Menu
RSS

დიდი წაგებებისა და იმედგაცრუების კვირა

რატომ ამბობს შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე უარს

საუკუნის მატჩად მონათლული საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირება როგორც დასრულდა, მთელმა საქართველომ იცის. ამ შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა უკვე სომხეთთან წააგეს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათზე გაცემული ნდობის მანდატი ბოლომდე გაანულეს. ამ გუნდის უკვე აღარავის სჯერა და აკი, თქვა კიდეც ნამატჩევს ნაკრების ჯერ კიდევ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, მე ესტონეთთან შეხვედრის შემდეგ გადავდგები და კარგი იქნება, თუ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს უკან გამომაყოლებთ, ისინი ეროვნულ გუნდში თამაშს არ იმსახურებენო. ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ამ ფეხბურთელებს ხომ სწორედ თავად ვაისმა დაუძახა სათამაშოდ და თუ არ იმსახურებდნენ, სხვა გამოეძახებინა?! ნამდვილად არ ვაპირებთ, მატჩის პერიპეტიების განხილვას, რადგან გულშემატკივარმა ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა და მხოლოდ ორ ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას.

პირველი და ყველაზე მთავარი _ უეფა-ს რეკომენდაციით, სტადიონზე სკამების ტევადობის 30% გულშემატკივარს შეეძლო აეთვისებინა ანუ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ შემოთვალა, შეგიძლიათ, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრაზე, დაახლოებით, 20 ათასი გულშემატკივარი დაუშვათ და ისინი ყოველ მესამე სკამზე უნდა დასხდნენო. საკოორდინაციო საბჭომ კი გადაწყვიტა, რომ შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარებულიყო და ჩატარდა კიდეც, რამაც წაგებაში დიდი როლი ითამაშა. 

ჰოდა, ნამატჩევს, საკოორდინაციო საბჭოს წევრმა, ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, სტადიონზე გულშემატკივარი რომ შეგვეშვა, პრობლემა არ იქნებოდაო (?!). 

ახლა, არანაკლებ საინტერესო: ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ერთმანეთზე უარესი, ორი განცხადება გააკეთა და არც არავინ უთხრა, გაჩუმდიო. პირველი ის, რომ მარცხი... გულშემატკივარს დაგვაბრალა. მუჯირმა სიტყვა-სიტყვით ასე თქვა: „ჩვენ მზად ვართ ევროპის ჩემპიონატისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამისთვის გულშემატკივარი არ იყო მზად, მათი მხარდაჭერა ვერ დავინახე“. 

და მეორე: „ფეხბურთი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან“. 

ბატონო დავით, ჯერ ერთი, იმ გულშემატკივარმა, რომელიც მზად არ არის, თურმე, ევროპის ჩემპიონატისთვის, მატჩამდე, რამდენიმე კილომეტრიანი ჯაჭვი გაუკეთა ნაკრების ავტობუსს და მთელი გზა ამხნევებდა, სტადიონზე კი არ შეუშვეს და ამაში წვლილი ფედერაციასაც მიუძღვის. 

და მეორე _ თუ გინდათ, ფეხბურთი და პოლიტიკა ერთანეთისგან გამიჯნოთ, მაშინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტის დეპუტატი არ უნდა იყოს და ავტომატურად გაიმიჯნება! 

მოკლედ, ჩვენს უპირველეს გუნდს ახლა მთავარი მწვრთნელი ჰყავს მოსაძებნი და გულშემატკივართა უმრავლესობას ნაკრებში შოთა არველაძის ხილვა სურს, თუმცა... 

„საქართველოს ნაკრების გაწვრთნა? _ არა, ეს ძალიან მტკივნეული თემაა. არ მინდა, რომ ჩემი ახლობლები ნერვიულობდნენ. ჩვენთან უფრო იოლია პრემიერ-მინისტრი გახდე, ვიდრე _ ნაკრების მწვრთნელი. მირჩევნია, პრემიერ-მინისტრი ვიყო“, _ ეს სიტყვები შოთამ თქვა და ნაკრებში მუშაობა გამორიცხა. 

საუბარია კახა ცხადაძის დაბრუნებაზეც, თემურ ქეცბაიაზეც, მაგრამ ისე ჩანს, არველაძის დარად, ეს სპეციალისტები თავად არიან უარზე. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა, უბრალოდ, არავის უნდა იმიტომ, რომ... ჰო, სწორედ იმიტომ, რომ გადამწყვეტ მომენტში, ნაკრები ვერ აჩვენებს იმ შედეგს, რომელიც გულშემატკივარს უნდა. აგერ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის პერსპექტივამაც, მინიმუმ, 4 წლით გადაიწია და ეს მაშინ, როცა ერთადერთი მატჩი იყო მოსაგები არცთუ ძლიერ მაკედონიასთან, მაგრამ ვერ მოვიგეთ. 

* * * 

რაგბიში, რვა ერის თასის გათამაშების პირველ ტურში, ჩვენმა ნაკრებმა ინგლისთან 0:40 წააგო. ამ შეხვედრის შემდეგ, ნაკრების მწვრთნელებმა თუ მოთამაშეებმა ერთხმად განაცხადეს, კარგად ვითამაშეთო. არც კი ვიცი, რა გითხრათ, თუ 0:40 კარგი შედეგია, მაშინ ცუდად რომ გვეთამაშა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა. 

სხვათა შორის, აღნიშნული მატჩის დაწყებამდე, ინგლისის ნაკრების მორაგბეებმა Black Lives Matter -ის აქციაში მიიღეს მონაწილეობა და დაიჩოქეს. მხოლოდ სამმა მორაგბემ არ დაიჩოქა და მათ შორის, ბილი ვუნიპოლამ, რომელიც შავკანიანია. ამან გაოცება და აღშფოთება გამოიწვია, თუმცა ნამატჩევს ბილიმ ყველაფერი მარტივად ახსნა: 

„დიახ, მე ფერადკანიანი ვარ, მაგრამ პირველ რიგში, მე ვარ ქრისტიანი. რაც მე ამ მოძრაობაზე ვნახე, ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ისინი წვავენ ეკლესიებსა და ბიბლიას, მე მათ მხარს ვერ დავუჭერ“. 

* * * 

იაპონიაში მიმდინარე სუმოისტთა ტურნირზე, კარგად ასპარეზობს ქართველი ფალავანი. ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის გაფორმებამდე და შესაბამისად, რეიტინგში დაწინაურებამდე, ორი მოგება აკლია და იმედია, დარჩენილ 7 შეხვედრაში ამის მიღწევა არ გაუჭირდება. 

* * * 

6 დეკემბერს, UFC-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ერთბაშად სამი ქართველი მებრძოლი იჩხუბებს. ამ დღეს, ლას ვეგასში, ოქტაგონზე მერაბ დვალიშვილს, ილია თოფურიასა და რომან დოლიძეს ვიხილავთ. მერაბს ბრაზილიელი რაონი ბარსელოსი დაუპირისპირდება, თოფურიას ამერიკელ დეიმონ ჯეკსონთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, დოლიძის მეტოქე კი ასევე, ბრაზილიელი ჯონ ალან არტემი იქნება. 

როგორც სპეციალისტები ამბობენ, სამივე ქართველი შეუდრეკელი ხასიათით გამოირჩევა და მეტოქეს ბოლომდე ებრძვის, რაც მათ დიდ უპირატესობას ანიჭებს. იმედია, სამივე ჩვენებური შეხვედრას თავის სასარგებლოდ დაასრულებს. 

* * * 

19-21 ნოემბერს, ჩეხეთის დედაქალაქი ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ვაჟთა ნაკრებს წარმომადგენელი ყველა წონით კატეგორიაში ეყოლება, გოგონები კი მხოლოდ ორ წონაში გამოვლენ. სპორტსმენების გარდა, საინტერესო ისიც გახლავთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირის მთავარ ექიმად ზურაბ კახაბრიშვილია მიწვეული. საქართველოს სხვადასხვა ნაკრებისა და ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმისთვის ეს დიდი აღიარებაა. 

ის, რომ ერთ-ერთი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე იქნება, ახალი არავისთვისაა. ნუცუბიძე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრად ითვლება და დიდი ალბათობით, ფინალების უმრავლესობას სწორედ ის უმსაჯებს. 

* * * 

ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ნიჭიერი წარმომადგენელი, 19 წლის რატი ანდრონიკაშვილი, ზაფხულში აშშ-ში გაემგზავრა და სტუდენტური ლიგის სეზონის გახსნისთვის, „კრეიტონთან“ ერთად ემზადებოდა. მასზე გუნდის მთავარი მწვრთნელი დიდ იმედს ამყარებდა, თუმცა რატიმ ვარჯიშზე უმძიმესი დაზიანება მიიღო _ მუხლის მყესები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონს მთლიანად გამოტოვებს. 

* * * 

დასასრულ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს 2021 წლის 11 ივნისს აიღებს და პირველ შეხვედრაში, რომის ოლიმპიურ სტადიონზე, ერთმანეთს თურქეთისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ფინალი კი ზუსტად ერთი თვის თავზე, 11 ივლისს, ლონდონში გაიმართება. არ არის გამორიცხული, რომ თუ ზაფხულამდე, რომელიმე ქვეყანაში კორონა ვირუსი გაძლიერდება, მასპინძელი ქალაქები შეიცვალოს და... ერთ-ერთ ვარიანტად, ევროპის ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება განიხილება. რაც შეეხება ფინალურ ეტაპზე გასულ ჯგუფებს: 

A ჯგუფი _ თურქეთი, იტალია, უელსი შვეიცარია; B ჯგუფი _ დანია, ფინეთი, ბელგია, რუსეთი; C ჯგუფი _ ჰოლანდია, უკრაინა, ავსტრია, ჩრდ. მაკედონია, D ჯგუფი _ ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი, შოტლანდია; E ჯგუფი _ პოლონეთი, ესპანეთი, შვედეთი, სლოვაკეთი; F ჯგუფი _ გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, უნგრეთი.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში