Menu
RSS

დიდი სპორტული ტრაგედია _ რატომ მოიკლა თავი 16 წლის ფეხბურთელმა

ხაბიბი წავიდა _ „დედას პირობა მივეცი, რომ მხოლოდ ერთხელღა ვიჩხუბებდი!“

ტრაგედიით დავიწყოთ: ის, რომ მოზარდის ფსიქიკას განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება, კიდევ ერთხელ დადასტურდა _ ჯერემი უისტონი „მანჩესტერ სიტის“ ბავშვთა აკადემიის წევრი იყო და დიდ ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ მოულოდნელად, აკადემიიდან გაუშვეს. მართალია, ხმამაღლა ამის შესახებ არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ კულუარულად გავრცელებული ინფორმაციით, ჯერემის უთხრეს, რომ მისგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა. შინ დაბრუნებულმა 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კიდევ ერთ გარდაცვალებას ეხება საფრანგეთში ატეხილი სკანდალი: მოგეხსენებათ, 16 ოქტომბერს, 18 წლის ჩეჩენმა მოსწავლემ, აბდულახ ანზოროვმა დანით საკუთარი მასწავლებელი მოკლა და მკვლელობის დროს, „ალაჰ აკბარს“ იძახდა. მკვლელობის შემდეგ, მან მასწავლებელს თავი მოაჭრა და სამართალდამცავებმა აყვანის დროს მოკლეს. მკვლელობის მიზეზი ის გახდა, რომ გაკვეთილზე, მასწავლებელმა მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურები აჩვენა. სწორედ ამ თემაზე გააკეთა განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და აღნიშნა: 

„ერთობა და სიმტკიცე _ ერთადერთი პასუხი საშინელი მუსულმანური ტერორიზმის წინააღმდეგ“. 

„ეს ფრანგი მუსულმანების შეურაცხყოფაა. სანამ მაკრონი პრეზიდენტი იქნება, მე ეროვნულ ნაკრებში აღარ ვითამაშებ“, _ განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების გამოკვეთილმა ლიდერმა, პოლ პოგბამ. პოგბას სიტყვებს გულშემატკივართა დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა _ ისინი მაკრონს მოუწოდებენ, მაქსიმუმი გააკეთოს, რათა ლიდერი გუნდს დაუბრუნდეს, თუმცა არც პრეზიდენტი აპირებს ახალი განცხადების გაკეთებას და შესაბამისად, არც პოგბა შეცვლის გადაწყვეტილებას. 

 

* * * 

მორიგი შეხვედრა გამართა ლიანა ჯოჯუამ. UFC-ს მონაწილე ერთადერთმა ქართველმა, ამერიკელ მირანდა მავერიკთან ვერაფერი გააწყო. მართალია, მავერიკი უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ჯოჯუამ სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ერთ მომენტში, ცხვირში მეტოქის იდაყვი მოხვდა, მას სისხლი ვერ შეუჩერეს და საბოლოო ჯამში, ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს. ჯოჯუამ საკუთარი ცხვირის ფოტო სოციალურ ქსელში თავად გამოფინა და ახლა ადვილი მისახვედრი ხდება, როგორი ტკივილის ატანა უწევთ სპორტის ამ სახეობის მებრძოლებს. 

რადგან UFC-ზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ კარიერაში ბოლო ბრძოლა გამართა დაუმარცხებელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა. ამჯერად, მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იყო, თუმცა წინააღმდეგობა მანაც ვერ გაუწია და ხაბიბი რინგიდან ბეჭდაუდებელი მიდის. 

წასვლა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ორი თვის წინ, კორონავირუსით მამა, რომელიც ასევე, მისი პირადი მწვრთნელი იყო, გარდაეცვალა. 

„მამის გარდაცვალების შემდეგ, დედამ მთხოვა, რომ ბრძოლას შევეშვა. პირობა მივეცი, რომ მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბებდი და შემდეგ რინგიდან წავიდოდი. ძალიან ბევრი საუბრობდა, რომ გეიჯის ჩემი დამარცხება შეეძლო. ამიტომ, მასთან შეხვედრის გარეშე წასვლა გაქცევას დაემსგავსებოდა. მე გავიმარჯვე და მივდივარ“, _ განაცხადა ხაბიბმა და მხოლოდ ამ ბრძოლიდან, ხელს 30 მილიონი დოლარი გააყოლა. 

* * * 

ქართველ ვუნდერკინდ ხვიჩა კვარაცხელიას, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, რომელიმე გრანდი აუცილებლად იყიდის. ჯერ იყო და, „რუბინის“ მარგალიტის ყიდვა „კრასნოდარს“ სურდა და 10 მილიონს იხდიდა, ორი კვირის წინ, თურქული „გალათასარაი“, ჩვენებურის სანაცვლოდ, 15 მილიონს ჩამოვიდა, ახლა კი საქმეში ესპანური „სევილია“ ჩაერთო და როგორც პირენეული მედია წერს, ისინი მზად არიან, კვარაცხელიაში 20 მილიონი გადაიხადონ. აი, „რუბინის“ შეფობის აზრით კი, ხვიჩა ამ ეტაპზე, მინიმუმ, 25 მილიონი ღირს, მაგრამ თუ ზაფხულამდე ასეთი პროგრესი განაგრძო, მისი ფასი ბევრად მეტი იქნება. 

* * * 

პანდემიის შემდეგ, პირველი ტურნირი გაიმართა ძიუდოში. მსოფლიო თასს უნგრეთის დედაქალაქმა უმასპინძლა და იმის მიუხედავად, რომ ქართველები სოლიდური შემადგენლობით იყვნენ წასულნი, მხოლოდ ორი ბრინჯაო ირგუნეს და ორივე +100 კილოგრამში. კვარცხლბეკზე გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი ავიდნენ. საინტერესოა, რომ ვაჟთა შორის, შვიდი წონიდან ხუთში, რუსმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს გამარჯვება. ყველაფერ ამაზე უფრო საინტერესო კი -60 კილოგრამამდე ნახევარფინალური დაპირისპირებები იყო. ნახევარფინალში ერთი წყვილი „რუსმა“ რობერტ მშვიდობაძემ და უნგრელმა ნაჯი დავიდამ შეადგინეს, მეორე წყვილში კი ფინალის საგზურს „ფრანგი“ ლუკა მხეიძე და „რუსი“ იაგო აბულაძე ეცილებოდნენ. საბოლოოდ, „რუსული“ ფინალი შედგა, სადაც აბულაძემ მშვიდობაძეს მოუგო და... ბუდაპეშტში, რუსული ჰიმნი დაუკრეს, კვარცხლბეკზე ოთხი მედალოსნიდან, სამი ქართველი იდგა, თუმცა ქართული დროშა არ აწეულა. 

* * * 

კორონავირუსმა კორექტივები საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატშიც შეიტანა. „ჩOVID-19“ უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბის ფეხურთელს დაუდასტურდა და შესაბამისად, სფფ-მ არაერთი შეხვედრა გადადო. შეხვედრები ნოემბრის ბოლოსთვის კი ჩაინიშნა, მაგრამ თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ისევ გადადება მოუწევთ. 

* * * 

საინტერესო ამბავი მოხდა კვიპროსის ჩემპიონატში. ქართველთა „ანორთოსისმა“, „აპოლონი“ 2:0 დაამარცხა, მატჩის შემდგომ კი გუნდის ქართველმა თავკაცმა, თემურ ქეცბაიამ და ლიდერმა თორნიკე ოქრიაშვილმა, მოედანზე, ლამის მუშტი-კრივი გამართეს. რა იყო მოსწავლე-მასწავლებლის შებმის მიზეზი, უცნობია, თუმცა როგორც შემდეგ თავად ახსნეს, ისინი მხოლოდ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობენ და ამიტომ, კამათი მოგებული მატჩის შემდეგაც კი მოუხდათ. ინციდენტს ორივე მხარე ამოწურულად აცხადებს, თუმცა მართლა არ იყო კარგი სანახავი ის კადრები, რაც გავრცელდა. 

* * * 

შეიძლება, ძალიანაც არ გვინდა, მაგრამ მაინც მოგვიწევს იმის თქმა, რომ გასულ კვირას, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სირცხვილი ჭამა. ის, რომ შოტლანდიასთან აუცილებლად დავმარცხდებოდით, არავისთვის უცხო და მოულოდნელი არ იყო. არც ანგარიში _ 7:48 არის მაინცდამაინც კატასტროფული, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ უშუალოდ შეხვედრა, ჩვენმა გუნდმა საშინლად ჩაატარა. არანაირი მონახაზი, არანაირი შემართება, არანაირი ტაქტიკა... მეტოქემ ლეკის ნაბადივით მოახვია საკუთარი თამაში „ბორჯღალოსნებს“ და მთელი 80 წუთი, საკუთარ ნებაზე ატარა. შოტლანდიელებმა გაიტანეს ყველა გემოვნების დასაკმაყოფილებელი ლელო, ბურთაობდნენ ლაღად, დაძაბულობის გარეშე და დამსახურებულად გაიმარჯვეს. 

14 ნოემბერს, საქართველო რვა ერზე იწყებს ასპარეზობას და ინგლისს ხვდება, იმ ინგლისს, რომელიც შოტლანდიაზე ძლიერია და თუ ასე ვითამაშებთ, მოგებაზე ფიქრი კი არა, ვინძლო, ანგარიში სამნიშნა იყოს. 

* * * 

იაპონიაში, სუმოისტთა ოლო ტურნირის უარყოფითი ბალანსით დასრულების შემდეგ, ლევან გორგაძე რეიტინგში რომ დაქვეითდებოდა, ადვილი მისახვედრი იყო. ბოლო ტურნირი მან მეოთხე მაეგაშირას რანგში იჭიდავა, წლის დასკვნით ტურნირზე კი, რომელიც სტარტს 8 ნოემბერს აიღებს, ტოჩინოშინი მეშვიდე მაეგაშირა იქნება. წლის ბოლო ტურნირი ლევანმა აუცილებლად დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ათეულს ქვემოთ ჩავარდეს, რაც სასურველი ნამდვილად არ არის. 

* * * 

გასულ უქმეებზე, ფეხბურთის გულშემატკივრებს „ელ კლასიკოს“ ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ. ბარსელონა-რეალის დაპირისპირება, როგორ ფორმაშიც არ უნდა იყვნენ, დიდი მოვლენაა და ასე იყო ამჯერადაც. კოვიდის გამო, ცარიელი ტრიბუნების წინ მოთამაშე „ბარსა“ 1:3 დამარცხდა, „რეალის“ თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა კი საინტერესო რეკორდი დაამყარა. მას გუნდის მწვრთნელის რანგში, კატალონიაში მეექვსე გასვლა ჰქონდა და ამ ექვსი შეხვედრიდან, ფრანგს ერთიც არ წაუგია _ 3 მოგების წილ, 3 ფრე. ბოლო შეხვედრაში წაგება „ბარსას“ თავკაცმა, რონალდ კუმანმა მსაჯებს დააბრალა, ევროპაში კი მსაჯთა კრიტიკა ისჯება. შესაბამისად, დიდი შანსია, ჰოლანდიელი სპეციალისტი 4-დან 12-მატჩამდე მოკვეთონ და გუნდის გაყვანა შეხვედრაზე მეორე მწვრთნელს მოუხდეს. საზიზღარ ფორმაში მყოფ „ბარსელონას“ კი ეს ნამდვილად არ აწყობს. 

 

* * * 

ასაკის მიუხედავად, „ბაიერნის“ ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი სასწაულებს ჩადის. 32 წლის ფორვარდს, გერმანიის ბუნდესლიგის საწყის 5 ტურში, 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. სტატისტიკით, ის მეტოქის კარს ყოველ 37 წუთში ერთხელ ლაშქრავს, რაც ევროპაში რეკორდია. 

კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი, რონალდინიო, გასულ უქმეებზე, ღიმილით ჩაერთო სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში და ასევე, ღიმილით გამოაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ზოგადად, ბრაზილია, ვირუსის გავრცელების მხრივ, ერთ-ერთი ლიდერია და ამიტომ, რონალდინიოს დაინფიცირებაც არავის გაჰკვირვებია. უბრალოდ, ამ ინფორმაციის მიწოდების ფორმამ ბევრი გაახალისა და რონალდინიოც ყველას მოუწოდებს, დაინფიცირებით ტრაგედიას ნუ შექმნიან, იმკურნალონ და ყველაფერი კარგად იქნება.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში