Menu
RSS

,,სხადნიაკი'' რელიგიის სახელით

რა მიზნით შეიქმნა რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური მზრუნველობა", ვინ არის ალექსანდრე კობაიძე და რა საფრთხის წინაშე დგანან პატიმრები

რამდენიმე დღის წინ, რელიგიური ორგანიზაცია _ ,,საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული და ლუთერანული ეკლესია _ ბიბლიური მზრუნველობა'' დაფუძნდა. მისი დამაარსებელი, მეგობრებთან ერთად, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გახლავთ. ერთი შეხედვით, უწყინარი ორგანიზაცია შესაძლოა, დიდი საფრთხის შემცველი გახდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გისოსებს მიღმა არიან. არადა, თუ მის დამფუძნებელს დავუჯერებთ, ეს ორგანიზაცია სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ ციხეში მყოფ პატიმრებს ყოფა შეუმსუბუქოს.

ვინ არის ალექსანდრე კობაიძე? 

ერთი შეხედვით, ალექსანდრე (ლექსო) კობაიძე რიგითი ადვოკატია, რომელიც მუდამ მომართულია პატიმრების დასაცავად, მაგრამ ნურას უკაცრავად. მის სახელს ძალიან ხმაურიანი საქმეები უკავშირდება და, ესეც არ იყოს, კობაიძემ ბედი პოლიტიკაშიც სცადა _ პოლიტიკიდან წასულმა კობა დავითაშვილმა, ხალხის პარტიის თავმჯდომარეობა, სწორედ კობაიძეს გადააბარა და ამ უკანასკნელსაც სერიოზული პოლიტიკური გეგმები და ამბიციები ჰქონდა, თუმცა ხალხის პარტია ისევე დარჩა ერთი ხელის თითებზე დასათვლელი პროცენტების მქონე პარტიად, როგორიც დავითაშვილის დროს იყო. 

კობაიძე იცავდა ემზარ კვიციანს და არა მარტო იცავდა, მისთვის, როგორც პროკურატურის ოქროს მოწმისთვის, სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეში, იარაღის ტარების უფლებასაც ითხოვდა. მაშინ კვიციანი პარლამენტის წევრი არ იყო და კობაიძეც მაქსიმალურად ცდილობდა, კოდორის ექსგუბერნატორისთვის ეს უფლება მოეპოვებინა, მაგრამ ამაოდ. 

 

გასულ წელს მოკლული, გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატიც კობაიძე გახლავთ. ის აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და სასამართლოს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ ჭანტურიას უდანაშაულობა აღიაროს. 

შემდეგ იყო არანაკლებ გახმაურებული სმიტების საქმე _ ამერიკელების ოჯახის დახოცვის ბრალდებით დაკავებულ მალხაზ კობაურს, თავიდან დავით გირგვლიანი იცავდა, თუმცა ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ნახვის შემდეგ, გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი თქვა. სამაგიეროდ, გამოჩნდა კობაიძე, რომელმაც კობაურის დაცვა ითავა და დღემდე დარწმუნებულია, რომ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ერთადერთ პირს, სასამართლო გაამართლებს. მოკლედ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალექსანდრე კობაიძე ძალიან აქტიური პროფესიული ცხოვრებით ცხოვრობს და არ არის გამორიცხული, 2020 წლის არჩევნებშიც აქტიურად ჩაერთოს, ოღონდ უკვე, როგორც დეპუტატობის კანდიდატი. ის, რომ მას პოლიტიკური ამბიციები აქვს, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავებიდანაც დადასტურდა. 

რელიგიური ორგანიზაციები 

2017 წლის გაზაფხულზე, პოლიტიკურმა გაერთიანება გირჩმა, რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოსარგებლე ორგანიზაციას ძალიან საინტერესო სახელი ჰქვია _ ,,საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია _ ბიბლიური თავისუფლება''. ამ ორგანიზაციას მიზნად ერთადერთი რამ ჰქონდა _ წვევამდელებისთვის უნდა მიეცა საბუთი, რომლის მიხედვითაც, ისინი რელიგიური ორგანიზაციის წევრები იქნებოდნენ და შესაბამისად, თავისუფლად შეეძლოთ ჯარში წასვლაზე უარის თქმა. მხოლოდ 2017 წელს, საშემოდგომო გაწვევაზე, ამ საბუთით 4406-მა წვევამდელმა ისარგებლა. ცნობისათვის: 2017 წლის საშემოდგომო გაწვევა, საქართველოს მასშტაბით, მთლიანობაში, 5914 წვევამდელს მიუვიდა ანუ 70%-ზე მეტი, შინ სწორედ გირჩის მიერ გაცემული საბუთით დარჩა. პარალელურად, მაშინ დააანონსა გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაა. სხვათა შორის, მაშინ გირჩმა შემდეგი სახის განცხადებაც გაავრცელა: 

,,რელიგიური ორგანიზაციის წევრობა შეუძლია ყველას, ვისაც ნაფიქრი აქვს (?!) შემდეგ საკითხებზე _ სად მივიდა დახმარების სათხოვნელად? რა ორგანიზაციაა ბიბლიური თავისუფლება და გირჩი? ადამიანის როგორი სახით დახმარება და რატომ მიიჩნევა ამ ორგანიზაციაში ვალდებულებად? რა არის მორალი და მორალური ცხოვრება? რა არის თავისუფლება და რატომაა ის ადამიანისთვის აუცილებელი? რას გააკეთებს თავად თავისუფლებისთვის?'' 

ჰოდა, ნებისმიერს, ვინც იტყოდა, რომ ყველაფერ ამაზე ნაფიქრი ჰქონდა, საბუთს აძლევდნენ და ჯარში აღარ მიდიოდა. ყველაფერმა იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი იძულებული გახდა, განემარტა, რომ კანონში ლაფსუსი იყო, რომელსაც აუცილებლად გამოასწორებდნენ, რადგან მოვლენების ასე გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყანა ჯარის გარეშე დარჩებოდა. რა თქმა უნდა, არავის არაფერი გამოუსწორებია და გირჩი დღემდე აგრძელებს იმ საბუთების გაცემას, რომელიც წვევამდელებს ჯარში წასვლისგან იხსნის. ეს კი თითო გაწვევაზე, მინიმუმ, 4 ათასი წვევამდელია... 

კიდევ ერთი რელიგიური ორგანიზაცია 

სულ რამდენიმე დღეა, რაც კიდევ ერთი რელიგიური ორგანიზაცია დაფუძნდა. მას სახელად ,,საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული და ლუთერანული ეკლესია _ ბიბლიური მზრუნველობა'' ჰქვია. როგორც ხედავთ, გირჩის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციისგან ახალს ერთი სიტყვა განასხვავებს _ ,,ბიბლიური თავისუფლების'' ნაცვლად, ,,ბიბლიური მზრუნველობა'' წერია და კიდევ ლუთერანული ეკლესიაც აქვს ჩამატებული. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი ზემონახსენები ალექსანდრე კობაიძე გახლავთ. ამ ორგანიზაციის მიზანი კი ერთობ ,,ჰუმანურია'' _ მისი წევრები თავისუფლად შეძლებენ ციხეში შესვლას და პატიმრის ნახვას. როგორც კობაიძე აცხადებს (მასთან ინტერვიუს ქვემოთ შემოგთავაზებთ), პენიტენციურ სისტემაში ძალიან ბევრი ბიუროკრატიაა და ამ ბიუროკრატიის გამო, პატიმრის ნახვის უფლება მხოლოდ ოჯახის წევრს, ადვოკატს, სასულიერო პირს, სახალხო დამცველს და პარლამენტის წევრს აქვს. ამ ორგანიზაციის საბუთით კი, ნებისმიერს, ვიმეორებთ, ნებისმიერს შეეძლება პატიმრის მონახულება. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, მაგალითად, მოგენატრათ ძმაკაცი, რომელიც სასჯელს იხდის მძიმე დანაშაულისთვის. შეგიძლიათ მიხვიდეთ კობაიძის და მისი მეგობრების მიერ დაფუძნებულ ორგანიაზაციაში, აიღოთ შესაბამისი საბუთი, რომ ამ ორგანიზაციის წევრი ხართ და უპრობლემოდ, როცა მოგესურვებათ, ნახოთ პატიმარი ძმაკაცი. შეგიძლიათ მეგობარი ყოველ დღე, დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე ინახულოთ და ესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. გადასცეთ სამეგობროს დანაბარები, ან პირიქით, მისი დანაბარები გადასცეთ სამეგობროს, შეიტანოთ და გამოიტანოთ წერილები და ა.შ. 

საფრთხეები, რომელსაც ვერ ავიცილებთ 

კანონის მიხედვით, პატიმრის ნახვის უფლება, მართლაც, მხოლოდ ოჯახის წევრს, ადვოკატს, სასულიერო პირს, სახალხო დამცველს და პარლამენტის წევრს აქვს, თუმცა ეს სია კიდევ უფრო შეზღუდულია, როცა საქმე ბრალდებულთან გვაქვს ანუ როცა საქმე ძიებაშია და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში, ბრალდებულთან ოჯახის წევრები ვერ შედიან. ამას თავისი ახსნაც გააჩნია _ ოჯახის წევრმა შესაძლოა, ბრალდებულს უთხრას, როგორ მოიქცეს, როგორ განწყობაზეა დაზარალებული მხარე, რა ისაუბროს სასამართლოზე და რა _ არა. შესაძლოა, ყველაფერი ეს ადვოკატის მეშვეობითაც გადასცეს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სახაზინო ადვოკატია, რომლის მიმართაც ნდობა ნაკლებია და ა.შ. ამ დროს, კობაიძის ორგანიზაცია იძლევა საბუთს, რომელიც ოჯახის წევრს ძიების პროცესშიც კი აძლევს უფლებას, ბრალდებული მოინახულოს, რაც რეალურად კანონის დარღვევაა, მაგრამ დოკუმენტურად სწორია. 

ეს არ არის მთავარი საფრთხე. არცთუ იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როცა დამნაშავე და დაზარალებული ერთმანეთს წლების შემდეგ შემთხვევით გადაყრიან. ციხის ადმინისტრაცია მაქსიმალურად კი ცდილობს, ასეთი ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანოს, მაგრამ მაგალითად, 2012 წელს, რუსთავის #17 დაწესებულებაში მიიყვანეს პატიმარი, რომლის მიერ მოკლული პირის ძმაც იმავე ,,ზონაში'' სასჯელს იხდიდა. ძმამ, უბრალოდ, სახეზე არ იცოდა მკვლელი, სამაგიეროდ, მკვლელმა იცნო და ციხის ადმინისტრაციას უთხრა, თუ ომი გინდათ, ომს მიიღებთო და მოყვანილი პატიმარი სასწრაფოდ გააქრეს, ადმინისტრაციამ კი სასტიკი საყვედური მიიღო. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ პირი იხდის სასჯელს მკვლელობისთვის, ზის თავისთვის 5-6 წელი და დაზარალებულის ოჯახის წევრმა გადაწყვიტა მისი მონახულება. ის მიდის კობაიძესთან, იღებს შესაბამის საბუთს და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით, შედის პატიმართან. პატიმარმა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, ვინ ეძახის პაემანზე (ამას მხოლოდ მაშინ იგებს, როცა მომსვლელს დაინახავს), გადის მშვიდად და ხვდება მის მიერ მოკლული პირის ოჯახის წევრს. ვინ არის იმის გარანტი, რომ იქ ახალი დანაშაული არ მოხდება? ვინ არის იმის გარანტი, რომ პატიმრის მოსანახულებლად შესული ასი ადამიანიდან, ასივე კეთილმოსურნე და გულშემატკივარი იქნება?! შურისძიება ხომ ისეთი რამაა, რომ ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი?! 

თანაც, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ კანონში მარტივად არის ახსნილი _ პაემანზე მისული ოჯახის წევრი მსჯავრდებულს ტელეფონით ესაუბრება, მათ საუბარს ადმინისტრაციაც ისმენს და შუაში ტყვიაგაუმტარი მინაა, რომელსაც ვერაფერი ჩაამტვრევს. აი, როცა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი შედის პატიმრის სანახავად, ის აუცილებლად პირისპირ ხვდება პატიმარს, ცალკე ოთახში, აქვს შეხების უფლებაც... 

არცთუ იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როცა ოჯახს სრულიად უცხო სასულიერი პირი შეუგზავნია პატიმრის მოსანახულებლად, საზიარებლად... ვინ არის იმის გარანტი, რომ რელიგიური ორგანიზაციის საბუთის მქონე პირი არ გადაიცვამს მართლმადიდებელი მოძღვრის ანაფორას, არ შევა პატიმართან, არ ეტყვის, რომ ოჯახმა საზიარებლად გამოუშვა და არ მოწამლავს... ღვინით?! თუ იმას ვუშვებთ (და სასამართლომ და პროკურატურამ დაუშვა), რომ სასულიერო პირი ციანიდით აპირებდა ვიღაცის მოწამვლას, რატომ არ ვუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ შურისძიებით შეპყრობილი ადამიანიც შეიტანს ციხეში ციანიდს, დარიშხანს, თუ სულ ერთია, რას და მოწამლავს იმ პატიმარს, ვისი ჯინიც სჭირს?! 

1994 წელს, თბილისში მოკლული ქართველის სისხლი, მისმა ძმამ მოსკოვში, 2002 წელს აიღო _ ერთ-ერთი მაღალსართულიანი შენობის ფოიეში შემთხვევით გადააწყდა მკვლელს და არც დაფიქრებულა, ისე გადმოაგდო ფანჯრიდან. და როგორ გგონიათ, იმ ადამიანს შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, ციხეზე შესულიყო და ძმის მკვლელი იქ ენახა, უკან დაიხევდა?! 

რას ფიქრობს საპატრიარქო 

წესითა და რიგით, ყველაფერ ამაზე, ყველაზე მძაფრი რეაქცია საპატრიარქოს უნდა ჰქონდეს. თუ გირჩის შემთხვევაში საპატრიარქომ ხელი დაიბანა, აქაოდა, სად ჩვენ და სად _ ჯარიო, ეს ორგანიზაცია, სწორედ საპატრიარქოს ურტყამს. მუხლი, რომლითაც პატიმრის ნახვის უფლება რელიგიური ორგანიზაციის წევრს აქვს, ნიშნავს იმას, რომ სასულიერო პირების ანუ ეკლესიის სახელით ადამიანები მოახერხებენ იმას, რასაც აქამდე ვერ ახერხებდნენ. ამ შემთხვევაში, ხმის ამაღლება საპატრიარქოს მხრიდან გამართლებული იქნება და ეს, იმის მიუხედავად, რომ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც იტყვის, რომ რელიგიური გამოხატვის და რწმენის უფლება ილახება, თუმცა მეორე მხრივ, ილახება თუნდაც პატიმრის უფლება, რომელმაც არ იცის, პაემანზე დაძახების დროს, მამაოს ანაფორაში მოყვარე დახვდება თუ მტერი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, აუცილებლად გამოჩნდება რომელიმე პარლამენტარი, რომელიც იტყვის, რომ კანონში

ლაფსუსია და შეიცვლება, თუმცა სავარაუდოდ, შეიცვლება ზუსტად ისე, როგორც ეს გირჩის და ჯარის შემთხვევაში მოხდა. საპატრიარქო კი ხელს, ალბათ, პარლამენტისკენ გაიშვერს, ჩვენ რა შუაში ვართო, მაგრამ როცა საჭიროა, სწორედაც რომ შუაში არიან. საპატრიარქო რომ არა, კბილებით გაიტანდნენ კანაფის კულტივაციის საკითხს და მტკიცებით ფორმაში შეგვიძლია იმის თქმა, რომ მონდომების შემთხვევაში, ამ კანონსაც დაჩქარებული წესით მიღებენ. 

რას ამბობს კობაიძე 

რაღა თქმა უნდა, დეტალებში გასარკვევად ამ იდეის ავტორსა და ორგანიზაციის სულისჩამდგმელს, ალექსანდრე კობაიძეს ვესაუბრეთ. 

_ ბატონო ლექსო, რა მიზანი აქვს თქვენს ორგანიზაციას? 

_ პირველ რიგში, მინდა, ხმამაღლა და ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, არ შემიცვლია არც რწმენა, არც _ რჯული და ამის გაკეთებას არც ჩემი ორგანიზაცია მოსთხოვს ვინმეს. ეს არის რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც გასცემს საბუთს და ამ საბუთის საშუალებით, ოჯახის წევრს ექნება პატიმრის ნახვის შესაძლებლობა. მე ადვოკატი ვარ, პატიმრების უფლებებზე ვზრუნავ და ამიტომ ყველაფერ ამას, სიხარულით გავაკეთებ. როცა ჩემს კლიენტებთან შეხვედრაზე მივდივარ, ოჯახი ათას რამეს მაბარებს, მეუბნება, რომ არ ინერვიულოს პატიმარმა, რომ ოჯახის წევრები ჯანმრთელად არიან, რომ ვინმე გათხოვდა, ან ვინმე გარდაიცვალა. მოკლედ, მთელი სანათესაოს ამბებს მაბარებენ და ყველაფერი ეს გამარტივდება, როცა ოჯახის წევრი შევა პატიმართან, თავად დაელაპარაკება, თავად მოუყვება. 

_ როგორც ვიცი, პატიმართან მხოლოდ ოჯახის წევრი კი არა, ნებისმიერი პირი შეიძლება შევიდეს თქვენს მიერ გაცემული საბუთით... 

_ რა თქმა უნდა. ეს იქნება ძმაკაცი, კოლეგა, თუ მეზობელი. ნებისმიერს, ვისაც ამის სურვილი ექნება, თუმცა ჯერ ჩვენთან გასაუბრება მოუწევთ, რომ ვასწავლოთ, როგორ უნდა მოიქცნენ, რა პროცედურები გაიარონ პენიტენციალურ სისტემაში შესვლის დროს, რისი შეტანა ეკრძალებათ და ა.შ. 

_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ იცით, რა მაინტერესებს? ძიების პროცესში ბრალდებულს ნახულობს მხოლოდ ავდოკატი, სასულიერო პირი და სურვილის შემთხვევაში, _ პარლამენტის წევრი და სახალხო დამცველი. ამ დროს რომ მოვიდეს თქვენთან ბრალდებულის ,,პადელნიკი'', რომელიც გამოძიებამ ვერ დააკავა, რომელზეც ჯერჯერობით სამხილი არ აქვს, აიღოს თქვენი საბუთი, შევიდეს თანამზრახველთან, მოელაპარაკოს, როგორ მოიქცეს, ან პირიქით, უთხრას, რომ მან დანაშაული თავის თავზე აიღოს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ხომ შესაძლებელია?! 

_ რა თქმა უნდა, შესაძლებელია. 

_ ეს ძიებისთვის ხელის შეშლა არ არის? პროკურატურას პრობლემები არ შეექმნება?! 

_ და მე რა შუაში ვარ? მაგაზე იფიქროს და თავი იმტვრიოს პროკურატურამ. მე ვარ ადვოკატი, უხეშად რომ ვთქვა, მე ვნახე კანონში ხვრელი და ეს ხვრელი გამოვიყენე იმისთვის, რომ პატიმრების ყოფა შემემსუბუქებინა. მე კანონს არ ვარღვევ. პრობლემა შეექმნება გამოძიებას? _ ეს მისი პრობლემაა და არა _ ჩემი. 

_ კეთილი. ადამიანი რომ შურისძიებით შევიდეს თქვენი საბუთით ციხეში და იქ უბედურება დაატრიალოს, მაშინ ვინ არის პასუხისმგებელი? 

_ აი, სწორედ მაგიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია გასაუბრება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამის ალბათობა გამოვრიცხოთ, ვინც საბუთს მოითხოვს, იმის ოჯახთან გადავამოწმებთ, ხომ არ არის ეს პიროვნება საშიში პატიმრისთვის და... 

_ ეს დაზღვევა არ არის და ახლავე გეტყვით, რატომაც _ პირი აიღებს საბუთს, გეტყვით თავისი ახლობელი პატიმრის სახელს, რომ მისი ნახვა უნდა და შემდეგ, ამ საბუთით შეეძლება ნებისმიერი პატიმარი გამოიყვანოს პაემანზე ანუ თქვენს მიერ გაცემული საბუთით შესაძლებელი იქნება, პირობითად, ასი პატიმრის ნახვა. 

_ ხომ გითხარით, შევეცდებით, მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკების ალბათობა. მე ვმოქმედებ კანონის შესაბამისად და თუ კანონში არის ხარვეზი, კეთილი, ინებონ და გამოასწორონ. 

,,სხადნიაკი'' ციხეში რელიგიის სახელით 

ზემოთ საფრთხეებზე ვსაუბრობდით და კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანთ. ,,კრიმინალური სამყაროს'' ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია თავისუფლებაზე ქურდებისგან მიიღოს ინსტრუქცია, მერე შევიდეს პენიტენციალურ სისტემაში, დაუძახოს ე.წ. ,,მაყურებლებს'' (და ,,მაყურებელი'' ყველა ,,ზონაზეა''), გადასცეს მას ქურდების დანაბარები და მანაც ძალიან მშვიდად განახორციელოს ის, რასაც ,,კრიმინალური სამყაროს'' მეთაურები უბრძანებენ ანუ ეს არის იდეალური საშუალება, ქურდებმა გარედან, ყოველგვარი ტელეფონის გარეშე მართონ არა ერთი ციხე, არამედ მთელი პენიტენციალური დაწესებულება. ამასთან ერთად, მამაოებს პატიმრებთან საზიარებლად შუშის მცირე ბოთლით ღვინო შეაქვთ და მას, უბრალოდ, სუნზე ამოწმებენ ზედამხედველები. როგორ გგონიათ, იმავე შუშის მცირე ბოთლში, ცელოფანით მჭიდროდ შეხვეული ნარკოტიკი რომ შეიტანოს ვინმემ, ძმაკაცს ,,ხვაშიადი'' რომ გაუსწოროს, ვინ გააკონტროლებს?! _ აბსოლუტურად არავინ და ციხეში ნარკოტიკიც შევა. ასეთივე წარმატებით შეიძლება საწამლავის შეტანა, შეიძლება, ჯვარი ისეთი ფორმით მოაწყონ, რომ მისგან მჭრელი იარაღი გამოვიდეს და შურისძიებას მოწყურებულმა ადამიანმა რომელიმე პატიმარი პაემნების ოთახში დაჩეხოს. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც შეიძლება ამ რელიგიურმა ორგანიზაციამ მოიტანოს და ამ დროს საპატრიარქოც დუმს, პროკურატურაც და პარლამენტიც.

 

ბათო ჯაფარიძე

 

 

დაბრუნება დასაწყისში