Menu
RSS

გიორგი ისაკაძე „მესამეზე“ ახალ, ყოველდღიურ ბიზნესგადაცემას იწყებს

„ფორბსის კვირა _ „რუსთავი 2“-ზე, „ქალთა ნარატივი“ _ „მარაოზე“, „საქმიანი დილა“ და „საქმის კურსი“ _ „პირველზე“

10 მარტიდან, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2''-ზე სტარტი ახალმა ბიზნეს გადაცემამ _ ,,ფორბსის კვირა'' აიღო. გადაცემის წამყვანი ,,ფორბს საქართველოს'' მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძეა, რომელიც პარალელურად, ,,ბიზნეს მედია საქართველოს'' (BMG) ხელმძღვანელობს. ,,ფორბსის კვირა'' ანალიტიკური გადაცემაა, სადაც საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ბიზნეს სიახლეები კვირაობით, ,,რუსთავი 2''-ის დილის ეთერში გაშუქდება. კიდევ რა სიახლეებს გეგმავს გიორგი ისაკაძე? რატომ მაინც და მაინც ,,რუსთავი 2''? რა ბედი ელის BMG-ის სხვა გადაცემებს, რომლებიც რეგულარულად, ტელეკომპანია ,,პირველის'' ეთერში გადის? _ ამ და სხვა სიახლეებზე ,,ვერსიას'' გიორგი ისაკაძე ესაუბრა.

_ გიორგი, რატომ აირჩიეთ სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2''? 

_ 2019 წელს, BMG-დან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს. შესაბამისად, ,,ბიზნეს მედია საქართველო'' რამდენიმე სატელევიზიო არხთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ამ შემთხვევაში, უკვე შედგა კონკრეტული ეთერი ,,რუსთავი 2''-ზე, ესაა ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა, რომელშიც ,,ფორბსი'' მონაწილეობს. შეიძლება ითქვას, რომ BMG-ი და ,,ფორბსი'', ჯამში, ერთი საერთო გუნდია, რომელიც ამ პროდუქტს ამზადებს და ეს იქნება, დაახლოებით, საათნახევრიანი გადაცემა ყოველ კვირას, ,,რუსთავი 2''-ის დილის ეთერში, თუმცა ღირს აღნიშვნად, რომ ყველაფერი ეს ტელეკომპანია ,,მესამესთან'' ანუ ყოფილი ,,კომედი არხის'' რებრენდირებულ არხთან მოლაპარაკებით დაიწყო. შეგახსენებთ, ,,მესამეს'' ფორმულა ,,კრეატივი'' აკეთებს და ცალსახად შემიძლია დავადასტურო, რომ მათთან შეთანხმება უკვე შედგა.

 

შესაბამისად, BMG და ,,ფორბსი'' ერთობლივად, რამდენიმე კვირაში, ყოველდღიურ, ერთსაათიან ბიზნეს გადაცემას დაიწყებს ,,მესამეზე'', რომელიც დღის ეთერში, უფრო ზუსტად, შუა დღეს, სავარაუდოდ, 16.00-დან 18.00 საათამდე შუალედში გავა, ზუსტ დროზე ჩამოვყალიბდებით და საზოგადოებასაც ვაცნობებთ. 

_ კიდევ რა სიახლეებს გეგმავთ? 

_ ფორმულა ,,კრეატივთან'' ურთიერთობის ფარგლებში, ,,ქალების ნარატივი'', რომელიც ყველასთვის მოთხოვნადი გადაცემაა ბიზნეს და ლიდერ ქალბატონებზე, ტელეკომპანია ,,მარაოზე'' გადაინაცვლებს. სწორედ ამ არხზე ნახავს თავის საეთერო დროს, რომელიც ძველებურად, ყოველდღიურად, ერთსაათიანი ეთერი იქნება. 

_ გამოდის, ტელეკომპანია ,,პირველან'' თანამშრომლობას წყვეტთ? 

_ არა, რადგან როდესაც ტელეკომპანია ,,პირველზე'' დავიწყეთ მაუწყებლობა იმ ხმაურიანი ამბების შემდეგ, რაც ტელეკომპანია ,,მაესტროზე'' გვქონდა, პირველივე დღიდან, ,,პირველის'' კი არა, საკუთარი თავის თანამშრომლები ვართ. ჩვენ გვაქვს კონტრაქტი ტელეკომპანია ,,პირველთან'', რომელსაც დღემდე ვფარავთ და მომავალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას. ესაა ,,საქმიანი დილა'' და ,,საქმის კურსის'' სამი გამოშვება დღის განმავლობაში, რაც ტრადიციულად, ,,პირველის'' ეთერში გავა ანუ ,,პირველთან'' ჩვენი კონტრაქტი გრძელდება. ჯამში, BMG-ის მოდელი ისეთია, რომ ყველა დაინტერესებულ მაუწყებელს, ანალიტიკურ ცენტრს, მედია თუ არამედია სტრუქტურას მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია ბიზნესსა და ეკონომიკაში მიმდინარე ამბების შესახებ. საუბარია საქართველოში მიმდინარე პროცესზე, რასაც რეგიონისა და მსოფლიოს ამბებიც ემატება. 

_ ორ სხვადასხვა არხზე _ ,,პირველსა'' და ,,რუსთავი 2''-ზე ერთდროულად გავა თქვენი გადაცემები და ეს უხერხულობას არ შექმნის? 

_ არა, რადგან ხვალ და ზეგ სხვა არხებიც გამოჩნდებიან, რომლებთანაც აქტიურ მოლაპარაკებას უკვე ვაწარმოებთ. ამ შემთხვევაში, BMG მაუწყებლობს, როგორც პროდაქშენ-სტუდია, რომელიც ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებით დაინტერესებულ მაუწყებლებს შესაბამის კონტენტს აწვდის. შესაბამისად, ხვალ, პირობითად, ტელეკომპანია ,,კავკასია'' რომ დაინტერესდეს, რათა ამ არხზე ბიზნეს გადაცემა გავიდეს, ჩვენ მზად ვართ, შეთანხმების შემთხვევაში, ამ ტელეკომპანიისთვისაც მოვამზადოთ ანალოგიური ეთერი. 

_ ესე იგი, ნებისმიერი ტელევიზიას, რომელიც დაინტერესდება და მოგმართავთ, პროდუქციას დაუმზადებთ? 

_ დიახ. ეს პროცესი უფრო უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, დეტალურად აგიხსნით: დავუშვათ, ტელეკომპანიის მფლობელი ხართ და დაინტერესებული ხართ, თქვენს არხზე ბიზნეს გადაცემა გავიდეს, მოგვმართავთ ჩვენ, რათა დაგიმზადოთ თქვენთვის საინტერესო, ნებისმიერი ტიპის სატელევიზიო პროდუქტი. მოდით, ტელევიზიებს თავი დავანებოთ, შესაძლოა, ასეთი ინტერესი ბეჭდურმა მედიამ, მაგალითად, თქვენმა გაზეთმაც გამოხატოს. დავუშვათ, ,,ვერსიას'' სურს, რომ ყოველკვირეულ რეჟიმში, ანალიტიკური მასალები მოვამზადოთ კონკრეტული მიმართულებით, პირობითად, საფონდო ან კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის შესახებ, მოგვმართავთ და ცხადია, ჩვენ ამგვარ დაკვეთასაც შევასრულებთ. ,,ვერსიის'' მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ჩვენი შეთავაზება და თანამშრომლობა მხოლოდ ტელევიზიებს არ ეხება. ანალოგიური ვრცელდება რადიოებზე, რასაც უახლოეს მომავალში განვაცხადებთ და მაისში, ისევ თქვენი საშუალებით, კიდევ ორი ტელეკომპანიის შესახებაც გაცნობებთ, რომლებსაც მივაწვდით გადაცემებს. ერთი _ სატელევიზიო, ხოლო მეორე _ ინტერნეტ-ფორმატი იქნება. ახლა ამაზე უფრო მეტ დეტალს ვეღარ მოგაწვდით, რადგან კონკრეტულ ფორმატთან დაკავშირებით, აქტიური მოლაპარაკების რეჟიმში ვართ ორ საკაბელო და ერთ ფედერალურ არხთან, რაც ჩვენგან დამატებით რესურსს საჭიროებს, ამიტომ ამ დეტალებს მაისში, თქვენი გაზეთის საშუალებით გავახმაურებთ.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში