Menu
RSS

„საქართველოს ფოსტისა“ და ლატარიის კომპანიის ფინანსური მაქინაციები

რა დარღვევები აღმოაჩინა სახელმწიფო აუდიტმა სააკაშვილსა და ძმებ გაჩეჩილაძეებთან ასოცირებულ შპს-ებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამჯერად ,,საქართველოს ფოსტა'' შეამოწმა. ესაა 2017 წლის შესაბამისობის აუდიტი, რომელმაც კომპანიის შემოსავლების განკარგვისა და ქონების მართვის საკითხები მოიცვა. იმის გამო, რომ სახელმწიფო აუდიტორები ,,საქართველოს ფოსტის'' ქონების მართვის თემით დაინტერესდნენ, ცხადია, რვა წლის წინანდელ უპრეცედენტო ფაქტს გვერდი ვერ აუარეს. კერძოდ, 2011 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, შპს ,,საქართველოს ფოსტასა'' და ეკონომიკის სამინისტროს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, ,,ფოსტას'' საკუთრებაში გადაეცა შპს ,,საქართველოს ლატარიის კომპანიის'' სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 70%-იანი წილი, დარჩენილ 30%-ს კი დიდი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ანუ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს ,,ლექსორ კაპიტალ კორპ'' ფლობდა. ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას საქართველოში დიმიტრი ჩიქოვანი წარმოადგენდა, რომელიც თავდაცვის ექსმინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა. 

იმ დროს, როდესაც ეს ხელშეკრულება გაფორმდა, ,,საქართველოს ფოსტას'' კახა ბაინდურაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ფინანსთა მინისტრის პოსტი ამ ამბამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა. შპს ,,საქართველოს ფოსტა'' 100%-ით სახელმწიფო საწარმოა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიაში უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. 

თუ უფრო დავკონკრეტდებით, ამ სამინისტროს ქოლგის ქვეშ არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო''. იქიდან გამომდინარე, რომ ,,საქართველოს ლატარიის კომპანიის'' 70% სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, ამ აქციებსაც ,,სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო'' განკარგავდა. 

მაშ ასე, სახელმწიფოს სახით, ორ სხვადასხვა კომპანიას _ ფოსტასა და ლატარიას ერთი მფლობელი ჰყავდა და გენერალური დირექტორიც ერთი და იგივე პირი _ კახა ბაინდურაშვილი იყო, რომელიც ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ძმებ გაჩეჩილაძეებთან დაახლოებულმა ლევან ჩიკვაიძემ ჩაანაცვლა. 

ახლა ვნახოთ, რატომაა ფოსტისა და ლატარიის შერწყმა უპრეცედენტო და რეალურად, რა დარღვევები აღმოაჩინეს აუდიტორებმა: ფოსტა ყიდდა ლატარიის ბილეთებს და შემოსავლის სახით, გარკვეულ პროცენტსაც იტოვებდა, თან დროებით სარგებლობაში გადასცემდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ხელშეკრულებებს კი ხელს ერთი და იგივე პირი აწერდა! 

მართალია, სახელმწიფო აუდიტი ლატარიის კომპანიას არ ეხება, მაგრამ ,,ვერსიაში'' გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებებზე დაყრდნობით, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს შეგახსენებთ, მით უმეტეს, რომ ,,საქართველოს ფოსტის'' ნაწილში აუდიტი ნაწილობრივ კეზერაშვილის კომპანიასაც ეხება. 

2016 წელს გაირკვა, რომ ,,საქართველოს ლატარიის კომპანიას'' სახელმწიფოს მიმართ 200 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სახელმწიფომ მის საკუთრებაში არსებული 70%-იანი წილის გაყიდვა გადაწყვიტა და აუქციონიც გამოაცხადა, მაგრამ რამდენჯერაც გამოაცხადა, იმდენჯერვე ჩაიშალა _ ცხადია, ამხელა დავალიანების მქონე კომპანიას მყიდველი არ გამოუჩნდა. ერთი წლის შემდეგ, ხელისუფლებამ ,,ლატარიის კომპანიის'' გაყიდვა გადაიფიქრა, მაგრამ ამ კომპანიას ლატარიის ჩატარების ექკლუზიური ლიცენზია შეუწყვიტა და ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც ,,ჯი ენ ელმა'' გაიმარჯვა. 

თავისთავად, ,,ჯი ენ ელი'' ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ თუ საჯარო რეესტრის ამონაწერებს გავყვებით, კვალი სააკაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან _ შარანგიებთან, უფრო სწორად, შარანგიების კლანის წარმომადგენელ ხვიჩა მაქაცარიასთან მიგვიყვანს. 

მოკლედ, ნაცების დროს ლატარიას ექკსლუზიურად კეზერაშვილი ათამაშებდა, ,,ქოცების'' დროს _ მაქაცარია, ახლა სცადეთ და ამ ორ ფაქტს შორის ათი განსხვავება იპოვეთ, მაგრამ ეს უკვე სხვა სტატიის თემაა. ისევ ,,საქართველოს ფოსტის'' აუდიტს დავუბრუნდეთ და ვნახოთ, კონკრეტულად, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა.

ხარვეზები სატარიფო პოლიტიკაში 

საფოსტო მიმართულება ფინანსურად ზარალიანია, რაც ნაწილობრივ კომპენსირდება ვაჭრობასა და გადაზიდვებიდან მიღებული მოგებით. მიუხედავად ამისა, 2017 წელს, კომპანიას უარყოფითი ფინანსური შედეგი დაუფიქსირდა _ ჯამური საოპერაციო ზარალი 1 500 000 ლარი იყო. 2017 წლის შემოსავლების ანალიზის შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ ადგილობრივი საფოსტო მომსახურების შემოსავლის 99% _ იურიდიული პირებიდან, ხოლო 1% ფიზიკური პირებისგან მიიღეს. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ფიზიკური და იურიდიული პირების ამგვარ განაწილებას დამატებითი ანალიზი სჭირდება. აუცილებელია მომხმარებელთა სეგმენტაციაც, მათ შორის, გადახდისუნარიანობის პრინციპით. ამასთან, ბაზრისა და კონკურენტული გარემოს კვლევის შედეგებისა და კომპანიის გაცხადებული მიზნების გათვალისწინებით, ,,საქართველოს ფოსტამ'' დივერსიფიცირებული ტარიფების დაწესების შესაძლებლობაც უნდა განიხილოს. 

,,ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რამდენად გონივრულია ყველა ტიპის მომხმარებლისათვის ერთი და იმავე ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება და რამდენად გამართლებულია მსგავსი მიდგომა კომპანიის ეკონომიკური მიზნებისთვის'', _ დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა. 

გადაზიდვის მომსახურებაზე ტარიფები რეგულირდება თითოეულ კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულებით. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შერეული ტვირთების გადაზიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულება მოიცავს შემოსავლის პროცენტულ განაწილებას გადამზიდავსა და შპს „საქართველოს ფოსტას“ შორის. იმის გამო, რომ კომპანიას ტარიფის დათვლის საფუძვლები დადგენილი არ აქვს, სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს ინფორმაცია, რა პრინციპით ნაწილდება შემოსავლების პროცენტი კომპანიასა და გადამზიდავს შორის. 

ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში 

შპს „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დაამტკიცა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ წლის განმავლობაში ეს გეგმა 76-ჯერ შეიცვალა. საბოლოოდ, გეგმა 2017 წლის 21 დეკემბერს დაზუსტდა, რაც 18 401 922 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას ითვალისწინებდა, თუმცა ფაქტობრივი ხარჯი მხოლოდ 11 764 238 ლარი ანუ 64% იყო. 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოტოციკლის (მოპედის) მიწოდება ან/და იმპორტი და ბეჭდვის მომსახურების გაწევა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლებულია. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიამ აღნიშნული საქონელი და მომსახურება დღგ-ის ჩათვლით შეისყიდა. კერძოდ, 2017 წლის 30 ნოემბერს, გადაუდებელი აუცილებლობით, ფოსტამ შპს ,,აიფუდისგან'' ავტოსატრანსპორტო საშუალებები _ 92 700 ლარად, დღგ-ს ჩათვლით შეისყიდა. 

2017 წლის 22 თებერვალს, ბეჭდვის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. დღგ-ს გარეშე, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 125 762 ლარი იყო. ამ ტენდერში შპს „გამომცემლობა კოლორმა“ 100 890 ლარით გაიმარჯვა, მაგრამ ხელშეკრულება დღგ-ს გათვალისწინებით _ 119 039 ლარზე გაფორმდა. 2017 წელს, არასწორად გადახდილი დღგ-ს შედეგად, საჭიროების გარეშე, ,,საქართველოს ფოსტამ'' 42 403 ლარი ზედმეტად დახარჯა. 

2017 წელს, ტენდერით განხორციელებული შესყიდვებისას, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმები არასწორად და უყურადღებოდ იყო შედგენილი. მაგალითად, 2017 წლის 31 მაისს, შპს „გრემი 2012“-ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების განხილვის მიზნით ჩატარებულ სხდომის ოქმში დაფიქსირდა, რომ სატენდერო კომისიამ განიხილა შპს „მონოლითის“ მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და დაადგინა, რომ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილს შეესაბამებოდა. არადა, „მონოლითი“ კომისიის მიერ იყო დისკვალიფიცირებული წინა დღეს. ამავე ოქმით, გამარჯვებულად შპს „ალგეთი 2012“ გამოცხადდა, რომელიც ტენდერში საერთოდ არ მონაწილეობდა. 

ინტერესთა კონფლიქტი 

სწორედ ქონების გადაცემაში გამოვლენილი ხარვეზები და ინტერესთა კონფლიქტი ეხება 2011 წლის იმ უპრეცედენტო ფაქტს, რომლითაც სტატია დავიწყეთ. ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ,,საქართველოს ფოსტასა'' და ,,საქართველოს ლატარიის კომპანიაში''. 

სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის თანახმად, თუ დროებით სასყიდლიან სარგებლობაში ადრე გადაცემული ან/და გადასაცემი ფართების ჯამური ოდენობა აღემატება 50 კვ. მეტრს, საჭიროა, რომ აღნიშნული ფართის გადაცემა წინასწარ შეთანხმდეს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან''. 

შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიასთან“ 2011 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „საქართველოს ფოსტამ“ აიღო ლატარიის ბილეთების დისტრიბუცია/რეალიზაციის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ვალდებულებები. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, ფოსტამ ლატარიის კომპანიას დროებით სარგებლობაში გადასცა საოფისე ფართები. 

ამ ვალდებულებების სანაცვლოდ, გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი _ 14%-16% შპს „საქართველოს ფოსტას“ რჩებოდა. ხელშეკრულება ერთი წლით გაფორმდა, მაგრამ მოქმედების ვადა ყოველწლიურად, 2017 წლის ჩათვლით გრძელდებოდა. ხელშეკრულების საფუძველზე, ლატარიის კომპანიას დროებით სარგებლობაში გადაეცა სხვადასხვა დანიშნულების ფართი, ჯამში _ 560 კვ.მ., თუმცა ამ ფართების დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს ფოსტის“ წარმომადგენლებმა, სახელმწიფო აუდიტორებს ,,სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს'' თანხმობა ვერ წარუდგინეს. 

2012 წლის 1 სექტემბერს, შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიასა“ და შპს „საქართველოს ფოსტას“ შორის, მოძრავი ნივთებისა და ინვენტარის მიქირავებაზე (სულ 1 402 ერთეული) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფოსტას ლატარიის კომპანიისთვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 27 572 ლარი (ხელშეკრულების მიხედვით, ქირის აღნიშნული ოდენობა დადგენილია შპს „საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტის“ აუდიტორული დასკვნით, თუმცა კომპანიამ ეს აუდიტორული დასკვნა სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინა). ხელშეკრულება დაიდო ერთი წლით, რომელიც ავტომატურად, ისევ ერთწლიანი ვადით გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე რომელიმე მხარე მეორე მხარეს მისი დასრულების შესახებ არ შეატყობინებდა. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ფოსტას ორი წლის საიჯარო ქირა არ გადაუხდია. მიუხედავად იმისა, რომ ქირის ოდენობა დამოუკიდებელმა აუდიტორმა დაადგინა, კომპანიამ გადაუხდელობის მოტივად ქირის საბაზრო ფასზე მაღალი განაკვეთი დაასახელა. არადა, ეს ხელშეკრულება ორი წლისა და ოთხი თვის მანძილზე არ შეწყვეტილა. 

 

2015 წლის 24 აპრილს, შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაუხდელი საიჯარო ქირის დაკისრება _ ჯამში, 661 728 ლარის ოდენობით მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ლატარიის კომპანიის სარჩელი დააკმაყოფილა და ფოსტას გამქირავებლის სასარგებლოდ ქირის დავალიანების გადახდა _ 661 728 ლარის ოდენობით დაეკისრა. 

2018 წლის დასაწყისში, ,,მხარეებმა'' ხელი მოაწერეს მორიგების აქტს, რომლითაც ფოსტამ თანხმობა განაცხადა ლატარიის კომპანიისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემაზე, ხოლო ეს უკანასკნელი უარს ამბობდა 661 728 ლარის მოთხოვნის უფლებაზე. მორიგების აქტით, ლატარიის კომპანიას გადაეცა ფოსტის კუთვნილი უძრავი ქონება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, სენაკში, ვანში, შუახევსა და თიანეთში. გადაცემული უძრავი ქონების საერთო ფართი 1 858 კვ.მ. იყო, რომელიც ასევე შეაფასა შპს „საკონსულტაციო ჯგუფმა კავკასაუდიტმა“. 

აუდიტორული დასკვნით გადაცემული ფართის ჯამური ღირებულება 660 300 ლარი იყო. 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, წარმომადგენელს არ შეუძლია, წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა დადოს გარიგება, იმ შემთხვევების გარდა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად, ან წარმომადგენელს ჰქონდა წინასწარი თანხმობა. 

ახლა ვნახოთ, არის თუ არა კანონის ეს მოთხოვნა დაცული ფოსტა-ლატარიის შემთხვევაში. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ლატარიის კომპანიისთვის ქონების გადაცემის ორივე შემთხვევაში, როგორც დავალიანების სანაცვლოდ, ისე დროებით სარგებლობაში, ფოსტისა და ლატარიის კომპანიის მხრიდან, ხელს ერთი და იგივე პირი აწერს, რომელიც ერთდროულად, ორივე კომპანიის გენერალური დირექტორია. სწორედ ამ შემთხვევაში იქმნება ინტერესთა კონფლიქტი, რადგან პირისთვის, რომელიც ორი სხვადასხვა მხარისათვის ერთ გარიგებას დებს, რთული გადასაწყვეტია, რომელ მხარეს შეუქმნას საუკეთესო პირობები. 

,,ერთისთვის უპირატესობის მინიჭება, ავტომატურად, მეორე მხარის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამ შემთხვევაში, დავალიანების სანაცვლოდ, ლატარიის კომპანიისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხში, ერთ მხარეს წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფო, ხოლო მეორე მხარეს 70%-ით _ სახელმწიფო და 30%-ით _ კერძო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ერთი და იმავე პირისათვის, ორივე მხარის ინტერესების თანაბრად დაცვა რთულდება'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში