Menu
RSS

„რატომ წყვეტს სესიაშვილი, რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი?“

„ვიშკიორი“ სახელმწიფოს ომში არ გამოადგება!“ _ გირჩი პარლამენტარს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

 

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ პოლიტიკურმა გაერთიანება გირჩმა, რამდენიმე თვის წინ, ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია _ ბიბლიური თავისუფლება“ დააარსა. ამ ორგანიზაციაში იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯარში წასვლა არ სურდათ, მღვდელთმსახურის სტატუსს ანიჭებდნენ და ისინიც ჯარისგან თავს იხსნიდნენ. თავიდან ყველაფერ ამას ხელისუფლება ირონიულად უყურებდა, მაგრამ „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ იმდენი „ეპისკოპოსი“, თუ „მღვდელი“ აკურთხა, რომ ჯარში გაწვევები ლამის ჩავარდა. საერთო ჯამში, აღნიშნულმა ორგანიზაციამ სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან შვიდი ათასამდე ახალგაზრდა დაიხსნა.

„მე ვიპოვე კანონში ხვრელი და ამ ხვრელს ვიყენებ. ახლა პროკურატურამ იმტვრიოს თავი იმაზე, „პადელნიკი“ შევა პატიმრის სანახავად, თუ ოჯახის წევრი, შეუქმნის ეს ყველაფერი გამოძიებას პრობლემას თუ არა“, _ აღნიშნული განცხადება ჩვენს გაზეთთან საუბრისას, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ორგანიზაცია „ბიბლიური უზრუნველყოფა“ დააფუძნა. მაშინ ვწერდით, რომ ყველაფერი ეს საშიშ მასშტაბებს მიიღებდა, რადგან ამ ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთით, ნებისმიერ პირს შეეძლო, ნებისმიერი პატიმრის ნახვა და არ იყო გამორიცხული, რომ პატიმარი ციხეში დაზარალებულს შურისძიების მიზნით ენახა. 

მარალია, მაშინ კობაიძემ ისიც გვითხრა, შევეცდებით ყველაფერი გავაკონტროლოთ, მაგრამ სრული კონტროლის გარანტიას, რა თქმა უნდა, ვერ ვიძლევითო. რეალურად, სრული კი არა, მინიმალური კონტროლის გარანტიაც არ არსებობს, რადგან საბუთში, რომელსაც მისი უწყება გასცემს, მითითებული იქნება, რომ პირი არის მღვდელმსახური და აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის და არა _ კონკრეტული პატიმრის ნახვის უფლება. შედეგად, ამ საბუთის მფლობელს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად ნახოს ათი, ან ასი პატიმარი. 

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩვენი ისმინა და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მოქმედებაც დაიწყო _ 18 მარტს, პარლამენტის ბიურომ განსახილველად მიიღო კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ირაკლი სესიაშვილმა წარუდგინა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებულ კანონში გარკვევით წერია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის დახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კონკრეტული პირი შესაბამის უწყებაში მართლმადიდებლური ეკლესიის საბუთს წარადგენს ანუ წვევამდელი მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი უნდა იყოს. 

აღნიშნულმა კანონპროექტმა აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია. გარდა იმისა, რომ გირჩმა სესიაშვილს არაკონტიტუციური საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენაში დასდო ბრალი, მუსულმანურმა, კათოლიკურმა, ბაპტისტურმა და სხვა, საქვეყნოდ აღიარებული კონფესიის წარმომადგენლებმა პარლამენტარი გააკრიტიკეს და მათი მრევლისა და ეკლესიის მსახურთა უფლებების დარღვევაში დასდეს ბრალი. 

ამის შემდეგ იყო, გირჩის თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი რომ გამოაქვეყნა და ირაკლი სესიაშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა. პარალელურად, ხვიჩიამ სესიაშვილის გამოსახულებით, კომპანია „აიისას“ მიერ წარმოებული პროდუქტიც გამოფინა, საკუთარი ორგანიზაციის დაბადების დღისთვის შეკვეთილ ტორტზეც სწორედ იმ პრეზერვატივის ლოგო დაატანინა და განაცხადა, რომ ყველაფერი ეს სესიაშვილის ინიციატივასთან მიმართებაში ძალიან დროულია. 

მანამდე კი იყო თავად ბატონი ირაკლის ბრალდება, რომელმაც, როგორც ჩანს, ,,გირჩელები'' ძალიან გაამწარა. 

„ჩემი ინიციატივა იმას შეეხება, რომ გაწვევის სისტემას ხელი შევუწყოთ. ჩვენ ვთქვით, რომ პენიტენციურ სისტემაში ეტაპობრივად წვევამდელებს აღარ გავიწვევთ. ჩვენ ვთქვით, რომ სტუდენტებს მივცემთ უფლებას და შესაძლებლობას, რომ სამხედრო სამსახური დაცვის პოლიციაში გაირონ და ამით ის ტვირთი მოიხსნან, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურს აღარ გაივლიან. რაც შეეხება მღვდელმსახურებთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვიტყოდი, რომ არაკეთილსინდისიერად სარგებლობა გაწვევის სისტემას ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის. გირჩის გარდა, მრავლდებიან სხვა ორგანიზაციებიც, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ასეთ ცნობებს იძლევა. თუ ასე გაგრძელდა, ამ ფორმით მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი. ჩემი ინიციატივით, იმ მუხლს ვაუქმებთ, რომელმაც გაწვევის სისტემას პრობლემა შეუქმნა. ჩემი ინფორმაციით, „გირჩმა“ სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან 6500 ადამიანი გაათავისუფლა, თვითონ ამბობენ, რომ რიცხვი 12 ათასს აჭარბებს. თითო ცნობაში რამდენს ახდევინებენ იცით? 20-დან 100 ლარამდე. გადაამრავლეთ ეს ციფრები და ნახავთ, რა თანხას მიიღებთ. არ გაინტერესებთ ეს თემა? კორუფცია არის თუ არა, გაინტერესებთ? ეს ორგანიზაცია მდიდრდება და არაკეთილსინდისიერად ავალებს წვევამდელებს უარი თქვან კონსტიტუციურ მოვალეობაზე. მოგწონთ ეს?“, _ განუცხადა ჟურნალისტებს სესიაშვილმა. 

როცა ბატონ ირაკლის სხვა რელიგიური მიმდინარეობების პროტესტის შესახებ უთხრეს და აღნიშნეს, მხოლოდ მართლმადიდებელთათვის პრივილეგიის მინიჭებას ისინი მწვავედ აღიქვამენო, პარლამენტარმა კონსტიტუცია მოიშველია: 

„ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციის დონეზე შეთანხმდა და კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქვეყანაში მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს. ეს განსაკუთრებულობა სხვადასხვა შეღავათებს გულისხმობს. ამაზე ქვეყანა შეთანხმდა. ამ მხრივ, ჩემი მხრიდან არავითარი ცვლილება შემოთავაზებული არ არის. მე მხოლოდ იმ ნაწილს ვეხები, რაც გაწვევის სისტემას აზიანებს “. 

ასეა თუ ისე, ძალიან დიდი ალბათობით, სესიაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მალე კანონის ძალა ექნება, თუმცა გირჩი გაჩერებას არ აპირებს და სასამართლოში სარჩელი შექავს. კონკრეტულად რას გააპროტესტებს აღნიშნული სარჩელით გირჩი? _ გვესაუბრენა იაგო ხვიჩია: 

_ ბატონო იაგო, ჯერ იმ ბრალდებაზე გკითხავთ, რომელიც სესიაშვილმა წაგიყენათ და კორუფციაში დაგადანაშაულათ. საუბარია კონკრეტულ თანხებზე, რომლებსაც თქვენს მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია იღებდა ანუ 20-დან 100 ლარამდე. საშუალო არითმეტიკული რომ გამოვთვალოთ და შემდეგ, ეს თანხა იმ წვევამდელთა რაოდენობაზე გადავამრავლოთ, რომლებიც თქვენი საბუთის წყალობით შინ დარჩნენ, სოლიდურ ციფრს ვიღებთ. რაში იხდიდნენ წვევამდელები ფულს? 

_ ჯერ ერთი, თანხა გაბერილია. ვადასტურებ, რომ ამჟამად ანუ დღეის მდგომარეობით, ჩვენთან ეს საბუთი 50 ლარი ღირს. მანამდე ბევრად იაფს იხდიდნენ და ერთმანეთზე თუ გადავამრავლებთ, ჩვენს მიერ გაცემული საბუთის საშუალო ღირებულება 10-12 ლარი გამოდის. სესიაშვილი ტყუის, როცა ას ლარზე საუბრობს. 

რაც შეეხება იმას, თუ რაში იხარჯებოდა ეს თანხა, მარტივად გიპასუხებთ _ ხელფასებში. აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერ ამას აწესრიგებენ, საბუთებს ბეჭდავენ, აარქივებენ და ეს მათი მომსახურების საფასურია. დამეთანხმებით, თითო ასეთ საბუთში ბევრს ნამდვილად არ ვიღებთ. შედარებისთვის, სახელმწიფოსგან ოფიციალურად რომ იყიდოთ ექვსთვიანი გადავადება, ორი ათასი ლარი უნდა გადაიხადოთ ანუ რეალურად, სახელმწიფოც სთავაზობს წვევამდელს იმ სერვისს, რომ მას შეუძლია, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება, მაგრამ არა 50, არამედ, ორი ათას ლარად. შედეგად, ვისაც ფული არ აქვს, ან ჩვენთან მოდის, ან ჯარში მიდის. და სად უშვებენ ამ ახალგაზრდებს? _ „ვიშკაზე“, ციხეებში. ვინმემ ამის აზრი ამიხსნას. „ვიშკიორი“ სახელმწიფოს ომში გამოადგება? _ არა და ვერა. ეს არის მახინჯი სისტემა, რომელსაც აუცილებლად დავანგრევთ. 

_ რას გულისხმობთ? 

_ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს ქვეყანაში. უნდა იყოს საკონტრაქტო და მერე, წვევამდელები თავად გადაწყვეტენ, უღირთ თუ არა ჯარში წასვლა. იცის სესიაშვილმა, რამდენი ისეთი ახალგაზრდა დავტოვეთ 10 და 12 ლარად ჯარიდან, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და კაპიკებზე მუშაობდა, რათა ოჯახი ერჩინა?! იცის სესიაშვილმა, რამდენი ახლადშექმნილი ოჯახი გადავარჩინეთ ამ ჩვენი საბუთით დანგრევას?! თავის შვილებს რატომ არ უშვებენ „ვიშკაზე?“ ფული აქვთ და იმიტომ? და ვისაც ფული არ აქვს, იმან რა უნდა ქნას?! 

_ ორშაბათს, პარლამენტის ბიურო სესიაშვილის კანონპროექტს განსახილველად მიიღებს და... 

_ და სასამართლოც მიიღებს ჩვენს სარჩელს. აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ აბსურდულ კანონს, კანონს, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

რას ნიშნავს, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის საბუთი იქნება საფუძველი, რომ პირი ჯარში არ წავიდეს? რა დააშავეს სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა? საუბარი არ მაქვს ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც მსოფლიოს მიერ არ არის აღიარებული, მაგრამ ისეთი რელიგიები, რომლებიც მსოფლიო დონეზეა აღიარებული, რატომ იჩაგრებიან? რატომ წყვეტს სესიაშვილი, რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი? შეიძლება, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს ეს კანონპროექტი და მიიღოს კიდეც, მაგრამ შემდეგ, იძულებული იქნება, შეაჩეროს, რამეთუ ჩვენ ამ პროცესს აუცილებლად მოვიგებთ... 

როგორც ჩანს, ამ პროცესში გირჩი მარტო არ იქნება. განცხადება ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გროგოლ ვაშაძემაც გააკეთა და სესიაშვილი მწვავედ გააკრიტიკა. თქმა არ უნდა, ოპოზიცია ამ ინიციატივას რელიგიურ სარჩულს მიაბამს, რაც ვაშაძის განცხადებაში ნათლად ჩანს. 

„ქართულ ოცნებაზეა'' ნათქვამი _ უნდოდა უკეთესად და ისე გამოუვიდა, როგორც ყოველთვისო. ის, რომ ჯარს ყურადღება უნდა და ეს ე.წ ხელისუფლება ამ ჯარს ყურადღებას არ აქცევს და გაგვიმრავლდა ცრუ რელიგიები, რომლებიც ჯარისგან ათავისუფლებენ ადამიანებს გაუგებარი მიზეზების გამო, ვითომ მღვდელმსახურები არიან, რაც დაცინვაა ჩვენი სახელმწიფოსი, შეიარაღებული ძალების _ ეს ყველას გვესმის, მაგრამ თვითონ კანონპროექტი არის უგუნური, ერთუჯრედიანი ხალხის მომზადებული. არ შეიძლება ამის ესე ჩამოყალიბება. ნორმალური, კეთილშობილური ვითომ მისწრაფება, საბოლოოდ ჩამოყალიბდა ისევ სულელურ გადაწყვეტილებად. აუცილებელი არის, რომ ყველა მოქალაქემ მოიხადოს თავის ვალი სახელმწიფოს და შეიარაღებული ძალების წინაშე და მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ევროპული ქვეყანა, სადაც გაწვევითი არმია არის და სადაც ადამიანი ამბობს, რომ თავის რელიგიური მოსაზრებების გამო არ შეუძლია შეიარაღებულ ძალებში მსახური, ამაზე არის მარტივი პასუხი _ გაიარე ალტერნატიული სამსახური, მაგრამ დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით ყოვლად მიუღებელია“, _ განაცხადა ვაშაძემ. 

ფაქტი ერთია: ამ ამბავს გაგრძელება აცუილებლად ექნება. ერთი მხრივ, სახელმწიფო ცდილობს, თავი დაიცვას და, პრაქტიკულად, ჩავარდნილი გაწვევები გამოასწოროს, მეორე მხრივ კი, თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას არამარტო გირჩი, არამედ სხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებიც აპირებენ. 

კანონი დახვეწას რომ საჭიროებს, ფაქტია და, სიმართლე გითხრათ, ჩვენ ის უფრო საშიში გვგვონია, რასაც ალექსანდრე კობაიძე აკეთებს _ ციხეებში იმ ადამიანების შესვლა და პატიმრების მონახულება, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს, როგორც პროკურატურისთვის, ისე თავად პატიმრებისთვის, ძალიან დიდ თავის ტკივილად იქცევა. 

ჯერჯერობით ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანო დუმს, თუმცა ეჭვი გვაქვს, პირველივე ინციდენტის შემდეგ, ეს საკითხი წვევამდელებზე აქტუალური გახდება.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში