Menu
RSS

ქართველი ფსიქოილუზიონისტი ფიქრებს კითხულობს

ავთანდილ გოგეშვილის საქმიანობა შეიძლება ბევრისთვის ზებუნებრივობასა და მაგიასთან იყოს კავშირში, რადგან პირველადი შთაბეჭდილებები მართლაც საკმაოდ მძაფრია. უფრო ყურადღებით დაკვირვების შემდეგ ჩანს, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მენტალისტად მიიჩნევს, „მაგიას“ მხოლოდ კარგად მომზადების ხარჯზე ატრიალებს. ის კითხულობს სხეულის ენას, იცნობს აზრების მანიპულაციის არაერთ მეთოდს, შეუძლია სასურველი ასოციაციების აღძვრა სხვა ადამიანებში და ამ ყველაფერს შოუს ელემენტებით აზავებს, შემდეგ კი ფართო საზოგადოებას საკუთარი ექსპერიმენტების სახით აცნობს. გთავაზობთ ინტერვიუს ფსიქოილუზიონისტ ავთანდილ გოგეშვილთან.
_ რა ჰქვია იმას, რასაც აკეთებ და როდის ან რატომ დაინტერესდი ამ მიმართულებით?
_ ჩემი ნომრები განსხვავებულად აღიქმება საზოგადოებაში და მათ ყველა თავისებურად აფასებს. მე ვიტყოდი, რომ ვარ ფსიქოლოგიური ილუზიონისტი.
ადრეული ასაკიდან დავიწყე საილუზიო ხელოვნების შესწავლა. 17 წლისა კი დავინტერესდი ამ კონკრეტული მიმართულებით _ უნივერსიტეტშიც ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. საბოლოოდ ჩემი პერფორმანსი არის როგორც ილუზიონიზმის, ასევე ფსიქოლოგიის ნაზავი.
_ რამდენად ზუსტია ადამიანის სხეულის ენა და რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია შენთვის?
_ სხეულის ენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ჩემს საქმიანობასა და მიმართულებაში. შეუძლია გვითხრას, რას ფიქრობს ადამიანი. ამ მიმართულების ყველაზე ცნობილმა მეცნიერებმა შეისწავლეს ადამიანების გამომეტყველებები, მიმიკები, მათი კომბინაციები და ის, რისი თქმაც ამ ყველაფერს შეუძლია. სხეულის ენა გვეხმარება, როგორც ძირითადი, ასევე კომბინაციური ემოციების (მაგალითად, შიში და სევდა) გარჩევაში, რადგან ეს ყველაფერი აისახება ადამიანის სხეულის ენით. ამ მეთოდის გამოყენებით კი შეგვიძლია, ზუსტად არა, მაგრამ დაახლოებით მივხვდეთ, რას ფიქრობს ადამიანი.
_ ობიექტურად რომ შეაფასო, რამდენად კარგად გესმის სხეულის ენა?
_ მე ჯერ-ჯერობით სწავლის ეტაპზე ვარ, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცოდნა პოლ ეკმანისას უტოლდება. მან მთელი ცხოვრება შეალია ამ მეცნიერებისა და სხვადასხვა კულტურების შესწავლას. მე მისი ნამუშევრებიდანაც მივიღე ცოდნა და მგონი რაღაცები გამომდის (იცინის).
_ როგორია იმ ადამიანების რეაქციები, რომლებსაც „შიფრავ“?
_ რეაქციები სხვადასხვაგვარია. ზოგს ეშინია. შემხვედრია ისეთებიც, ვინც ბრაზდება ან პირიქით, ძალიან დადებითი ემოციებით იმუხტება ამ ყველაფრის შემდეგ. ადამიანს გააჩნია.
_ შენი ექსპერიმენტის კომენტარებში რამდენჯერმე მეორდება ეჭვები იმის შესახებ, რომ ყველაფერი წინასწარაა დადგმული. როგორ პასუხობ ამ „ბრალდებას“?
_ ეს ეჭვი ადრეც ყოველთვის არსებობდა. ისეთებიც იყვნენ, რომლებიც პოლ ეკმანსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ. მუდამ იქნება ვიღაც, ვინც არაფერს დაიჯერებს. ვცდილობ, ასეთებზე ყურადღება ნაკლებად გავამახვილო.
_ რამდენად იოლია ადამიანების მანიპულირება და მათში სასურველი ასოციაციების აღძვრა, თუ ამისთვის სათანადოდ მოემზადები?
_ ადვილი ნამდვილად არ არის, სათანადოდ მომზადება ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, აუცილებელია სხვადასხვა ლინგვისტური ხრიკის გამოყენება, აზრების მანიპულირება გარემო ნიშნების დახმარებით. თუ ამ ყველაფერს გააკეთებ, მაშინაც კი შეიძლება ყველა ადამიანთან არ გამოიღოს შედეგი.
_შეგხვედრიან ისეთები, რომელთა „წაკითხვაც“ შეუძლებელია?
_ კი, შემხვედრია ადამიანები, რომლებიც რთულად ან საერთოდ არ იკითხებიან. მაგალითისთვის, ძალიან რთულია სოციოპატის მანიპულირება, რადგან ის ძალიან ხშირად იტყუება. ასევე რთულდება ისეთი ადამიანების სხეულის ენის გაგება, რომლებსაც მაგალითისთვის ბოტოქსი აქვთ გაკეთებული და მიმიკა ძალიან რთულად გასარჩევია. მოკლედ, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი იმის გასაგებად, ესა თუ ის ემოცია საიდან მოდის, რას ეხება.
_ იმის ფონზე, რომ ატარებ არაერთ ექსპერიმენტს უცნობ თუ ნაცნობ ადამიანებთან, თუ გიფიქრია, რა სახის ექსპერიმენტს ჩაუტარებდი საკუთარ თავს?
_ ჩამიტარებია კიდეც ექსპერიმენტები საკუთარ თავზე, რადგან მთავარი მაინც ისაა, რომ საკუთარი თავი დააჯერო რაღაცებში და თავადვე იგრძნო ამა თუ იმ მეთოდის შედეგი. ჩემმა დამ ჩაატარა ჩემზე ერთი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, რომლის არსიც შემდეგია: თუ ადამიანს მუდმივად უმეორებ, რომ წყალი მოგაწოდოს და ამ დროს ხელით ერთსა და იმავე ადგილზე ეხები, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეგიძლია მხოლოდ შეეხო, არაფერი უთხრა და ის თავად მიხვდება, რომ წყალი გინდა, ამიტომ მოგაწვდის. ჩემზე ამ ექსპერიმენტმა გაამართლა (იცინის).
_ შენი აზრით, გააჩნიათ თუ არა ადამიანებს მაგიური შესაძლებლობები?
_ გააჩნია რას ვგულისხმობთ მაგიურ შესაძლებლობებში. არსებობს რაღაცები, რისიც არ მჯერა, მაგალითად, ტელეკინეზი. მაგრამ შეიძლება მენტალისტმა ისეთ შედეგს მიაღწიოს თავისი ოსტატობით, რომ ვიღაცებმა მაგიური შესაძლებლობები მიაწერონ. მოკლედ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა განსაზღვრებას შევუსაბამებთ სიტყვა მაგიურს.
_ რომელია ყველაზე დიდი ილუზია, რომელშიც დღესდღეობით ადამიანი იმყოფება და რეალობად აღიქვამს?
_ მგონი, ძალიან ფილოსოფიური კითხვაა და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სფერო უფრო ფსიქოლოგიაა, სცდება ჩემს კომპეტენციას. შემიძლია ასევე ფილოსოფიური პასუხი გაგცე, თუკი ბუდისტურ მიდგომას დავესესხები, ყველაფერი ილუზიაა და ყველანი ერთ დიდ ილუზიურ სამყაროში ვიმყოფებით.
_ შენზე თუ გამოუყენებია ვინმეს მენტალური მანიპულაციის მეთოდები და რამდენად წარმატებული ყოფილა ეს მცდელობა?
_ ერთი შემთხვევა უკვე მოგიყევი, როცა ჩემმა დამ ჩაატარა ჩემზე ექსპერიმენტი, სხვა არ მახსენდება, ყოველ შემთხვევაში ისე არავის უცდია ჩემი მანიპულირება, რომ მივმხვდარიყავი. ისე კი, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ჩემზეც ანალოგიურად იმოქმედებს ამგვარი მეთოდები, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანზე.
_ როგორ ფიქრობ, ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები მართლა უსაზღვროა, როგორც არაერთი მენტალისტი თუ ილუზიონისტი ამტკიცებს?
_ კი, ჩემი აზრით, ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები ნამდვილად უსაზღვროა და მთავარია, რა დონემდე შევძლებთ ამ პოტენციალის გამოყენებას.
_ ახლო მომავალში ახალ ექსპერიმენტს ან პერფორმანსს ხომ არ გეგმავ?
_ ვგეგმავ ერთგვარი სპექტაკლის სახის პერფორმანსს, რომელიც ფსიქოილუზიურ ელემენტებსაც გააერთიანებს.
ბექა ბერულავა

<<< წინა ნომერი მომდევნო >>>

დაბრუნება დასაწყისში