Menu
RSS

სქემა, რომლითაც უცხოეთში გადახვეწილი „კანონიერი ქურდები“ ქართველ ბიზნესმენებს ფულს სძალავენ

საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის უცნობი დეტალები

მიმდინარე წლის 13 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფრანგ კოლეგებთან ერთად, საფრანგეთის ქალაქ რეიმსსა და მის შემოგარენში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. ქურდობის ბრალდებით, სამართალდამცავებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულთაგან ერთი 35 წლის ქალია და, როგორც განმარტავენ, სწორედ მას ეკეთა ხოლმე მაღაზიებში სპეციალური ქამარი, სადაც ნაქურდალ ნივთებს მალავდა და ისე გამოჰქონდა. აღნიშნული დაჯგუფება ქურდობის 17 ფაქტზეა მხილებული და ნივთმტკიცებები დაჯგუფების წევრების საცხოვრებელი სახლებიდან იქნა ამოღებული.

სხვათა შორის, აღნიშნულ დანაშაულზე ქართული მხარე არათუ აქტიურად იყო ჩართული, არამედ, პრაქტიკულად, კარნახობდა ფრანგებს, როდის და რა პირობებით უნდა მომხდარიყო საქართველოს მოქალაქეების თვალთვალი. ქართული პოლიცია აკონტროლებდა რეიმსიდან დაკავებულთა მიერ გამოგზავნილ ამანათებს, ახლრციელებდა თვალთვალს და მოსმენას, რამაც საბოლოოდ, მოიტანა შედეგი, თუმცა... 

,,სპეცოპერაციის შედეგად, ექვსი პიროვნების დაკავება იყო დაგეგმილი, მაგრამ ფრანგებმა იჩქარეს და მხოლოდ ოთხი დააკავეს. ორის ძებნა გრძელდება, ისინი იმ მომენტისთვის სახლში არ იმყოფებოდნენ და, რაღა თქმა უნდა, სპეცოპერაციის შემდეგ, ადგილზე აღარ დაბრუნებულან'', _ გვითხრა ქართველმა სამართალდამცავმა. 

საფრანგეთის გარდა, შსს-მ ორი მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოშიც ჩაატარა. რაღა თქმა უნდა, ორიდან ერთი ფონიჭალაში ჩატარდა, რომელიც ნარკორეალიზატორების დასაკავებლად იყო გამიზნული, თუმცა ამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ისინი ვიღაცამ გააფრთხილა, რადგან ვერცერთ სახლში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ნარკოტიკული ნივთიერება ვერ იქნა აღმოჩენილი. შედეგად, ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა, ტყუილად აგვაწიოკესო. 

 

რეალურად კი, ფონიჭალა სამწუხაროდ, კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ ობიექტად, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება დიდი ოდენობით იყიდება და სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი სთხოვს პოლიციას, რომ რეიდები რაც შეიძლება, ხშირად მოაწყოს, რადგან დასახლების ჩიხებში არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა წამლისგან გაბრუებული ადამიანები გზა-კვალს ვერ აგნებენ. 

მეორე სპეცოპერაცია კი სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარდა. ძალოვანთა სამიზნე ამჯერად ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ეჭვმიტანილთა დაკავება გახლდათ. სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი იქნა დაკავებული და მათ ბრალიც წარედგინათ. 

,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ,,ქურდული სამყაროს'' მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონერი ქურდებთან _ მინდია გორაძესთან (მეტსახელად ლავას ოღლი), ჯომბერ ბაირამიდთან (მეტსახელად ბონჩო), სტავრო ბაირამიდთან (მეტსახელად როკო), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარეულასთან და როლანდ გეგეჭკორთან. გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. ქურდული გარჩევა მოუწყვეს და დიდი ოდენობით თანხაც გამოსძალეს'', _ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ზემოჩამოთვლილი ე.წ. კანონიერი ქურდები კრიმინალურ სამყაროში ძალიან დიდი გავლენით სარგებლობენ. ის, რომ ბოლო დროს საზღვარგარეთ მყოფ ქურდებთან კავშირი, მათი მეშვეობით საქართველოში საქმეების გარჩევა და ბიზნესმენების ტერორი გახშირდა, არავინ მალავს, თუმცა არც ძალოვნები არიან უქმად და ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს 4 ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, ხოლო ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 52 პირი მისცეს პასუხისგებაში. 

ეს საქართველოში, თორემ ქართველი ძალოვნების ჩარევით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, 9 ,,კანონიერი ქურდია'' დაკავებული. 

სხვათა შორის, ჯუმბერ ბაირამიდზე ძებნა რუსეთის ფედერაციასაც აქვს გამოცხადებული. უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე წლის 27 თებერვალს ანუ ფოთსა და სენაკში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთში, ტვერის რაიონულმა სასამართლომ ბაირამიდს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. 41 წლის ,,კანონიერ ქურდს'' ბრალად ბიზნესმენისთვის 3.5 მილიონი რუბლის (დაახლოებით, 140 ათასი ლარი) გამოძალვა ედება. 

როგორც რუსი სამართალდამცავები ამბობენ, ფოთში დაბადებულმა, წარმოშობით კი ბერძენმა ქურდმა რუს ძალოვნებს საბერძნეთში გაასწრო, მისი ორი ,,პადელნიკი'' კი მოსკოვში დააკავეს. შესაბამისად, ბაირამიდზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. 

,,ბოლო დროს დანაშაულის საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა. ის ,,კანონიერი ქურდები'', რომლებიც წლებია, საქართველოში არ ყოფილან, მშობლიურ მხარესთან ცდილობენ კავშირის აღდგენას და ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვას. ამიტომ, ისინი უკავშირდებიან ადგილობრივ მაცხოვრებლებს, იმ ბიჭებს, რომელთაც ე.წ. შავი სამყაროს ხიბლი აქვთ, სოფლის ან ქალაქის ე.წ. მაყურებლად ნიშნავენ, შემდეგ კი ეუბნებიან, რომ ბიზნესმენებს ფული გამოსძალონ. თუ ბიზნესმენი პოლიციაში არ წავა და თანხას გადაიხდის, 20% ავტომატურად საერთოში (ევროპის რომელიმე ქვეყანაში) მიდის, კიდევ 20% იმ ქურდს ეკუთვნის და დანარჩენი 60% ადგილობრივ საერთოში ინახება. 

ჰო, ადგილებზე გაკეთდა საერთოები, სადაც წვრილფეხობა ფულს რიცხავს, ეს ფული რომელიმე ,,მაყურებელს'' აბარია და ქურდების პირველივე მოთხოვნის შედეგად, ევროპაში რიცხავს. 

რეალურად, ქურდები არ რისკავენ, რადგან მათ აქედან ძნელად მისწვდებიან, რისკავენ ადგილობრივი ახალგაზრდები და კარიერას ციხეში აგრძელებენ. სწორედ რომ აგრძელებენ, რადგან ამ ბრალდებით დაკავებულს, უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აქვს ,,მაყურებლის'' პოზიციაზე პრეტენზია და რაც მთავარია, მას ზურგს ქურდები უმაგრებენ. 

შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლები მომძლავრდნენ და პატიმრები არცთუ სახარბიელო დღეში ჰყავთ'', _ გვიყვება პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. 

სხვათა შორის, აჭარაში არ მალავენ, რომ არა ერთი და ორი ახალგაზრდა ბიზნესმენების დატერორებას ლავას ოღლის სახელით ცდილობს. ანალოგიური ფაქტები მომრავლდა სამეგრელოსა და ქუთაისშიც... 

,,გამოსავალი ერთია: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს პატიმრების გამიჯვნა. მათ, ვისაც ,,შავ სამყაროსა'' და ქურდობაზე აქვთ პრეტენზია, ცალკე დაწესებულება სჭირდებათ. ისინი ერთად უნდა განათავსონ და მერე იქ გაარკვიონ, ვინ ,,მაყურებელია'' და ვინ _ ,,პეხოტა''. ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს, რადგან ისინი ერთმანეთს დაუწყებენ ჩაგვრას, დაჩაგრული და ,,კაი ბიჭობის'' ტიტულს დამშვიდობებული პატიმარი ჩვეულებრივ ,,ზონაზე'' უნდა გადაიყვანონ, იქ მას პრეტენზიები ვეღარ ექნება და საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ადამიანები ადამიანურად მოიხდიან სასჯელს, კრიმინალები კი ერთმანეთის ჭამაში იქნებიან'', _ ესეც პოლიციის მაღალჩინისანმა გვითხრა და ისიც დაამატა, რომ ამ მიამრთულებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კარგა ხანია, მუშაობს.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში