Menu
RSS

სიკვდილი, რომელიც ინტერნეტით იყიდება!

როგორ შემოდის ნარკოტიკი საქართველოში და რატომ არ მკაცრდება სასჯელი ნარკორეალიზატორებზე

საქართველოში მკვლელი ნარკოტიკი ისევ გამოჩნდა! _ ამის შესახებ განცხადება ექიმებმა, ასევე ,,თეთრი ხმაურის'' მოძრაობის წარმომადგენლებმა გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ინტერნეტით ისევ იყიდება ნარკოტიკი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. უფრო მეტიც, სამი ახალგაზრდა ამ ნარკოტიკის მიღების შემდეგ, კლინიკებში გადაიყვანეს. ისინი კომატოზურ მდგომარეობაში არიან და საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ის, რომ საქართველოში ნარკოტიკების ბუმია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდანაც ჩანს: მიმდინარე წელს, შსს-მ 116 ნარკორეალიზატორი დააკავა, ამოიღო 35 კილოგრამი ჰეროინი, 6.6 კილოგრამი _ კოკაინი, 12 ათასი აბი სუბოტექსი და სუბოქსინი, 3 კილოგრამამდე ე.წ. ,,მდმა'', 2 კილოგრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი. ამ სტატისტიკაში არ არის მარიხუანა, რომელიც უკვე ლეგალიზებულია და შეიძლება ითქვას, წალეკა ახალგაზრდობა. მარიხუანის სუნი დგას, პრაქტიკულად, ყველა სადარბაზოსა და ყველა სოფლის ,,ბირჟაზე''. მართალია, ხელისუფლებამ მისი მოხმარება გაამკაცრა და თითქოს ჩარჩოებში მოაქცია, მაგრამ რეალობა ის გახლავთ, რომ მარიხუანა ლეგალიზებულია და მის მოხმარებას სახლში არავინ გიშლით. 

რაც შეეხება უფრო მძიმე ნარკოტიკებს, ე.წ. მდმა, ახალგაზრდებში ყველაზე გავრცელებულია და ყველაზე იაფიც ღირს, თუმცა მას ხშირად ურევენ სინთეზურ ოპიოიდ ფენტანილში, რომელიც იწვევს ძილიანობას, არეულ ცნობიერებას, ჰალუცინაციებს, რაც შემდეგ გადადის გონების დაკარგვაში, კომაში და ხშირად ფატალური შედეგით სრულდება. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერაფერი მოუხერხა ინტერნეტით ნარკოტიკების გაყიდვის თემას. 

ნარკოტიკი იყიდება ძალიან მარტივად და რაც მთავარია, ეპიცენტრმა დედაქალაქიდან უკვე რუსთავში გადაინაცვლა. 

რატომ?! მიზეზი მარტივია _ თბილისიდან რუსთავამდე ძალიან ახლო მანძილია, რასაც ,,ლომკაში'' მყოფი ადამიანი ადვილად გადის და უმთავრესი _ დედაქალაქისგან განსხვავებით, რუსთავში სათვალთვალო კამერების დეფიციტია, რაც ნარკოტიკების დამალვისა და შემდეგ, მათი აღებისთვის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ბოლო დროს, ნარკორეალიზატორების დაკავებისა და მომხმარებლების დაპატიმრების რაოდენობა რუსთავშიც გაიზარდა... 

ფონიჭალა კი, რომელიც საქართველოს კოლუმბიად არის მონათლული, დღემდე აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება. სწორედ ფონიჭალაშია თავმოყრილი ნარკოტიკების დიდი მარაგი და კვირა ისე არ გავა, იქაური მაცხოვრებელი არ დააკავონ და ნარკოტიკების რეალიზაციაში არ დასდონ ბრალი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ხშირად, თავად ითხოვს პოლიციის შესვლას და კონკრეტული ადამიანების სახლების ჩხრეკას, რადგან არ სურს, უბანი, სადაც ბავშვები იზრდებიან, ნარკოტიკების გასაღების ცენტრი იყოს. 

ამის მიუხედავად, ნარკორეალიზატორების რიცხვი, უბრალოდ, არ იკლებს და, როგორც გვეუბნებიან, თბილისიდან რუსთავში ეპიცენტრმა იმიტომ გადაინაცვლა, რომ რეალურად, ფონიჭალა რუსთავთან უფრო ახლოსაა, ვიდრე _ თბილისთან. 

,,ყველაფერთან ერთად, საქართველოში გახშირდა უცხოელი ნარკორეალიზატორების დაკავების ფაქტები. საქმე ისაა, რომ არამარტო რეგიონში, არამედ, ლამის მთელ მსოფლიოში, ნარკოდანაშაულზე ყველაზე ლოიალური კანონი ჩვენ გვაქვს. მართალია, კანონში გვიწერია სამუდამო პატიმრობა, მაგრამ ჯერ ერთი, ეს იშვიათად ხდება და მეორეც _ აგერ, სამუდამო პატიმრობამისჯილი ნარკორეალიზატორი პრეზიდენტმა შეიწყალა, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ სამუდამო სასჯელიც არ არის დაღუპვა. მაგალითად, ირანში ნარკოდანაშაულზე სიკვდილით დასჯაა და საქართველოში თვე არ გავა, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ირანელი არ დავიჭიროთ. 

უკონტროლოა სამეგრელოს მხარე _ იქიდან ბილიკებით ადვილი გადასასვლელია აფხაზეთში, სადაც კანონი, უბრალოდ არ არსებობს. იგივე ითქმის ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და უკონტროლო ამანათებზეც... არაერთი კომპანია გაიხსნა, რომელიც ამანათებს ევროპაში, ყოველგვარი შემოწმების გარეშე ეზიდება. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რამდენიმე ამანათში ნარკოტიკი ვიპოვეთ, მაგრამ ეს გამოსავალი არაა, დარწმუნებული ვარ, რაც ვერ ვიპოვეთ და ინფორმაცია არ გვქონდა, მინიმუმ, ოცჯერ მეტია'', _ გვეუბნება პოლიციის მაღალჩინოსანი. 

მისივე თქმით, ნარკორეალიზატორები აქტიურად არიან ჩართულნი ინტერნეტ-კაზიონების სქემაში და ანგარისწორება, სწორედ მათი მეშვეობით ხდება. რაც მთავარია, ადამიანთა პირადი ინფორმაციის დაცვის საბაბით, ინტერნეტკაზინოები არ იძლევიან ინფორმაციას, კონკრეტულად, რომელი მომხმარებელის გვერდზე ხორციელდება საეჭვო გადარიცხვები. 

მაგალითად, ვიღაცები ერთ ადამიანს, დღეში რამდენჯერმე რომ ჩაურიცხავენ სოლიდურ თანხას, ის ამ თანხას არ თამაშობს და პირდაპირ ხსნის, ხომ უნდა მიხვდე, რომ რაღაცასთან გაქვს საქმე, მაგრამ არა, ინტერნეტკაზიონები ამ ინფორმაციას, უბრალოდ, მალავენ. 

გამოსავალი, ალბათ, კანონის გამკაცრებაშიცაა. წინა ხელისუფლების დროს, ნარკოტიკების გამო, ადამიანებს 20 და 30-წლიან სასჯელებს აძლევდნენ და... რეალურად, მაშინ ნარკოდანაშაულმა ძალიან იკლო. იმას კი არ ვამბობთ, გინდა თუ არა, მომხმარებლები ამოალპეთ ციხეში-თქო, მაგრამ ნარკორეალიზატორები აშკარად იმსახურებენ იმაზე მეტს, ვიდრე დღეს იღებენ. კანონი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ნარკორეალიზატორებზე კანონის გამკაცრებას არასამთავრობოებიც მიესალმებიან, მოსახლეობაც და... მომხმარებლებიც.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში