Menu
RSS

გიორგი კალანდია: „მუზეუმს ბევრი ისეთი რამ გააჩნია, რაც საინტერესო და სასარგებლოა ბიზნესისთვის“

უკანასკნელ პერიოდში ხელოვნების სასახლე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ორიგინალური პროექტებითა თუ გამოფენით _ 17 თებერვლიდან, ხელოვნების სასახლისა და Google-ის ვირტუალური პლატფორმის თანამშრომლობის შედეგად, თამარ კვესიტაძე ამიერკავკასიაში პირველ შემოქმედად იქცა, რომლის ნამუშევრებიც Google-ის ვირტუალურ სივრცეშია გამოფენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ქართველი მხატვრის ნახატებს მსოფლიო მასშტაბით უზარმაზარი აუდიტორია იხილავს.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ, ხელოვნების სასახლეში გაიმართა ახალი პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით _ „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“, რომლის მიზანიცაა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ჩაის საექსპორტო პოტენციალის წარმოდგენა, რის ფარგლებშიც ქართული ჩაის შეფუთვები მოხატული იქნება ცნობილი ქართველი მხატვრების შემოქმედებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ 20 თებერვალს არჩილ გელოვანმა ხელოვნების სასახლეს გერმანელი მხატვრის, პოლ ფრანკენის სოტბის აუქციონზე შეძენილი, ქართული თემატიკის სამი ძვირადღირებული ტილო უსახსოვრა (რომელთა საერთო ღირებულებაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია). ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიასთან.
– რა ვითარებაშია დღეს ხელოვნების სასახლე, როგორც სახელმწიფო კულტურული ინსტიტუტი და რა მიმართულებით სჭირდება მას დახმარება თუ თანადგომა ყველაზე მეტად?
– ხელოვნების სასახლე არის ეროვნული მასშტაბის მუზეუმი, რომელშიც ნახევარ მილიონზე მეტი ექსპონატია დაცული და ბევრი მათგანი საკუთარი მნიშვნელობით ეროვნულ მასშტაბებს სცდება. მაგალითად, აქ ინახება შტრაუსის ხელნაწერი და ბევრი სხვა ისეთი არტეფაქტი თუ დოკუმენტი, რომელსაც ნებისმიერი მუზეუმი ინატრებდა.
დახმარებას რაც შეეხება, ამის საჭიროება ყოველთვის არსებობს მეცენატების, აკადემიური წრეების მხრიდან, რომლებიც ხშირად გვეხმარებიან კიდეც სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში.
თუმცა ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ალბათ შენობის სიმცირესთან არის დაკავშირებული, რადგან მასში დაცული მასალა იმდენად დიდია, რომ უფრო მოცულობითი ადგილია საჭირო. ახლა სწორედ ამ საკითხზე ვფიქრობთ, როგორ გავაფართოვოთ მუზეუმის საგამოფენო სივრცეები ან განვათავსოთ ჩვენი კოლექციები ახალ შენობებში.
– ცოტა ხნის წინ, ხელოვნების სასახლე ჩაერთო პროექტში „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“. როგორ ჩაიარა პროექტის პრეზენტაციამ და როგორია თქვენი მოლოდინები?
– დღეს გვყავდა ვიზიტორთა ახალი ნაკადი, რომელთაგანაც არაერთმა გვისაყვედურა იმის გამო, რომ გურიელის ჩაის ტირაჟი თითქმის აღარ არის დარჩენილი და მოთხოვნა იმდენად დიდია, ვცდილობთ მის დაბალანსებას მიწოდების გაზრდით. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მოწონებაცა და ინტერესიც საკმაოდ დიდია.
ამ პროექტით ვცადეთ გვეჩვენებინა, რომ ბიზნესს შეუძლია ძალიან დიდი თანადგომა გაუწიოს მუზეუმს, მაგრამ სანაცვლოდ, მუზეუმსაც აქვს ბევრი ისეთი რამ, რაც საინტერესო და სასარგებლოა ბიზნესისთვის.
რუსთაველი, თავისი ეროვნული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ავარჩიეთ და „ჩაი რუსთაველი“ არის საუკეთესო გამოხატულება იმისა, თუ როგორ შეიძლება ეროვნულ კვარცხლბეკზე მყოფი პოეტი იქცეს ყოველდღიურობის აქტუალურ ნაწილად.
– რამდენიმე დღის წინ, არჩილ გელოვანმა გერმანელი მხატვრის, პოლ ფრანკენის საქართველოსადმი მიძღვნილი სამი უნიკალური ტილო ხელოვნების სასახლეს უსახსოვრა. შეუძლიათ თუ არა სასახლის სტუმრებს უკვე ამ ნამუშევრების დათვალიერება და, თქვენი აზრით, გერმანელი მხატვრის რა ქართული ემოციებია გადმოცემული ამ ნახატებში?
– საუბარია ფრანკენის სამ უნიკალურ ტილოზე: „ტფილისი“, „მტკვარი ტფილისის მახლობლად“ და „სოფელი კავკასიის მთებში“. სამივე ნახატი საკმაოდ რომანტიკულ ფერებშია გადმოცემული, როგორც ეს მხატვრის ხელწერას ახასიათებს და ჩვენთვის ეს არის უნიკალური შენაძენი.
არჩილ გელოვანმა ქართულ საზოგადოებას მისცა ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, კერძო კოლექცია გახდეს სახელმწიფო კოლექციის ნაწილი. ამის გაკეთება ნებისმიერ კოლექციონერს შეუძლია, რითიც ისინი უკვდავყოფენ როგორც საკუთარ სახელს, ასევე ეროვნული კულტურის ნაწილს. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მუზეუმები არ არის განებივრებული დიდი შემოწირულობებითა და საჩუქრებით.
აღნიშნული ხელოვნების ნიმუშები უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც მისი დათვალიერება სურს, ჩვენი სასახლის ეგრეთ წოდებულ „გოთურ“ ოთახში. ის რომ გერმანელი მხატვარი ხატავდა საქართველოს, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.
– როგორც ვიცი, არჩილ გელოვანს სხვა საჩუქრებიც აქვს გადაცემული ხელოვნების სასახლისათვის, შეგიძლიათ ჩამოთვალოთ რამდენიმე მათგანი?
– მან ძალიან ბევრი საჩუქარი გადასცა ხელოვნების სასახლეს, შევეცდები ჩამოვთვალო რამდენიმე მათგანი: მაგალითად, 1629 წელს რომში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნი; უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც შედგება რარიტეტული წიგნებისგან; გრიგოლ გაგარინის მიერ გაფორმებული 66 მინიატურა კავკასიის კოსტუმებისა; თეიმურაზ მეფისა და სიმონ პირველის უნიკალური მინიატურები... აქედან გამომდინარე, ჩვენ მისგან საკმაოდ განებივრებულნი ვართ გულუხვი შემოწირულობებით.
– ხელოვნების სასახლისა და Google-ის ერთობლივი პროექტის დამსახურებით, 17 თებერვლიდან ვირტუალურ სივრცეში ყველასთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ქართველი მხატვრის, თამარ კვესიტაძის ნამუშევრები. შეიძლება ითქვას, რომ ის პირველი ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც ასეთი ფართომასშტაბიანი აუდიტორიისთვისაა ხელმისაწვდომი. თქვენი აზრით, რატომ იქცა მაინცდამაინც თამარ კვესიტაძე, ამიერკავკასიის მასშტაბით, ერთადერთ ხელოვნად, რომელიც Google-ის ახალი და უზარმაზარი ვირტუალური საგამოფენო პროექტის „მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების“ წარმომადგენელია?
– არამხოლოდ ამიერკავკასიაში, კონტინენტის ამ ნაწილში მას ერგო იმის პატივი, რომ პარიზში, თანამედროვე მსოფლიო ხელოვნებისადმი მიძღვნილ ვირტუალურ გამოფენაზე, მთელი ამ სივრცის წარმომადგენელი ყოფილიყო.
უფრო მეტსაც ვიტყვი, მისმა შემოქმედებამ იმხელა მოწონება დაიმსახურა მსოფლიო მასშტაბით, რომ გოოგლე-მა თავის ოფიციალურ თწიტტერ-ზე თამარის ნახატები გააზიარა და ყველას მოუწოდა მისი ნახვისკენ. ფაქტობრივად, ის არის მხატვარი, რომელიც ეროვნულ საზღვრებს გასცდა და,
აქვე მინდა პირველად გავამხილო ერთი ფაქტი _ ადამიანების გარკვეულმა კატეგორიამ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალისათვის თამარ კვესიტაძის შემოქმედება რატომღაც დაიწუნა. სამაგიეროდ, ათი დღის შემდეგ, გუგლმა მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების ვირტუალურ გამოფენაზე თამარ კვესიტაძის ნახატებს ყველაზე გამორჩეული ადგილი დაუთმო. დასკვნები თავად გამოიტანეთ.
რაც შეეხება მაინცდამაინც თამარ კვესიტაძის არჩევის მიზეზს, ეს ალბათ თავად Google-ს უნდა ვკითხოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მოხდა იმიტომ, რომ ეროვნულთან ერთად, ის არის მსოფლიო კალიბრის თანამედროვე მხატვარიც და მე მეამაყება, რომ არჩევანი სწორედ ამ ხელოვანზე შეჩერდა.
– უკანასკნელი აქტუალური მოვლენებიდან გამომდინარე უნდა გკითხოთ, რა აზრის ხართ ცენზურასა და გრიფირებაზე ხელოვნების ნაწარმოებებში და რამდენად ლოგიკური აღშფოთებული მოქალაქეების პროტესტი სკოლის სახელძღვანელოში „აღმოჩენილ“ უცენზურო სიტყვებთან დაკავშირებით?
– მე ამ თემას დიდად თვალყურს არ ვადევნებ, ამიტომ სიღრმისეულ პასუხს ვერ გაგცემ, მაგრამ ვიტყვი, რომ თუ სიტყვას აქვს ხელოვნებასთან კავშირი, ის ნაწარმოების განუყოფელ ნაწილად უნდა განვიხილოთ. ჩვენ ვიცით, რომ „ვეფხისტყაოსანშიც“ არის ისეთი სიტყვები, რომლებიც ყოველდღიურობაში არ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, აბსურდი იქნებოდა ნაწარმოებში მათთვის ცენზურის დადება ან ამ სიტყვების გამო ნაწარმოების უარყოფითად შეფასება.
– გეგმავს თუ არა, ხელოვნების სასახლე ახალ მასშტაბურ პროექტს ახლო ან შორეულ მომავალში?
– ჩვენ ვგეგმავთ ერთ ძალიან მასშტაბურ პროექტს _ წელს გამოიცემა დიდი ალბომი სახელწოდებით „ქართველები“, რომელიც მიძღვნილი იქნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავისადმი.
ასევე, პარალელურად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, ვახორციელებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ თარიღს ეძღვნება, სახელწოდებით _ „ქართული კულტურა დამოუკიდებელ საქართველოში“.
ბექა ბერულავა

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში