Menu
RSS

ვინ არიან და რისი უფლება აქვთ „პრივილეგირებულ პატიმრებს“

„ზედამხედველებმა ხელები ცოტა დაიგრძელეს“ _ რა პრეტენზიები აქვთ მსჯავრდებულებს

დიდი ხანია, ციხეებში არსებულ სიტუაციაზე აღარ დაგვიწერია. მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრო გაუქმდა, ამ თემამ თითქოს მეორე, თუ მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ ეს რიგითი ადამიანებისთვის. პატიმრების ოჯახის წევრები და ნათესავები კი ყოველდღიურად ადევნებენ თვალყურს აწ უკვე დეპარტამენტად გადანათლულ სასჯელაღსრულების სისტემას. გასულ კვირაში პატიმრების თემამ რამდენჯერმე წამოიწია: ჯერ ე.წ. მატროსოვის ციხეში ერთ-ერთმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა, მერე ყოფილი პატიმრები გამოვიდნენ ტელევიზიით და განაცხადეს, ხელისუფლებას პრივილეგირებული პატიმრები ჰყავსო. ამას გარდა, ისინი ციხეში არსებულ ანტისანიტარიაზეც საუბრობდნენ. ჩვენ შევეცადეთ, გაგვეგო, რამდენად რეალურია ციხეში არსებული ანტისანიტარია და ეს, პირველ რიგში, პატიმრებს ვკითხეთ, თუმცა მანამდე ე.წ. ,,პრივილეგირებულ მსჯავრდებულებზე'' გეტყვით.

პირდაპირ ვთქვათ: ყველა ხელისუფლებას ჰყავდა პრივილეგირებული პატიმრები და არაა გასაკვირი, მოქმედსაც რომ ჰყავდეს. შევარდნაძის დროს, პრივილეგირებული პატიმრების კასტას ,,კანონიერი ქურდები'' განეკუთვნებოდნენ. მათ ცალკე საკანიც კი ჰქონდათ ორთაჭალაში _ #49. იმ საკანში ევრორემონტიც არაერთხელ ჩატარებულა, იდგა ავეჯი, ტელევიზორი, მაცივარი, ტყავის სამეული და სათამაშო კომპიუტერიც კი. იქ არც სუსტი ნებისყოფის ქალების შეყვანა იყო უცხო ხილი და ზოგადად, შევარდნაძის დროს, ციხე ნამდვილად ქურდების იყო. 

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ,,კანონიერ ქურდებს'' ბრძოლა გამოუცხადა, ყოველგვარი პრივილეგია მოუხსნა და ცალკე ციხეში გადაიყვანა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების დროს, პრივილეგირებული პატიმრები არ იყვნენ. მარტო იმის გახსენება რად ღირს, თუ როგორ პატივში ჰყავდათ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები: ისინი ზუსტად იგივე სიკეთეებს იღებდნენ, რასაც შევარდნაძის დროს _ ,,კანონიერი ქურდები'', თუმცა იმ განსხვავებით, რომ ისინი რამდენჯერმე სახლშიც წაიყვანეს ოჯახის წევრების სანახავად. პრინციპში, ციხიდან ქურდების გაყვანაც არ იყო უცხო ხილი და ასე განსაჯეთ, შევარდნაძის დროს, ,,კანონიერი ქურდი'' ციხის გარეთ კი არა, კონკრეტული თემების დასალაგებლად, სხვა ქვეყანაშიც წაუყვანიათ. 

გარდა გირგვლიანის საქმეზე დაკავებულებისა, პრივილეგიით სარგებლობდნენ ისინიც, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობაში იყვნენ, მაგრამ მათი ციხეში ჩასმა საქმემ მოითხოვა. ისინი იღებდნენ ყველაფერს და პირადად ვარ მომსწრე, როგორ აქეიფებდა რუსთავის #17 დაწესებულების იმჟამინდელი დირექტორი ლაშა ბრეგვაძე ორ პატიმარს საკუთარ კაბინეტში რესტორნიდან მოტანილი სუშით. იმავე დაწესებულებაში ერთ-ერთმა პატიმარმა ბრეგვაძესთან დაიჩივლა, რომ წინა დღეს მწვადის მოტანა დააგვიანდათ და მიტანილი მწვადი უკვე გაციებული იყო. ესეც სარესტორნო შეკვეთა გახლდათ და ამიტომ, ნურავინ იტყვის, რომ წინა ხელისუფლებას ,,პრივილეგირებული პატიმრები'' არ ჰყავდა. 

რაც შეეხება მოქმედ ხელისუფლებას, მირზა სუბელიანზე რომ არაფერი ვთქვათ (მით უმეტეს, ეს მხოლოდ სატელევიზიო სიუჟეტში ორი ადამიანის მონაყოლისგან ვიცით), ციხეებში დღემდე არიან (გვერწმუნეთ, მომავალშიც იქნებიან) ,,პრივილეგირებული პატიმრები''. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველაზე ,,პრივლიეგირებული პატიმარი'' სოზარ სუბარის ძმა, ვახო სუბარი გახლდათ, თუმცა მან სასჯელაღსრულების დაწესებულება მალე დატოვა. რეალურად, პრივილეგიით შესაძლოა, სრულიად არაფრით გამორჩეულმა პატიმარმა ისარგებლოს. ის შეიძლება იყოს დაწესებულების დირექტორის, მისი ძმაკაცის, ცოლის, ან დაწესებულების რეჟიმის უფროსის ნათესავი და ა.შ. 

ახლა, ისე ნუ წარმოიდგენთ, თითქოს პრივილეგიებში განსაკუთრებული რამ შედიოდეს. არა, პატიმარი პრივილეგირებულად ითვლება, თუ ქამრის ტარების უფლება და სანთებელა აქვს, ან იმაზე მეტ პაემანს თუ აძლევენ, ვიდრე კანონით ეკუთვნის, თორემ ციხე, რაც უნდა ატრიალო, ყველა შემთხვევაში, ციხეა და იქიდან პატიმრის გაყვანას ჩვენს რეალობაში უკვე ვეღარავინ გაბედავს. ვერ გაბედავს იმიტომ, რომ ხმაური ატყდება და შესაძლოა, ამ ხმაურს სელისუფლებაც გადაჰყვეს, არათუ, კონკრეტული დაწესებულების დირექტორი. აი, ამიტომ, გარისკვა არავის უღირს და პატარ-პატარა პრივილეგიებით კმაყოფილდებიან. 

ისე, სიუჟეტში ისიც ითქვა, სუბელიანის კამერა არ იკეტებაო, რაც გამორიცხული გვგგონია და ახლავე აგიხსნით, რატომ: ყველა დაწესებულების დერეფანში სათვალთვალო კამერაა, რომელსაც ქართული უწყებების გარდა, უცხოელებიც ამოწმებენ. შედეგად, ნებისმიერი შემოწმების დროს, ძალიან დიდია ალბათობა, რომ ღია კამერა შენიშნოს რომელიმე უცხოელმა და ამაზე ისეთი ხმაური ატყდება, არც ხელისუფლებას უღირს და არც _ ციხის ადმინისტრაციას. უფრო მარტივია, კამერა დღეში ათჯერ ან ოცჯერ გააღო, ვიდრე ღია დატოვო, თანაც რაში სჭირდება სუბელიანს ღია კამერა? _ გარეთ გამოსვლის შემთხვევაში, იგივე სათვალთვალო კამერები დააფიქსირებენ და ისევ ხმაური ატყდება. ამიტომ, ყველაფერი ეს თითიდან გამოწოვილი გვგგონია და თუ მაინც სიმართლეა, მაშინ არამარტო ციხის ადმინისტრაცია, არამედ ხელისუფლება დანის პირზე დადის, რისი შანსიც ძალიან, ძალიან მიზერულია. 

რაც შეეხება ანტისანიტარიას, დავიწყოთ იმით, რომ ციხე არ არის სანატორიუმი და ასპროცენტიან სისუფთავეს ვერ დაიცავ. თავად განსაჯეთ, როცა საკანში 15 ადამიანი ზის, ხოლო როცა ,,ზონა'' ღიაა, იმავე საკანში, დღის განმავლობაში შესაძლოა, ასი სხვა პატიმარი შევიდეს და გავიდეს. ჰოდა, როგორ შეიძლება იდეალური სისუფთავე იყოს? რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ყველა ცდილობს სისუფთავის დაცვას, მაგრამ ბოლომდე სანიმუშოდ სუფთა იყოს ყველაფერი, გამორიცხულია, მით უმეტეს, როცა პატიმრების უმრავლესობა სარეცხს სწორედ ,,ზონაზე'' რეცხავს, ეზოებში თოკებია გაფენილი და სარეცხი შრება იმ ოთახში, სადაც გძინავს, სასადილო მაგიდა დგას, რომელზეც დღეში სამჯერ 15 კაცი ჭამს... 

ყოფილმა პატიმრებმა, რომლებმაც ეს თემა წამოსწიეს, ძირითადი აქცენტი არა შიდა მდგომარეობაზე, არამედ უვარგის საკვებსა და მედიკამენტების ნაკლებობაზე გააკეთეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ პატიმარს შევეხმიანეთ და მისგან საინტერესო რამ მოვისმინეთ. 

,,ყველაზე მაგარი რესტორნის კერძშიც შეიძლება იყოს ტარაკანი თუ ბუზი, ეგ არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ კვება შედარებით გაუარესდა. ალბათ, არ აქვთ ის დაფინანსება, რაც სამინისტროს არსებობის დროს იყო. რეალურად, ვიღებთ იმ კალორიებს, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საჭიროა, მაგრამ ულუფებმა დაიკლო, თუმცა კიდევ ვიმეორებ, საარსებოდ სავსებით საკმარისია. 

რაც შეეხება ექიმს, ზუსტად ისეა, როგორც ადრე იყო: მოითხოვ წამალს, ხან არის, ხან _ არ არის. ექიმსაც ხან სცალია შენთვის და ხან _ არა. ციხეა, რა, სანატორიუმი ხომ არა?! ამის გამო წუწუნი დაიწყო, არ არის სწორი. რაც მთავარია, უმიზეზოდ დალეწვები რომ იყო ხოლმე, აღარ არის. ისე კი, ზედამხედველებმა ხელები ცოტა დაიგრძელეს, მაგრამ წინა დროსთან შედარებაც არ შეიძლება. 

ჰიგიენას რაც შეეხება, შენ თუ არ მოუარე შენს თავს, შენს ლოგინს, შენს თეფშს, სხვა არ მოუვლის. რა, გარეთ ასე არ არის? თუ შეიცვალა რამე? გარეთაც არიან ,,ნირიახა,, ადამიანები და ციხეშიც. 

მოკლედ, სიტუაცია ასატანია და როცა აუტანელი იქნება, ზუსტად ისე ილაპარაკებს ყველა, როგორც წინა ხელისუფლების დროს ლაპარაკობდა. ,,მაყურებლების ინსტიტუტი'', შენც იცი, ლენინივითაა, სულ იყო, არის და იქნება'', _ გვითხრა პატიმარმა. 

სხვათა შორის, მოქმედი ხელისუფლება სათავეში მოსვლიდან მალევე, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდა და ციხეები ძალიან მიუშვა. შეგნებული პატიმრები თავად გეტყვიან, რომ არ შეიძლება, მსჯავრდებულს სრული თავისუფლება მისცე, რადგან თავად აიღებს მართვის სადავეებს და ციხე უკონტროლო გახდება.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში