Menu
RSS

ესტონელები ტიფლისში

სერგეი ტამბი -2016 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტი (პროფილი საერთაშორისო ურთიერთობები). მუშაობს ესტონური ენის თარჯიმნად. 

როგორც თავად სერგეი გვიამბობს: ,,რამდენიმე წლის წინ, ესტონური ენის ცოდნის წყალობით, დავიწყე ბელარუსის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ესტონური დასახლებების ისტორიის შესწავლა. ეს შრომები ეძღვნებოდა ესტონეთიდან ჩამოსახლებულთა ისტორიასა და ტრადიციებს, ესტონურ დიასპორას დიდ ქალაქებსა და პატარა სოფლებში. ჩემთვის საინტერესო იყო ტიფლისის ესტონური საზოგადოების ისტორიის შესწავლა. მე მხიბლავს თბილისი, მისი ღირსშესანიშნაობანი, საოცარი და უძველესი ისტორია. დღეისათვის, თბილისის ესტონური დიასპორის განვითარების საწყისი ეტაპი, პრაქტიკულად, შეუსწავლელია ისტორიკოსების მიერ. ეს ისტორიული ნარკვევი დაწერილია ესტონეთის ეროვნული არქივის დოკუმენტებზე დაყრდნობით, ასევე გამოყენებულია წერილები ესტონური გაზეთებიდან. სტატია თარგმნა ქეთევან კირკიტაძემ''. 

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწისში, მიწის ნაკლებობის, მოუსავლიანობის გამო და უკეთესი ცხოვრების ძიებისათვის, ბევრმა ესტონელმა ოჯახმა დაიწყო ჩამოსახლება რუსეთის იმპერიის გუბერნიების ესტლანდიისა და ლივონიის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. ზოგიერთი მათგანი ამიერკავკასიაში წავიდა, კერძოდ, ტიფლისის გუბერნიაში. ბევრი ესტონელი დასახლდა ტიფლისში (1936 წლიდან - თბილისი). 

1864 წლისათვის ტიფლისში მხოლოდ რამდენიმე ესტონელი ცხოვრობდა. 1911 წელს კი აქ, დაახლოებით, 200 ესტონელი ითვლებოდა. მათი უმრავლესობა მუშაობდა სახელმწიფო მოსამსახურეებად, თავისუფალი პროფესიის მქონე ადამიანებად და მუშებად. ესტონელები გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, ტიფლისის გუბერნიაშიც. თუ ჩვენ ვისაუბრებთ მთელი ესტონური მოსახლეობის რიცხობლიობაზე ქვეყანაში, 1939 წელს საქართველოში ითვლებოდა 2498 ესტონელი, 1959 წელს - 2148, 1970 წელს - 2108, 1979 წელს - 1625 და 1989 წელს - 2316 ესტონელი. 

1867 წელს, ტიფლისში დასახლდა ცნობილი ესტონელი ოფთალმოლოგი, პოლ ბლუმბერგი (1840-1893), რომელმაც 1869 წელს, ტიფლისის საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა უმცროს ორდინატორად, 1871 წლიდან კი - საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსი ორდინატორი გახდა. მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, ტიფლისში ჩამოვიდა ცნობილი ესტონელი პედაგოგი, იოზეფ რობერტ რეზოლდი, რომელმაც თავდაპირველად მუშაობა დაიწყო მასწავლებლად, შემდეგ კი მიხაილოვსკის გიმნაზიის დირექტორი გახდა. 1878-1879 წლებში გამოქვეყნებულ ნაწარმოებში „კავკასიური წერილები“, იგი მოგვითხრობს ტიფლისისა და ქართველების შესახებ. 1882 წელს, ტიფლისში ჩამოვიდა ცნობილი ესტონელი მწერალი და პროზაიკოსი, ედუარდ ბორხეხე (1862-1923), რომელიც მასწავლებლად მუშაობდა. 1862 წლის თებერვალში, ტიფლისში, საორღანო მუსიკის კონცერტი ესტონელმა კომპოზიტორმა, საგუნდო დირიჟორმა და ორღანისტმა, მიინა ჰიარმა (1864-1941) გამართა. 

ტიფლისში ესტონელები დადიოდნენ პეტრესა და პავლეს ლუთერანულ ეკლესიაში, რომელიც 1897 წელს აშენდა და კიროჩნაიას ქუჩისა (ამჟამად მარჯანიშვილის ქუჩა) და მიხაილოვსკის ქუჩის კუთხეში (ამჟამად დავით აღმაშენებლის გამზირი) მდებარეობს. 

1912 წლის ივნისში, ეკლესიაში ჩატარდა ღვთისმსახურება, რის შემდეგაც გაიმართა კონცერტი. ეს იყო პირველი გამოსვლა ტიფლისის ესტონური გუნდისა, რომელიც შეიქმნა ესტონელი ოტტო კიესელის გულმოდგინეობით. 1913 წლის 20 მაისს, ესტონელებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს ესტონეთის საზოგადოების წევრი, პასტორი პ. პიხპკალეის. ის ლატვიელი იყო, თუმცა ფლობდა ესტონურ ენასაც. 

1902 წელს, ესტონელმა ვოლდემარ პრეისბერგმა ტიფლისში, მიხაილოვსკის პროსპექტზე გახსნა სააფთიაქო (პლეხანოვის გამზირი, 24), რომელსაც ფლობდა 1921 წლის ზაფხულამდე. 1914 წელს, სააფთიაქოს მთლიანი ბრუნვა 1500 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. 

1912 წლის მარტისთვის დარეგისტრირდა ტიფლისის ესტონეთის ურთიერთდახმარების საზოგადოების წესდება. 1912 წლის ივლისში, ტიფლისელმა ესტონელებმა გადაწყვიტეს საერთო კრების ჩატარება საზოგადოების ხელმძღვანელობის არჩევის მიზნით და ჩატარდა კიდეც 1912 წლის 11 ნოემბერს. ბევრი აქტიური ესტონელი გადიოდა ტიფლისიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში დასასვენებლად, რის გამოც ამ საზოგადოების კრების მოწვევა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ტიფლისის ლატვიის საზოგადოების შენობაში, წაიკითხეს წესდება, სიტყვით გამოვიდა პედაგოგი ოტტო იოჰანეს კიესელი, რომელიც იაასთან და ტალმეისტერთან ერთად, ითვლება ორგანიზაციის დამფუძნებელ წევრებად. იმავე დღეს სათვისტომოში გაწევრიანდა 23 ადამიანი. სათვისტომოს მმართველობაში კი შევიდა სამი დამფუძნებელი წევრი, ასევე ე. ლინდემანნი და ა. ლენგი. 

პირველ დიდ დღესასწაულად ესტონელებისათვის იქცა ქრისტესშობის დღესასწაული, სადაც მათ მორთეს ნაძვის ხე. ტიფლისის ესტონური ურთიერთდახმარების საზოგადოება ბევრ საინტერესო ღონისძიებას მართავდა. 1913 წლის 19 თებერვალს, ესტონურმა სათვისტომომ ტიფლისის სომხური საქველმოქმედო საზოგადოების შენობაში, საზეიმო საღამო გამართა. ესტონელები მღეროდნენ, კითხულობდნენ ლექსებს, უკრავდნენ ვიოლინოზე. მათ ასევე წარმოადგინეს სპექტაკლი „ფსევდოლეიტენანტი" («Ebaleitnant»). 1916 წლის 11 აპრილს, ესტონელთა ურთიერთდახმარების საზოგადოებამ ომში გაწვეულთა ოჯახების დასახმარებლად, მიხაილოვსკის პროსპექტის 107-ში, მსახიობთა საზოგადოების თეატრის ზაფხულის შენობაში (ახლანდელი თბილისის გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი), გამართა "დიდი სადღესასწაულო სეირნობა დიდებისა და პატარებისათვის". ღონისძიების პროგრამაში შედიოდა კონცერტი, მელოდეკლამაცია, მოთხრობები და ხუმრობები ოპერის მსახიობისა და კამერული მომღერლის ბეგლარ ბოგდანის ძე ამირჯანის (1868-1937), პეტროვსკის, ერმაკისა და სხვა მსახიობთა შესრულებით. მაყურებლებს აჩვენეს ესტონურ ენაზე ერთაქტიანი პიესა-ხუმრობა და „ცოცხალი სურათები“. 

რამდენიმე სიტყვა ტიფლისის ესტონური ურთიერთდახმარების საზოგადოების ხელმძღვანელის შესახებ. ცნობილი ესტონელი ქიმიკოსი ოტტო იოჰანნეს კიესელი, დაიბადა 1886 წლის 8 ოქტომბერს, ტალინში, მუშის ოჯახში. იგი მუშაობდა მასწავლებლად აასპერის სკოლაში (ვირუმაას მაზრა). 1906 წელს ის გადავიდა საცხოვრებლდ საქართველოში. ოტტო კიესელი თავდაპირველად ცხოვრობდა ტიფლისში ჯერ ოლგინსკაიას ქუჩის 19-ში (ამჟამად მერაბ კოსტავას ქუჩა), შემდეგ კი საპერნაიას ქუჩის (ამჟამად რეზო თაბუკაშვილის ქუჩა) 3-ის მე-10 ბინაში. 1906-1910 წლებში ის სწავლობდა ტიფლისის მასწავლებელთა ინსტიტუტში, 1917-1918 წლებში კი განაგრძო სწავლა ტიფლისის პოლიტექნიკური ინსტიტუტში (სპეციალობა - "აგრონომია"). 1910 წლიდან 1918 წლამდე იგი იყო ტიფლისის სავაჭრო სკოლის მასწავლებელი. 1911 წელს მან ცოლად მოიყვანა ტიფლისში დაბადებული, ალმა-პაულინა პოლსკი. 1919 წელს ოტტო დაბრუნდა თავის მეუღლესთან, ვაჟიშვილ ილმართან და ქალიშვილ ლეიდასთან ერთად ტალინში. გარდაიცვალა ოტტო კიესელი 1967 წლის 7 ივლისს

1914 წელს, ტიფლისის სკოლის მასწავლებელი კ. სუმმერი იღებდა ხელისმომწერთა შეკვეთებს პეტერბურგის გაზეთ „პეტერბურგის მაცნეს“ (“Peterburi Teataja ”) ესტონურ ენაზე გამოწერაზე. ამ გაზეთის კითხვით ტიფლისის ესტონელები მშობლიურ ენაზე ეცნობოდნენ ქვეყანაში მომხდარ ყველა მოვლენას. 

1915 წლის ნოემბერში, ტიფლისის მეორე პრაპორშიკთა სკოლას ამთავრებს ტინის კამმა, რომელიც მოგვიანებით გახდა სკოლის მასწავლებელი სალმესა და ნოვოროსიისკში. ის მსახურობდა 112-ე ქვეით-სათადარიგო ბატალიონში. 

პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზის ტარტუსთან (იურიევი) მიახლოების გამო, გაჩნდა აზრი ტარტუს უნივერსიტეტის ტიფლისში გადატანისა. ტიფლისის გამგეობა მზად იყო უნივერსიტეტი ქალაქში განეთავსებინა, თუმცა ეს გეგმა არ განხორციელდა და საბოლოოდ, უნივერსიტეტის ევაკუაცია ვორონეჟში მოხდა. 

1917 წლის 1 მაისს (ძველი სტილით) ტიფლისის ესტონელებმა გადაწყვიტეს მოელხინათ: დაახლობით 100-მდე ესტონელმა (მათ შორის ოფიცრები, ჯარისკაცები და სამხედრო სკოლის კურსანტები) თავი მოიყარა საზოგადოების თავმჯდომარის ლუკუს სახლში. ამ საზოგადოების წევრმა, პედაგოგმა აუგუსტ კიივმა გააკეთა მოხსენება თემაზე „წინარევოლუციური ესტონეთი“, ოტტო კიესელმა კი _ თემაზე „ხალხი და სახალხო თავისუ-ფლება“. შეხვედრაზე ესტონელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაეგზავნათ 200 მანეთი ესტონური პოლკის შესაქმნელად. 

1917 წელს, ტიფლისის ესტონელ სამხედრო მოსამსახურეთა კავშირის მიერ მიებული იქნა წესდება, რომლის მიზანი იყო გაეერთიანებინა კავკასიის ფრონტის ესტონელი სამხედრო მოსამსახურენი და მხარი დაეჭირათ მათი სამშობლოსთან კავშირისათვის. 1918 წლისთვის ტიფლისში იყო ბევრი ესტონელი სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც სურდათ სახლში წასვლა. ამასთანავე, ტიფლისში მუშაობდა ესტონეთის კომიტეტი, რომელიც აკეთებდა ესტონელების სამშობლოში დაბრუნებისა და მათთვის დოკუმენტების გაცემის ორგანიზებას. 

1918 წლის 22 დეკემბერს, თავიანთ საერთო კრებაზე ესტონელებმა ჩამოაყალიბეს ტიფლისის ესტონური ეროვნული საბჭო (Tifliisi Eesti Rahwa Nõukogu). თავდაპირველად საბჭოს სათავეში ჩაუდგა ტიფლისის 1-ლ პრაპორშიკთა სკოლის მასწავლებელი ა. იუხტი. 1919 წლის 22 სექტემბერს, საბჭოს პრეზიდენტი ხდება იოჰანნეს კირკმანი (1885-1949), რომელიც 1921 წლის მაისში ბრუნდება უკან ესტონეთში, სადაც ის იწყებს მუშაობას მასწავლებლად და ხდება სკოლის დირექტორი. 

1918 წლის 6 ოქტომბერს ტიფლისელმა ესტონელმა აუგუსთ მარტის ძე ნიგულმა დაწერა „სულიერი ანდერძი“. გარდაცვლილი შვილების ერნა-ლინდასა და გერტრუდა-მარიას ხსოვნის უკვდავსაყოფად, ნიგულმა უადერძა სახელმწიფო ბანკს 500 მანეთი უვადო შენახვით, იმისათვის რომ საბანკო ანაბრის ყოველწლიური პროცენტებით საშობაოდ დაესაჩუქრებინათ ტიფლისის წმინდა პეტრესა პავლეს ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიასთან არსებული სკოლის ბეჯითი მოსწავლეები. 

ამგვარად, ტიფლისში ჩასახლებულმა ესტონელებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალაქისა და მთლიანად საქართველოს ისტორიაში, კულტურასა და ეკონომიკაში. 

ილუსტრაცია 1. ესტონელები დადიოდნენ ტიფლისის პეტრესა და პავლეს ლუთერანულ ეკლესიაში 

ილუსტრაცია 2. ევანგელურ-ლუთერანული ტიფლისის სამოქალაქო პასტორის ბლანკი. 1900 წელი 

ილუსტრაცია 3. 1916 წელს ტიფლისის ესტონური ურთიერთდახმარების საზოგადოების მიერ ორგანიზებული დღესასწაულის ანონსი. წყარო: «კავკასიური სიტყვა». № 80. 08.04.1916. გვერდი 1 

ილუსტრაცია 4. ტიფლისის ესტონური ურთიერთდახმარების საზოგადოების ფუძემდებელი და თავმჯდომარე, ოტტო კიესელი (1986-1967). 

სერგეი ტამბი 

ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, თარჯიმანი

დაბრუნება დასაწყისში