Menu
RSS

რა ცვლილებები შედის „ქურდულ კანონებში“

დიდი ქურდული „სხადნიაკი“ კიევში და ლაშა ჯაჭვლიანის გაურკვეველი მომავალი

რუსეთში, ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ მიღებული კანონის შემდეგ, ,,კრიმინალური სამყაროს'' ლიდერები ქვეყანას ტოვებენ. ისინი მასიურად გადადიან პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა ქვეყანაში და ჯერჯერობით, ყველაზე მეტი მათგანი უკრაინაში ცხოვრებას აპირებს. ამ მიგრაციამ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო შეაშფოთა და უკვე გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, „კანონიერი ქურდობა“ უკრაინის ტერიტორიაზეც დასჯადი გახდება, თუმცა ყველაფერ ამას, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება და ეს დრო სავსებით საკმარისია იმისთვის, რათა ქურდებმა მოიფიქრონ, რა უნდა გააკეთონ მომავალში და რომელ ქვეყანაში იცხოვრონ.

სავარაუდოდ, სწორედ ამ თემაზე სამსჯელოდ, 4 მარტს, კიევში ე.წ. სხადნიაკი გაიმართა. არავინ იცის, ვინ შეატყობინა „სხადნიაკის“ შესახებ სამართალდამცავებს, მაგრამ ფაქტია, რომ შუა ,,სხდომის'' დროს, სპეცდანიშნულების დანაყოფი გამოჩნდა და შეკრების ყველა მონაწილე დააკავა. „კანონიერი ქურდები“ მალე გაათავისუფლეს, რადგან კანონსაწინააღმდეგო მათ არაფერი ჰქონდათ, შეკრება კი უკრაინის კანონებით არ ისჯება, თუმცა ჯერჯერობით პოლიციაში რჩება ლაშა ჯაჭვლიანი (მეტსახელად „ლაშა ოჩამჩირსკი“). 

როგორც სამართალდამცავები ვარაუდობენ, ,,სხადნიაკის'' მოწვევის ინიციატორი, სწორედ ლაშა გახლდათ და ესეც არ იყოს, მას უკრაინაში შესვლა 5 წლით ჰქონდა აკრძალული. შესაბამისად, პოლიცია იმასაც იკვლევს, როგორ მოახერხა მან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა. 

„ლაშას ციხეში არ ჩასვამენ, მას, სავარაუდოდ, დეპორტაციას გაუკეთებენ, თუმცა ესეც შარია _ საქართველოში ექსტრადაციის შემთხვევაში, მას ციხე ელის, ციხეში ჩასვამენ რუსეთში ექსტრადაციის პირობებშიც. ამიტომ ის ცდილობს, ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გაუშვან, ან _ ბელორუსში. 

თავის მხრივ, ბელორუსი უკვე კატეგორიული წინააღმდეგია, ქურდები მიიღოს, ევროპაში წასვლა კი ჯაჭვლიანს გაუჭირდება, რადგან მას ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს“, _ გვითხრა უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა. 

მისივე თქმით, „სხადნიაკის“ მთავარი თემა „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ მიღებული კანონი გახლდათ. ქურდებს უნდა გადაეწყვიტათ, ჩაითვლებოდა თუ არა კამერების წინ ქურდობაზე უარის თქმა ტიტულის დაკარგვად. მოქმედი „ქურდული კანონების“ მიხედვით, ხმამაღლა და საჯაროდ ტიტულზე უარის თქმა, ავტომტურად, მის დაკარგვას ნიშნავს, მაგრამ ახლა ქურდები იმაზე მსჯელობენ, თავისუფლებაზე დარჩენის სანაცვლოდ, ხომ არ შეიტანონ დაუწერელ კანონებში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საჯარო უარყოფა თავისუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, აღქმული არ იქნება, როგორც ტიტულზე ოფიციალურად უარის თქმა. ძველი ყაიდის ქურდები ამ ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგები არიან, ახლები კი ამბობენ, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ქურდი ყველაფერზე უნდა წავიდეს და რეალურად, ის სამართალდამცავებს ატყუებს და არა _ „საძმოს“. 

ისე, ამ თემას თუ ბოლომდე გავყვებით, სახელმწიფო კანონებს უკუქმედების ძალა აქვს. მაგალითად, თუ ძარცვისთვის განსაზღვრულია 6 წელი და სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ეს ბევრია და ძარცვისთვის მხოლოდ 5 წელი უნდა იყოს, მათ, ვისაც 6 წელი აქვთ მისჯილი, ავტომატურად აკლდებათ ის ერთი წელი. აი, თუ ქურდები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ უკუქმედების ძალაც უნდა ამოქმედდეს და იმ ქურდებსაც დაუბრუნონ სტატუსი, რომლებმაც ის მაშინ დაკარგეს, როცა თავისუფლების სანაცვლოდ, სწორედ ტელეკამერების წინ აღიარეს, რომ „კანონიერი ქურდები“ არ არიან. 

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, არანაირი უკუქმედების ძალა „ახალ დაუწერელ კოდექსს“ არ ექნება, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მიღებული და დამკვიდრებული კანონი, „კანონიერ ქურდებს“ პრობლემას მსოფლიოს მასშტაბით შეუქმნის. 

სხვათა შორის, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ „კანონიერი ქურდის“ სტატუსზე საჯარო უარყოფის პირველი პრეცედენტი საქართველოში დაფიქსირდა. 90-იან წლებში, ცნობილმა და გავლენიანმა ნახალოვკელმა ქურდმა, ვახტანგ ყორიაულმა (მეტსახელად „ჭაღარა ვახო“), სწორედ ტელევიზიის ეთერით თქვა, რომ ქურდობაზე უარს ამბობდა. მაშინ ეს ნაღმის აფეთქებას ჰგავდა, რადგან 90-იანებში, საქართველოში ქურდებს რენესანსის ხანა ედგათ. როგორც მაშინ ამბობდნენ, ამის გაკეთება ვახოს ჯაბა იოსელიანმა სთხოვა, რომელიც შევარდნაძეს არწმუნებდა, რომ მის სიტყვას ქურდებში უდიდესი გავლენა ჰქონდა. „ჭაღარა ვახო“ იმ დროს საქართველოში ერთ-ერთი, ყველაზე გავლენიანი ქურდი იყო და ამიტომ არავინ ელოდა, რომ ის ყველაფერზე დასთანხმდებოდა, მაგრამ ასაკის გამო, ყორიაული დათანხმდა. 

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, უარყოფის მიუხედავად, ვახო გავლენიან ავტორიტეტად ბოლომდე დარჩა და მასთან საქმეების გასარჩევად მაინც დადიოდნენ. 

რადგან ქურდებზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით, თავისუფლებაზე მყოფი, ყველაზე გავლენიანი ქურდი ნადირ სალიფოვი, იგივე ,,გული'' დუბაიში გადაბარგდა. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის ციხიდან 23-წლიანი სასჯელის მოხდისა და გათავისუფლების შემდეგ, ,,გულიმ'' ბინა თურქეთში დაიდო. მან იმდენი მოახერხა, რომ ქვეყნის ყველაზე გავლენიან ადამიანს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დაუმეგობრდა და მის სახლს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიც იცავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სალიფოვმა თურქეთიდან რუსი ბიზნესმენების დატერორება დაიწყო, მისმა ხალხმა კი რამდენიმე საქმოსანს რუსეთის ფედერაციაში სამაგალითო დასჯა მოუწყო (ორი ბიზნესმენი ავტომობილებში ჩაცხრილეს, ორს ოჯახის წევრები მოუტაცეს და გამოსასყიდი გადაახდევინეს, ერთს თითები მოაჭრეს), რუსეთმა კატეგორიულად მოითხოვა ,,გულის'' დაპატიმრება და დეპორტაცია. 

როგორც მაშინ ამბობდნენ, ამ თემაზე ერდოღანს პირადად ვლადიმირ პუტინი ესაუბრა და სალიფოვი დააპატიმრეს კიდეც, თუმცა იმის გამო, რომ ის რუსეთის მოქალაქე არ იყო, ადვოკატებმა მოახერხეს და თურქეთს ექსტრადაციაზე ხელი ააღებინეს. ეს ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად, დეპორტაციისგან თავის არიდება სალიფოვს 200 მილიონი დოლარი დაუჯდა. 

,,ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ,,გულიმ'', დაახლოებით, მილიარდი იშოვა და რაც მთავარია, მას ეს თანხა ნაღდი ფულით აქვს. მისი დაჯგუფების წევრები, რუსეთის ყველა კუთხიდან ეზიდებიან ფულს და ბოსს უგზავნიან. ამიტომ, თურქეთმა ვერ მოახერხა, უარი ეთქვა უზარმაზარ თანხაზე, უარი ეთქვა იმაზე, რომ ,,კანონიერმა ქურდმა'' მის ეკონომიკაში 150 მილიონის ინვესტიცია განახორციელა, შემდეგ კი, ამაზე მეტი თავისუფლების სანაცვლოდ გადაიხადა'', _ წერს რუსული მედია. 

რა თქმა უნდა, დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, სალიფოვმა 200 მილიონი გადაიხადა, არ შეიძლება, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში, საექსტრადაციო განყოფილებაში მყოფი ,,კანონიერი ქურდი'' თურქეთის ხელისუფლებამ გაათავისუფლა, მას ქვეყნიდან თავისუფლად წასვლის უფლება მისცა და რაც მთავარია, მან თურქეთი კერძო თვითმფრინავით დატოვა. 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, კერძო ლაინერში ,,გულის'' ხალხმა, დაახლოებით, 40 სატვირთო მანქანით მიიტანა ნივთები და ვარაუდობენ, რომ მინიმუმ, ერთი სატვირთო ფულით იქნებოდა სავსე. 

რაც შეეხება დუბაიში ,,გულის'' საცხოვრებელს, მართალია, ის სახელმწიფო დაცვის სამსახურით ვეღარ სარგებლობს, მაგრამ მის უსაფრთხოებას 50-მდე დაქირავებული პირადი მცველი იცავს, ხოლო მისი სახლის სახურავზე, ასაფრენად კერძო ვერტმფრენი მუდამ მზადყოფნაშია. 

რა თქმა უნდა, დუბაის ეკონომიკას სალიფოვი ინვესტიციით ვერ გააოცებს, მაგრამ ქვეყანაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი რომ არის, ამას თქმა არ უნდა.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში