Menu
RSS

„სასამართლო საქართველოში არ არსებობს, გარდაიცვალა!“

დეკანოზი გიორგი მამალაძე 9-წლიან პატიმრობაში რჩება

13 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ _ ნათია ბარბაქაძის, მანუჩარ კაპანაძისა და მურმან ისაევის შემადგენლობით ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში.
13 თებერვალს 12 საათზე გამართულ სხდომას თავად დეკანოზი არ დაესწრო. მოსამართლეებმა განაჩენი საჯაროდ გამოაცხადეს... სააპელაციო სასამართლომ არც პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა მოტივის გადაკვალიფიცირებაზე და არც დეკანოზის დაცვის მხარის მოთხოვნა _ მამალაძის გამართლების შესახებ.
ბრალდების მხარე ითხოვდა, განაჩენში მკვლელობის მცდელობის მოტივად ,,შურისძიების'' ნაცვლად ,,ანგარება'' დაფიქსირებულიყო, რაც მამალაძის სასჯელს საგრძნობლად გაახანგრძლივებდა _ რადგან მკვლელობის მცდელობა ანგარების მოტივით ითვალისწინებს სასჯელს 18-დან 20 წლამდე. ადვოკატები კი აპელირებდნენ იმ გარემოებით, რომ პროკურატურამ დღემდე ვერ დაადგინა, ვისგან შეიძინა ნივთიერება ,,ციანიდი'' გიორგი მამალაძემ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ დეკანოზს ეს ნივთიერება ჩაუდეს და ამ ფონზე მამალაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ კი გიორგი მამალაძის 9 წლიან პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ,,ციანიდის საქმის” პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ ბრალდების მხარე გაეცნობა გადაწყვეტილებას, თუ რატომ არ შეცვალა სასამართლომ დანაშაულის მოტივი და მიიღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრების შესახებ.
დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი კი სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და აცხადებს: ,,აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო საქართველოში არ არსებობს, გარდაიცვალა! ეს არის გაგრძელება იმ შეკვეთისა და დავალების, რომელიც პროკურატურიდან დაწყებული პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღეს. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენს კოპირება გაუკეთა და გვრჩება ერთადერთი გზა _ მივმართოთ ევროპის სასამართლოს და დავანახოთ, თუ როგორი სიბინძურეა მართლმსაჯულებაში. დროა, ხალხი ვიყოთ მოსამართლე და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინაა მტყუანი და ვინ _ მართალი!''
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში