Menu
RSS

7 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე

როგორ იქცა გრიგოლ ვაშაძე თანამედროვე „პადოშად“

ის, რომ პოლიტიკაში მთავარი ინტერესებია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. შესაბამისად, ისიც არაა გასაკვირი, რომ გუშინდელი მტრები დღეს მოკეთეები ხდებიან. ამის მაგალითები საქართველოს უახლოეს ისტორიაში მრავლადაა. აი, თუნდაც, გავიხსენოთ 2008 წლის მოვლენები _ მაშინდელმა ოპოზიციამ მანდატები დაჭრა და აცხადებდა, მიშას პარლამენტში ჩემი ფეხი არ იქნებაო, მაგრამ ეს პრინციპულობა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ადამიანი, კერძოდ, ჯონდი ბაღათურია, კონსტანტინე გამსახურდია და გია თორთლაძე პარლამენტში შევიდნენ. მეტიც, ეს უკანასკნელი, ესე იგი, გია თორთლაძე, როგორც იტყვიან, ბოლო სერიაში, მიშაზე უფრო დიდი „მიშისტი“ გახდა. ახლა, თორთლაძესა და გრიგოლ ვაშაძეს შორის ტოლობის დასმა, შეიძლება, არარელევანტურია, მაგრამ ფაქტია _ ბატონი გრიგოლი, თანამედროვე „პადოშად“ იქცა.

რატომ? _ ამაზე ვრცლად, ქვემოთ ვისაუბროთ. მანამდე კი თქვენს ყურადღებას ერთ გარემოებაზე შევაჩერებ. კერძოდ, დაკვირვებულნი იქნებით, რომ ნოემბერი ჩვენთვის, ბედკრული საქართველოს ბედკრული მოქალაქეებისთვის, ერთობ ფატალური თვეა. ყოველ შემთხვევაში, ბოლო წლების გამოცდილება მოწმობს, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანი, სწორედ ნოემბერში ხდება. გავიხსენოთ, თუნდაც „ვარდების რევოლუცია“, რასაც 2007 წლის სისხლიანი ნოემბერი მოჰყვა და... ბოლოს, წლევანდელი 8 ნოემბერი, დღე, როცა შეიძლება, სისხლი არ დაიღვარა, მაგრამ მმართველმა ელიტამ აშკარად, საბედისწერო შეცდომა დაუშვა _ ცესკო-სთან შეკრებილი ასამდე ახალგზარდა წყლის ჭავლით დაშალა და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში კორონაპანდემია პიკშია, რასაც სეზონური გრიპებიც ემატება. სწორედ ამის გათვალისწინებით, როგორც იურისტთა ნაწილი ამბობს, წყლის ჭავლი, შესაძლოა, ტყვიის სროლასთან გაიგივდეს, თუმცა აქვე, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ წლევანდელი 8 ნოემბერი, 2007 წლის 7 ნოემბერთან, მაინც „ლაითად“ გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში, მაშინ მომიტინგეებს სპეცრაზმელები, ლამის სახლებამდე მისდევდნენ და უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. 

„ვერსია“ 7 და 8 ნოემბრის მოვლენებს შორის, რასაკვირველია, ტოლობის ნიშანს არ სვამს. ჩვენ მაშინდელ და ახლანდელ მოვლენებს, უბრალოდ, ფაქტებით გახსენებთ და პარალელს გაავლებთ თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია. 

მოკლედ, აი, რა ხდებოდა 13 წლის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერს: 

დილით, დაახლოებით, 8 საათისთვის, სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით, რამდენიმე პიროვნება დააკავეს. მანამდე კი, ესე იგი, 6 ნოემბერს, ოპოზიციამ განაცხადა, რომ მოშიმშილეებისთვის, რომლებსაც წვიმიან ამინდში უწევდათ ღია ცის ქვეშ ყოფნა, პარლამენტის შენობის წინ, კარვების დადგმას აპირებდა (აქვე, შეგახსენებთ, რომ გამოსვლები 2 ნოემბერს დაიწყო და ამის ერთ-ერთ საბაბი თავდაცვის ექსმინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება გახდა. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ 2007 წლის ნოემბერის მოვლენები იმ პოლიტიკური კრიზისის კულმინაცია იყო, რომელსაც საფუძველი, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ანუ 2006 წლის შემოდგომაზე ჩაეყარა _ ირაკლი ოქრუაშვილი „ნაციონალებს“ გაემიჯნა. უფრო სწორად, კი არ გაემიჯნა, არამედ, მთავრობიდან წავიდა და მაშინვე ითქვა, რომ მოღვაწეობას ოპოზიციურ ფლანგზე გააგრძელებდა...) 

... 7 ნოემბერს, დილით, საგანგებო ბრიფინგზე, თბილისის მაშინდელმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებდა დედაქალაქი კარვების ქალაქად გადაქცეულიყო. მისივე თქმით, აუცილებელი იყო რუსთაველის გამზირზე მოძრაობის აღდგენა და ტერიტორიის გაწმენდა. 

„დიახ, ჩვენ ამას ხელი შევუშალეთ, რომ თბილისი არ გადაქცეულიყო კარვების ქალაქად, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის კანონის მოთხოვნა. 2 ნოემბრის შემდეგ, არანაირი ლეგალური საფუძველი იმისა, რომ ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე არ მოძრაობდეს, არ არსებობდა“, _ თქვა უგულავამ, რომელიც წლევანდელი პროტესტის აქტიური მონაწილეა. 

მოკლედ, უგულავას სიტყვები საქმედ იქცა და, როგორც აღვნიშნეთ, ხელისუფლებამ მომიტინგეები დაარბია. მომხდარი „ოცნების“ დღევანდელმა სახემ, სოზარ სუბარმა დაგმო, რომელიც იმჟამად სახალხო დამცველი იყო. პირველი დარბევის მიუხედავად, ოპოზიციამ საპროტესტო აქცია მაინც განაახლა და გზის გადაკეტვა სცადა. პოლიცია პროტესტანტებს ხელკეტებით უსწორდებოდა, რაც მაშინდელმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ დადებითად შეაფასა. 

„ეს იყო ქუჩის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობა. მათ აქვთ შესაძლებლობა, განაგრძონ აქცია ქუჩის გადაკეტვის გარეშე“, — განაცხადა ბოკერიამ. 

პოლიციამ აქციის დასაშლელად, პარლამენტის წინ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა. 

პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლება და ქვეყანა აგრძელებდა „ჩვეულებრივად და ნორმალურად ფუნქციონირებას“: 

„ძალის გამოყენებით გადაიკეტა რუსთაველის ქუჩა და მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები რუსთაველის ქუჩის გასახსნელად. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, დასავლური ცრემლსადენი გაზი, რომელიც გამოიყენება ხოლმე მშვიდობიანი დემონტრაციების დასაშლელად, ის, რაც მოხდა დღეს“. 

საბოლოო ჯამში, 7 ნოემბერის დარბევის შემდეგ, საავადმყოფოებს 250-მდე ადამიანმა მიმართა. 

„მალევე, ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციების განახლებისკენ მოუწოდეს ასობით მომიტინგეს, რომლებიც რიყეზე შეიკრიბნენ. მომიტინგეებმა რიყეზე გადაინაცვლეს მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მათი აქცია პარლამენტის წინ დაშალა. სამართალდამცავებმა რიყეზე შეკრებილი მომიტინგეებიც დაშალეს. 

ათასობით მომიტინგე მტკვრის სანაპიროსკენ და მეტეხის ტაძრისკენ მიმავალი ტერიტორიებისკენ მასობრივად გაიფანტა. მათ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები სდევნიდნენ; იყო მათ წინააღმდეგ ქვების სროლის შემთხვევებიც. მომიტინგეებს გზა არ გადაუკეტავთ, თუმცა მათი დაშლა მაინც დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, არეულობის დროს, 508 ადამიანი დაშავდა“, _ იუწყებოდა მაშინდელი მედია. 

2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის კულმინაცია ტელეკომპანია „იმედის“ შტურმი გახლდათ, რომლის შესახებაც მედიაარქივში ვკითხულობთ: 

„7 ნოემბერს, ღამით, ნიღბიანმა პირებმა ტელეკომპანია „იმედის“ სტუდიები დაარბიეს, ჟურნალისტებს შენობა დაატოვებინეს და აპარატურა გაანადგურეს. მოგვიანებით, ტელეკომპანია „კავკასიასაც“ შეუწყვიტეს მაუწყებლობა. 

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, იმავე დღეს გამოსცა დეკრეტი თბილისში 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, დროებითი შეზღუდვები დაწესდა დემონსტრაციებსა და მანიფესტაციებზე, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არეულობის, ძალადობისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით დამხობის მოწოდებებზე. 

„მხოლოდ ეს შეზღუდვები წესდება, სხვა მხრივ, სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება“, _ განაცხადა ნოღაიდელმა მაშინ, როცა საგანგებო მდგომარეობის დროს, მხოლოდ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შეეძლო მაუწყებლობა. 

ევროკავშირმა საქართველოში მომხდარი მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა, რუსეთი კი სააკაშვილის განცხადებებზე ადეკვატური პასუხით დაიმუქრა“. 

ისე, ნიშანდობლივია, რომ 7 ნოემბრის მსგავსად, წლევანდელი ნოემბრის მოვლენებიც ერთგვარი „კომენდანტის საათის“ ფონზე ვითარდება ანუ მართალია, ხელისუფლებას ახლა საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია, მაგრამ კორონაინფექციის დრამატულად გავრცელების გამო, 9 ნოემბრიდან, საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში, გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, 22.00-დან 05:00 საათამდე ქუჩაში, როგორც ფეხით, ასევე, ავტოტრანსპორტით გადაადგილება არ შეიძლება. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს ანტიკონსტიტუციური აკრძალვაა, რადგან საგანგებო მდგომარეობის გარეშე, არავის აქვს უფლება, მათ შორის, არც მთავრობას, რომ მოქალაქეს გადაადგილების უფლება წაართვას. 

ამასთან, მესამე სექტორი იმასაც ამბობს, რომ ზემოხსენებული შეზღუდვა კორონას გავრცელების შემცირებას კი არა, არამედ, საპროტესტო მუხტის ჩახშობას ემსახურება. ხელაღებით ვერ ვიტყვით, მაგრამ შესაძლოა, არც უამისობაა...

* * * 

2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ვამდამდელ საპრეზიდენტოსთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნა. საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის იანვარში ჩატარდა, საპარლამენტო კი _ გაზაფხულზე, თუმცა მაშინდელმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა ანუ ამ კუთხითაც, მაშინდელი და ახლანდელი პოლიტკრიზისი ერთმანეთს ჰგავს. 

„2008 წლის 21 მაისის არჩევნების შემდეგ, VII მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს, პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე, ოპოზიციის ლიდერებმა მაკრატლით დაჭრეს და გაანადგურეს თავიანთი მანდატები. 

„ეს არის ჩემი მანდატი. ჯიბეში მიდევს მაკრატელი, პლასტიკაა, მაკრატლით უნდა დავჭრა. მე მინდა, მთელი მსოფლიოს თვალწინ, ეს მანდატი დავკუწო“, _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ და თავისი განზრახვა იქვე მოიყვანა სისრულეში.  

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში 4-მა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი: 

1. „ნაციონალური მოძრაობა“ _ 59.2% (48 მანდატი); 

2. გაერთიანებული ოპოზიცია _ 17.7% (15 მანდატი); 

3. გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები _ 8.7% (6 მანდატი); 

4. შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია _ 7.4% (6 მანდატი). 

ოპოზიციის მტკიცებით, წინასაარჩევნო პერიოდი გამორჩეული იყო ძალადობით, არჩევნები კი გაყალბდა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ მანდატის დაჭრის წინ განაცხადა: 

„უარს ვამბობ დეპუტატის მანდატზე და ეს არის ჩემი პასუხი იმ ძალადობის, იმ გაყალბებისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში წესად იქცა“. 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა კი დაჭრეს თავიანთი მანდატები პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში, უარი მაინც არ თქვეს დეპუტატობაზე, რისთვისაც განცხადების დაწერა იყო საჭირო. ლეიბორისტული პარტიის 6-მა წევრმა პარლამენტში შესვლისა და ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, მე-6 წევრმა კი, ნუგზარ ერგემლიძემ, ბოიკოტზეც უარი თქვა. 

ლეიბორისტული პარტიის გარდა, დეპუტატობაზე უარი არც ქრისტიან-დემოკრატებმა თქვეს. პარტიის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ ღიად განაცხადა, რომ აპირებდა კუთვნილი ადგილის დაკავებას პარლამენტში: 

„ლომის ხახაში იმიტომ არ მქონდა თავი შეყოფილი, რომ სადღაც მოუსავლეთში მივბრძანდეთ და აქ ფსევდოოპოზიციამ, ბურჯანაძის თამადობით, დაიკავოს ჩვენი ადგილი. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია, ოპოზიციამ თავისი მიზანი შეასრულოს“, _ ციტირებდა იმდოინდელი მედია გიორგი თარგამაძის სიტყვებს. 

* * * 

ერთი სიტყვით, 13 წლის შემდეგ, ისტორია მეორდება _ ოპოზიცია არჩევნებს ისევ არალეგიტიმურად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, თუმცა წეღანდელი თქმისა არ იყოს, წლევანდელ პროტესტსაც თავისი „პადოშა“ ჰყავს და ის გრიგოლ ვაშაძეა. ისე, 31 ოქტომბრის ღამესვე ითქვა, რომ ოპოზიცია ცდუნებას ვერ გაუძლებდა და პარლამენტში აუცილებლად შევიდოდა. კულუარებში იმ ოპოზიციონერთა გვარებსაც ასახელებდნენ, რომლებიც ხელისუფლებას, შესაძლოა, გარიგებოდნენ, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გარიგებაში ეჭვმიტანილი გრიგოლ ვაშაძე იქნებოდა, ადამიანი, რომელიც ენმ-ს თავმჯდომარეა. 

და აი, სწორედ ე.წ. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, 10 ნოემბერს, ისეთი შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, რომ თავად მართლმორწმუნე „ნაციონალებიც“ კი დაიბნენ. კერძოდ, ვაშაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: 

„საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება _ სახეზეა ოთხი უმძიმესი გამოწვევა: ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია. 

ამავე დროს, უკიდურესად გამწვავებულია სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში. 

საქართველოში კი ეროვნული კონსოლიდაცის ნაცვლად, საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის უკიდურეს გამწვავებასთან, რომელსაც შიშის მომგვრელი სისწრაფით მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსისკენ. 

თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ გააცნობიერებს არსებული საფრთხეების სიღრმეს, იმას, თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, არ გაითვალისწინებს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთას, არ მიაქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორის რჩევებს და იმას, თუ რას გვთავაზობენ ჩვენი მოკავშირეები თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით ანუ აუცილებელი ცვლილებების უზრუნველყოფას დემოკრატიული პროცესის მშვიდობიანი განვითარების გზით, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს სტაბილური და უსაფრთხო განვითარების გზაზე გაყვანის შანსს. 

მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. 

ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას, დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით. 

ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს. 

მომავალ პარლამენტში კი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას. 

ჩვენ, პირველ რიგში, ვართ ქართველები ანუ მრავალი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების საქართველოს მოქალაქეები და მხოლოდ ამის შემდეგ _ პოლიტიკური პარტიების წევრები. 

პირველ ადგილზე სამშობლოა და შემდეგ პოლიტიკა და პარტიული ინტერესები. 

გავაკეთოთ არჩევანი სამშობლოს უსაფრთხო და ბედნიერი მომავალის სასარგებლოდ. 

არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას. 

საქართველო, უპირველეს ყოვლისა!“ 

როგორც აღვნიშნეთ, ვაშაძის ამ განცხადებამ ოპოზიციაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელიც ენმ-ს სახელით კენჭს მაჟორიტარად იყრიდა, პირდაპირ განაცხადა: 

„რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ, რომ კორონაა? ანუ ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“ 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ბატონმა „ულვაშამ“ სკანდალური განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოსთან შეთანხმების გარეშე გააკეთა. ამიტომ, ვაშაძე იძლებული გახდა, იგივე სოციალური ქსელით, ახალი განცხადება გაევრცელებინა: 

„დამატებით განვმარტავ: 

1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; 

2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი _ სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით, სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; 

3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; 

4. ერთხელ და სამუდამოდ, ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში, ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“. 

მართალია, პრეზიდენტობის ექსკანდიდატმა განმარტება გააკეთა, მაგრამ ხომ იცით, სიტყვას დიდი ძალა აქვს. ჰოდა, მისმა პირველმა განცხადებამ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები ძალიან გააბრაზა. 

ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდა (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე), რომ ოთხმა პარტიამ _ ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, გირჩმა და ლელომ ერთობლივ განცხადება გაავრცელეს და საზოგადოებას ამცნეს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ: 

„ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკო-ს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და 9 ნოემბერს, სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება, წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკო-ს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით. 

მოვითხოვთ შსს-სგან, არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად. 

მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებულნი გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს. ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია. ოპოზიციის საერთო შეთანხმებით, პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი“. 

ასეა თუ ისე, პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. გამოჩნდება თუ არა გვირაბის ბოლოს სინათლე, ამას ალბათ, მალე გავიგებთ და იმის შესახებაც შევიტყობთ რამეს, როგორ „გადაიბირეს“ გრიგოლ ვაშაძე, ადამიანი, რომელიც არჩევნების შემდეგ, პრაქტიკულად, არ ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, თვითმხლველები ამბობენ, რომ 8 ნოემბერს, ცესკო-სთან გამართულ აქციაზე არ ყოფილა...

ნინო დოლიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში