Menu
RSS

ცხენის ხორცითა და სხვა საეჭვო საკვები პროდუქტებით ნაშოვნი მილიონები

გახდება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული უვარგისი პროდუქტის შემოტანა-რეალიზაცია

რამდენიმე დღის წინ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი აღმოაჩინა. ინფორმაცია იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ თავიდან ბევრს არ ეგონა, კონკრეტული ბიზნესოპერატორები თუ ბავშვებს გაიმეტებდნენ, თუმცა ნურას უკაცრავად _ ცხენის ხორცი რამდენიმე ბაღში იპოვეს, ამოიღეს თბილისის ე.წ. ,,დეზერტირების ბაზრიდანაც'' და... და არც არაფერი.

რეალურად, სურსათის ეროვნული სააგენტო, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მაქსიმუმს აკეთებს ანუ აკრძალული პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში, აჯარიმებს ბიზნესოპერატორს და არც მისი სტატუსის შეჩერებაზე ამბობს უარს, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. 

გამოსავალი კი იმიტომ არ არის, რომ იგივე ადამიანები სხვა შპს-ს სახელით შედიან ბაზარზე და იგივე სქემით მოქმედებენ, თუმცა ახლა საქმე გაცილებით სერიოზულადაა, რადგან უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოში ცხენის ხორცი უკრაინიდან აგერ, უკვე მერამდენე თვეა, ტრაილერებით შემოდის. 

არადა, რეალურად ,,ხვრელი'' კანონშია და ამ ,,ხვრელით'' არაკეთილსინდისიერი ოპერატორები სარგებლობენ. 

რა თქმა უნდა, ძნელია, ყველას მორალი და ზნეობა მოსთხოვო, თუნდაც მაშინ, როცა საქმე საკვებ პროდუქტებს ეხება და ნურავინ დაიფიცებს იმასაც, რომ რესტორანში, ან სასურსათო მაღაზიაში, შემთხვევით, ცხენის ხორცი არ აქვს დაგემოვნებული ხინკლისა თუ პელმენის ფარშში. არადა, კანონში წერია, რომ როცა უცხოეთიდან ხორცი შემოდის, საკმარისია, დოკუმენტში მითითებული იყოს ხორცი და მორჩა ანუ არ არის აუცილებელი იმის მითითება, ცხენის ხორცია, საქონლის, ცხვრის, ღორის თუ ნიანგის. 

ნიანგი შემთხვევით არ გვიხსენებია _ საქართველოში ნიანგის ხორციც შემოდის, იყიდება კიდეც და ძვირიც ღირს, თუმცა განბაჟების დროს ყურადღება არ ექცევა, რა შემოაქვს ბიზნესოპერატორს. 

იგივე ხდება ქათმის ხორცთან დაკავშირებითაც _ გაყინული ფრინველის ხორცია და მორჩა: შეიძლება ყვავი იყოს, შეიძლება, ფარშევანგი ან ფასკუნჯი. 

სწორედ ამ საკანონმდებლო ხარვეზებს იყენებენ ხორც-პროდუქტების ის შემომტანები, რომლებისთვისაც მთავარი ფულის კეთებაა და არა ის, რას შეჭამს დიდი თუ პატარა საქართველოში. 

ამას გარდა, ძალიან მცირეა ის ჯარიმა, რომელსაც ბიზნესოპერატორი დარღვევის შემთხვევაში იხდის. 

ზემოთ სურსათის ეროვნული სააგენტო ვახსენეთ და ის ჯარიმის მაქსიმუმს ანუ 2000 ლარს წერს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. თავად განსაჯეთ, ერთი ტრაილერ ცხენის ხორცს რომ გაყიდის კაცი, მას არც ორი ათასი ლარის გადახდა გაუჭირდება. უფრო სწორედ, სიხარულითაც კი გადაიხდის, ოღონდაც იმავე ხორცის გაყიდვის შესაძლებლობა ჰქონდეს. 

სწორედ ამ თემაზე გააკეთა აქცენტი აგრარული კომიტეტის სხდომაზე ოთარ დანელიამ. დეპუტატმა ზუსტად ის თქვა, რაც ჩვენ აღვნიშნეთ _ ჯარიმა ძალიან ცოტაა და არაკეთილსინდისიერი შემომტანებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს. 

,,აუცილებლად უნდა გაიზარდოს საჯარიმო სანქციები, თუმცა არის მეორე მხარეც _ კვების ობიექტებში, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში უაპელაციოდ, რეკვიზიტებისა და წინაპირობების გარეშე, პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მივცეთ ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც მავნე საკვებს შეიტანს ობიექტებზე'', _ განაცხადა დანელიამ. 

ძალიან დიდი ალბათობით, კანონმდებლები აღნიშნულ ინიციატივას გულისყურით მოეკიდებიან და კარგი იქნება, თუ მხოლოდ ამაზე არ გაჩერდებიან. 

იგივეს თქმა შეიძლება პოსტსაბჭოთა სივრცეებიდან შემოტანილ ერბოზე. ერბო კარაქზე იაფი ღირს, შედეგად, ის შემოაქვთ, აქ ადნობენ და შემდეგ კარაქს აკეთებენ. ასეთი არაერთი შემთხვევა გამოვლენილა, მაგრამ როგორც სხვა დროს, აქაც ჯარიმა, პრაქტიკულად, მიზერულია. 

საუბარი მხოლოდ კვების პროდუქტებზე არ გვაქვს. მაგალითად, თუ ცემენტის ქარხანას (არ აქვს მნიშვნელობა, რომელს) არ უყენია ფილტრი და აბინძურებს გარემოს, მას გარემოს დაცვის სააგენტო ორი ათასი ლარით აჯარიმებს. ქარხნის ადმინისტრაცია იხდის ამ ჯარიმას, იღებს გონივრულ ვადას ანუ ორ თვეს და ორი თვის შემდეგ, ისევ ჯარიმდება. 

საბოლოო ჯამში, ქარხანას, წლიურად, 12 ათასი ლარის ანუ ექვსი ჯარიმის გადახდა უწევს და ეს მაშინ, როცა ფილტრის დაყენება და გამოცვლა, წლიურად, დაახლოებით 50 ათასი ლარი დაუჯდება. 

და რა ურჩევნია ქარხნის ადმინისტრაციას? _ 12 ათასის გადახდა ჯარიმებში თუ მუშა-ხელის დაქირავება, დამატებითი ხარჯის გაწევა და, საბოლოო ჯამში, ოთხჯერ მეტი თანხის დახარჯვა?! 

ჯარიმა რომ პირველივე ჯერზე იმდენი იყოს, რამდენიც ფილტრის დაყენებას და გამოცვლას სჭირდება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ფილტრებსაც დროულად დააყენებენ, დროულად შეცვლიან და ჩვენც ნაკლებ ცემენტს ჩავუშვებთ. 

ზოგადად, საკანონმდებლო ხარვეზები მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ეს არის საყოველთაო პრობლემა და ყველა სახელმწიფო დგება ხოლმე პარადოქსული ფაქტების წინაშე, თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია. 

ამ კანონებთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი და საშური მაინც ის კანონი გვგვგონია, რომელიც არასრულწლოვანებს სისხლის სამართლის ყველანაირი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს _ გაძარცვეს ბავშვებმა მთელი თბილისი და სამართალდამცავები მათ დაკავებას ვერ ახერხებენ.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში