Menu
RSS

მიქელაძეების ქურდული დინასტიის აღსასრული და ათმილიონიანი ბრილიანტის საიდუმლო

ქართველი „მედვეჟატნიკის“ სკანდალური მოგონებები

მიქელაძეების ქურდული დინასტია აღარ არსებობს. ცნობილი ,,კანონიერი ქურდის'', ქურდულ სამყაროში ლეგენდარული ჯემალ მიქელაძის შემდეგ, მისი გზა შვილებმა _ მამუკა და ჯემალ-უმცროსმა გააგრძელეს. მიმდინარე წლის იანვარში, 52 წლის ასაკში, მამუკა მიქელაძე გარდაიცვალა (გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულის უკმარისობაა, არაოფიციალური კი _ ნარკოტიკი), ხოლო რამდენიმე დღის წინ, 43 წლის ასაკში, უმცროსი ჯემალ მიქელაძეც გარდაიცვალა _ ოფიციალური ვერსია კოკაინის ზედოზირებაა.

ჯემალ მიქელაძე ერთ-ერთი იყო, ვისკენაც ასლან უსოიანის (,,დედ ჰასანი'') მეგობრები ხელს იშვერდნენ, აქაოდა, უსოიანის სიკვდილი თუ ვინმეს სურდა, ეს, პირველ რიგში, მიქელაძეები იყვნენ, რადგან ,,დედ ჰასანი'' და უფროსი მიქელაძე ერთმანეთთან დაპირისპირებულნი გახლდნენ და მამის გამო, ძმები კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს ვერ იტანდნენო. 

რა თქმა უნდა, საბოლოოდ ვერავის ვერაფერი დაუმტკიცეს, თუმცა უსოიანის მომხრეებს დღემდე მყარად სჯეროდათ, რომ ქილერის დაქირავებაში უმცროსი მიქელაძის ხელიც ერია. 

სხვათა შორის, მიქელაძის ერთ-ერთი უპირატესობა ის იყო, რომ დიდ ყურადღებას უთმობდა ე.წ. „კაი ბიჭებს“ ანუ ის არ იყო ჩაკეტილი ქურდი, ურთიერთობდა, მეგობრობდა და ამით ძალიან ბევრ ქულას იწერდა. ამიტომაც არის, რომ ქართულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, გასულ უქმეებზე, უმცროს ჯემალ მიქელაძეს პატივი მიაგეს და გასვენება ,,გადაუხადეს''... 

რუსთავის #17 დაწესებულებაში იჯდა ე.წ. „მედვეჟადნიკი“, რომლისთვისაც გაუხსნელი კარი არ არსებობდა. ის არ მალავდა, რომ ძალიან, ძალიან ბევრ ქურდს იცნობდა, ქურდებიც პატივს სცემდნენ, მაგრამ ხშირად იმეორებდა, ნარკოტიკები ბევრს დაღუპავსო. სხვებთან ერთად, ის ჯემო მიქელაძესაც ასახელებდა, კარგი ბიჭია, მაგრამ წამალი გადაიყოლებსო. ჰოდა, ეს „მედვეჟატნიკი“ ძალიან საინტერესო ისტორიებს ყვებოდა და იმასაც ამბობდა, აქაური პოლიციის დედა ვატირე, რომ ვერაფერი დამიმტკიცა, წამალი ჩამიდო, არადა, ცხოვრებაში არ გამიკეთებიაო. ის, მართლაც, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მუშაობდა და მხოლოდ კარის გაღებით იყო დაკავებული. თამასაც შესაბამისი ჰქონდა _ მისთვის იმ საკეტის ორმაგი ღირებულება უნდა გადაეხადათ, რომელსაც გახსნიდა. შესაბამისად, არასოდეს მიდიოდა მარტივ ბინებსა თუ საკეტებზე და მისთვის რომ მიგემართა, საკეტის ფასი 20 ათასი ევროდან უნდა დაწყებულიყო. 

„საქართველოშიც იყო ისეთი ბინები, საიდანაც მილიონების გამოტანა შეიძლებოდა, მაგრამ ქართველის ბინა არასოდეს გამიტეხავს. პრინციპში, არავის ბინა არ გამიტეხავს, საკეტს ვხსნიდი და მივდიოდი. არ მაინტერესებდა, ბინაში მილიონი იყო თუ არაფერი, მე ჩემს სამუშაოს ვასრულებდი'', _ ღიმილით იხსენებდა „მედვეჟატნიკი“. 

მის მიერ გაღებული სახლებიდან წაუღიათ მილიონებიც და წამოსულან ხელცარიელებიც, მაგრამ სახლი, რომლის გაქურდვასაც წელიწადი და რვა თვე მოანდომეს, მართლაც საინტერესო იყო. 

„მოკლედ, უკრაინაში ტიპები ჩამოვიდნენ და თქვეს, რომ ერთ-ერთმა უკრაინელმა ბრიტანეთში, აუქციონზე რაღაც ბრილიანტი იყიდა, რომლის ღირებულებაც ათ მილიონამდე იყო. მათ შავ ბაზარზე ამ ბრილიანტის კლიენტი იპოვეს, რომელიც მზად იყო, სამი მილიონი გადაეხადა. ჰოდა, ჩამოვიდნენ და თქვეს, მთავარი სახლის კარის გაღებაა, თორემ სეიფის სპეციალისტი გვყავსო. ბოლოს, მე მომადგნენ, შენს გარდა იმ კარს ვერავინ გახსნისო. 

საკეტის სურათები მოვითხოვე, თუმცა მეორე დღეს თავზარდამცემი ამბავი მოიტანეს _ საკეტს კი არა, მთლიანად კარს ცვლის, რაც ჰქონდა, ის აღარ იქნებაო. სუფთა პროფესიული თვალსაზრისით დავინტერესდი და მეორე დღეს იმ უბანში გავიარე. მუშებს ეტყობოდათ, რომ უკრაინელები არ იყვნენ და კარსაც შევატყვე, რომ იქ დამზადებულ არ იყო. სახლი კი არა, ნამდვილი ციხესიმაგრე გახლდათ და ხელი ჩავიქნიე. ვუთხარი, რაღაც სუპერთანამედროვეს აკეთებენ-მეთქი და ამის მიუხედავად, ერთ კვირაში მაინც მომიტანეს კარის სურათები... 

საკეტის წინა მხრით ვხვდებოდი, სად უნდა მეძებნა ანალოგი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვერაფერს მივხვდი, რადგან კარს არაფერი ჰქონდა, არც _ ნახვრეტი, არც _ სახელური. კი მივხვდი, ელექტროკარი რომ იყო, მაგრამ ყველა ელექტროკარს ჰქონდა ბარათის მისადები ადგილი, ამას ეგეც არ უჩანდა. 

დავიწყე ანალოგის ძებნა, ვერ ვიპოვე. კოლეგებს შევეხმიანე, გაუკვირდათ, შენ ჩვენ გვეკითხებიო? ამიტომ, საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლეგებს ვკითხე და საოცარი რამ მითხრეს, ეგ კარი არ იღებაო. ყოველთვის ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მოიგონებდნენ საკეტს, რომელსაც ვერავინ გახსნიდა. ამიტომ, ხელი ჩავიქნიე და დამკვეთებსაც ვუთხარი, ვერ გავაღებ-მეთქი... 

ერთ თვეში ისევ მომადგნენ, ის კაცი ორი კვირით წავიდა და იქნებ, ახლოდან შეხედო კარსო. წავედი, ახლოდან დავათვალიერე, მაგრამ რა აზრი ჰქონდა?! ვერაფერი ვნახე ახალი და კვლავ ვუთხარი, ამ კარის გამღები არ ვარ-მეთქი. დავივიწყე ეგ სახლი, ეგ კარიც, ერთი ის მიხაროდა, რომ კარის, საკეტის და მთლიანად მაგ ყველაფრის ყიდვა და მონტაჟი ნახევარ მილიონზე მეტი ჯდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბევრი ვერ მისცემდა თავს ფუფუნებას აღნიშნული საკეტი ეყიდა... 

მოკლედ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, დასასვენებლად ესპანეთში წავედი. იქაური მეგობრები მოვიდნენ და სულ რომ არ მახსოვდა, ერთმა გამახსენა იმ კარის ამბავი და მითხრა, იმდენად მარტივად იღება, გაოცდებიო. ყურები ვცქვიტე, რადგან ის, რაც წარმოუდგენელი მეჩვენებოდა, თურმე მარტივი ყოფილა. საკეტების კომპანიაშიც ხომ ადამიანები მუშაობენ, ამიტომ მოსაზრება, რომ გაუხსნელი საკეტი არ არსებობს, ისევ ძალაშია. ადრე თუ გვიან, მინუსს მაინც ვნახულობთ და სწორედ მას ვიყენებთ. 

ამ საკეტის მინუსი კი ძალიან, ძალიან ბავშვური იყო _ საკეტს მოჰყვებოდა აკუმულატორი, რომელიც გათვლილი იყო იმაზე, რომ შუქის წასვლის შემთხვევაშიც კი, ერთი წელი იმუშავებდა ანუ თუ შუქი გაითიშებოდა (რაც შეიძლება ქურდებს ექნათ), ერთი წელი საკეტი აკუმულატურზე იმუშავებდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი საკეტები მდიდარ ადამიანებს აქვთ, ისინი კი რამდენიმე ქვეყანასა და სახლში ცხოვრობენ, კარის გამომგონებლებმა დაასკვნეს, რომ ხანძრის შემთხვევაში შესაძლოა, სახლის მეპატრონეები სხვა ქვეყანაში ყოფილიყვნენ, კარს კი ვერავინ შეამტვრევდა. ამიტომ, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მოაწყვეს ისე, რომ ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში, წყლის ჭავლი, პირველ რიგში, სწორედ აკუმულატორს გათიშავს, რათა კარი გაიღოს და მეხანძრეებმა შესვლა შეძლონ... 

რა თქმა უნდა, გამიხარდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ტყუილად მიხაროდა. საქმე ისაა, რომ ასეთი სახლების მეპატრონეები ყველაფერს სეიფში ინახავენ. ამიტომ, კარის გაღებას მაშინ აქვს აზრი, როცა დრო გაქვს სამუშაოდ. ხანძრის შემთხვევაში, კარი, დაახლოებით, ორ წუთში გაიღება, დაახლოებით, 7-8 წუთში სახანძრო მოვა ანუ რეალურად, 5-6 წუთი გაქვს იმისთვის, რომ იქურდო. სეიფის გაღებისთვის ეს ძალიან ცოტა დროა. 

დავბრუნდი უკრაინაში, ვუთხარი მათ, რომ ასე შეიძლებოდა კარის გაღება, მაგრამ ისიც ვუთხარი, აზრი არ აქვს-მეთქი. 

საბოლოო ჯამში, გადაწყვიტეს მაინც ეცადათ. სეიფის ოსტატი ამბობდა, თუ ნაცნობი საკეტი ექნება სეიფს, შეიძლება, გავხსნაო. 

მოკლედ, ერთ ღამეს ჯერ ფანჯარა ჩატეხეს, შემდეგ კი ცეცხლმოკიდებული პლასტმასი შეაგდეს, რადგან კვამლი მალე დატრიალებულიყო. მოკლედ, გაიღო კარი და შეცვივდნენ, მაგრამ სეიფის კოდის გახსნა კი არა, სეიფი ვერ იპოვეს. ვერაფერი წამოიღეს, ცარიელი კედლები, არც ერთი ძვირფასი ნივთი „ნა ვიდუ“. ასეა, შეიძლება ითქვას, გაუხსნელი კარია, ვინც მაგ კარს დააყენებს, თავს დაიცავს. მაქსიმუმ, ათ წუთში სახანძრო და პოლიცია მოდის და ფარდების ჩამოხსნას თუ მოასწრებს კაცი“, _ დაასრულა მოყოლა „მედვეჟატნიკმა“.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში