Menu
RSS

ქართველი ქალის ახდენილი ამერიკული ოცნება

ეკა კაბულაშვილი ნიუ ჯერსიში ქართული ხელნაკეთების ბუტიკის გახსნას გეგმავს

 

ნიუ ჯერსის შტატის ძალიან ლამაზ ქალაქში _ ჯერსი სიტი თითქმის ყოველთვე იმართება ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ამ გამოფენას ჩვენი თანამემამულე ეკა კაბულაშვილი ერთხელაც არ გამოკლებია და, როგორც გვითხრეს, დიდი წარმატებითაც სარგებლობს. „ვერსია“ ეკას ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, როგორია მისი სამომავლო გეგმები. 

ეკა კაბულაშვილი თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. 

საქართველოში ფინანსური მენეჯერისა და მთავარი ბუღალტრის პოზიციებზე, საკმაოდ ცნობილ და დიდ კომპანიებში მუშაობდა _ გახლდათ „აჭარა ჰოსპიტალიტის“ ჯგუფის შემადგენელი სასტუმრო „რუმს ყაზბეგის“ მთავარი ბუღალტერი. დღემდე აგრძელებს ონლაინ-თანამშრომლობას შპს G eloft+-თან. ეს კომპანია ლიფტებისა და ესკალატორების რეალიზაცია-მონტაჟით არის დაკავებული. 

მეუღლეს 9 წლის წინ დაშორდა. ჰყავს ორი ვაჟი _ 18 წლის ერეკლე და 24 წლის ლევანი. უმცროსი სკოლაში სწავლობს, უფროსი პროფესიით სტილისტია, თუმცა ამჟამად მამასთან, სამშენებლო კომპანიაში მუშაობს.

_ ეკა, როდის წახვედით აშშ-ში და რა მიზნით? 

_ ბოლო წლებში აქტიურად ვმოგზაურობდი და რვა დიდ ქვეყანას ვესტუმრე. აშშ-ში თავდაპირველად ტურისტად ჩამოვედი, შემდეგ კი შევრჩი და შევრჩი. ამჟამად ნიუ ჯერსის შტატში ვცხოვრობ. 

_ ამჟამად რას საქმიანობთ, რითი ხართ დაკავებული? 

_ ამ დროის განმავლობაში, რამდენიმე შტატში ვიყავი და საკმაოდ საინტერესო ადამიანები გავიცანი. ჩამოსვლისას, სასაუბრო ენას საერთოდ არ ვფლობდი, ახლა კი შემიძლია ემოციებზე, პოლიტიკასა და ბიზნესზე თავისუფლად ვისაუბრო. 

ენის სწავლის პარალელურად, გავეცანი აშშ-ის საგადასახადო სისტემას. პერიოდულად, საქართველოდან ჩამოსულ ჩემს საუკეთესო მეგობარ დიზაინერს ვეხმარები სამკერვალო საქმეებში. ვქსოვ, ვქარგავ, ვკერავ. 

_ ოჯახის წევრები თქვენს გადაწყვეტილებას როგორ შეხვდნენ? 

_ აქ მარტო წამოვედი, ზაფხულში უმცროსი შვილი მესტუმრა და ერთად ვიმოგზაურეთ სხვადასხვა შტატში. 

_ როგორც აღნიშნეთ, ხელსაქმით ხართ დაკავებული. ეს თქვენი გატაცებაა თუ ბიზნესი? ამ მხრივ, საქართველოში წარმატება გქონდათ თუ არა? 

_ ქსოვა ადრეული ბავშვობიდან ვისწავლე, 5 წლის ვიყავი. შემდეგ შრომის გაკვეთილებზე კერვამ ისე გამიტაცა, უკვე მეხუთე კლასში ვკერავდი მარტივ ტანსაცმელს. მაშინდელ პიონერთა სასახლეში აქტიურად დავდიოდი ქარგვისა და ქსოვის გაკვეთილებზე. 15 წლისამ, ჟურნალ „ბურდას“ თარგებით, კოსტუმების შეკერვაც კი გავბედე. 

საქართველოში თავისუფალ დროს, ჩემს მეგობარ დიზაინერს, თეო ოთარაშვილს ვეხმარებოდი საქორწინო კაბების მომზადებაში. ის მეორე წელია აშშ-ში საქმიანობს და აქაც აქტიურ კომუნიკაციას განვაგრძობთ. ხშირად ვეხმარები შეკვეთების მომზადებაში. თეოს დიდი დამსახურებაა, რომ ქარგვასა და კერვაში რთული ტექნიკა დავხვეწე და ვისწავლე. მონაწილეობა მივიღე მოსკოვში გამართულ გამოფენაზე _ რუსეთის დროებით მოქალაქეობას ვფლობდი და, შესაბამისად, მონაწილეობა არ გამჭირვებია. თეოსთან ერთად შესრულებული რამდენიმე ნამუშევარი წარვადგინე გამოფენებზე და ჯილდოც მოვიპოვე. 

_ რა გეგმები გაქვთ? თუ შეისწავლეთ ბაზარი და, როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებული შეიძლება გახდეს თქვენი წამოწყება უცხო ქვეყანაში? 

_ აშშ-ში ხელსაქმე, იგივე „ჰენდმეიდი“ ძალიან ფასობს. როგორც უკვე იცით, ნიუ ჯერსის შტატის ძალიან ლამაზ ქალაქში, ჯერსი სიტიში ვცხოვრობ და აქ თითქმის ყოველთვე იმართება ხელით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ჯერ ერთ გამოფენასაც არ გამოვკლებივარ და საკმაოდ წარმატებულადაც ვსაქმიანობ. 

მცირე ზომის ბუტიკის გახსნას ვაპირებ, სადაც ადგილზე დავამზადებ ხელნაკეთ ნივთებს და სურვილი მაქვს, ამავე ბუტიკში არასრულწლოვანი ბავშვები და უნარშეზღუდული ადამიანები დავასაქმო, შევასწავლო ის, რაც ვიცი. 

_ ბიზნესს ფინანსები სჭირდება... თუნდაც ბუტიკის გახსნა არ იქნება იაფი სიამოვნება... 

_ ფინანსების წყაროს მოძიება საქართველოში მაქვს დაგეგმილი. სამშობლოში რამდენიმე უძრავ ქონებას ვფლობ, რომელთაგან ორს ახლაც ვაქირავებ. მოკლედ რომ ვთქვა, ეს შემოსავალი და, პლუს, ჩემი ერთი სახლის გაყიდვიდან შემოსული სახსრებით ვიწყებ სტარტაპს. 

_ ხელსაქმე და ხელნაკეთი ნივთები ყველა ქვეყანაში საკმაოდ ძვირია, როგორია ამერიკული ბაზარი, არის თუ არა განვითარების საშუალება? 

_ აშშ-ის ბაზარი ხელთნაკეთი ნივთების მიმართ საკმაოდ მოთხოვნადია. ეს მაძლევს იმედს, რომ ჩემი ოცნების ბიზნესი სწრაფად იპოვის თავის ნიშას და განვითარდება. 

_ გაქვთ თუ არა ურთიერთობა ქართველ ემიგრანტებთან? 

_ ქართველ ემიგრანტებთან ჩამოსვლის დღიდან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ვუზიარებთ ჩვენს მიზნებსა და გეგმებს. 

თეო ოთარაშვილი უნიჭიერესი დიზაინერი და ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის ძალიან მეხმარება ადაპტაციაში. აქ არის ჩემი ყოფილი თანამშრომელი, ნანა ალანია. ის ძალიან ნიჭიერი ვოკალისტია, ქართულ ეკლესიაში გალობს და პერიოდულად მღერის ქართული ღონისძიებების დროს. ქართველები ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ვცდილობთ წარმატებებს მივაღწიოთ.

რუსა ხავთასი

დაბრუნება დასაწყისში