Menu
RSS

ხიზილალას კონტრაბანდას სამართალდამცავის სიცოცხლე შეეწირა

ყოფილი ცოლ-ქმრის, ქმრის ძმაკაცისა და ცოლის დის დანაშაულებრივი კავშირები

1983 წლის შემოდგომაზე, შებინდებისას, მილიციის თანამშრომელი შინ ბრუნდებოდა, როცა დაინახა, რომ კაცი ქალს მანქანისკენ ექაჩებოდა. ქალი წინააღმდეგობას უწევდა და სამართალდამცავმაც ჩარევა გადაწყვიტა. ის წყვილთან მივიდა, მაგრამ სანამ ხმას ამოიღებდა, მამაკაცმა დანა იშიშვლა და მილიციის თანამშრომელს გულ-მკერდის არეში ძალუმად ჩაარტყა. მან ქალი მანქანაში მაინც ჩატენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. განყოფილებაში პენსიონერმა დარეკა, რომელიც ყველაფერს ფანჯრიდან უყურებდა. იმის გამო, რომ სიბნელე იყო და თან პენსიონერს მხედველობა არ უვარგოდა, მეტი ვერაფერი თქვა. სამაგიეროდ, თანამშრომელმა გარდაცვალებამდე მოასწრო და ექიმს უთხრა, ქალს ბორტგამცილებლის ფორმა ეცვა, ხელში კი ხახვი და პური ეჭირაო.

„შესაძლოა, ეს ვინმესთვის უმნიშვნელო ინფორმაცია იყოს, მაგრამ გამოცდილმა მილიციელმა, პრაქტიკულად, ქალის მისამართი დაასახელა. როცა სტუმრად მიდიხარ, ხახვს და პურს არ ყიდულობ ანუ ჩვენ უნდა გვეძებნა იმ უბანში მცხოვრები სტიუარდესა, რაც რთული ნამდვილად არ იყო. ერთ საათში, უკვე სტიუარდესას კარზე ვაკაკუნებდით, თუმცა კარი არავინ გაგვიღო. მეზობლებმა გვითხრეს, რომ ის რეისში იყო და შესაბამისად, სახლში ამიტომ არ იმყოფებოდა, მისი შვიდი წლის შვილი კი ქალის დამ წაიყვანა. 

 

როგორც წესი, შორეული რეისების დროს, ბავშვი ან ქმარყოფილს, ან დას მიჰყავდა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქალი, მართლაც, რეისში იყო და თან _ სად, მოსკოვში. ხომალდის კაპიტანმა დაადასტურა, რომ ბორტგამცილებელი იმ დროს, მათთან ერთად, მოსკოვში იმყოფებოდა და უკან გამოსაფრენად ემზადებოდა ანუ ის მკვლელობის ადგილზე ვერანაირად იქნებოდა. 

კინაღამ გადავირიეთ. იმ უბანში კი არა, ხუთი კილომეტრის რადიუსში, სხვა „სტიუარდესა“ არ ცხოვრობდა. არ იყო ეს ისეთი პროფესია, ყოველ მეორეს რომ ჰქონოდა... დავკითხეთ სტიუარდესას და, რომელმაც აღნიშნა, რომ მკვლელობის მომენტში, დის სახლში იყო და ბავშვთან ერთად, შინ გამგზავრებას აპირებდა. გადავწყვიტეთ, სახლი გაგვეჩხრიკა და თუ იქ პურსა და ხახვს ვიპოვიდით, სტიუარდესას და უფრო მეტად შეგვეწუხებინა“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

ბორტგამცილებლის სახლის ჩხრეკისას არაფერი აღმოჩნდა. გამომძიებლები მხოლოდ მაცივარში, 3-ლიტრიან ქილაში შენახულმა წითელმა ხიზილალამ გააოცა. ეს მაშინ (და ახლაც) დელიკატესი იყო, საკმაოდ ძვირი ღირდა და რაც მთავარია, მისი შოვნა ურთულესი იყო. ოჯახში ეს იმით ახსნეს, რომ ბორტგამცილებელი რეისებს სხვადასხვა მიმართულებით ასრულებდა, შესაბამისად, რუსეთში ბევრი ნაცნობი კოლეგა-მეგობრები ჰყავდა, რომლებიც ვლადივოსტოკში დაფრინავდნენ და იქ ხიზილალა თავის ფასში იშოვეს. 

თქმა არ უნდა, პროდუქტი ბრაკონიერების მიერ იქნებოდა მოპოვებული, მაგრამ გამოძიებას ახლა ამისთვის არ ეცალა _ სამართალდამცავებს მილიციელის მკვლელი უნდა ეპოვათ. 

„სტიუარდესას“ ყოფილი ქმარი ერთ-ერთ მიგდებულ სასადილოში, მტვირთავად მუშაობდა. მას სამსახურში მივაკითხეთ და ძალიან გაგვიკვვირდა, როცა რიგითი მტვირთავი, პიჯაკში გამოწყობილი, დირექტორის კაბინეტიდან ღიღინით გამოვიდა. 

_ სამუშაო დღე მორჩა, დირექტორს კი თანამშრომლებთან უშუალო დამოკიდებულება აქვს, _ ასე ახსნა მან თავისი საქციელი, თუმცა ყველასთვის ნათელი იყო, რომ რაღაც რიგზე არ გახლდათ. აი, იმის გასაგებად, რა იყო ეს რაღაც, სასადილოს შემოწმება გადავწყვიტეთ და ორი სამლიტრიანი წითელი ხიზილალა იქაც აღმოვაჩინეთ“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

სასადილოს დირექტორმა ხიზილალას დანახვაზე ხელები გაასავსავა, მე არაფერი ვიცი, ჩემთან მუშები დადიან, ხიზილალა თეფშზე რომც დავუდო, მაინც არ შეჭამენ, არც იციან, რა ხილიაო. 

ერთი მხრივ, აბსურდი იყო, რომ სასადილოს დირექტორმა არ იცოდა, მის მაცივარში რა ინახებოდა, ხოლო მეორე მხრივ, ყველაფერ ამას ისე გულწრფელად და გაოცებით ამბობდა, ძნელი იყო, არ დაგეჯერებინა. შეშინებულ დირექტორს კითხვა დენდივით გამოწყობილ მტვირთავზეც დაუსვეს და ისევ გულწრფელად აღიარა _ ერთ-ერთმა აქაურმა მაღალჩინოსანმა მთხოვა სამსახურში მისი მიღება და ისიც მთხოვა, ნუ ამუშავებო. 

დირექტორი მზად იყო, პასუხი ამაზე უფრო ეგო, ვიდრე ხიზილალაზე, რომელზეც შეიძლება, დაეხვრიტათ კიდეც, რადგან ორი სამლიტრიანი ხიზილალა, რამდენიმე ათას მანეთს უკაკუნებდა, ამისთვის კი თავზე ხელს არავინ გადაუსვამდა. 

უკვე ადვილი მისახვედრი გახდა, რომ „სტიუარდესას“ ხიზილალა კონტრაბანდულად ჩამოჰქონდა და იმით სარგებლობდა, რომ ეკიპაჟის წევრებს საბაჟოზე ან არ ჩხრეკდნენ, ან ძალიან მსუბუქად. ქმარყოფილი ხიზილალას სასადილოში ჩუმად ასაღებდა და თან ისე ასაღებდა, ამის შესახებ დირექტორმაც კი არაფერი იცოდა. კარგად აწყობილ სქემას ვიღაცამ თუ რაღაცამ შეუშალა ხელი, გამოძიებას ის უნდა გაეგო, ვინ იყო ეს ვიღაც თუ რაღაც და რაც მთავარია, ვინ იყო გამოწყობილი „სტიუარდესას“ ფორმაში, ასევე, ვინ დაარტყა დანა მილიციის თანამშრომელს. 

ყოფილ ქმარს უტყუარი ალიბი ჰქონდა, ბორტგამცილებელი კი ქვეყანაში საერთოდ არ იყო... 

გამოძიება ჩიხში შევიდა და ნაცად მეთოდს მიმართა _ უბანში პენსიონერები გამოკითხა. კომუნიზმის შენების პროცესში, პენსიონერებს, ასე თუ ისე, პენსია ჰყოფნიდათ და იშვიათად მუშაობდნენ. კაცები დილიდან საღამომდე, ეზოში დომინოთი, ნარდით ან ჭადრაკით ერთობოდნენ, ქალებიც ისხდნენ და ხან ძველ ამბებს იხსენებდნენ, ხანაც ახალგაზრდებს ჭორავდნენ. შესაბამისად, არ არსებობდა, პრაქტიკულად, ერთი კორპუსის ეზო, სადაც დღის განმავლობაში, რამდენიმე პენსიონერი არ „აბირჟავებდა“. სამართალდამცავებისთვის ეს კასტა, ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო.  

პენსიონერებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ უფროსი დის არყოფნის დროს, უმცროსი და „სტიუარდესას“ ფორმას არცთუ იშვიათად იცვამდა და ისე სეირნობდა. 

„სტიუარდესას“ ფორმაში გამოწყობილ გოგოს, ბიჭები მეტ ყურადღებას აქცევდნენ და მის გაცნობას ცდილობდნენ. შედეგად, გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ იმ ღამეს, როცა სამართალდამცავი მოკლეს, ფორმა სწორედ უმცროს დას ეცვა ანუ ის მკვლელსაც იცნობდა. როგორც მაშინ, ისე ახლაც, სამართალდამცავის მკვლელობის გახსნა პოლიციის მუნდირის ღირსების საქმე იყო, ამიტომ გოგონა განყოფილებაში უბოდიშოდ მიაბრძანეს და როცა მან ურცხვად განაცხადა, არაფერი ვიციო, ერთი ლაზათიანი სილაც გააწნეს. 

„გარდაცვლილ მილიციელს იქ ბევრი მეგობარი ჰყავდა. მათთვის ის ქალი, მინიმუმ, მკვლელობის თანამონაწილე იყო და თუ ნებით არ იტყოდა სიმართლეს, ძალით ათქმევინებდნენ. ყველაფერი ეს, დაახლოებით, 30 წამში ავუხსენი დაკავებულს და ისიც ვუთხარი, ახლა ავდგები, ოთახიდან გავალ და შეიძლება, ხუთ წუთში, უკვე მკვდარი იყო-მეთქი. აკანკალდა და მაშინვე ყველაფერი დაფქვა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

როგორც დაკავებულმა თქვა, მის დას ხიზილალა კონტრაბანდულად ჩამოჰქონდა, ყოფილი ქმარი კი, თავის ძმაკაცთან ერთად, ყიდდა. ის ძმაკაცი ადრე ნასამართლევი იყო და მისი ყველას ეშინოდა. სწორედ მან აიძულა სტიუარდესა კონტრაბანდაზე წასულიყო. საუბარი რამდენიმე ათას მანეთზე იყო, რასაც ყოველთვიურად, ხიზილალას რეალიზაციით აკეთებდნენ. სწორედ ქმარყოფილის ძმაკაცმა მოითხოვა არა ერთი, არამედ, ერთდროულად სამი ქილის წამოღება, რაზეც დამ უარი განაცხადა. სახლთან სწორედ სტიუარდესას უცდიდა და როცა ფორმაში ქალი დაინახა, ეგონა, ის იყო. მისი შეშინება სურდა და მოულოდნელად, სამართალდამცავი გამოჩნდა, რომელიც გოგონას დაცვას შეეცადა, თუმცა საბოლოოდ, სიკვდილი იპოვა. 

„ყოფილი ქმრის ძმაკაცის დასაკავებლად მე არ წავსულვარ. სამინისტროში წავედი და მინისტრის მოადგილეს ავუხსენი, რომ ჩვენი თანამშრომელი ხიზილალას გამო მოკლეს. ისიც ყველაფერს მიხვდა, მიხვდა იმასაც, რატომ ვიჯექი მასთან და არა _ სპეცოპერაციაზე. დაახლოებით, ერთ საათში, მინისტრის მოადგილის კაბინეტში სატელეფონო ზარი გაისმა, აუწყეს, რომ საშიში დამნაშავის აყვანის დროს, სამართალდამცავები იძულებულნი გახდნენ, ცეცხლი გაეხსნათ და ეჭვმიტანილი ადგილზე გარდაიცვალა. 

შესაძლოა, ეს ვინმესთვის სისასტიკე იყოს, ჩვენთვის კი ერთგვარი სამართლის ზეიმი გახლდათ. მას თანამშრომლის მკვლელობისთვის მაინც დახვრეტდნენ, ჩვენ, უბრალოდ, პროცესი დავაჩქარეთ“, _ დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა. 

ბორტგამცილებელს კონტრაბანდისთვის პირობითი სასჯელი მისცეს და ფრენა აუკრძალეს, მისი ყოფილი ქმარი, კონტრაბანდული საქონლის გასაღებისთვის, ციხეში სამი წლით გაისტუმრეს, და კი, რომელიც დანაშაულს შეესწრო და დამალა, გისოსებს მიღმა ხუთი წლით გაუშვეს. არადა, პირობითი მსჯავრი მისთვისაც შეიძლებოდა, მაგრამ მან სამართალდამცავის მკვლელობა დამალა, ეს კი არავინ აპატია.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში