Menu
RSS

ვინ არის სპორტსმენი, რომლის ქონებამ მილიარდს გადააჭარბა

ქართველები, ქართველების წინააღმდეგ _ როგორ აპირებენ რუსი მორაგბეები „ბორჯღალოსნების“ დამარცხებას

საქართველო, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, 12 ნოემბერი, 20.00 საათი _ ეს არის თარიღი და ადგილი, როცა ქართული ფეხბურთის ბედი გადაწყდება. ჰო, სწორედ რომ ბედი, რადგან ამ დღეს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ან იგებს და ევროპის ჩემპონატის ფინალურ ეტაპზე თამაშს ინაღდებს, ან არა და ქართული ფეხბურთი, მინიმუმ, ათი წლით მიიძინებს. ბელორუსებთან 8 ოქტომბერს გამართული შეხვედრა, ავად თუ კარგად, მოვიგეთ და თუ ვინმე იმას მისტირის, რომ ლამაზი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, ნერვები დაიწყნაროს _ მატჩის შემდგომ, ტაბლოზე ანგარიში რჩება და არა _ ლამაზი თამაში. შევეცდებით, მიახლოებით მაინც აგიხსნათ, რას ნიშნავს ქართული ფეხბურთისთვის ამ შეხვედრის მოგება: პირველ რიგში, ფინანსურ სარგებელს, რომელიც 9.25 მილიონ ევროში აისახება ანუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის, 35 მილიონ ლარზე მეტს უეფასგან მიღებს. ამას ჯგუფურ ეტაპზე მოგებული თითო მატჩისთვის კიდევ 2 მილიონი, ფრესთვის კი 750 ათასი ევრო ემატება და ბარემ, იმასაც გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონს 60 მილიონი ევრო ერგება ბონუსად.

ფული ფულად და, საქართველოში ისედაც ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა კიდევ უფრო პოპულარული გახდება. 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, შესაძლოა, 1981 წლის 13 მაისი, ლამის მთელი სიზუსტით გაცოცხლდეს. ეს არ იქნება არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამარჯვება და არც _ რომელიმე კონკრეტული ადამიანის, ეს იქნება სახალხო ზეიმი, რომელიც ასე აკლია ჩვენს ქვეყანას და არ ექნება მნიშვნელობა არც პარტიულ კუთვნილებას, არც _ კანის ფერს, არც _ მრწამსს და საერთოდ, არაფერს. 

 

უკვე ისიც ცნობილია, თუ რომელ ჯგუფში მოხვდება და ვის შეხვდება ჩვენი გუნდი. ფინალურ ეტაპზე, საქართველო ჩ ჯგუფში, ჰოლანდიასთან, უკრაინასა და ავსტრიასთან ერთად ითამაშებს და არც ეს ჯგუფი ჩანს უშანსო, თუ გავედით. 

ცალკე თემაა სტადიონზე ქომაგების დაშვების საკითხი. მართალია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბელორუსთან პრინციპული დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდა, მაგრამ ათასობით გულშემატკივარი, დედაქალაქსა თუ რეგიონებში, დიდ ეკრანებთან, სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბა და რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, 55-ათასიან „დინამო არენაზე“, 20 ათასი გულშემატკივრის შეშვება დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, მით უმეტეს მაშინ, როცა წინ საუკუნის მატჩია. 

რაც შეეხება ბელორუსთან თამაშს, ის ერთადერთი გოლის წყალობით მოვიგეთ, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეაგდო და პენალტიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამომავალმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იაქტიურა. ყაზანის „რუბინის“ 19 წლის შემტევი, მართლაც, საოცრად პროგრესირებს და სანამ ის საქართველოს ნაკრებისთვის იბრძოდა, მის კლუბს „კრასნოდარმა“ 10 მილიონი ევრო შესთავაზა და უარი მიიღო _ ყაზანელებს ხვიჩას გაყიდვა ბევრად ძვირად სურთ, თანაც ევროპაში, რადგან შიდა ჩემპიონატში კონკურენტი არ გააძლიერონ. თუ კვარაცხელიამ პროგრესი ამ ტემპით გააგრძელა, 10 მილიონი მის ტრანსფერში სასაცილო ფასად გამოჩნდება. 

* * * 

11 ოქტომბერს, ერთა ლიგის შესარჩევში, საქართველო პოლონეთში, სომხეთს დაუპირისპირდა. წესითა და რიგით, მატჩისთვის ერევანს უნდა ემასპინძლა, მაგრამ მეზობლად მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, შეხვედრა პოლონეთში ჩატარდა და ფრედ, 2:2 დასრულდა. ჩვენმა გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, მატჩსაც იგებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, მეტოქემ პენალტით გაათანაბრა და ქულა გადაარჩინა. 

* * * 

ფეხბურთი გასაგებია, მაგრამ რაგბიზეც ვთქვათ. საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს ანუ 1 ნოემბერს, თბილისში, „ბორჯღალოსნები“ რუსეთს უმასპინძლებენ. რა ძნელი მისახვედრია, რომ მუდმივმა წაგებებმა ჩრდილოელები ძალიან შეაწუხა და ისინი საქართველოსთან სათამაშოდ განსაკუთრებით ემზადებიან. უფრო მეტიც, მათ ნაკრებში ოთხი ქართველი ითამაშებს. ოთხივეს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ჩვენს ნაკრებში არასოდეს უთამაშია. ამას გარდა, რუსთა თავკაცმა ერთგვარ ტაქტიკურ სვლასაც მიმართა _ რუსეთის ლიგაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებით გუნდი გააკეთა, რომელიც რუსებს თბილისში წამოსვლამდე შერკინება ანუ რუსული მხარე შეეცდება, ქართული სათამაშო სტილის საიდუმლო სწორედ ასე გაიგოს და ჩვენი სუსტი წერტილებიც შეისწავლოს. რა გამოუვათ ამ საქმიდან, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ 1 ნოემბერს, რუსები მოსაგებად ძალუმად გაიწევენ. 

* * * 

იტალიურმა გამოცემებმა, სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ხელფასების ოდენობა გამოაქვეყნეს. როგორც წესი, აპენინებზე ბევრს იშვიათად იხდიან და, მაგალითად, ინგლისსა და ესპანეთთან, იტალიური ანაზღაურება ახლოსაც ვერ მივა. ასაკის მიუხედავად, კრიშტიანუ რონალდუ, იტალიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხვბურთელია _ წლიური 31 მილიონი ევროთი და ეს მაშინ, როცა მეორე ადგილზე მყოფი, მისივე თანაგუნდელის, ლეონარდო ბონუჩის ჯამაგირი, სულ რაღაც, 6.5 მილიონი ევროა. 

მწვრთნელთა შორის პირველობას, 12 მილიონი ევროთი, „ინტერის“ თავკაცი, ანტონიო კონტე არავის უთმობს და მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ დამრიგებელ, პაულო ფონსეკას საგრძნობლად უსწრებს. დედაქალაქელები ფონსეკას, წლიურად 2.5 მილიონს უხდიან. 

ისე, რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში სათამაშოდ იყო წასული და მაშინ, როცა ესპანელების წინააღმდეგ ქვეყნის ღირსებას იცავდა, მის სამშობლოში, მადეირაში, სახლი გაძარცვეს. მძარცველებმა წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც და ზურგზე წამოკიდებაც შეიძლებოდა, თუმცა კონკრეტულ თანხებზე საუბარი ჯერ არ არის. 

რადგან ფულზე ვსაუბრობთ, რობინიოც ვახსენოთ. 36 წლის ბრაზილიელი, მადრიდის „რეალში“ თამაშის დროს, წლიურად, 12 მილიონ ევროს იღებდა, თითქმის ამდენივე ჰქონდა „მანჩესტერ სიტიშიც“, შემდეგ კი მისი კარიერა დაბლა დაეშვა და რობინიომაც ჩინეთი და აშშ მოიარა. ჰოდა, ახლა ის მშობლიურ „სანტოსში“ დაბრუნდა, კლუბში, სადაც ბურთის გაგორება ისწავლა და 5-თვიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, რობინიო წლიურად თვეში... 230 ევროს აიღებს. ეს არის ის მინიმუმი, რომლის ქვემოთაც გადახდის უფლება კლუბებს აღარ აქვთ. სიმბოლურ თანხად თამაშს, რობინიო „სანტოსის“ სიყვარულის გამო დათანხმდა. 

* * * 

მდიდრები მხოლოდ ფეხბურთელები არ გეგონოთ. აგერ, ამერიკულმა „ფორბსმა“, გასულ კვირას მონაცემები გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ მაიკლ ჯორდანი არა მარტო საკალათბურთო მოედანზე ყოფილა გამორჩეული. მან კალათბურთით გამომუშავებულ ქონებას სწორი მიმართულება მისცა და მისი ქონება... 2 მილიარდ 100 მილიონ დოლარად შეფასდა. ცნობისთვის: ჯორდანი ერთადერთი კალათბურთელია, რომლის ქონებამაც მილიარდს გადააჭარბა. ასეულობით მილიონი კი ძალიან ბევრს აქვს. 

მილიარდერ სპორტსმენებზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ გოლფისტი ტაიგერ ვუდსი, რომლის ქონებამ მილიარდს გადააჭარბა, მაგრამ ცოლთან დაშორების შემდეგ, ქონების 70%, სწორედ ქალს ერგო, რადგან საქორწინო კონტრაქტით, ღალატის შემთხვევაში, ფული სწორედ ასე ნაწილდებოდა. ვუდსს კი ღალატი ოფიციალურად დაუმტკიცდა _ პირზე ორი ქალი დაადგა. 

 

ჰო, მილიარდიან შემოსავალს, თავის დროზე, მიხაელ შუმახერმაც გადააჭარბა, თუმცა უკვე წლებია, შუმი კომაშია და ქონებას დიდად ვეღარ ზრდის. 

* * * 

თუ ვინმემ როლან გაროსის კორტებზე გამარჯვების გემო იცის, ეს, პირველ რიგში, რაფაელ ნადალია. ესპანელმა ჩოგბურთელმა, კარიერაში მეცამეტედ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა, საერთო ჯამში, დიდი მუზარადის 20 ტურნირის მოგება მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით, როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა. სერიოზული ეჭვი გვაქვს, ნადალის მიღწევას ამ ტურნირზე, საუკუნეების განმავლობაში, ვერავინ გააუმჯობესებს. რაფას „როლან გაროსის“ თიხნარზე, კარიერაში 102 მატჩი აქვს ჩატარებული და... 100-ჯერ იმარჯვა. 

P.S. გასულ კვირას, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით მეოთხე ლიგაში, საინტერესო რამ მოხდა. ერთმანეთს ჩხოროწყუს „სამეგრელო“ და თბილისის „იბერია“ ხვდებოდნენ. მეგრულ კლუბს ძირითადი მეკარე დამტვრეული ჰყავდა, კარში სათადარიგო კიპერი უნდა ჩამდგარიყო, მაგრამ მატჩის წინ, მოთელვაზე, ისიც დაშავდა და კარში ვერ ჩადგა. თათბირის შემდეგ, კარში გუნდის ნახევარმცველი ჩააყენეს და, რა თქმა უნდა, „იბერიას“ მოგების უდიდესი შანსი გაუჩნდა. მეკარის გარეშე მოთამაშე ჩხოროწყუელებმა... 3:1 იმარჯვეს.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში