Menu
RSS

„შემაშფოთებელი არაფერია!“ _ ექსკლუზიური ინტერვიუ თენგიზ ცერცვაძესთან

მართლა იგეგმება თუ არა სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტალის გახსნა, რითი ხსნის ეპიდვითარების დამძიმებას და რა დამატებით რეკომენდაციას აძლევს მოსახლეობას ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი

 

2020 წლის 6 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 9245-ია, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი. ბოლო დროს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც გაიზარდა... მოკლედ, სექტემბრიდან მოყოლებული, საქართველოში ვირუსის შემთხვევები მკვეთრად იმატებს და ჩნდება არაერთი კითხვა, მაგალითად: რამდენადაა მზად საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, რომ არსებულ პანდემიურ ვითარებას გაუმკლავდეს, ან ხომ არ გამოცხადდება განმეორებით საგანგებო მდგომარეობა? „ვერსიამ“ არსებული ეპიდვითარება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს შეაფასებინა.

_ ბატონო თენგიზ, ვითარება საგანგაშოა? 

_ შემთხვევების მატება კარგი არასდროსაა, მაგრამ მინდა, ცალსახა კომენტარი გავაკეთო _ ეს შემაშფოთებელი არაა! მეტიც, მსოფლიო ტენდენციასა და ევროპის ქვეყნებსა და აშშ-სთან შედარებით, პირიქით, ნაკლებია. შემთხვევების ასეთი ზრდა მოსალოდნელი იმიტომ იყო, რომ ზაფხულში შიდა შეზღუდვები მოიხსნა და მობილობა გაიზარდა. 

საერთოდ, ზაფხული დასვენების სეზონია და ეს დრო ხალხმა საკმაოდ აქტიურად გამოიყენა აჭარაში, სადაც ახლა ეპიდემიის პიკია. იქ ბევრი დამსვენებელი იყო ჩასული და შეუძლებელია, ამას მატება არ მოჰყოლოდა. 

 

რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ არ იყოს შემთხვევების მატება, მაგრამ ეს გარდაუვალია, ვერც ერთი ქვეყანა ამას ვერ გადაურჩა. ჩვენთან კი ეს ძალიან გვიან დაიწყო ანუ ერთეული შემთხვევებით, ჩვენ 7-8 თვე მოვიგეთ და მატება მხოლოდ ახლა დაიწყო. 

_ მესმის, მაგრამ ეს მოსახლეობისთვის რამდენად სახიფათოა, ვირუსის მართვის სადავეები ხომ არ დაკარგეთ? 

_ ეს ყველაზე მთავარი კითხვაა და პასუხიც მაქვს _ არა, რადგან ამ შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას მომსახურების ყველანაირი სერვისი ისე ეწევა, რომ სისტემის არც ერთი რგოლი არ ჩავარდნილა და გამართულად მუშაობს. 

ტესტირება უტარდება ყველა პაციენტს, ვისაც სჭირდება და ყველა მათგანს, ვინც რისკჯგუფშია, მაგალითად, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალს, სამედიცინო პერსონალს... 

ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია, რაც შორს წაგვიყვანს. მოკლედ, ყველას უტარდება ტესტირება. არც ერთი ავადმყოფი, განსხვავებით წამყვანი ქვეყნებისა, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და სხვები, ექიმის გარეშე არ დარჩენილა. უცხოეთში კი ძალიან ბევრი ადამიანი რჩებოდა ექიმის გარეშე. 

სანამ საქართველოში შემთხვევები ცოტა იყო, ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაციას ვახერხებდით, ახლა კი ეს შეუძლებელია, მაგრამ უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს ბინაზე ვტოვებთ და იქ ვმკურნალობთ. ისინი კი, რომლებსაც დაავადების სერიოზული გამოვლინებები აქვთ, ჰოსპიტალიზებულნი არიან. დღეს არც ერთი პაციენტი, რომელსაც აქვს სერიოზული სიმპტომები, არაა დარჩენილი კლინიკის გარეთ. ეს არის კონტროლი, რომ სადავეები არ გაგვქცევია. უცხოეთში კი მძიმე ავადმყოფებიც ვერ ხვდებოდნენ კლინიკებში. ზოგი, სამწუხაროდ, სახლში ისე კვდებოდა, რომ ექიმთან ერთხელაც ვერ ახერხებდა შეხვედრას. თავად პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, 3 დღე ველოდი ტესტის პასუხსო და ეს მაშინ, როცა ჩვენთან, 24 საათშია პასუხები. ჩვენთან, ბინაზე, ჯერ ერთი პაციენტიც არ დაღუპულა, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი კონტროლდება. 

რაც შეეხება სიკვდილის შემთხვევების რაოდენობას, რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის დაკარგვაც ცუდია, მაგრამ 600 შემთხვევიდან 4 დაღუპული, 0.6%-ია, რაც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელია. საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, ყველაზე ნაკლები გარდაცვალების შემთხვევა აქვს ერთ მილიონ მოსახლეზე. ესაა ძირითადი პარამეტრები, რითაც ფასდება, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას. ამიტომ ვამბობ, რომ საგანგაშო არაფერია, ძალიან გამოცდილები არიან ჩვენი ეპიდემიოლოგები _ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე, სახელისუფლებო ვერტიკალი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს მალე გაუმკლავდებიან. დღეში 4 გარდაცვლილი, ასეთი მატების პერიოდში... მერწმუნეთ, სხვა ქვეყნები ამაზე იოცნებებდნენ. სხვა ქვეყნებში სიკვდილიანობა ათჯერ და ასჯერ მეტია. 

_ გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, რამდენად ემზადება ჯანდაცვის სისტემა ყველაზე ცუდი სცენარისთვის. ვთქვათ, ის რომ მოხდეს, რაც გაზაფხულზე, იტალიაში ხდებოდა, საამისოდ სისტემა მზადაა? 

_ ამ შემთხვევაში, პირდაპირი რესპონდენტი არ ვარ იმიტომ, რომ მე კლინიცისტი ვარ, კოვიდკლინიკებს ვაკონტროლებ და იქ მკურნალობას კოორდინაციას ვუწევ. ჩემი ამოცანაა, რომ კლინიკაში შემოსული პაციენტებისგან რაც შეიძლება, ნაკლები გარდაიცვალოს და ამას ძალიან წარმატებით ვაკეთებთ. 

რაც შეეხება სარეანიმაციო საწოლების, ექიმების მობილიზაციას, ეს მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა, მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პრობლემა ამ კუთხითაც არ იქნება. თუ კატასტროფული მატება იქნა, როგორც ჩინეთში, ან იტალიაში, მაშინ... საერთოდ, მზადყოფნას რაღაც ზღვარი აქვს, როგორია ეს ზღვარი, არ ვიცი, მაგრამ იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ახლაა დატვირთვა. 

ახლა მობილიზებულია 3000 საწოლი და შემთხვევების ასეთი მატების მიუხედავად, საწოლების ნაწილი თავისუფალია იმიტომ, რომ ახლადგამოვლენილების ნაწილი ბინაზე, ან სასტუმროში მკურნალობს. 

_ ანუ, საქართველოში კოვიდინფიცირებულთათვის საწოლების დეფიციტი არ არის? 

_ არა, ჯერჯერობით საწოლების დეფიციტი არ არის. პირიქით, ჩემს საავადმყოფოშიც არის თავისუფალი გარკვეული რაოდენობის საწოლები. ბათუმში იყო 1-2 დღე, როცა ახალი იყო შემთხვევათა მატება და უცებ ვერ გაერკვნენ ვითარებაში. საწოლების დეფიციტი ახლა აღარაა. თუ შემთხვევები მოიმატებს, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობა აცხადებს, მას შეუძლია, კიდევ ერთი ამდენი საწოლის მობილიზება, მაგრამ არ მგონია, საქართველოში ამაზე მეტი საწოლი დაგვჭირდეს. 

_ ესე იგი, სულ 6000 საწოლზეა საუბარი, არა? 

_ ასე ამბობენ. 3000 მობილიზებულია, კიდევ 3000 შერჩეულია და მოლაპარაკებულები არიან საავადმყოფოების მეპატრონეებთან, რომ საჭირო შემთხვევაში, ეს საწოლები დაიკავონ. 

_ ბატონო თენგიზ, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ ყველაზე რთული ვითარების დროს , შესაძლოა, სპორტის სასახლე საავადმყოფოდ გადაკეთდეს. ეს საკითხი მართლა განიხილება? 

_ ასეთი რაღაცები უცხოეთში გაკეთდა. მაგალითად, ჩინეთში, ერთჯერადი საავადმყოფო, ერთ კვირაში აშენდა. ჩვენთან ჯერ საწოლები იმდენია, რომ სპორტის სასახლეში ჰოსპიტალის გაშლის საჭიროება არ დგას, ეს პირველად მესმის, არც გამიგია და ამის საჭიროება, ძალიან დიდი ალბათობით, არ იქნება. 

_ კეთილი... და ბოლოს, მოსახლეობას რა რეკომენდაცის მისცემთ, ბატონო თენგიზ? 

_ რეკომენდაცია სტანდარტული... ჩვენ უარი ვთქვით საგანგებო მდგომარეობის ხელმეორედ შემოღებაზე, რაც ზოგმა ქვეყანამ, მაგალითად, ისრაელმა გააკეთა იმიტომ, რომ იქ ბოლო დროს, დღეში 6000 შემთხვევა იყო. საქართველოში ეს არ იქნება, ვამჯობინეთ, რომ გვყავდეს გარკვეულად მომატებული რაოდენობა, რომელსაც ვუმკურნალებთ, ვიდრე ხელმეორედ გამოვაცხადოთ საგანგებო სიტუაცია და კარანტინი. 

მოკლედ, რეგულაციები სტანდარტულია და ყველას ვთხოვ, რომ ატაროს პირბადე დახურულ სივრცეში, დაიცვას სოციალური დისტანცირება ანუ ყველგან, მათ შორის, რესტორანში, სასწავლო დაწესებულებასა თუ დაკრძალვაზე, 1-1.5-მეტრიანი დისტანცია დაიცვას. 

 

ჩვენთვის, საქართველოსთვის მთავარი ისაა, რომ თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, ძირითადად, ქორწილებისა და ქელეხებისგან. ასევე, აუცილებელია ხელების ხშირი დამუშავება და დაბანა. 

ამ ძირითად რეკომენდაციებს ერთსაც დავამატებ: ხანდაზმულებს გავუფრთხილდეთ! არ არის კარანტინი და ჩაკეტვები, მაგრამ ცოტა ხანს, ხანდაზმულები დარჩნენ სახლში, თუ არ არიან მარტო და არ სჭირდებათ საკვებზე ან წამალზე გასვლა, გაუფრთხილდნენ უფრო მეტად თავს. ახალგაზრდებს შეუძლიათ, თავისუფლად იარონ ყველგან. ხანდაზმულ ადამიანებს კი უნდა გავუფრთხილდეთ, თუ ოჯახის წევრი გვყავს ასაკოვანი, ჩვენ აქტიური ვართ და შეიძლება, კონტაქტში ვიყოთ ვინმესთან, მოვერიდოთ ხანდაზმულთან ახლო კონტაქტს. შეიძლება, მოხდეს სახლში დისტანცირება ცალკე ოთახში, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. 

ერთადერთ საფრთხეს იმაში ვხედავ, რომ არ იყოს ასაკოვნების დაინფიცირების მატება, დანარჩენს ყველაფერს გავუძლებთ!

 

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში