Menu
RSS

მინდია არაბული: „ქართული იუმორი მუდმივად პოლიტიკაში იყო ჩაკეტილი“

მინდია არაბული, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში „მინდია ლობსტერ არაბულის“ სახელით არის ცნობილი, ქმნის იმას, რასაც ბევრი ახალი თაობის იუმორს უწოდებს: ეგრეთ წოდებულ ქუბებსა (ათწამიან იუმორისტული ვიდეოები) და მიმებს (იუმორისტული შინაარსის ფოტოები). მისი სტილი სახასიათოა და, როგორც თავად ამბობს, იუმორის ეს მიმართულება ახალი პლატფორმაა, რომელიც დამატებითი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებს: არავის წინაშე ხარ ვალდებული, შექმნა რამე ღირებული, რადგან თუ ჩანაფიქრი არ გამოგივიდა, არც არავინ შემოგედავება და გამოგლანძღავს. მეორეს მხრივ, თუ ჩანაფიქრი ზუსტად გადმოეცი, შეიძლება რამდენიმე საათში შენმა „ნამუშევარმა“ ქართული ფეისბუქსივრცე სრულად მოიცვას. გთავაზობთ ინტერვიუს „ინტერნეტ-იუმორის“ ერთ-ერთ გურმანთან _ მინდია არაბულთან:
 
_ თაობებთან ერთად იუმორის გადმოცემის გზებიც იცვლება _ თუ აქამდე იყო ანეკდოტები, დღეს გვაქვს „ქუბები“ და „მიმები“. შენი აზრით, რამდენიმე წლის შემდეგ, იუმორის უფრო პოპულარული ფორმები გამოჩნდება ჰორიზონტზე?
_ მიმი არ არის რადიკალურად ახალი რამ. ზოგადად, ხუმრობას სჭირდება წინაპირობა, რომელიც მოლოდინს ქმნის და მერე ამ მოლოდინის დარღვევა ანუ „სეთ-აფი“ (წინაპირობა) და „ფანჩ-ლაინი“ (ხუმრობის მთავარი ხაზი). როგორც წესი, ანეკდოტი ორივეს მოიცავს, მიმი კი მარტო „ფანჩ-ლაინია“ რომლის წინაპირობაც უკვე ყველასთვის ცნობილი კონტექსტია, ამიტომაა, ხშირად ახალ მიმებს ვერ იგებ, თუ არ იცი, რა მოხდა, რა დგას მათ უკან. ანუ აი, ვიღაცამ რომ „99 რა, ღორი ხო არა ვარ?!“ გითხრას მარტო, დაახლოებით ეგრე მუშაობენ მიმები _ იგულისხმება, რომ რაღაცა წინაპირობა უკვე იცი და მაგ წინაპირობაზე დაშენებულია ათასგვარი „ფანჩ-ლაინი“. ასე რომ, ხუმრობების ძირითადი სტრუქტურა დიდად არ იცვლება.
_ ინტერნეტსივრცე ამარტივებს „ყველაფერზე ხუმრობის“ პროცესს. თუ ცოტა ხნის წინ იყო რაღაცები, რაზეც არავინ ხუმრობდა, დღეს ეს სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი და ტაბუდადებული თემები გადაშენების პირასაა. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ეს ცვლილება?
_ პასუხიც ეგაა _ ინტერნეტმა. ჯერ ერთი, არ მგონია რომ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში რამე ისეთი შემორჩა, რაზეც რომელიმე მომენტში ხუმრობა არ იყო მისაღები. თუ რამე საკითხზე არ ხუმრობენ ან ის საკითხი არაა რელევანტური, ან ცენზურა ედება, მაგრამ თუკი რელევანტურია, მანდ ცენზურა დიდად ვერაფერს იზამს, პირიქით გაამძაფრებს კიდეც. ცენზურაში კი არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებისგან დაწესებულ შეზღუდვებს ვგულისხმობ, საზოგადოებრივ, არაფორმალურ ცენზურასაც. ინტერნეტი კი საკმაოდ თავისუფალი სივრცეა, რომ საზოგადოების თითის ქნევები აღარ მუშაობდეს.
_ თუკი გადავხედავთ იმას, რაზე ეცინებოდათ წარსულში და რაზე გვეცინება დღეს, როგორ ფიქრობ, შეიძლება იუმორის განვითარების ეტაპებს მივუდგეთ, როგორც მისი ევოლუციის, ანუ გაუმჯობესების პროცესს?
_ განვითარებაზე როცა ვსაუბრობთ, მე ხაზოვან პროცესს წარმოვიდგენ ანუ, ვთქვათ, ჯერ უფრო მარტივი რაღაცები გვაცინებდა და ახლა უფრო რთული. ჰოდა, არაა ეგ საუკეთესო წარმოჩენა. ჩემი აზრით, იუმორის ტრანსფორმაცია პირდაპირ უკავშირდება კულტურისა და საზოგადოების ტრანსფორმაციას (და არა განვითარებას). სასაცილო რაღაცებს ვპოულობთ იმ სივრცეში, რომელიც რელევანტურია ჩვენთვის. ერთადერთი რაც ალბათ შეიცვალა ინტერნეტის გამო, არის კონტექსტის სიფართოვე. ანუ აწი უფრო მეტი „ინფორმაციული ერთეული“ მიკავია ხელში და შესაბამისად, მეტი კომბინაციის გაგება შემიძლია.
_ „ქუბებისა“ და „მიმების“ შექმნას სჭირდება ახალი, ყოველდღიური კონტენტი რომლის იუმორისტულად ინტერპრეტირებაც იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოში ამ მიმართულების პოპულარობას ისიც განაპირობებს, რომ ბევრი კომიკური რამ ხდება. შენი აზრით, ამ მხრივ „მასალის“ დეფიციტი ოდესმე გვემუქრება?
_ რაც თავი მახსოვს, ქართული იუმორი იყო ჩაკეტილი პოლიტიკაში. ალბათ, ეგეც იმის გამოა, რომ პოლიტიკური სივრცის გარდა დიდად არ გვაქვს სხვა სივრცეები. ეგ ბევრი კომიკური რამეც პოლიტიკაში ტრიალებს, ასე რომ, დიდად ვერ დავიკვეხნით არადეფიციტურობით. თუმცა ინტერნეტის სპეციფიკა ისიცაა, რომ საკუთარი თავის გამოკვება შეუძლია. რაღაც პატარ-პატარა ონლაინ სუბკულტურებისა და სივრცეების განვითარებასთან ერთად თემებიც გაჩნდება.
_ 2017 წლიდან ერთი მოკლე ვიდეოს არჩევის საშუალება რომ გქონდეს, რომელიც საუკეთესოდ აჯამებს გასული წლის ქართულ რეალობას, რომელს აარჩევდი (თუ ერთზე ვერ აკეთებ არჩევანს, შეგიძლია სამი დაასახელო)?
_ ქართული რეალობის ასახვაზე თავს არ დავდებ, მაგრამ შარშანდელი ვიდეოებიდან ყველაზე გამომაფხიზლებელი და დასამახსოვრებელი ალბათ გია გაჩეჩილაძის ეგრეთ წოდებული აღსარების ვიდეო იყო, რომელიც ეკლესიაშია გადაღებული გალობის ფონზე.
_ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში არსებობს გემოვნებიანი იუმორისტული გვერდები, რომელთა პოპულარობა საკმაოდ მაღალია, თუმცა მათი მომხმარებლების რაოდენობა თუ პოსტების გაზიარებები ვერ შეედრება ნაკლებხარისხიანი იუმორისტული გვერდების აქტივობას, რომლებიც პირდაპირ ფართო მასებზეა გათვლილი. ხედავ თუ არა იმის ტენდენციას, რომ ახლო მომავალში ქართულ ინტერნეტსივრცეში კარგი ხარისხი იქცეს ყველაზე პოპულარულად?
_ ხარისხიანი-უხარისხო ცოტა ისეთი დაყოფაა, ხუმრობებს და მითუმეტეს მიმებს რომ არ უხდება. მარტივად გასაგები _ არც ისე მარტივად გასაგები უფრო შეესაბამება. და ნუ, ლოგიკაც არ მიდის ძალიან შორს. მარტივად გასაგებია _ ბევრი აზიარებს. ძნელად გასაგებია _ ცოტა. მართალი რომ ვთქვა, ერთდროულად მარტივად გასაგები და კარგი ქართული გვერდი არ მეგულება. მეტიც, კარგი ქართული იუმორისტული გვერდი არ მეგულება. ის, რაც კარგ გვერდად ითვლება, უფრო კონტენტის სპეციფიკურობით იზიდავს აუდიტორიას, ვიდრე ორიგინალურობით.
_ თუ დაკვირვებიხარ, რამდენად მარტივად აღიქვამს ძველი თაობა ამ ახალი თაობის იუმორს, ანუ „ქუბებსა“ და „მიმებს“?
_ ქუბი მედია ფორმატია. შეიძლება იყოს მორგებული ახალ თაობაზე, ძველ თაობაზე, წინაპრებსა და შთამომავლებზე, შესაბამისად, უფრო გასაგებია ყველასთვის. პრინციპში, არც აქვს რამე განსაკუთრებით სპეციფიკური თვისება, ვიდეოსგან ძალიან შორს დააყენო. ახლა მიმებს რაც ეხება, როგორც უკვე ვთქვი, არ განსხვავდება ჩვეულებრივი ხუმრობისგან დიდად. უბრალოდ, ამ ცარიელი „ფანჩ-ლაინების“ ნაკადისა და ტენდენციების აღქმას ინტერნეტში უსაქმოდ ყიალი სჭირდება დიდი დროის განმავლობაში. ვისაც სამაგისოდ არ სცალია, რა ასაკისაც გინდა იყოს, ის ალბათ ვერ აჰყვება, მაგრამ ეგეც არაა დიდი დანაკარგი.
_ არიან ადამიანები, რომელთა აზრითაც იუმორის ეს ახალი ჟანრი სიძულვილის დიდ დოზას შეიცავს და ხშირად კონკრეტული პიროვნების დამცირებისა თუ დაცინვისკენაა მიმართული. ქართულ „ქუბებში“ რომ სარკაზმის ბევრგან გვხვდება ფაქტია და ხშირ შემთხვევაში ეს სარკაზმი ერთი ადამიანის სულელურ საქციელსა თუ კომენტარზეა აქცენტირებული. შენი აზრით, რამდენად შეესაბამება ეს „ბრალდება“ რეალობას?
_ ზედმეტად ფართოა ინტერნეტ-იუმორი რომ ასეთი ვიწრო სპეციფიკის ბრალდება წავუყენოთ, მაგრამ არც იმაში ვხედავ პრობლემას, ვინმე თუ უკმაყოფილებას გამოთქვამს. აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია როგორც ერთი, ისევე მეორე. მთავარია, რეგულაციებამდე ან ცენზურამდე არ მივიდეთ.
ბექა ბერულავა

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში