Menu
RSS

თენგიზ კალანდია ბრალს აღიარებს!

19 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 51-ე სკოლის მოსწავლეების საქმის განხილვა გაიმართა, სადაც 5 პირს დანაშაულის დაფარვა ედება ბრალად. მათგან ერთი არასრულწლოვანი მ.კ-ა, რომლის პროცესი ცალკე, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის/დანაშაულის დაფარვა ბრალად ედებათ ასევე თენგიზ კალანდიას, ლუკა კალანდიას (მ.კ-ს ოჯახის წევრებს), ზაქარია ფირცხალაძესა და გიორგი შაბურიშვილს, რომლებიც სრულწლოვნები არიან, თუმცა სასამართლომ, ბრალდების მხარის მოთხოვნით, მათი პროცესიც დახურა. ამ 4 ბრალდებულიდან ერთი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლებულია, დანარჩენი 3 პირი კი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებული თენგიზ კალანდია ბრალს აღიარებს.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი იმედა ბეროშვილი (რომელსაც არ სურს დაცვის ქვეშ მყოფის დასახელება) აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცნობს თავს დამნაშავედ, „ბრალში კი წერია, დანაშაულის დაფარვა გამოიხატა იმით, რომ იგი მტკიცებულებების განადგურებით შეეცადა ამას, მაგრამ არის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და დაცვის მხარე სასამართლოში საკუთარ პოზიციას გააჟღერებს.“ იმედა ბეროშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ადგილზე საერთოდ არ მისულა: ,,ის მეზობელი იყო და რომ უთხრა, ჩხუბი მოგვივიდაო, აღარ უნდოდა გაგრძელებულიყო. მას დეტალები არ მოუყოლია, მიდიოდა თავის საქმეზე, ჩაისვა მანქანაში და გაიყოლა ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც ამ საქმეზეა დაკავებული მკვლელობაში ბრალდებით”.
ადვოკატი მერაბ მამულაძის ინფორმაციით, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც მოსამართლემ დასაშვებად სცნო: „დავაყენეთ შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა და საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს. ბრალდება აბსურდულ მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი. არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ პირები დამნაშავეების გადამალვაში მონაწილეობდნენ. მოწმეები ვერ დაასაბუთებენ ამ პირის ბრალეულობას და მიღებულ იქნება გამამართლებელი განაჩენი.''
ბრალდებულ თენგიზ კალანდიას ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს: „იგი დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, წამოიყვანა შვილი და მისი მეგობარი. რაც შეეხება მტკიცებულებების გადამალვას, ეს მხოლოდ ეჭვი და საზოგადოებაში გავრცელებული აზრია, არავითარი მტკიცებულებები არ არის გადამალული, ისინი ამოღებულია და ერთვის საქმეს. თენგიზ კალანდია აღიარებს დანაშაულს და, ვფიქრობ, სასამართლო ამას გაითვალისწინებს.“
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში