Menu
RSS

მთავრობა ეკომიგრანტებისთვის გრანტების გაცემას გეგმავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტს ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიმართა. ინიციატივა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტერგრაციის ხელშეწყობასა და მათთვის გრანტების გაცემას გულისხმობს.
კანონპროექტის მიზანია, სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ მიენიჭოს ეკომიგრანტებისთვის გრანტის გაცემის უფლებამოსილება. ინიციატორი განმარტავს, რომ გრანტები გაიცემა სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად, სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად. ასევე _ სამეცნიერო სფეროს; ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშესაწყობად; ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშესაწყობად და ა.შ.
„ვერსია“ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს ესაუბრა, რომელიც განმარტავს, რომ ეკომიგრანტებისთვის გრანტების გაცემა მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით სოფლად: „მათთვის ვყიდულობთ სახლებს და ასევე გვინდა, მხარი დავუჭიროთ მეურნეობის შექმნაში და ამისთვის დავაფინანსოთ. ამ მხრივ წარმატებული გამოცდილება გვაქვს დევნილებთან დაკავშირებით. ათასობით ბენეფიციარს მივეცით გრანტები და მათ გაუჩნდათ შემოსავალი. წინა წელს მივიღეთ გრანტი ევროკავშირისგან 810 000 დოლარის ოდენობით. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ კიდევ გამოცხადდება კონკურსი და იმისათვის, რომ სააგენტომ დონორისგან მიიღოს თანხა, აუცილებელია კანონში ცვლილების შეტანა.“
გრანტებით ფინანსდებიან ასევე სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები, თუმცა მათთვის თანხა არა მოძიებული გრანტებიდან, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა: „ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით წლიურად, დაახლოებით 700 000 ლარი, გამოიყოფა. მათ ეძლევათ გრანტები, ასევე სამართლებრივი, სამედიცინო დახმარება; ტრანსპორტირება, კვებით უზრუნველყოფა და პრაქტიკულად ყველა ის საჭირო ღონისძიებების გატარება, რაც სამშობლოში წარუმატებლობის გამო სტრესში მყოფ ადამიანს სჭირდება.“
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ გადაცემული გრანტებით დევნილებმაც და სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმაც შეძლეს, გაეჩინათ შემოსავალი, დაეწყოთ მცირე ბიზნესი. სოფელში ისინი ძირითადად ეწევიან, მეფუტკრეობას, მცენარეული კულტურების გაშენებას, ასევე საკონდიტრო საქმიანობას და სხვა მცირე ბიზნესს. ამ გამოცდილების ფონზე მიღებული დაფინანსება ეკომიგრატების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
„ვერსია“ დაინტერესდა, რა ოდენობის თანხა გამოიყოფა ეკომიგრანტებისთვის. გრიგოლ გიორგაძით თქმით, როცა საარსებო წყაროებზე ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საუბარი ქარხნების აშენებაზეა: „ადამიანებს, რომლებმაც სახლი დაკარგეს და გაჭირვებაში არიან, ვცდილობთ, მინიმალური პირობები შევუქმნათ, რათა მოძლიერდნენ და ცხოვრებას თავად გაუძღვნენ. რადგანაც დევნილებთან მიმართებით გვაქვს გამოცდილება გრანტის ოდენობაზე, რაც 3000-დან 5000 ლარამდე თანხას გულისხმობს, ეკომიგრანტებთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ, კრიტერიუმები და გრანტის მოცულობა იგივე იქნება. ეს სტანდარტია.“ მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კანონპროიექტს მხარი ადამიანის უფლებათა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტებმა უკვე დაუჭირეს. იგივე მოლოდინი აქვთ სხვა კომიტეტებისგანაც. პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს, სავარაუდოდ, მარტში განიხილავს.
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში