Menu
RSS

„კანონიერი ქურდები“ ხელისუფლებას აშანტაჟებენ?!

პუტინი „ზონების გაწითლებას“ იწყებს

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „კანონიერი ქურდები“ ან სხვა პლანეტაზე უნდა გადასახლდნენ, ან ციხეში ჩასხდნენ, ანდაც საკუთარ სტატუსზე უარი თქვან. საქართველოში „კანონიერი ქურდის“ სტატუსი დასჯადია, დასჯადი გახდა რუსეთშიც და თან როგორ _ პირადად ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დუმამ უკვე დაამტკიცა და ამიერიდან, მოსამართლე ვალდებული იქნება, ნებისმიერ ადამიანს, ვინც კრიმინალურ სამყაროსთან რაიმე კავშირში გახდება მხილებული, მინიმუმ, შვიდწლიანი სასჯელი მისცეს.

 

გაგიკვირდებათ და, უკვე მიღებულ კანონში რუსეთის ფედერაციას ცვლილება შეაქვს. ამ თვის ბოლომდე, აღნიშნული ცვლილებაც დამტკიცდება, რაც „კრიმინალური სამყაროს“ წევრებს აშკარად არ მოეწონებათ, მოგეხსენებათ, რუსეთის სასჯელასრულების დაწესებულებებში არაერთი „კანონიერი ქურდი“ იხდის სასჯელს. პარალელურად, „ზონებზე“ ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტიცაა და ცვლილებაც სწორედ ამას ეხება ანუ თუ ე.წ. მაყურებელი უარს არ იტყვის საკუთარ სტატუსზე, მას, მინიმუმ, შვიდ წელს დაუმატებენ. იგივე განხორციელდება იმ ქურდების მიმართაც, რომლებიც სასჯელს უკვე იხდიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პუტინი საკუთარ ქვეყანაში „ზონებს“ მთლიანად „აწითლებს“ და შესწევთ თუ არა ქურდებს ძალა, „გაწითლებული“ „ზონები“ „გააშაონ“, სწორედ ამ კანონის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი. 

როგორც რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რამდენიმე „ზონაში“ აუცილებლად მოხდება ბუნტი, რომელსაც ხელისუფლება სისხლში ჩაახშობს, უკან არ დაიხევს და ამით, ერთხელ და სამუდამოდ შეეცდება ქვეყანაში კრიმინალის პრობლემა მოაგვაროს. 

სხვათა შორის, ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი საქართველოშიც ძალიან აქტიურად მუშაობს და ვინ იცის, ეგებ, აღნიშნულმა ინიციატივამ ჩვენთანაც გამოიღოს შედეგი, რადგან ვერც წინა და ვერც ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, „მაყურებლების“ გაუვნებელყოფა ვერ მოხერხდა, თან თუ რუსებმა ჩვენგან ისწავლეს „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლა, ეგებ, ჩვენ მათგან „მაყურებლების“ წინააღმდეგ ბრძოლა ვისწავლოთ. 

მართალია, აღნიშნულ ინიციატივას აუცილებლად მოჰყვება არასამთავრობოებისა, თუ პატიმრების ოჯახის წევრების პროტესტი, მაგრამ რეალურად, კონკრეტულ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს მაგალითად, ორი ათასი კაცი იხდის, არის ათი „მაყურებელი“ და 1990 რიგითი პატიმარი. ჰოდა, იქნებ, სჯობდეს კიდეც, რომ ეს ადამიანები „მაყურებლებმა“ „ქურდული კანონებით“ კი არა, ციხის ადმინისტრაციამ სახელმწიფოს მიერ მიღეუბლი კანონით აკონტროლოს. 

გასულ კვირას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბერძენ კოლეგებთან ერთად, მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა და ამჯერად ჩვენი ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავა. დაკავებულთა შორის, ერთი „კანონიერი ქურდი“ გიორგი ენდელაძე, მეტსახელად „თავაც“ არის. როგორც ამბობენ, დაჯგუფების წევრებს ბრალი ათეულობით ქურდობასა და ძარცვაში ედებათ, ჯგუფს კი სწორედ ენდელაძე ხელმძღვანელობდა. 

სხვათა შორის, ამ სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული საბერძნეთში საქართველოს შსს-ს ატაშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ინსტიტუტმა გაამართლა, რადგან ამას წინათ პოლონეთში, საქართველოს ატაშეს ქვეყნის პრეზიდენტმა კრიმინალთან წარმატებული ბრძოლის გამო მედალიც გადასცა. მანამდე იგივე მოხდა საფრანგეთსა და ესპანეთშიც... 

მთლიანობაში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ერთობლივი სპეცოპერაციების შედეგად, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 141 მოქალაქე იქნა დაკავებული და, მათ შორის, 10 „კანონიერი ქურდია“. 

ერთი ეგაა, ქურდების ევროპელი ადვოკატები იმდენს ახერხებენ, რომ მათი ექსტრადაცია ვერ ხერხდება ანუ მათ პასუხისგება ევროპული სამართლით უწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, მაქსიმუმ, 2-3 წელში დატოვებენ, თუმცა... 

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ მალავს, რომ ბოლო დროს, საქართველოში კრიმინალმა საგრძნობლად იმატა. საუბარია წვრილმან ქურდობაზე, ისეთზე, რომელიც კარგა ხნის დავიწყებული გვქონდა და ახლა თავი ისევ შეგვახსენა. ავტომობილებიდან ამოღებულმა მაგნიტოფონებმა, მოხსნილმა საუბრავებმა და მოპარულმა აკუმულატურებმა, განსაკუთრებით რეგიონებში, მასშტაბური ხასიათი მიიღო. 

ეგ კი არა და, ტექდათვალიერების გამო, არაერთ მძღოლს ძვირადღირებული ნაწილი სჭირდება და ამ ნაწილს ის სწორედ მანქანების გაქურდვაში დახელოვნებულ პირებს „უზაკაზებს“. სავარაუდოდ, ამიტომ გახშირდა ავტომობილებიდან კატალიზატორების მოპარვის ფაქტებიც. კატალიზატორის ღირებულება ბაზარზე 200 ლარამდეა და მოპარულის ყიდვა ამის ნახევარ ფასად შეიძლება. შესაბამისად, ერთ ღამეში მოხსნილი ხუთი კატალიზატორი 500 ლარია და თვის ბოლოს მშვენიერი „ჯამაგირიც“ გამოდის. 

ერთი შეხედვით, ყველაფერ ამას ფონად სოციალური სიდუხჭირე გასდევს და ოპოზიციაშიც ხშირად გაიგონებთ, რომ გახშირებული ქურდობები, სწორედ სიღარიბის ბრალია, თუმცა... 

„თუ გახსოვთ, შევარდნაძის პერიოდში, დღე კი არა, საათი არ გავიდოდა, სადმე მანქანა არ მოეპარათ. ღამე კი კატასტროფა ხდებოდა _ ავტომობილებს ჯაჭვებით აბამდნენ, აკუმულატორები და მაგნიტოფონები სახლებში აჰქონდათ, საბურავებზე „სეკრეტები“ ეყენათ. შემდეგ კი, ყველაფერი ეს ხელის ერთი მოსმით მოისპო. მაშინ შევარდნაძის ხელისუფლება აიძულეს, „კანონიერ ქურდებთან“ გარიგებაზე წასულიყო და თავის მხრივ, მათ საკუთარი პოზიციეიბის განმტკიცების სანაცვლოდ, წვრილმანი ქურდობა, პრაქტიკულად, ერთ დღეში მოსპეს. ყველა უბანს მაშინ „მაყურებელი“ ჰყავდა და მათი მეშვეობით „პრაგონი“ გატარდა, რომ ყველაფერი ეს დასრულებულიყო. 

სამაგიეროდ, როცა ქურდები ქვეყანაში ჩამოდიოდნენ ან მიდიოდნენ, მათ აეროპორტში, მინიმუმ, პარლამენტარები აცილებდნენ, თუმცა ისტორიას ისიც ახსოვს, მინისტრები და პრემიერ-მინისტრიც რომ მისულა ქურდის დასახვედრად, ან გასაცილებლად. ანალოგიური სიტუაციაა ახლაც და ზუსტად ვიცი, რომ „კანონიერი ქურდები“ ხელისუფლებას აშანტაჟებენ, აქაოდა, სიტუაციას აგიფეთქებთ, ცოტას თუ არ მოუშვებთო“, _ გვითხრა ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა. 

იმას, რომ მიმდინარე პროცესებს ორგანიზებული ხასიათი აქვს, პრაქტიკულად, არავინ უარყოფს. ცალკე დიდ პრობლემად რჩება არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები. კანონის არარსებობის გამო, არასრულწლოვნებს ხელისუფლება, უბრალოდ, ვერ სჯის და ისინიც, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით დედაქალაქს აწიოკებენ. 

ჩვენი ინფორმაციით, შსს-ს შემუშავებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და მას პარლამენტი, სავარაუდოდ, დაჩქარებული წესით მიიღებს, თუმცა გამოსავალი მხოლოდ ეს არ გახლავთ. 

გამოცდილი სამართალდამცავები არ მალავენ, რომ მათ ბოლო დროს „აგენტურული“ ინსტიტუტი თავზე ჩამოენგრათ და ძველებურად ვეღარ მუშაობს. საკმარისია, ვინმეს რამე ინფორმაცია კულუარულად მოსთხოვონ, რომ მოქმედი თუ ყოფილი აგენტების უმრავლესობა, მაშინვე ტელევიზიებში გარბის და საჯაროდ საუბრობს ზეწოლაზე. ეს მაშინ, როცა კონკრეტული აგენტებისთვის თავის დროზე სამართალდამცავებს გარკვეული შეღავათები აქვთ გაწეული, სწორედ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით. 

შედეგად, ახლა მიღებულია მითითება, რომ არავის არანაირი შეღავათი, რაც ავტომატურად ნიშნავს აგენტურული სქელის მოსპობას. არადა, სწორედ მათი მეშვეობით იხსნებოდა დანაშაულებების დიდი ნაწილი, რაც ახლა ძალიან შემცირებულია. 

დასასრულს, გასულ კვირას, ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციასაც შევეხოთ, რომლის დროსაც უპრეცედენტოდ ბევრი _ 29 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალი ნარკოტიკების ორგანიზებულ გასაღებაში წარუდგინეს. ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან, ფონიჭალა აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა და რამდენი ადამიანიც უნდა დააკავონ სამართალდამცავებმა, ნარკოტიკების მომხმარებელთათვის თბილისის ეს უბანი მაინც სავანეა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ მთავარი დამნაშავე... ისევ ხელისუფლებაა, რადგან ის არასდროს იჭერს მსხვილ ნარკორეალიზატორს და ყოველთვის იმათ აკავებს, ვინც ე.წ. მეორე ხელია ანუ ვინც სხვის ჩამოტანილ წამალს ყიდის. ადგილობრივთა მოსაზრება რეალობასთან ძალიან ახლოს უნდა იყოს, რადგან შეუძლებელია, ასეთ პატარა დასახლებაში ყველას ჰქონდეს ნარკოტიკების შემოტანის შესაძლებლობა, მაგრამ რამდენად სურს ხელისუფლებას მთავარი შემომტანების დაკავება, ეს სხვა საკითხია. 

ფაქტი ის გახლავთ, რომ ფონიჭალაში ნარკოტიკი არა და არ ილევა და მისი ყიდვა ნებისმიერს, ნებისმიერ დროს შეუძლია _ საკმარისია, კონკრეტულ ჩიხებში, კონკრეტულ კარზე დააკაკუნოთ.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში