Menu
RSS

გვენეტაძის „ტყვეობისა“ და გაუჩინარების საიდუმლო

„ფრთხილად იყავი, ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი“, _ რა უთხრა გადადგომამდე იუსტიციის საბჭოს წევრს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ და რას ჰყვებიან სასამართლოს კულუარებში

90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენი საზოგადოების განუკურნებელი შაკიკია ანუ აქამდეც ყველამ ვიცოდით, რომ ქართულ სასამართლოში ადამიანს საკუთარი სიმართლის დადგენის არცთუ დიდი შანსი აქვს, თუმცა ის, რაც ბოლო დროს ამ სისტემაში, უფრო სწორად, ამ სისტემის გარშემო ხდება, ნამდვილი კოშმარია. დიახ, უკეთეს სასამართლოზე ზრუნვამ მთელი ქართული პოლიტიკა ატომური ბომბივით ააფეთქა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მმართველი გუნდის ერთიანობაც ჩამოამხო. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს „ოცნების“ მთავარი მტერი და ავისმოსურნე ყოფილი ხელისუფლება ანუ ნაციონალური მოძრაობა კი არა, უკვე ექსოცნებელები არიან, ის ადამიანები, რომლებიც არცთუ დიდი ხნის წინ, ვენებს იხსნიდნენ და გვიმტკიცებდნენ, ჩვენი გუნდი ისეთი მონოლითური და კარგია, გული ჩვენვე გვიჩუყდებაო. დღევანდელი მოცემულობა კი ასეთია: „ოცნების“ მოქმედი და ყოფილი წევრები ერთმანეთს საჯაროდ ისეთ რაღაცებს ეძახიან, რომ მათ შემხედვარეს გული აწ უკვე ჩვენ, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეებს გვიჩუყდება.

მოკლედ, ვის ხელებს ასდის ფულის სუნი და ვის რა ოჯახური ბიზნესი აქვს სასამართლოში? _ ამაში, ალბათ, მსოფლიოს უძლეველი საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლებიც ვერ გაერკვევიან. ჰოდა, ეს კითხვის ნიშანი, კითხვის ნიშნად დავტოვოთ და ჩვენ იმის შესახებ ვიმსჯელოთ, რატომ გვემხობა თავზე სასამართლო და, ზოგადად, რატომ გაქრა შარშანდელი თოვლივით უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გვენეტაძე, რომელიც ამ პოსტზე, სხვათა შორის, ათი წლის ვადით იყო არჩეული და რომელსაც, როგორც კახეთში იტყვიან, ცოტა ფხა რომ გამოეჩინა, უბატონოდ ბუზსაც ვერავინ აუფრენდა. თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა ანუ ერთ (არა)მშვენიერ დღეს, გვენეტაძემ, რომელიც სააკაშვილის ეპოქიდან მოყოლებული, სამართლიანობისთვის იბრძოდა (ყოველ შემთხვევაში, გვახსოვს, რომ მერაბ ტურავასთან ერთად, პირველი მოსამართლე იყო, ვინც ნაცებს დაუპირისპირდა), არათუ მოსამართლის მანტია გაიხადა, არამედ თანამდებობა უაპელაციოდ დატოვა. 

ეს ამბავი კი ერთი წლის წინ, კერძოდ, 2018 წლის აგვისტოში, ასე დაიწყო: არავინ რომ ელოდა, ნინო გვენეტაძემ განაცხადა, ავად ვარო, ადგა და წავიდა, მაგრამ სად? _ არავინ იცის. რა აწუხებდა ქალბატონ ნინოს? _ ესეც არავინ იცის, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა პირადი ინფორმაციაა, რომლის გამჟღავნებაც, თუ ადამიანს ამის სურვილი არ აქვს, კანონით ისჯება. 

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გვენეტაძე ავრცელებს განცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ. 

ამასთან, მოკლედ მიმოიხილავს 2015 წლის 20 მარტიდან დღემდე, მისი ხელმძღვანელობით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების სისტემაში გატარებულ სარეფორმო ღონისძიებებს: 

1. მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის წარმატებით განხორციელება, რაც გულისხმობს საერთო სასამართლოების სისტემაში შემოსულ საქმეთა შემთხვევითი, ელექტრონული წესით განაწილების დანერგვას და მის წარმატებით ამუშავებას; თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე თანამედროვე დატა ცენტრის გამართვას, რომელიც ემსახურება საქმეთა ელექტრონულ განაწილებას. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას და მის ეფექტურ ფუნქციონირებას; სასამართლო გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესის ეტაპობრივ დანერგვას. 

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მართლმსაჯულების ხუთწლიანი სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის მიღებას; წარმატებული ერთწლიანი პერიოდის _ ანგარიშის პრეზენტაციას ფართო საზოგადოების წინაშე. 

3. პირველად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას და ამოქმედებას; მიმდინარე სამუშაოებს სასამართლო პრაქტიკის განზოგადებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარებზე. 

4. მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, აქტიურ საქმიანობას საქართველოს პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რაც უახლოეს მომავალში დაგვირგვინდება ახალი საკანონმდებლო ნოვაციებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. კერძოდ, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების _ დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალე საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების შემუშავებას და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას; კომერციული პალატების ფუნქციონირების წესის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და სასამართლოთა განტვირთვას საქმეთა ჭარბი ნაკადისაგან. 

5. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. 

6. საერთო სასამართლოების სისტემაში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ, დაახლოებით ორმოცზე მეტი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი კორპუსის (სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის) დასრულება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის საპროექტო სამუშაოების მომზადება. 

აღნიშნულ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით საელჩოებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ყველა მნიშვნელოვან სარეფორმო ეტაპზე, აქტიურ მხარდაჭერას ახორცილებდნენ მართლმსაჯულების სისტემისადმი. ასევე ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაღმავების კუთხით. 

ნინო გვენეტაძე მადლობას უხდის კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ ქართული მართლმსაჯულება ღირსეულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, ღირსეულად მოემსახურება კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის დამკვიდრებას“, _ ნათქვამი იყო ინფორმაციაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

მოკლედ, არავინ _ არც ოპოზიცია და არც „ენჯეოშნიკები“ არ დაინტერესებულა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჯანმრთელობა რატომ შეერყა. ეს კი არადა, ამ ერთი წლის განმავლობაში, ამ ქალბატონის სახელი და გვარი, ზერელედაც არავის უხსენებია. მას შემდეგ კი, რაც სასამართლოს სისტემის გამო „ოცნებელები“ ერთმანეთს მტრად მოეკიდნენ, ვიღაცებს გვენეტაძე გაახსენდათ. უფრო სწორად, გვენეტაძე მისმა ყოფილმა თანამშემწემ, კახა წიქარიშვილმა გაიხსენა და საზოგადოებას სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა. 

„ჩემთვის ცნობილია კარგად, ნინო გვენეტაძეს რა გადახდა ამ სასამართლო სისტემაში და განსაკუთრებით, მისი პირველი ნაწილი... მაქვს გამოცდილება, თუ რა დღეში ჩავარდა... მგონი, პარლამენტი შეთანხმდა თავის დროზე, რომ ნინო გვენეტაძე იყო წესიერი ადამიანი, რა ბედში შეიძლება ჩავარდეს წესიერი და პრინციპული ადამიანი, რომელიც შეაღწევს ამ სასამართლო სისტემაში. ეს ძალიან კარგი მაგალითია და ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ვინაიდან მე ვიყავი ნინო გვენეტაძის თანაშემწე... 

სასამართლოში ასეთი მოვლენები ხდება, სასამართლოში ასეთი ტურბოლენციები ხდება და ვინმემ მკითხეთ, ნინო გვენეტაძე სად არის, ან რა რეაგირებას აკეთებს? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან ის მარტო აღმოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, მას უკვე ფიზიკურადაც შეეშინდა, რომ საბჭოს სხდომაზე, აიღებდნენ და სცემდნენ. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მისი პიროვნება რა დონის სტრესის ქვეშ ჩავარდა და მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთი დღე დაეთანხმა კლანს, მეორე დღე დაეთანხმა, მესამე დღე და როდესაც მივიდა პიკამდე, რომ კლანის მსახური უნდა გამხდარიყო, მოსამსახურე ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად. 

ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მოისხამს კეთილ ნაყოფს, რაც არ უნდა კანონები დაწეროთ, რაც არ უნდა ალტერნატიული ვერსიები არსებობდეს, ამ საბჭოსგან კეთილი ნაყოფი არ გამოვა. ერთადერთი გამოსავალი ჩვენ შემოგთავაზეთ წერილობით განცხადებაში – პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია სასამართლოში არსებული მდგომარეობის თაობაზე და თუ კლანი არ გადადგება, მიიღოს კანონმდებლობა, რომლითაც აიძულებს ამ კლანს სასამართლოდან წასვლას'', – ეს განცხადება წიქარიშვილმა იურიდიული კომიტეტის იმ სხდომაზე გააკეთა, სადაც მოსამართლეთა შერჩევისა და გამწესების კრიტერიუმებზე, მმართველი გუნდის მიერ შექმნილი კანონპროექტის ფარგლებში მსჯელობდნენ. 

მოგვიანებით, წიქარიშვილმა თავისი აზრი კიდევ უფრო განავრცო _ სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნა და ყოფილ პრემიერს შეხვედრა სთხოვა, ტეტ-ა-ტეტ მოგიყვებით ყველაფერ იმას, რაც ვიციო: 

„ბატონო ბიძინა, ქართული სასამართლო სისტემა კოლაფსის წინაშე იმყოფება. ალბათ, მოგეხსენებათ, რომ სასამართლო სისტემა არ არის შენობები, დარბაზები და კომპიუტერები და სხვა აღჭურვილობა. სასამართლო სისტემა არის იქ არსებული ადამიანები, მათი ღირებულებები, მათი ქცევები და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა. 

რატომ უნდა ენდოს ხალხი მოსამართლეებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს, ჩადენილი აქვთ მილიონი ცუდი საქმე, მაშინ, როდესაც ამ მილიონი ცუდი საქმის ორგანიზატორი დღესაც მართავს სასამართლო სისტემას და მისთვის არა თუ საყვედური არავის უთქვამს, პირიქით, ცოტა ხნის წინ, ის ოფიციალურად იყო წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. 

რატომ უნდა ენდოს ხალხი სასამართლოს, როცა გირგვლიანის საქმის მოსამართლე თავს მოსამართლეების ლიდერად ასაღებს და მათი სახელით საუბრობს; და რატომ უნდა ენდოს ხალხი სასამართლოს, როცა მეამბოხე მოსამართლედ წოდებულმა ნინო გვენეტაძემ, ჯერ შეწყვიტა სასამართლოში მმართველ ჯგუფთან დაპირისპირება და შემდეგ ჩუმად გაქრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან. 

მოსამართლეთა კორპუსის ღირებულებითი სისტემა დეგრადირებულია. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოუვა საქართველოს და ქართველი ხალხის ღირებულებებს და საქართველოს დამოუკიდებლობას, შაჰ აბასის ძეგლი რომ დავდგათ სააკაძის მოედანზე. 

,,ქართულმა ოცნებამ'' წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა უკვე დეგრადირებული სისტემა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო სასამართლოს გაჯანსაღება, მის სათავეში მოექცა იგივე ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას უწევდა მილიონ ცუდ საქმეს. როგორ გინდათ საზოგადოება დაარწმუნოთ იმაში, რომ ისინი დღეს, მილიონი კარგი საქმის ორგანიზებით არიან დაკავებული. 

მე გთავაზობთ გამოსავალს, შეიქმნას ფართო ჯგუფი ხელისუფლების და საზოგადოების მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის სასამართლოში არსებულ ვითარებას და იმსჯელებს გამოსავლის გზებზე. 

ასევე გთავაზობთ შეხვედრას, გნებავთ ღია, გნებავთ დახურულ ფორმატში, ჩემი მეგობრების _ ყოფილი მოსამართლეებისა და ადვოკატების ჯგუფთან ერთად, რათა უფრო დეტალურად აგიხსნათ სასამართლოში არსებული ვითარება და ის საფრთხე, რის წინაშეც სასამართლო იმყოფება''.

ივანიშვილი წიქარიშვილს, ცხადია, არ შეხვდა. სამაგიეროდ, იმის შესახებ, რომ გვენეტაძე იუსტიციის საბჭოს ერთგვარ ტყვეობაში იყო, განცხადებები სხვა ადამიანებმაც გააკეთეს. ასე, მაგალითად, ამ თემას იურისტი ლია მუხაშავრია გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა: 

„რაც კახა წიქარიშვილმა თქვა, აბსოლუტური სიმართლეა. რომ არა ასეთი წნეხი და ზეწოლა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობას ასე არ დატოვებდა. ამხელა თანამდებობიდან როცა მიდის ადამიანი, წარმოუდგენელია, მას არ ჰკითხო, რატომ მიდის, რაც უნდა ჯანმრთელობის მიზეზი იყოს გადადგომის საფუძველი, მაგრამ ჩვენი პარლამენტი აღმოჩნდა ყრუ. 

ძალიან მინდა, რომ ახლა მაინც მიაქციონ ამ საკითხს ყურადღება, მაგრამ ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ. თუ ჩვენ ასეთ პრეცედენტს დავუშვებთ, თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასეთ საკითხებზე ყურადღებას არ გაამახვილებს, თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეიძლება პირადი უსაფრთხოება გადაექცეს საშიშად, მაშინ, რიგით მოქალაქეს რისი იმედი უნდა ჰქონდეს?! 

ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია და კარგი იქნება, მასზე საზოგადოებამ მოთხოვნა გააკეთოს და პოლიტიკოსები ვაიძულოთ, ამ საკითხს ჩაუღრმავდნენ იმიტომ, რომ გამოდის ყაჩაღების სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც კი არ არის ძალადობისგან დაცული''. 

 

„გვენეტაძის ტყვეობას“ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილიც გამოეხმაურა (აქვე, გეტყვით, რომ ჯანეზაშვილი ის ადამიანია, რომელსაც სასამართლო სისტემის აფეთქებაში ანუ იქ არსებული ვითარების სააშკარაოზე გამოტანაში, ანა დოლიძესთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის): 

„ერთხელ გვენეტაძემ გამაფრთხილა, ნაზი, ფრთხილად იყავი, ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელიო. ჩვენ ხომ არ ვიცით, სანამდე წამსვლელები არიან და რისი გაკეთება შეუძლიათ?! თავიდან გვენეტაძე თითქოს უტევდა ამ კლანს, შემდეგ ცოტა შეარბილა პოზიციები და ყველა საუბრობდა, ხომ არ იყო ეს ტესტების სკანდალიდან გამომდინარე''. 

რაც შეეხება ე.წ. ტესტების სკანდალს, დიახ, სანამ გადადგებოდა, გვენეტაძე სკანდალში მართლაც გაეხვა. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ გვენეტაძის დაქალმა, რომელიც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდებს აბარებდა, ტესტების პასუხები გადაიწერა. ამის შესახებ აჟიოტაჟი თბილისის საქალაქო სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა ატეხა. მოგვიანებით, ახვლედიანი თანამდებობიდან გადააყენეს და როგორც მაშინ ითქვა, ახვლედიანი სწორედ იმის გამო დასაჯეს, რომ ენას კბილი არ დააჭირა. 

სხვათა შორის, „ტესტების სკანდალზე“ გამოძიება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და დღემდე არ ვიცით, დამნაშავე, ან დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, თუ არა. „ტესტების სკანდალის“ პარალელურად, მედიამ გვენეტაძის ბეგრაუნდის შესწავლა დაიწყო და იმდროინდელ ინტერნეტმედიაში, უზენაესი სასამართლოს იმ თავმჯდომარის შესახებ, რომელიც მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგება, არაერთი, რბილად რომ ვთქვათ, საჩოთირო სტატია გამოქვეყნდა. ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამი იყო: 

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ მარგველაშვილის წარდგინებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე აირჩიეს, გახშირდა ხმები სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის შესახებ... მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გვენეტაძის ჩარევით, უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთი პირი, რომელიც უმძიმეს დანაშაულში იყო მსჯავრდებული, სრულად გაამართლა. გამამართლებელი განაჩენის გამოტანაში კი მოსამართლეებს, ქალბატონი თავმჯდომარის რჩევები დაეხმარა''. 

მოგეხსენებათ, პრესაში ათასგვარი ინფორმაცია ვრცელდება და ყველა მათგანის უტყუარობაზე თავის დადება არ ღირს, თუმცა ერთი ფაქტია: გვენეტაძემ თანამდებობა ვერ მოირგო ანუ როგორც „ვერსიას“ სასამართლოს კულუარებში ეუბნებიან, ის თავს მენეჯერად კი არა, მოსამართლედ მიიჩნევდა და სურვილი ჰქონდა, რომ საქმეები თავად განეხილა. 

ამას გარდა, ჩვენი წყარო იმასაც გვიყვება, რომ გვენეტაძემ, როგორც უზენაესის თავქალმა, ვერ შეძლო, სისტემაში საკუთარი გუნდი შეექმნა, რომელსაც გაჭირვების დროს დაეყრდნობოდა. ზოგისთვის გუნდი, შესაძლოა, ცუდად ჟღ¬ერს, მაგრამ ადამიანს თუ უნდა, რომ კარგი საქმეები აკეთოს, თანამოაზრეები აუცილებლად უნდა ჰყავდეს. გვენეტაძეს კი, როგორც ახლა ირკვევა, თანამოაზრეები არათუ ჰყავდა, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ მის დანიშვნას სიხარულით შეხვდნენ, გადაიმტერა. ეს გადამტერება კი, თურმე, იმაში გამოიხატებოდა, რომ ყველა მათგანს ან ხელფასი დააკლო, ან რაღაც ჩარჩოები დაუწესა. 

„გვენეტაძეს ეშინოდა, რომ იგივე იუსტიციის საბჭოს მასზე არაფერი ეთქვა. ჰოდა, როგორც კი რომელიმე, მისდამი კეთილგანწყობილ მოსამართლეზე მიანიშნებდნენ, იმ მოსამართლის წინააღმდეგ ერთგვარ რეპრესიებს ატარებდა. მარტივად რომ გითხრათ, გვენეტაძე დამფრთხალი ჩანდა და ხანდახან მეგონა, რომ ვერ აცნობიერებდა, რა თანამდებობა ეკავა. აი, სწორედ ამით ისარგებლა იმ კლანმა, რომელზეც დღეს აქტიურად ლაპარაკობენ. 

ზოგადად, ეს კლანი სასამართლოში არც ახლა შექმნილა და არც _ სააკაშვილის დროს. ეს კლანი სასამართლოში 90-იანი წლებიდან არსებობს. უბრალოდ, კლანის წევრები იცვლებიან, თორემ სისტემა იგივე რჩება. 

ჩემი აზრი თუ გაინტერსებთ, ამ კლანის დამარცხება შეუძლებელია, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს ცდუნება, რომ აბსოლუტური ძალაუფლებით ისარგებლოს და მედიასთან ერთად, სასამართლოც გააკონტროლოს ანუ ის, ვინც ამ ორ ინსტიტუციას აკონტროლებს, მმართველობას დიდხანს ინარჩუნებს, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში ამის მიღწევა ძნელი წარმოსადგენია. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, სადაც კორუფციული მიდრეკილებები ისევ არსებობს, ადვილია, რომ სასამართლო დაიმორჩილო. 

სააკაშვილის დროს კი ამბობდნენ, კორუფცია დამარცხდაო, მაგრამ ზედა ეშელონებში მაინც არსებობდა. თან არ დაგავიწყდეთ, რომ მიშამ სასამართლო ფასადურად გამოასწორა ანუ ტექნიკურად აღჭურვა, მოსამართლეებს ჩააცვა, დაახურა, ხელფასებიც დაუნიშნა. ახლა, არ ვამბობ, რომ ყველა საქმეზე, განაჩენის გამოტანის წინ, მოსამართლე დირექტივებს უშუალოდ მიშასგან იღებდა-მეთქი, მაგრამ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამ საქმის კურატორები იყვნენ. აქვე, არც ის დაგავიწყდეთ, რომ მოსამართლეებიც ამ საზოგადოების წევრები არიან. ჩვენს საზოგადოებაში კი დღემდე, მეტ-ნაკლებად ფესვგამდგარია მოსაზრება, რომ ხელმძღვანელობას უნდა ვასიამოვნოთ, თორემ პრობლემები შეგვექმნება. 

მოკლედ, ყველაფერ ამით კლანი, რომელიც სასამართლოს მართავდა და მართავს, მოხერხებულად სარგებლობდა და ახლაც სარგებლობს. ამიტომაც, არ მიკვირს, რომ ამ კლანის კლანჭებს თავი ვერც გევენტაძემ დააღწია, თან ამ ქალბატონმა თავადაც დაუშვა შეცდომები და ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც დამთავრდა“, _ ყვება „ვერსიასთან“ კონფიდენციალური საუბრის დროს პიროვნება, რომელიც სასამართლოს კულუარებში ძალიან კარგად ერკვევა. 

ისე, თუ შეცდომებზეა საუბარი, ალბათ, ისიც შეცდომა იყო, რომ გვენეტაძემ „ბრძოლის ველიდან“ გასვლა უხმაუროდ არჩია ანუ მას ერთი საჯარო განცხადება მაინც რომ გაეკეთებინა და მთლად პირდაპირ თუ არა, ღიად მაინც ეთქვა, წნეხისა და ზეწოლის ქვეშ ვარო, შესაძლოა, დღეს სხვა მოცემულობა გვქონოდა. თუმცა გვენეტაძემ, რომელსაც წესით, სხვისი უფლებები უნდა დაეცვა, საკუთარი უფლებების დაცვაზე თქვა უარი და მდუმარების აღთქმა დადო. ალბათ, იფიქრა, რომ თუ ჩუმად იქნებოდა და არაფერს იტყოდა, უფრო მშვიდად იცხოვრებდა, მაგრამ ისინი, რომლებიც მოძალადის ფსიქოლოგიას კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ მისი შეჩერების ერთადერთი გზა, სწორედ მხილებაა. 

ამ შემთხვევაში, როგორც ახლა ირკვევა, გვენეტაძეზე ერთი რომელიმე სუბიექტი კი არა, არამედ მთელი სისტემა ძალადობდა. შესაბამისად, სისტემის მხილება ერთგვარი პრევენცია იქნებოდა, რომ უზენაესი სასამართლოს ათი წლით არჩეულ თავმჯდომარეს საკუთარი და ასევე, საკუთარი კოლეგების ღირსება და მუნდირიც დაეცვა, მაგრამ ნათქვამია, გმირობა ყველა ადამიანს არ მოეთხოვებაო. 

სხვათა შორის, სანამ გვენეტაძე განაცხადებდა, ავად ვარ და სახლში მივდივარო, მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უზნაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, შესაძლოა, თანამდებობა დაეტოვებინა. მას შემდეგ კი, რაც გვენეტაძემ ეს ნაბიჯი გადადგა, „რადიო თავისუფლებამ“ საგულისხმო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გვენეტაძის ერთ-ერთ მოწინააღმდეგედ _ არც მეტი, არც ნაკლები _ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იყო დასახელებული: 

„არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. კლანს, გავლენიან ჯგუფს, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაში ბატონობს, ღიად უჭერდა მხარს ხელისუფლება და, განსაკუთრებით, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. როგორც „რადიო თავისუფლებას“ უთხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ იურისტმა გია გვილავამ, თეა წულუკიანსა და ამ გავლენიან ჯგუფს შორის არსებული ძლიერი კავშირი სხვადასხვა ფორმით იქნა დემონსტრირებული და ისიც თვალშისაცემი იყო, რომ ნინო გვენეტაძე გარიყული აღმოჩნდა. გვილავასთვის ფაქტია, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა მართლმსაჯულების სისტემის რეალურ რეფორმირებაზე. 

არასამთავრობო სექტორისთვის თვალშისაცემია ის გარემოებაც, რომ თუკი 2015 წელს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ, პირველ ეტაპზე, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ნინო გვენეტაძე ხმამაღლა და თამამად ლაპარაკობდა, მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების პასუხების გაჟონვასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, მისი ხმა მინელდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ტესტების სკანდალთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე გახდა გვენეტაძის გაჩუმების მიზეზი. როგორც საიას თავმჯდომარე, სულხან სალაძე ეუბნება „რადიო თავისუფლებას“: „ასეთი ტიპის გამოძიებები წარმოადგენს ინსტრუმენტს პროკურატურის ხელში“. 

პოსტიდან გადადგომის თაობაზე გაკეთებულ, საჯარო წერილობით განცხადებაში, ნინო გვენეტაძემ მიღწეული შედეგები ექვს ძირითად პუნქტში ჩამოაყალიბა, თუმცა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი წარმომადგენლის მსგავსად, ნინო გვენეტაძის საქმიანობას წარუმატებლად მიიჩნევს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი, გიორგი მშვენიერაძე. მისი თქმით, საერთო სურათი სასამართლო სისტემაში არსებულ „სერიოზულ კრიზისზე“ მიანიშნებს და, მართალია, ნინო გვენეტაძეს ვითარების გამოსწორების ბერკეტები არ გააჩნდა, მაგრამ ის არსებულ პრობლემებზე არასათანადოდ რეაგირებდა. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომა, დროში საეჭვოდ დაემთხვა ციანიდის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაცვის მხარემ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივილი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა, როგორც ადვოკატების, ისე პროკურატურის საჩივრების განხილვაზე. უფლებადამცველების თქმით, საქმის ერთ-ერთ მოსამართლეს, ნინო გვენეტაძეს, შესაძლოა, განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა“, _ აღნიშნული სტატია „რადიო თავისუფლებამ“, გასული წლის 2 აგვისტოს გამოაქვეყნა. 

შესაძლოა, გვენეტაძემ „ციანიდის საქმეზე“ მართლაც ისეთი რამ იცოდა, რაც არ უნდა სცოდნოდა. ის, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, შესაძლოა, წინააღმდეგი იყო, დეკანოზი მამალაძე სასამართლოს დამნაშავედ ეცნო, მაგრამ თუ გავყვებით ვერსიას, რომ „ციანიდის საქმე“ საუკუნის სკანდალია, რომელიც უამრავ საიდუმლოს მალავს, მაშინ სავსებით გასაგები გახდება, რომ გვენეტაძის წინააღმდეგობას აზრი არამცთუ არ ექნებოდა, არამედ მავანნი მის გაჩუმებასაც მოისურვებდნენ. 

პრინციპში, ასეც მოხდა _ ერთი წელია, გევენტაძის ხმა არავის გაუგია. აქვე, საგულისხმოა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე საჯარო კითხვები არც მაშინდელ პრეზიდენტს დაუსვამს, არადა, გვენეტაძის ლობისტი, სწორედ გიორგი მარგველშვილი იყო. აქვე, შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილმა არც დეკანოზი მამალაძე შეიწყალა. რატომ? _ ესეც საინტერესოა. 

ასეა თუ ისე, რვა თვეა, ქვეყანას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ ჰყავს. ზოგი ამბობს, რომ ის ვაკჰანალია, რაც სასამართლო სისტემაზეა ატეხილი, სწორედ ამ თანამდებობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ ანუ პოლიტიკური წრეები, მათ შორის, ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები ერთმანეთს, სინამდვილეში, იმიტომ დაუპირისპირდნენ, რომ ყველას უნდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი წარმომადგენელი გაიყვანოს. ვინძლო, ასეც არის _ სასამართლო ხომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეყნის მართვის ყველაზე რეალური ბერკეტია, მაგრამ ამა ქვეყნის ძლიერებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ხალხი ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ იტანს. ჰოდა, თუ სამართლიანი, ან სამართლიანობასთან ოდნავ მიახლოებული სასამართლო არ გვექნება, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში დიდხანს ვერ გაძლებს!

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში