Menu
RSS

,,უდოს’‘ კომისიის შავ-ბნელი მხარეები

რატომ ემიჯნება პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას და აღდგება თუ არა სასჯელაღსრულების სამინისტრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში პირველად მივიდა. იმის გათვალისწინებით, რომ მას პოსტზე ნახევარი წელიც არ გაუტარებია, გაკეთებულ საქმეებზე ნაკლებად ისაუბრა და აქცენტი მომავალზე გააკეთა. ეს ლოგიკურიც იყო და ისიც მოსალოდნელი გახლდათ, რომ ოპოზიციას საკრიტიკოდ საბაბი არ ექნებოდა. ამიტომ პროტესტის ნიშნად, ზურაბიშვილის გამოსვლას არ დაესწრო.

ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო, რაც პარლამენტის ტრიბუნიდან ზურაბიშვილმა გააჟღერა, შეწყალების კომისიის ფორმირებისა თუ რეფორმირების საკითხია ანუ პრეზიდენტს არ სურს, შეწყალების კომისია მისი დაქვემდებარების ქვეშ იყოს და ამ უფლებას იუსტიციის სამინისტროს აძლევს. ერთი შეხედვით, ეს ლოგიკურია, რადგან იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა დეპარტამენტად გადაკეთებული სასჯელაღსრულება, ე.წ. უდოს კომისიაც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, მაგრამ...

ჯერ ერთი, ასე მარტივად შეწყალების კომისია სხვა უწყების დაქვემდებარებაში ვერ გადავა. საქმე ისაა, რომ კანონით, შეწყალება პრეზიდენტის უზენაესი ფუნქციაა და რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული უფლება, რაც კი პრეზიდენტს საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის შემდეგ შერჩა ანუ ქალბატონმა სალომემ როგორც უნდა მოინდომოს, კომისიას ვერ მოიშორებს, თუ კანონი არ შეიცვლება. ჩვენი ინფორმაციით, ზურაბიშვილს ამ უდიდესი პასუხისმგებლობის მოცილება იმის გამო სურს, რომ წინამორბედის შეცდომების გამეორება არ უნდა. არადა, სწორედ მარგველაშვილის პრეზიდენტობისას შეიწყალეს, მაგალითად, იაგო ნებიერიძე, რომელიც გასულ წელს მომხდარ ერთ-ერთ უსასტიკეს დანაშაულშია ბრალდებული _ გორში 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობასა და სექსუალურ ძალადობას ედავებიან.

მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროსვე იქნა შეწყალებული მარნეულელი ნარკოდილერი, რომელსაც წინა ხელისუფლებამ ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სამუდამო მისჯილი „ბარიგის“ გათავისუფლება ძალიან, ძალიან მძიმე მოსასმენ-აღსაქმელია. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ზურაბიშვილმა შეწყალების კომისიის მოცილება, რამეთუ მერე არავინ წამოაძახოს, ეს რატომ გაათავისუფლე, ის რატომ გამოუშვიო. არადა, მმართველობის პერიოდში, აუცილებლად „გაიპარება“ ისეთი ვინმე, ვის შეწყალებასაც შემდეგ ხმაური და რეზონანსი მოჰყვება. მით უმეტეს, შეწყალების კომისიის გარშემო მუდმივად ისმის, რომ იქ საქმეები ეწყობა, რომ კორუფციაა, რომ ვიღაცას ვიღაცის ხათრითა და რეკომენდაციის უშვებენ. ყველაფერ ამისგან თავის არიდება ზურაბიშვილისთვის ცუდი არ უნდა იყოს, მაგრამ რამდენად კარგი იქნება ამომრჩევლისა და უშუალოდ პატიმრებისთვის ყველაფერი ეს?! დაივწყოთ იმით, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს დეპარტამენტად ჩამოლაბორანტების შემდეგ, უწყებაში სიტუაცია არეულია. არეულია თუნდაც იმიტომ, რომ პატიმრების ახლობლები ვერ იღებენ პასუხებს წერილებზე, ვერ ახერხებენ მარტივ კომუნიკაციას ანუ როგორც თავად ამბობენ, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ამას გარდა, ე.წ. უდოს ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობით უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი გაიზარდა. მოგეხსენებათ, „უდოს“ კომისია სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, ახლა კი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. არც მაშინ და, მით უმეტეს, არც ახლა, რეალურად არავინ იცის, ვინ არიან ,,უდოს’‘ წევრები, როდის მართავენ სხდომებს (ოფიციალურად, თვის დასაწყისში ან თვის ბოლოს უნდა გაიმართოს, თუმცა ზუსტი თარიღი განსაზღვრული არაა), რა კრიტერიუმებით მსჯელობენ, როგორ მსჯელობენ, ვინ აფასებს რისკებს. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ პატიმრების ციხიდან გაშვება-დარჩენის საკითხი კულუარულად წყდება და...

„სქემა ძალიან მარტივია. პირველ რიგში, ,,უდოს’‘ კომისია ხელმძღვანელობს ციხის ადმინისტრაციის დახასიათებით ამა თუ იმ პატიმარზე. თუ პატიმარი თანამრომლობს ადმინისტრაციასთან, ეს ერთ-ერთი საფუძველია მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების, თუმცა ამ მედალს მეორე მხარეც აქვს _ თუ ის პატიმარი იმდენად კარგად თანამშრომლობს, რომ ადმინისტრაციას ციხეში სჭირდება და არა _ თავისუფლებაზე, ამიტომ პატიმარმა ეს ოქროს წესიც უნდა დაიცვას, რაც ხშირ შემთხვევაში, არ იცის. ამას გარდა, აუცილებელია სატელეფონო ზარი, რომ ამა თუ იმ პატიმარს შეღავათი გაუწიონ. ეს ზარი შეიძლება განახორციელოს გავლენიანმა ნათესავმა, ან ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა, რომელსაც კონკრეტული პატიმარი უკვე თავისუფლებაზე სჭირდება. ამას, პლუს, არჩევნების წინ ,,უდოს’‘ კომისია ნამდვილ ფუტკრის სკას ჰგავს, რამეთუ საკმარისია, რომელიმე პატიმრის ოჯახის წევრმა, მინიმუმ, სამასკაციანი მხარდამჭერების სია წარადგინოს, შესაბამისმა უწყებამ ეს სია გადაამოწმოს, დაადასტუროს და პატიმარი თავისუფალია“, _ ყველაფერი ეს ერთ-ერთმა ძალოვანმა კულუარულად გვითხრა.

რაც შეეხება შეწყალების კომისიის იუსტიციის დაქვემდებარებაში გადასვლის რისკებს, ეს, პირველ რიგში, იმის მანიშნებელი იქნება, რომ ერთი უწყების ანუ იუსტიციის სამინისტროს ხელში ექცევა ყველა ბერკეტი, რომელიც პატიმრის თავისუფლებას ეხება. აღნიშნული უკვე სერიოზული პრობლემაა, რადგან რამდენიმე ათასი პატიმრის ბედზე მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყება იქნება პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აღნიშნული გადაადგილება რეალურად პატიმრებს ნაკლებ შეღავათს მისცემს და ახლავე გეტყვით, რატომ:

თუ იუსტიციის სამინისტროს შეწყალების ბერკეტიც ექნება, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია გააძლიერებს ზეწოლას პატიმრებზე და პირობას მისცემს, რომ კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, პატიმარი შესაძლოა, გათავისუფლდეს სწორედ შეწყალებით, რაც ავტომატურ რეჟიმში ითვალისწინებს ნასამართლეობის მოხსნას.

ე. წ. კაი ბიჭები ანუ, „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები შეწყალებაზე ხელს ისედაც არ აწერენ, რადგან დაუწერელი კანონებით, ეკრძალებათ და საკუთარ „შავ მომავალს“ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებენ. დანარჩენები ადმინისტრაციასთან მეტ-ნაკლებად თანამშრომლობენ და ჯოხიც სწორედ მათზე გადატყდება ანუ არიან პატიმრები, რომლებსაც არც „კაი ბიჭობაზე“ აქვთ პრეტენზია და არც ადმინისტრაციასთან თანამშრომლობენ, რადგან არ სურთ, ,,ჩამშვების’‘ სახელი ჰქონდეთ. სწორედ მათ დაატერორებენ ადმინისტრაციის თანამშრომლები შეწყალების კომისიის სახელით, თანაც თუ აქამდე ვიცოდით შეწყალების კომისიის წევრთა ვინაობა, კომისიის გამართვის თარიღები, ეჭვი გვაქვს, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შემთხვევაში, ესეც ისეთივე გასაიდუმლოებული გახდება, როგორც „უდოს“ კომისიის შემადგენლობა. მათი ვინაობა ეცოდინება მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს ანუ იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტს, ვინ გარეთ უნდა იყოს და ვინ _ შიგნით.

სხვათა შორის, როცა მიხეილ სააკაშვილი ბოლო დღეებს ითვლიდა, შეწყალების აქტები ერთი-მეორის მიყოლებით, რამდენჯერმე გამოსცა და ორ თვეში სასჯელაღსრულების დაწესებულება, დაახლოებით, 1500-მა პატიმარმა დატოვა. რეალურად, იგივე რაოდენობის პატიმრების გამოშვების უფლება ექნება შეწყალების კომისიას იმ შემთხვევაშიც, თუ ის იუსტიციის სამინისტროს დაექვემდებარება, თუმცა სანამ ყველაფერ ამას გავიგებთ და ინფორმაცია მოქალაქეებამდე მივა, შეიძლება, ციხე საზოგადოებისთვის საშიშმა ადამიანებმა დატოვონ და ქვეყნიდან გასვლაც კი მოასწრონ, რამეთუ როგორც გითხარით, შეწყალება ყველაფერს ანულებს პირობითი სასჯელისა და ნასამართლეობის ჩათვლით. პატიმრები არც იმას მალავენ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმების შემდეგ, მათი ყოფა გაუარესდა: გარდა იმისა, რომ კვების ხარისხმა იკლო, პატიმრებს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომაც გაუუარესდათ. თუ აქამდე ციხეებში წამლების დეფიციტი არ იყო, ახლა ,,ციტრამონის’‘ გარდა, პრაქტიკულად, ყველაფერი სანატრელი აქვთ. საკვების ხარისხის გაუარესებაში კი გაფუჭებული პროდუქტებისგან მომზადებულ „ბალანდას“ გულისხმობენ, რომელიც დიდად სახალისო საკვები არასოდეს ყოფილა.

სხვათა შორის, არსებულ პრობლემებზე საუბარი მთავრობაშიც მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, სასჯელაღსრულების სამინისტროს აღდგენის საკითხი მწვავედ დადგეს. საქმე მხოლოდ პატიმრებს არ ეხებათ, რადგან მოხდა მთელი სისტემის რეორგანიზაცია, სასჯელაღსრულების თანამშრომლებიდან დაწყებული, ამ უწყების სპეცდანიშნულების რაზმით დამთავრებული. მოხდა კადრების შემცირება და ახლა გაირკვა, რომ შემცირება არასწორად ჩატარდა, რადგან საბადრაგო სამსახურში ადამიანები, უბრალოდ, აღარ ჰყოფნით და სწორედ ამ მიზეზით, სასამართლოები ისეთი სიხშირით ვეღარ იმართება _ ციხიდან სასამართლომდე წამყვანი პატიმრების ბადრაგი, უბრალოდ, არ ჰყოფნით. არადა, წინა ხელისუფლების დროს, ერთ პატიმარზე, ლამის ერთი ბადრაგი მოდიოდა. რა თქმა უნდა, ეს ნორმალური არ იყო, მაგრამ სასამართლოს არ გამართვა იმის გამო, რომ უწყებას საკმარისი ბადრაგი არჰყავს, ნორმალური არც ეს გვგგონია.

ბათო ჯაფარიძე

 

დაბრუნება დასაწყისში