექსტრადაციო ციხეში და გასამართლებას კი არა, ქვეყნიდან გაძევებას უპირებენ. 

საინტერესოა, რომ 2008 წელს მიღებული მოქალაქეობა უკვე გაუნულეს და ის ახლა არცერთი ქვეყნის მოქალაქედ არ ითვლება. ასეთ დროს კი, პირი იმ ქვეყანაში უნდა გაუშვან, რომელსაც აირჩევს და დიდი ალბათობით, გოგიას არჩევანი საქართველო არ იქნება. 

რუსმა სამართალდამცავებმა სოჭში, საქართველოში დაბადებული კიდევ ერთი ქურდი, თენგიზ დუმოევი (მეტსახელად ,,გოჭო'') დააკავეს. სანამ დაკავების მიზეზს გეტყოდეთ, იმას მოგახსენებთ, რომ დუმოევი კრიმინალურ სამყაროში ყველაზე დახელოვნებულ ჯიბის ქურდად არის ცნობილი და სამართალშიც რამდენჯერმე, სწორედ ,,კარმანშიკობისთვის'' მიეცა, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ჯიბის ქურდობა კრიმინალურ სამყაროში ყველაზე მიღებული და ყველაზე სწორი მიმართულებაა. 

რაც შეეხება დაკავებას, ამჯერად ის ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. როგორც რუსი სამართალდამცავები ამბობენ, დუმოევმა ადგილობრივ კაზინოში 24.3 მილიონი რუბლი (დაახლოებით, 970 ათასი ლარი) მოიგო და გადასახადი არ გადაიხადა. შედეგად, ალ კაპონესავით, დუმოევი გადასახადების დამალვის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ... 

,,რა გადასახადები და რა კაზინოში მოგება? თქვენ გაგიგიათ, რომ ვინმე კაზინოში ამ ოდენობის თანხებს იგებდეს? უბრალოდ, სოჭში, კრიმინალური სამყაროს წევრები ასე ფულს ათეთრებენ, ამით კაზინოც ხეირობს და კრიმინალიც. ყველაფერი ეს სამართალდამცავებმა კარგად იცოდნენ, მაგრამ კაზინოს ვერ შეეხნენ, რადგან საქმეში მხარის გუბერნატორია გასული, აი, ის გუბერნატორი კი პირადად ვლადიმირ პუტინის კადრია და მის მეგობრად ითვლება. შესაბამისად, არ შეეხნენ მას, არც _ კაზინოს და გაიმეტეს დუმოევი,'' _ უყვებიან ,,ვერსიას''. 

ამ ბრალდების გარდა, მას აუცილებლად წაუყენებენ ქურდული სამყაროს წევრობასაც და თუ ის ტელეკამერების წინ არ იტყვის, რომ ქურდი არ არის, სასჯელი დაუმძიმდება. 

ევროპელმა ლიდერებმა უკვე ღიად დაიწყეს საუბარი, რომ რუსეთში მიღებული კანონი მათ საფრთხეს უქმნის. ,,კანონიერმა ქურდებმა'' და კრიმინალურმა ,,ავტორიტეტებმა'' მასიურად დაიწყეს ფეშენებელური სახლების გაყიდვა რუსეთში და აღებული ფულით სახლებს უკვე ევროპაში ყიდულობენ. ერთადერთი გამონაკლისი დიდი ბრიტანეთია, სადაც ლეგალურად შესვლაც და ცხოვრებაც ძალიან ძნელია, მაგრამ ბრიტანეთს ერთი პლუსი აქვს _ თუ რომელიმე მოქალაქე ქვეყნის ეკონომიკაში ას მილიონზე მეტს ჩადებს, მას კარს ფართოდ გაუღებენ, თუმცა 100 მილიონი პატარა თანხა რიგითი ქურდებისთვის ნამდვილად არ არის. საინტერესოა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, მოსკოვის გარეუბანში, რვა ,,კანონიერმა ქურდმა'' გაყიდა სახლი და რვავემ... ახალი სახლი ისრაელში შეიძინა. ამან ებრაული პოლიცია ,,გააცოფა'', ჩვენ ტერორისტებს ვდიოთ, თუ ,,კანონიერ ქურდებსო'', მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ახერხებენ, რამეთუ სახლებს ოფიციალურად ისრაელის მოქალაქეები ყიდულობენ, მაგრამ სამართალდამცავებმა ზუსტად იციან, რომ ისინი ,,კანონიერი ქურდების'' კუთვნილებაა. 

,,ევროპის მესამე შტურმი'' _ ასე დაასათაურა ,,ტელეგრაფმა'' მიმდინარე პროცესები და რეალურად, სტატია ქართველ ,,კანონიერ ქურდებს'' მიუძღვნა. სტატიაში წერია, რომ პროცენტულად, ყველაზე მეტი კანონიერი ქურდი, სწორედ საქართველოდანაა და ისინი მესამედ შეეცდებიან ევროპის დაპყრობას. 

პირველი შტურმი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განხორციელდა, როცა ქართველებმა პირველად მოახერხეს, პოსტსაბჭოთა სივრცის გარდა, სხვა ქვეყანაში თავისუფლად წასვლა. 

მეორე შტურმის თარიღად მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის დროს, საქართველოდან ქურდების მასიური მიგრაცია სახელდება. 

აი, მესამე და ყველაზე მასშტაბურ შტურმად კი რუსეთის ფედერაციაში მიღებულ კანონს ასახელებენ. 

საქმე ისაა, რომ ამჯერად ევროპას არამარტო ,,ქართველი ქურდები'' შეესევიან და თუ აღნიშნულ კანონს უკრაინაც მიიღებს, რისი ნიშნებიც უკვე არის, სავარაუდოდ, ევროპას კიდევ ერთი შტურმი ელოდება. შესაბამისად, ევროპელი სამართალდამცავები აქტიურად განიხილავენ ანალოგიური კანონის მღების შესაძლებლობას... 

კრიმინალურ სამყაროში კი კიდევ ერთი თვე მიითვალეს და მოუთმენლად ელიან ივნისის დადგომას: ივნისში ციხიდან ტარიელ ონიანი გამოდის, კაცი, რომლის გათავისუფლებასაც კრიმინალური სამყარო დიდი ინტერესით ელოდება.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში