Menu
RSS

დიმიტრი ხუნდაძე: „ჩაკეტვა და ზომების გამკაცრება საჭირო აღარაა!“

უქმნის თუ არა დამძიმებული ეპიდვითარება არჩევნების ჩატარებას საფრთხეს _ „დღეს უფრო მეტად გაბედულები ვართ!“

2020 წლის 13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 841-მდე გაიზარდა. კოვიდინფექციით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 102-ს მიაღწია. მოკლედ, საქართველოში ცუდი კორონავითარებაა, თუმცა ხელისუფლება „ჩაკეტვის“ გზას აღარ ირჩევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაახლოებით, ორ კვირაში, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რაც ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, შესაძლოა, რისკის შემცველი იყოს. „ვერსია“ ეპიდვითარების შესაფასებლად, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს დაუკავშირდა:

_ გლობალურად ეპიდვითარება დღითიდღე უარესდება, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი. 218 ქვეყანაა COVID 19 -ით დაზიანებული და შესაძლო მეორე ტალღა, როგორც ვვარაუდობდით, რეალობად იქცა. 

ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს საქართველოშიც. ამ მხრივ, როგორც ვხედავთ, აჭარა გამოირჩევა, სადაც ბოლო დროს, გარკვეული სტაბილიზაცია იქნა მიღწეული ანუ ინფიცირებულთა რიცხვმა დაიკლო, თუმცა შემთხვევათა რაოდენობა იზრდება დედაქალაქში და ასევე, იმერეთის რეგიონშიც. 

მოკლედ, ეს ვითარება, პრაქტიკულად, აჭარის ანარეკლია, რაც მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. ზღვის სეზონის დროს, ელემენტარული წესები რომ დაგვეცვა, რა რეკომენდაციასაც ვიძლეოდით _ ფიზიკური დისტანცია თუ პირბადის მოხმარება, დღეს ვითარება პოზიტიურად განსხვავებული იქნებოდა, თუმცა პანიკის საფუძველი დღესაც არ არსებობს, საჭიროა სიფრთხილე, ყურადღება და პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზიანოთ, როგორც საკუთარი ჯანმრთელობა, ასევე, გავუფრთხილდეთ სხვისასაც და რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ქვეყნის უსაფრთხოება. 

_ ბატონო დიმიტრი, საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრიც ბრძანდებით, შეზღუდვების დაწესებას ხომ არ გეგმავს? 

 

_ როგორც ვთქვი, ვითარება ყველგან უარესდება, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ ჩვენთანაც და ასევე, მსოფლიოშიც, გამკაცრების, რეგულაციებისა და შეზღუდვების მიმართულება არ არის. 

ყველა ქვეყანას და, მათ შორის, ჩვენც, ორი ძირითადი პრინციპი გვაქვს დასაცავი _ ქვეყნის ეპიდუსაფრთხოება ანუ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ასევე, ეკონომიკური სტაბილიზაცია. ჩაკეტვა კი ეკონომიკას, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე ზიანს აყენებს. 

ასევე, გვაქვს მესამე საზრუნავიც _ ვართ პოლიტიკურად აქტიურ პროცესში, წინ გვაქვს არჩევნები და საჭიროა, საარჩევნო და ზოგადად, პოლიტიკური პროცესის სწორად მართვა. 

რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა დამატებითი შეზღუდვები, გამკაცრებები ან ჩაკეტვები, ამ ვითარებაში, ამის საჭიროება არ არის და ვფიქრობ, არც მომავალში იქნება, თუმცა ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. 

წერტილოვანი, ლოკალური გამკაცრებები, რა თქმა უნდა, იქნება. გავხსენით სკოლები, მაგრამ ვხედავთ, რომ ზოგან პედაგოგებს დაუდასტურდათ COVID 19 , ზოგან _ მოსწავლეებს და ლოკალური შეზღუდვები, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება. 

ვფიქრობთ და სხვა ქვეყნებიც ასეთ მიმართულებას იღებენ, რომ არ შეიზღუდოს ფრენები, მაგრამ აქაც იქნება გარკვეული რეგულაციები და რეკომენდაციები, რათა სტუმარს ან იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან გადის, ჰქონდეს ე.წ. კოვიდპასპორტი ანუ დასტური, რომ გატესტილია და COVID 19 არ უდასტურდება. 

პარალელურად, სამედიცინო სექტორი, რომელიც წინა ხაზზეა, რა თქმა უნდა, სრულ მზადყოფნაშია. 

_ ისე, ჩნდება კითხვა: ადრე, როცა ვირუსის დაბალი მაჩვენებლი იყო, ჩავიკეტეთ და მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ახლა კი, როცა მაჩვნებელი გაცილებით მაღალია, ასეთი ტენდენცია აღარაა. რატომ? 

_ ლოგიკური კითხვაა და პასუხიც ლოგიკური აქვს: თავიდან უფრო მეტი შიში და ცუდის მოლოდინი იყო, რამეთუ მსოფლიო ამ გლობალური გამოწვევისთვის მზად არ გახლდათ, მზად არც ჩვენ ვიყავით. კლინიცისტებმა არ იცოდნენ, რა დაავადებასთან ჰქონდათ საქმე და რთული პაციენტები როგორ უნდა ემართათ. კლინიკები არ იყო მომზადებული და ამისთვის გვჭირდებოდა დრო, რადგან ნახტომისებურ ზრდას სისტემა ვერ გაუძლებდა. 

მოკლედ, თავიდან უფრო მეტი კითხვა იყო, ვიდრე _ პასუხი. დღეს კი ამ ვირუსთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ არ გვაქვს პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი და არ გვაქვს ვაქცინა, ინფორმაცია უფრო მეტია. 

სიკვდილიანობის მაჩვენებელმაც მნიშვნელოვნად დაიკლო, მანამდე, საერთო მაჩვენებელი, გლობალურად 7% იყო, დღეს კი 3%-ზე ქვემოთაა. ჩვენთან კიდევ ბევრად ნაკლებია ეს მაჩვენებელი. მაჩვენებლმა პოზიტიურად დაიკლო და დღეს მართვა შედარებით ნაკლებად პრობლემურია, ვიდრე აქამდე იყო, ამიტომ დღეს უფრო გაბედულები ვართ, ვიდრე მანამდე ვიყავით. დრო მოვიგეთ და დღეს კლინიკების 80% მზადაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სისტემაში ჩაერთოს, მანამდე, მხოლოდ 5 კლინიკა იყო ჩართული. 

 

სხვათა შორის, მაშინ მსოფლიოში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტიც იყო და ნიღბების წარმოებაც კი არ ხდებოდა, რადგან ისინი მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებზე იყო გათვლილი. შემდეგ კი მთელ მსოფლიოს დასჭირდა. 

ასევე, თავიდან ძალიან ბევრი „ფეიკტესტი“ გამოჩნდა, დაბალი ხარისხის, მწარმოებლებიც კი ვერ აკმაყოფილებდნენ საკუთარი ქვეყნის მოთხოვნებს. დღეს არც ტესტების დეფიციტია, საქართველოში, დღეში 10 000-ის ფარგლებში ვაკეთებთ ტესტებს. 

ასე რომ, დღეს უფრო მეტად მზად და ვიმეორებ, უფრო მეტად გაბედულები ვართ, მაგრამ მთავარია არა მხოლოდ რეგულაციები და უწყებების მზაობა, არამედ, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების დამყოლობასაც. დღეს ყველაზე მძლავრი დაცვის საშუალება, სანამ არ გვექნება ვაქცინა და ანტივირუსული პრეპარატი, პირბადე, ფიზიკური დისტანცირება და ჰიგიენის წესების დაცვაა. ამიტომ საზოგადოებაც და ხელისუფლებაც, ერიც და ბერიც უნდა იყოს ერთიანი და სიმძიმეს ყველა ერთად დავძლევთ! 

_ როგორც მივხვდი, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, კითხვები არ არსებობს, არა? 

_ დიახ, წეღანდელი თქმის არ იყოს, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკური სტაბილურობის გარდა, გვაქვს მესამე ვალდებულებაც _ პოლიტიკური პროცესის სტაბილურობა. საარჩევნო პროცესი იმგვარად უნდა ვმართოთ, რომ არჩევნების შემდეგ, არ მივიღოთ გაუარესებული ეპიდვითარება, რამეთუ სიმჭიდროვე მატულობს არჩევნებში და ამიტომ, აქაც წესები უნდა იქნას დაცული. ეს რეკომენდაციები გაცემულია და ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, საარჩევნო პროცესსაც ისე უსაფრთხოდ ჩავატარებთ, რომ შემდეგ დამატებითი პრობლემები არ მივიღოთ.

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში