Menu
RSS

სამეფო „ბათქი“

ამეფო ტახტის ნამდვილი და ცრუ მემკვიდრეები _ რას დაადგენს სასამართლო და რას ვერ იყოფს ყოფილი ცოლ-ქმარი 

მათი ქორწინება იმთავითვე სკანდალური იყო და, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით თავს ოჯახური იდილიით იწონებდნენ, ყველა _ გლეხობა, თავადაზნაურობა და, ალბათ, თავად სამეფო სახლის წევრებიც ხვდებოდნენ, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის შეუღლება იქ, ცაში არ იყო გადაწყვეტილი.

დიახ, ეს ქორწინება, ვინმეს ესიამოვნება თუ არა, საზოგადოების ნაწილში ერთგვარი ბიზნესგარიგების შთაბეჭდილებას ტოვებდა, ნაწილი კი ვერც მაშინ ხვდებოდა და ვერც ახლა ხვდება, ბაგრატიონთა სამეფო კარის ამბებით მედია რატომ ინტერესდებოდა და ინტერესდება. ისე, თუ დავაკვირდებით, ბაგრატიონები მაშინ აქტიურდებიან, როცა ქვეყანაში ან პოლიტიკური კრიზისია, ან პოლიტიკურ ელიტაში დიდი გადანაწილება ხდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბაგრატიონებიც გარკვეული პოლიტიკური თამაშების თანამონაწილენი არიან, თუმცა ვიდრე დასკვნებს გავაკეთებთ, მოდით, ამ ოჯახის გარშემო განვითარებული მოვლენები ქრონოლოგიურად და მოკლედ გავიხსენოთ. მაშ, ასე: 2009 წელი, საქართველოს რესპუბლიკაში (ყურადღება მიაქციეთ, კონსტიტუციით, საქართველო რესპუბლიკაა და არა _ მონარქია, ან კონსტიტუციური მონარქია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას არც მეფე ჰყავს და არც _ დედოფალი, თავისი ამალითა და სეფექალებით. საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, მინისტრები და პარლამენტარები განაგებენ) პოლიტიკური პროცესები დუღს და, როგორც იტყვიან, გადმოდუღს _ ოპოზიცია მაშინდელ ხელისუფლებას, ესე იგი, ნაციონალურ მოძრაობას, აქციას აქციაზე უწყობს და საქმე იქამდეც კი მიდის, რომ რუსთაველის გამზირზე, ე.წ. საკნების ქალაქი შენდება. 

ამასთან, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმაზე სვამს მახვილს, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის გაძლება აღარ შეუძლია, რადგან ნაციონალები დანაშაულს სჩადიან _ ადამიანებს კლავენ, კერძო საკუთრებას ხელყოფენ ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავენ. 

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ოპოზიცია და ასევე ხალხი, დღენიადაგ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ დააღწიოს თავი „ვარდოსნების“ ტირანიას და აი, ზუსტად ამ დროს, ცნობილი ხდება, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თხოვდება. 

ის ინფორმაციაც ვრცელდება, რომ სამეფო ტახტის მემკვიდრის საქმრო, დავით ბაგრატიონ-მუხრანელია. 

საქართველოში მანამდე თითო-ოროლამ თუ იცოდა, რომ თბილისში სამეფო ტახტის მემკვიდრე ცხოვრობდა ანუ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი, სიმართლე რომ ითქვას, არაფრით გამორჩეული გოგო გახლდათ, მაგრამ როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, მოულოდნელად, მთელმა ქვეყანამ გაიცნო. 

აი, მისი საქმროს შესახებ კი, მართლაც, სრული ვაკუუმი არსებობდა და მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ვიდრე ანაზე დაქორწინებას გადაწყვეტდა, სასიყვარულო ურთერთობა მსახიობ შორენა ბეგაშვილთან ჰქონდა. სხვათა შორის, ამ რომანის შესახებ მედიას, თავად შორენამ აცნობა... 

ვინ არის დავით მუხრანელ-ბაგრატიონი? _ მის შესახებ ქართული „ვიკიპედია“ მწირზე მწირ ინფორმაციას გვაწვდის. კერძოდ, „ვიკიპედიაში“ წერია: 

„დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა 1976 წლის 24 ივნისს, ესპანეთის ქალაქ მადრიდში. არის საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი. 

დავითი არის გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელისა და მარია დე ლას მერსედესი-ის მეორე ვაჟი. დავითს ჰყავს უფროსი და _ მარია ანტუანეტა, უფროსი ძმა _ ირაკლი და ერთი უმცროსი ნახევარძმა _ გურამი (უგო). 

დავითი თბილისში დასახლდა 2003 წელს, ხოლო 2004 წელს, გააფორმა ორმხრივი მოქალაქეობა საქართველოსთან''. 

...ანამ და დავითმა 2009 წლის 8 თებერვალს იქორწინეს. 

ეს თარიღი, ალბათ, შემთხვევით არ იყო შერჩეული _ მოგეხსენებათ, 8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა და ამის გათვალისწინებით, ვიღაცებს გაუჩნდათ ილუზია, რომ ანასა და დავითის ჯვრისწერა, საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის საფუძველი გახდებოდა, მაგრამ ხომ იცით, ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. 

მაშინდელი პრესა ამ ქორწინებას ინტენსიურად აშუქებდა და ჟურნალისტები წერდნენ: 

„...სამების საკათედრო ტაძარში წითელი ხალიჩა დააგეს. საკათედრო ტაძარში ანა, დარეჯანის სასახლიდან, მაყარმა მიიყვანა. ყველასთვის გასაკვირად, ჯვრისწერის ცერემონია პატრიარქს არ ჩაუტარებია _ ის სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფება, თუმცა მისი პოზიცია ყველამ იცის: ორი წლით ადრე, სამებაში ქადაგებისას, პატრიარქმა თქვა: 

„ჩვენი ხალხი ორასი წელია ოცნებობს ბაგრატიონების უძველესი დინასტიის აღორძინებაზე, რომელთა მეფობაც 1801 წელს შეწყდა. დღეს ისეთი პირობებია, როდესაც ქართველი ხალხის ეს ოცნება შეიძლება განხორციელდესო“. 

2013 წელს ცნობილი გახდა, რომ დიდი ზარ-ზეიმით შექმნილი სამეფო ოჯახი დაინგრა _ დავითი დედოფლის გარეშე დარჩა. 

სამაგიეროდ, შეინარჩუნა სამეფო ტახტის მემკვიდრის სტატუსი. სწორედ ამ სტატუსით, საერთაშორისო ვიზიტებსაც მართავდა და შეხვედრებსაც. 

ამასთან, სამეფო ტახტის მემკვიდრედ თავს, დედოფალი ანაც მიიჩნევდა და, ქმარყოფილის მსგავსად, ისიც მონაწილეობდა შეხვედრებში. 

2011 წლის 27 სექტემბერს, უფლისწული გიორგი ბაგრატიონი მოევლინა ქვეყანას. 

უფლისწული ორი წლის იყო, როდესაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მედიას ამცნო, ანას დავშორდიო. 

„დიდი დანანებით, ანა ბაგრატიონთან ჩემს ქორწინებას დასრულებულად ვაცხადებ. მადლობას ვუხდი მას საერთო შვილისთვის. მისი სამეფო უმაღლესობის, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისთვის, რომელიც ნათლობის დღეს, 2013 წლის 3 ნოემბერს, ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და რომელიც მისი მამის, ბაბუისა და წინაპრების მსგავსად, მუხრანის პრინცის ტიტულს დაეუფლება“, _ ნათქვამი იყო დავით ბაგრატიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ერთი სიტყვით, სამეფო წყვილისთვის სკანდალები თანმდევია, მაგრამ ახლანდელმა სკანდალმა ყველა წინამორბედი დაჩრდილა. 

რატომ? _ იმიტომ, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს _ არც მეტი, არც ნაკლები _ თაღლითობაში ადანაშაულებს ანუ ის ამბობს, რომ ექსქმარმა ტიტული მიისაკუთრა, სამეფო ოჯახის სახელს ბოროტად იყენებს და ჯილდოებს ბაგრატიონების სახელით, უკანონოდ არიგებს. 

აქვს თუ არა ექსცოლს, ექსქმრის წინააღმდეგ მტკიცებულებები? _ როგორც ირკვევა, აქვს. 

კერძოდ, მთავარი მტკიცებულება გავლენიანი ბრიტანული გაზეთის _ „დეილი მეილის“ სკანდალური ჟურნალისტური ექსპერიმენტია ანუ ამ ტაბლოიდმა დავით ბაგრატიონი 2017 წელს, ფულის სანაცვლოდ, ჯილდოების გაცემაში ამხილა. 

როგორც ირკვევა, ორი წლის წინ, დიდი ბრიტანეთის დედოფლის წარმომადგენელთან, ლონდონში შესახვედრად ჩასულ ბაგრატიონს, ტელეფონით „დეილი მეილის“ ჟურნალისტი დაუკავშირდა, რომელიც მუხრანელს ბიზნესმენის მდივნად გაეცნო და ბაგრატიონების ჯილდო ითხოვა. ჯილდოს სანაცვლოდ, ანას ექსქმარმა, თურმე, ნუ იტყვით და, 3 000 ფუნტი მოითხოვა. 

რას ითხოვენ ანა და ნუგზარ ბაგრატიონები? _ მამა-შვილი ითხოვს, რომ დავით ბაგრატიონს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა აეკრძალოს. ამასთან, დავითს აეკრძალოს საერთაშორისო ვიზიტები და ორდენების გაცემა. 

უფრო კონკრეტულად სარჩელის არსზე, ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი, ლევან გორელაშვილი საუბრობს, რომლის თქმითაც, 2017 წლის მარტში, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს, არწივის ორდენი და იესო ქრისტეს კვართი გადასცა, რაც ბრიტანულ მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია და დაინტერესდა, როგორ შეიძლებოდა ამ ორდენის მოპოვება. იურისტის მტკიცებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ორდენის სანაცვლოდ, კონკრეტული თანხა მოითხოვა. 

„სარჩელით ვითხოვთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახელით უნებართვოდ სარგებლობა. იგი თავს უწოდებს საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენელ დავით XIII-ს. სინამდვილეში, იგი არ არის სამეფო სახლის წარმომადგენელი, სამეფო ოჯახის წევრიც კი არ არის და საქართველოს სამეფო სახლის სახელით საუბრის ლეგიტიმური უფლება არ გააჩნია“, – ამბობს გორელაშვილი. 

მისივე ინფორმაციით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი, საქართველოს სამეფო სახლისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, დავით ბაგრატიონ-მუხრანელისგან სიმბოლური თანხის – 1 ლარის გადახდას ითხოვს. 

მთელ ამ სკანდალში ყველაზე სკანდალური ის გახლავთ, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ექსსიძის ანუ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სამეფო წარმომავლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

„ბაგრატიონ-მუხრანელები ნამდვილად იყვნენ საქართველოს სათავეში. ბაგრატიონთა ამ შტოდან საქართველოს პირველი მმართველი იყო მეფე ვახტანგ V შაჰნავაზი. ვახტანგი, საქართველოს მეფემ როსტომ-ხანმა, რომელსაც ძე არ ჰყავდა, მუხრანელი ბაგრატიონების შტოდან იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. მაგრამ წარმოვიდგინოთ, მეფეს ვინმე, უბრალო გლეხის შვილი რომ ეშვილებინა, ისიც გახდებოდა მეფე, თუმცა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს იმ გლეხის ოჯახს სამეფო სახლზე ჰქონდეს პრეტენზია?!“ – ამბობს ყოფილი სიმამრი. 

ყოფილი ცოლისა და სიმამრის ბრალდებებს, როგორც იტყვიან, უპასუხოდ არც ექსსიძე ტოვებს ანუ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამეფო სისხლისაა. 

„რასაკვირველია, ეს აბსურდული სარჩელია. ადამიანი მიდის სასამართლოში და ამბობს, რომ მეფეა და ითხოვს მეორე ადამიანისთვის სამეფო სიმბოლიკით სარგებლობის აკრძალვას. ჩვენი ქვეყნის ბოლო, 500-600 წლის ისტორია უბრალო არ ყოფილა. ბატონი დავითი, ერთიანი საქართველოს ბოლო მეფის _ ალექსანდრე I დიდის შუათანა ვაჟიშვილის, დემეტრეს შთამომავალია. მას ედავებიან ადამიანები, რომლებიც თავს გიორგი VIII-ეს, იგივე გიორგი I-ის _ კახეთის მეფის შთამომავლებს უწოდებენ. თუმცა საეჭვოა, რომ ისინი მართლაც მისი შთამომავლები იყვნენ'', – აცხადებს ჩხეიძე და დასძენს, რომ არ შეიძლება, სერიოზულად მოეკიდო ისეთი არაავტორიტეტული გამოცემის სტატიას, როგორიცა ბრიტანული Daily Mail-ი, _ ,,ეს არის გაზეთი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში, 236-ჯერ იქნა მხილებული დიდი ბრიტანეთის სარედაქციო კოდექსის დარღვევაში. ეს რომ ყოფილიყო Dაილყ თელეგრაპჰ-ი, ან სხვა სერიოზული გამოცემა, ვიტყოდით, რომ პრობლემა სერიოზულია. ამიტომ არ მოჰყოლია 2017 წელს, ჩვენი მხრიდან რეაგირება''. 

ერთი სიტყვით, საქართველოს სამეფო სახლში დიდი არეულობაა ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სახეზეა ბაგრატიონთა სამეფო კარის თამაშები. 

არსებულ ვითარებას ისიც ამძაფრებს და ართულებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ცოლყოფილის სამეფო წარმომავლობაში ეჭვი შეაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ვერსიით, ანა ბაგრატიონების შთამომავალი არ არის, რადგან ანას პაპა, პეტრე უმცროსი, მისი მამის, პეტრე უფროსის ნამდვილი შვილი არ იყო.

ისიც, ალბათ, 21-ე საუკუნის ტრენდია, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბაგრატიონებთან ნათესაური კავშირის დასადგენად, დნმ-ის ტესტს მოითხოვს. 

„თავის დროზე, ანა ისეთმა ავტორიტეტულმა ხალხმა წარუდგინა დავითს, რომ მას ანას წარმომავლობაში ეჭვი არ შეუტანია“, _ ამბობს დავითის ადვოკატი ლევან ჩხეიძე, თუმცა ვინ არის ეს „ავტორიტეტული პირი“, უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, ყოველ შემთხვევაში, დავითის უფლებადამცველი საზოგადოებას არწმუნებს, რომ ანა და ნუგზარ ბაგრატიონები, დნმ-ის ტესტის გაკეთებაზე უარს ამბობენ. 

ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობს ბაგრატიონების გრუზინსკების შტო და ამბობს, რომ მე-17 საუკუნეში, მეფე როსტომმა დავითის წინაპარი იშვილა, რადგან თავად მემკვიდრე არ ჰყავდა და, შესაბამისად, დავითი სამეფო ბაგრატიონების შთამომავლად ვერ ჩაითვლება, დნმ-ის ტესტს კი ოჯახი არ ენდობა. 

„ჩვენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მივმართეთ შეკითხვით, რომელზეც პასუხს მივიღებთ ამ დღეებში, თუმცა წინასწარი კონსულტაციით, უკვე გავარკვიეთ, რომ რეალურად, ანალიზით უტყუარი ნათესაური კავშირის დადგენა, მხოლოდ ორ ცოცხალ ადამიანს შორის არის შესაძლებელი“, _ განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ გრუზინსკების ადვოკატმა. 

მისივე თქმით, მოპასუხე მხარე ითხოვს გენეტიკური შემოწმება იმ დნმ-ის ტესტირებით ჩატარდეს, რომლის პასუხზე დასკვნასაც „სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო“ ადგენს. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, დავით თარხან-მოურავია, ვიცე-წინამძღოლი კი _ ია ბაგრატიონ-მუხრანელი. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი, დავითის შტოს წარმომადგენელია. 

რაც შეეხება ისტორიას, ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ასეთ ინფორმაციას ავრცელებს: 

„მე-15 საუკუნიდან, ამ გვარის სამი შტო არსებობდა: კახეთის, ქართლისა და იმერეთის ბაგრატიონები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი კახური შტოა, ხოლო დავით ბაგრატიონ-მუხრანელი _ ქართლის შტო. თუ მემკვიდრე ბოლო მეფის შთამომავალი უნდა იყოს, ბოლო გვირგვინოსანი ბაგრატიონი იმერეთს ჰყავდა, თუმცა მისი მემკვიდრეები დღეს აღარ არსებობენ''. 

ერთი სიტყვით, აქამდე ერთი მეფეც არ გვყავდა, ახლა კი, ისეთი პირი უჩანს, რომ სამეფო შტოსთან კავშირი შესაძლოა, ექსცოლმა ცალკე დაამტკიცოს და ექსქმარმა _ ცალკე. ჰოდა, კი გვეყოლება ტახტის ორი მემკვიდრე. 

ისე, მთელ ამ ამბავს იუმორით თუ შევხვედავთ, რაკი ორი ახალი წელი გვაქვს, დიდი ამბავი, თუ ტახტის მემკვიდრეც ორი გვეყოლება, მაგრამ საქმე მთლად სახუმაროდ არ უნდა გვქონდეს. 

 

რატომ? _ იმიტომ, რომ გავიხსენოთ ერთი დეტალი: მონარქიის გულმხურვალე მხარდამჭერია ბიზნესმენი, ლევან ვასაძე. ზოგადად, ცნობილია, რომ ვასაძე პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. მართალია, ამას თავად მილიონერი არ აღიარებს, მაგრამ ქართული ანდაზაა _ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“ ანუ ვასაძე ყველაფერ დასავლურის დემონიზებას ცდილობს, რაც ცხადია, ვერ გამოსდის. 

რა შუშია ვასაძე და სამეფო კარი? ჯერ ერთი, ვასაძე რაინდია. ეს ტიტული მას 2013 წელს, თავად ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ მიანიჭა. 

„საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, ბიზნესმენ ლევან ვასაძეს, რაინდის წოდება მიანიჭა. ვასაძის რაინდად კურთხევის ცერემონია 31 ოქტომბერს, დარეჯანის სასახლეში ჩატარდა. 

ლევან ვასაძის ახალი ტიტული სრული სახით ასე ჟღერს: საქართველოს სამეფოს გვირგვინის დინასტიური ორდენის დიდი ჯვრის რაინდი. 

ცერემონიას ესწრებოდნენ ბატონიშვილი ანა, სამეფო ოჯახის წევრები, კანცლერი კახა ქორიძე და სხვადასხვა ორდენის კავალერები. 

მათ ერთობლივი ფოტოც გადაიღეს'', _ იუწყებოდა 2013 წელს, ქართული ინტერნეტმედია. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოში მონარქიის აღდგენას კრემლის პოლიტიკური ელიტა ლობირებს. ამასთან, ბოლო დროს, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლევან ვასაძეს პრემიერობის ამბიციები აქვს. ზოგი იმასაც ამბობს, რომ იგივე „ციანიდის სკანდალის“ ჩაფლავების შემდეგ, ეკლესიაში შესაძლოა, ახალმა სკანდალმა იფეთქოს, რომლის ინსპირატორიც ვასაძე იქნება. 

ყველაფერი ეს, ბუნებრივია, ვერსიებია, მაგრამ არსებობის უფლება ნებისმიერ ვერსიას აქვს. 

შესაბამისად, მოდით, ისიც დავუშვათ, რომ სამეფო სახლის წარმომადგენლებს შორის, ბოლო დროს დაწყებული ომიც ,,ჩრდილოეთის'' ინტერესში შედიოდეს ანუ რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ მოსკოვი ცდილობს, საქართველოს ტახტის მემკვიდრედ, მისთვის სასურველი კანდიდატი გამოაცხადოს? 

სხვათა შორის, ამ დავაში უკვე საპატრიარქოც ამოტივტივდა. ყოველ შემთხვევაში, დავითის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: 

„სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ-კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი. ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. 

ეს შედეგები არ არის საჯარო, ახლა წავიდეს და მიჩივლოს, თუ არ არის სიხარულიძე, მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა. თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია“. 

ერთი სიტყვით, ცხელი პოლიტიკური პროცესები, იგივე საარჩევნო სისტემის შეცვლა, თუ ვადამდელი არჩევნები აშკარად გადაიფარება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ ისტორიული საქმის განხილვა უკვე დაიწყო. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლებმა, შიდა საგვარეულო დავის გადასაწყვეტად, სასამართლოს მიმართეს. 

აღნიშნულ საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს და შესაბამისად, გადაწყვეტს, ვის ეკუთვნის არარსებული სამეფოს ტახტი და რომელი შტოა ჭეშმარიტად მეფური წარმომავლობის. 

ისე, აქამდე ვიცოდით, რომ მეფე შიშველი იყო, თუმცა ამიერიდან შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ მეფე მარტო შიშველი კი არა, არამედ თაღლითობაშიც აღმოჩნდეს მხილებული. უფრო მეტიც, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რომელიმე შტოს წარმომადგენლის ძარღვებში ნამდვილი მეფის სისხლი არ ჩქეფს, გამოვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ტყუილში გვაცხოვრებდნენ და „ფეიკი“ ტახტის მემკვიდრე გვყოლია! 

აი, შეიძლება, ზუსტად ამაზეა ნათქვამი, მეორედ მოსვლა გარდაუვალიაო, თუმცა ხუმრობა იქით იყოს და, ნება მოგვეცით, გვქონდეს ვერსია, რომ სამეფო ოჯახში დაწყებული სკანდალი, დიდი პოლიტიკური თამაშების შემადგენელი ნაწილია. 

რა არის ამ პოლიტიკური თამაშების მიზანი? _ ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, თუმცა სავარაუდო პასუხი შესაძლოა, ის იყოს, რომ ხალხი სანახაობაზე გადაერთვება, გაჭირვება და უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები კი დაავიწყდება! 

მოკლედ, ამ სიტუაციაში, გლეხობა ყველაზე კომფორტული მდგომარეობაა! 

P.s. სანამ სასამართლო თავის სიტყვას იტყვის, ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა ვერდიქტი უკვე გამოიტანა. ყოველ შემთხვევაში, მან განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონს სიგელებისა და ორდენების გაცემის უფლება არ აქვს: 

,,მათი გაცემა უნდა მოხდეს ნუგზარ ბაგრატიონის ოჯახთან შეთანხმებით. გასცეს ჯილდო, მაგრამ როგორც ბაგრატიონ მუხრანბატონმა. ის იბრალებს, რომ არის უფროსი ბაგრატიონის დიდი ოჯახისა, რაც ასე არაა. 

კანონი არ გვაქვს, რომელიც ჯილდოს გაცემას კრძალავს, მაგრამ ისტორიული რეალობა ხომ არსებობს? 

ის გასცემს სიგელებს, როგორც ბაგრატიონთა სახლის უფროსი. რადგან ვიცით გენიალოგია, მორალურად და ზნეობრივად ნუგზარ ბაგრატიონს აქვს უფლება და მის შთამომავლობას, ბაგრატიონის სახლის წინამძღოლი იყოს. ეს ვერსად ეწერება''. 

ოთხმეზურის განცხადებითვე, ნუგზარ ბაგრატიონი არის ერეკლე მეორისა და გიორგი მეთორმეტის უშუალო შთამომავალი. 

მისივე თქმით, ბაგრატიონის სახლის წინამძღოლი ნუგზარ ბაგრატიონია, ხოლო მუხრან ბაგრატიონი _ გვერდითი და არა ძირითადი შტოს წარმომადგენელი.

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში