Menu
RSS

ხელჩართული ჩხუბი მკლავჭიდის ფედერაციაში და სკანდალში გახვეული თემურ ქეცბაია

დაკორონებული მსოფლიო სპორტის კრიტიკული დღეები

იმის მიუხედავად, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა და მსოფლიოს ყველაზე დიდმა სპორტულმა ღონისძიებამ _ ოლიმპიურმა თამაშებმა 2021 წლისთვის გადაიწია, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ერთი ტურნირიც არ ჩატარდეს. ამის მიზეზი, კორონავირუსის მეორე თუ მესამე ტალღის გარდა, ისიც გახლავთ, რომ შესაძლოა, კომპანიებისთვის აღნიშნული ტურნირები ფინანსურად მომგებიანი აღარ იყოს. თუ ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე გულშემატკივარს არ დაუშვებენ, თუ არ გაიყიდება ბილეთები, თუ არ იქნება ოლიმპიური სოფლები, თუ არ აღდგება საჰაერო მიმოსვლა ქვეყნებს შორის, ტურნირს კვლავ ჩაშლა ემუქრება. შესაძლოა, სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა ისიც კი თქვა, ოლიმპიადის მსვლელობის დროს, ერთი თვის განმავლობაში, მილიარდზე მეტ პრეზერვატივს ვყიდით და თუ ახლა ხალხი არ იქნება, პრეზერვატივები ვის რაში დასჭირდებაო ანუ ყველას თავისი სატკივარი აქვს და ერთადერთი გამოსავალი ის გახლავთ, რომ დიდი ფული ტელევიზიებმა გადაიხადონ. თავის მხრივ, ტელევიზიების მფლობელები ვაჭრობენ, რადგან კარგად იციან, თუ გულშემატკივრებს არ დაუშვებენ, ოლიმპიურ კომიტეტს მათ გარდა, სხვა გზა აღარ ექნებათ და ამიტომ, დაბალ ფასს სთავაზობენ.

ყველაზე ცუდ დღეში იაპონიაა, რომელმაც 20 მილიარდ დოლარამდე ზარალი უკვე ნახა, რადგან ოლიმპიადისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა ერთი წელი უქმად უნდა ჰქონდეს და თუ ტურნირი ისევ გადაიდება, იაპონელებისთვის ეს დამატებით 20 მილიარდის ზარალი იქნება. 40 მილიარდი სუფთა ზარალი კი იაპონიისთვისაც ძალიან ბევრია. მოკლედ რომ ვთქვათ, გაზაფხულისთვის ან ვაქცინა უნდა იყოს, ან ტურნირების ჩატარება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. 

* * * 

12 ნოემბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს საუკუნის მატჩი რომ ელოდება, კარგად გემახსოვრებათ. თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ იმ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უნდა ვითამაშოთ, რომელზეც წეღან მოგახსენეთ. ჰოდა, ახლა იმის შანსია, რომ ამ შეხვედრაში, გუნდს ნაკრების სამი წევრი _ კაპიტანი ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ელგუჯა ლობჟანიძე ვერ დაეხმარონ. სამივე მათგანი ბურთს ყაზახეთში აგორებს და ორშაბათს, 19 ოქტომბერს, ყაზახეთის მთავრობის დადგენილებით, ნებისმიერ სპორტსმენს ქვეყნის დატოვება ეკრძალება, რადგან ყაზახეთში, პანდემიის ახალ ტალღას სერიოზულად უფრთხიან. ამ საკთხთან დაკავშირებით, ფედერაციის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ იმის თქმა კი გადაჭრით შეიძლება, რომ კანკავას გარეშე, საქართველოს ნახევარდაცვის ხაზის წარმოდგენა, უბრალოდ, შეუძლებელია. 

* * * 

გასულ კვირას, ყველაზე დიდი ხმაური ქართულ სპორტში მკლავჭიდის ფედერაციაში იყო. მოქმედ პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს, სპორტსმენთა და მწვრთნელთა არცთუ მცირე ნაწილი მიუვარდა, ის კორუფციასა და ფულის გაფლანგვაში დაადანაშაულა და ლამის ხელჩართული ჩხუბიც გაუმართა. როგორც გვეუბნებიან, მკლავჭიდის ფედერაციაში სხდომა მალე გაიმართება, რომელზეც ჯაჭვლიანს პოსტის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება და მის ნაცვლად, მკლავჭიდელებს პრეზიდენტად ნაკრების ერთ-ერთი ვეტერანი და ძველი მკლავჭიდელი, ერეკლე გურჩიანი სურთ. 

* * * 

უცნაურ ამბავშია გახლართული თემურ ქეცბაიაც: „ანორთოსისის“ ქართველი თავკაცი იქაურ მედიას არ სწყალობს, რადგან კვიპროსელი ჟურნალისტები არცთუ იშვიათად აკრიტიკებენ და ხშირად არამართებულად. ჰოდა, ბოლო ორი შეხვედრის შემდეგ, ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე მისვლაზე უარი თქვა, რის გამოც, 10 000-ევროიანი ჯარიმა დაუწერეს. ქართველი სპეციალისტი მზადაა, ჯარიმები იხადოს და პრესკონფერენციაზე არ იაროს, თუმცა ფეხბურთის ფედერაციამ „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობას კატეგორიულად მოსთხოვა, მწვრთნელი პრესკონფერენციაზე მივიდესო. 

გასულ უქმეებზე, მორიგი შეხვედრის შემდეგ, რომელიც „ანორთოსისმა“ მოიგო, ბატონი თემური პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და მხოლოდ ერთი ფრაზა თქვა _ „ძალიან კარგი, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვსურდა“. ამის შემდეგ, ქართველმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია დატოვა და ახლა კვიპროსული მედია კატეგორიულად ითხოვს, რომ „ანორთოსისმა“ თემური თანამდებობიდან გაუშვას. 

ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტენ „ანორთოსისის“ შეფები, მაგრამ შეგახსენებთ, რომ 4 წლის წინ, ქეცბაიამ კვიპროსზე „აპოლონი“ გააჩემპიონა და... გადადგა. 

* * * 

წერილის დასაწყისში, ფინანსურ კრიზისზე გითხარით და ამ მხრივ, დალხენილი ცხოვრება ისეთ გრანდსაც კი არ აქვს, როგორიც „ბარსელონაა“. კატალონიური კლუბის ფეხბურთელებმა, გასული სეზონის მიწურულს, ხელფასების შემცირებაზე თანხმობა თქვეს, რათა გუნდს როგორმე დახმარებოდნენ, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ „ბარსას“ ბიუჯეტში 200-მილიონიანი გარღვევა აქვს. კლუბის შეფობა ისევ ფეხბურთელებს მიადგა და მათ ხელფასის შემცირება კი არა, გადახდის გადავადება შესთავაზა ანუ კლუბი ვალდებულებას აიღებს, რომ ფეხბურთელებს დაპირებულ თანხას გადაუხდის, მაგრამ მას შემდეგ, რაც სტადიონზე ხალხი დაბრუნდება და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ჩადგება. 

მოთამაშეებმა ითათბირეს და... ასეთ პირობაზე უარი განაცხადეს. ფიფას კანონით, კლუბი ვალდებულია, მოთამაშეს კონტრაქტით დაპირებული თანხა გადაუხადოს და თუ ამას არ აკეთებს, საქმეში ფიფა ერთვება, მაგრამ თუ კლუბი გაკოტრებულად გამოცხადდება, გადახდის ვალდებულებაც ეხსნება. ჰოდა, როგორც ჩანს, ფეხბურთელებს სერიოზული ეჭვი გაუჩნდათ, რომ დღეს თუ არა ხვალ, „ბარსელონას“ ფინანსური კრიზისი უმართავი გახდება და დაპირებული ჯამაგირის გარეშე დარჩებიან. არსებული რეალობის გათვალისწინებით, კატალონიურ გრანდს კრედიტს ბანკებიც არ აძლევენ, რადგან პანდემიის მასშტაბები დღითი-დღე იზრდება და ყველა ხვდება, რომ ეს პრობლემა დღეს და ხვალ არ დასრულდება. 

* * * 

გასული სეზონის საუკეთესო მცველად აღიარებული ვირჯილ ვან დაიკი, „ლივერპულსა“ და ჰოლანდიის ნაკრებს კარგა ხანს ვერ დაეხმარება. ის რამდენიმე დღის წინ, „ევერტონთან“ შეხვედრაში დაიმტვრა და ოპერაცია სჭირდება. მართალია, თავად ფეხბურთელი იმედიანადაა, მაგრამ ექიმები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ვირჯილმა 8 თვე გამოტოვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის დასრულებულია. 

* * * 

ორი კვირის წინ, ესპანელ ჩოგბურთელ კარლოს ალკარასს არავინ იცნობდა. 17 წლის ბიჭზე ამბობდნენ, რომ პერსპექტიულია, მაგრამ ასეთი პერსპექტიულები, თითქმის ყოველ წელს ჩანან და მერე იკარგებიან ხოლმე. აი, კარლოსს კი, სავარაუდოდ, სხვა მომავალი ელოდება. ბოლო ორ კვირაში, მან მიჯრით AთP-ს ორი ტურნირი მოიგო და რეკორდიც დაამყარა _ ამ ასაკში, ზედიზედ ორი ტურნირი არავის მოუგია. 

ესპანელები ახალი ვარსკვლავის დაბადებაზე საუბრობენ, თუმცა, ჯერჯერობით, მთავარი ვარსკვლავი რაფაელ ნადალია და კარლოსსაც იქამდე მისასვლელად, უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება. 

ისე, შეგახსენებთ, რომ რაფა ნადალი ჩოგბურთზე სრულიად შემთხვევით მოხვდა. მისი ბიძა, სერხი ნადალი „ბარსელონას“ ფეხბურთელი იყო და პატარა რაფასაც ფეხბურთელობისთვის ამზადებდნენ, თუმცა მან ოჯახის წევრებს გამოუცხადა, „ბარსელონას“ აკადემიაში კი არა, „რეალის“ მაისურის მორგებაზე ვოცნებობო. ოჯახმაც ითათბირა და ფეხბურთის ნაცვლად, აქტიური ბავშვი ჩოგბურთზე მიიყვანა. ვერ გეტყვით, რა დაკარგა საფეხბურთო სამყარომ, მაგრამ ჩოგბურთმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი მიიღო. ჰო, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, რაფა დღემდე, „რეალის“ თავგადაკლული ქომაგია. 

* * * 

ათწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, NBA-ს ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა „ლეიკერსმა“. ალბათ, სიმბოლურია, რომ 2010 წელს, როცა ლოს-ანჯელესელებმა ოქროს მედლები ბოლოს მოიგეს, მათი ლიდერი ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტი იყო. ამჯერად კი გუნდს ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა და საჩემპიონო ბეჭედიც ალალად დაიმსახურა. 

მართალია, პანდემიის გამო, საჩემპიონო პრემიები ისეთი მსუყე ვერ იქნება, როგორც მაგალითად, შარშან ან შარშანწინ იყო, მაგრამ ლებრონს ეს ყველაზე ნაკლებად აღელვებს. მას ხელფასი საერთოდ რომ არ მისცენ (არადა, 37.44 მილიონი აქვს წლიურად), სარეკლამო კონტრაქტებიდან, წელიწადში 146 მილიონ დოლარს იღებს და აშკარად არ უნდა უჭირდეს. 

სხვათა შორის, კალათბურთის სპეციალისტებმა ნაციონალური ლიგის კრიზისსა და ვარსკვლავების ნაკლებობაზე ისაუბრეს, რაც იმით ახსნეს, რომ 35 წლის ჯეიმსის გამჩერებელი არავინ გამოჩნდა ანუ ახალ თაობაში არავინაა ისეთი, ვინც ჯეიმსის წასვლის შემდეგ, უძლიერესის სახელს დაიმკვიდრებს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში