Menu
RSS

რატომ გარბიან ,,კანონიერი ქურდები'' პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ევროპაში

რით განსხვავდება რუსული ე.წ. ანტიქურდული კანონი ქართულისგან

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის დუმამ დააკმაყოფილა ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ინიცირებული კანონპროექტი და პირველი მოსმენით მიიღო კიდეც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაქსიმუმ, ერთ თვეში, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში შევა ახალი მუხლი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის ანალოგიური იქნება და ,,კანონიერ ქურდობასა'' თუ ,,შავი სამყაროს'' წევრობას დასჯადს გახდის.

საინტერესოა, რომ ქართული კანონისგან განსხვავებით, რუსული მხარე უფრო მკაცრია სასჯელის ზომაში, მაგრამ უფრო ლოიალური მუხლის წაყენების პროცესში ანუ თუ ჩვენთან აღნიშნული დანაშაული 6-დან 9 წლამდეა დასჯადი, რუსეთში იგივე დანაშაული 8-დან 15 წლამდე ისჯება, თუმცა თუ ჩვენთან უეჭველი სასჯელია, რუსეთში ბრალდებულს ბრალის მოხსნა ,,მარტივად'' შეუძლია _ მან ტელევიზიით უნდა განაცხადოს, რომ ,,კანონიერი ქურდი'', ან ,,კრიმინალური ავტორიტეტი'' აღარ არის და კანონმორჩილი მოქალაქეა. 

,,ქურდების დაუწერელი კანონის მიხედვით, თუ რომელიმე მათგანი საჯარო განცხადებას გააკეთებს და ტიტულზე უარს იტყვის, ის ვეღარასოდეს იქნება ქურდი'', _ განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დუმაში გარი მინხმა. 

დეპუტატები დაინტერესდნენ, რა შედეგი გამოიღო ყველაფერმა ამან საქართველოში და დაწვრილებითი ინფორმაციაც მიიღეს. 

როგორც ჩანს, აღნიშნულ კანონს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ჩვენი მეზობლები და მიხვდნენ, რომ მას დადებითი შედეგი აშკარად აქვს. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად საქართველოში თავისუფლებაზე ერთი ,,კანონიერი ქურდიც'' არ არის. თურმე, დაახლოებით იგივე კანონი მოქმედებს იტალიაშიც, თუმცა იქ დასჯადი მაფიის წევრობაა. 

აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, სერიოზულად შეშფოთდნენ უკრაინელი სამართალდამცავები. მათი თქმით, როგორც კი ეს კანონი დუმაში დარეგისტრირდა, ,,კანონიერი ქურდები'' სწორედ უკრაინას მიაწყდნენ და არამარტო ისინი, ვისაც იქ ჩასვლა შეუძლია, არამედ ისინიც, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთიდან უკრაინაში 14 ,,კანონიერი ქურდი'' ჩავიდა და აქედან ოთხს უკრაინაი შესვლის უფლება, მინიმუმ, სამი წლით ჰქონდა აკრძალული. 

,,როცა რუსეთი აღნიშნულ კანონს მიიღებს, აუცილებელი იქნება, რაღაც მსგავსი ჩვენც შემოვიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიმინალური დაჯგუფებები სათარეშოდ ჩვენს ქვეყანას აირჩევენ და ამას ვერაფერს დავუპირისპირებთ'', _ განაცხადა უკრაინის ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა. 

პარალელურად, აღნიშნული კანონის მიღებაზე დაჩქარებული წესით მუშაობა დაიწყო ბელორუსმაც. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ძალიან მალე, პოსტსაბჭოთა სივრცის, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანა მიიღებს ანალოგიურ კანონს და ,,კანონიერი ქურდები'' ევროპისკენ აიღებენ გეზს. 

რა მოხდება მერე, როცა პოსტსაბჭოთა სივრციდან ევროპაში, დაახლობით, 300 ,,კანონიერი ქურდი'' ჩავა, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ არ გამორიცხოთ, რომ ქართული კანონი ევროპის ქვეყნებისათვისაც სამაგალითო გახდეს და მისი ანალოგი იქაც მიიღონ.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში