Menu
RSS

„თბილისი გახდეს მშვიდობის ქალაქი“ _ ანი რეხვიაშვილის საერთაშორისო ინიციატივა

როგორ გაჩნდა სამშვიდობო იდეა და ვინ იქნება სახალხო მოძრაობის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი

 

სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარე, ანი რეხვიაშვილი გამოდის საერთაშორისო ინიციატივით, რომ თბილისი მშვიდობის ქალაქი გახდეს. რას ითვალისწინებს თბილისის მშვიდობის ქალაქად გამოცხადება? _ „ვერსია“ დეტალებზე ანი რეხვიაშილს ესაუბრა.

_ ანი, ახალი სამშვიდობო ინიციატივის იდეა როგორ და რატომ გაგიჩნდა? 

_ პირველ რიგში, გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ, რომ სახალხო მოძრაობის ახალი პოლიტიკური და საერთაშორისო ინიციატივით დაინტერესდით. 

რაც შეეხება თავად იდეას, გვინდა, რომ თბილისი მშვიდობის ქალაქად გამოცხადდეს. 

ამ დღეებში, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი განახლდა, ჩემი სომეხი მეგობრები, რომლებთანაც დიდი ხნის ინსტიტუციური თანამშრომლობაც მაქვს, მწერდნენ, რომ ეს მათი სამამულო ომია, რომ ახლა მთელი სომხეთი ჯარისკაცია და ამ ომში უკან არ დაიხევენ. აზერბაიჯანელებიც იგივეს აცხადებენ და რაიმე კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ. 

საერთოდ, ამ ომში, შეიძლება, რუსეთი და თურქეთიც ჩაერთოს და აქედან გამომდინარე, ჩვენი არასტაბილური რეგიონის უმძიმესი რეალობა ძნელი წარმოსადგენი არაა. 

სხვათა შორის, ამას წინათ, მიუნხენში ვიყავი და ჩემი ევროპელი კოლეგების მეშვეობით, მცირე ხნით, უსაფრთხოების კონფერენციაზე მოვხვდი, სადაც ალიევ-ფაშინიანის დებატებიც მოვისმინე... მაშინ ისტორიული მტრები და მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ, ფორმატის სტილი შეენარჩუნებიათ, პოლემიკისადმი დიდი ინტერესი გამოეჩინათ და ამავდროულად, ქვეყნის პირველი პირებისთვის დამახასიათებელი გალანტურობაც შეენარჩუნებინათ, მაგრამ დენთის სუნი ტრიალებდა, აშკარად... 

სიმართლე გითხრათ, მაშინ უკვე ჩაფიქრებული მქონდა, რომ თბილისი მშვიდობის ქალაქად გამოცხადებულიყო და ვფიქრობდი, ეს იდეა „ლიდერ ქალთა გეოპოლიტკური ალიანსის“ ფორმატში გამეხმიანებინა, მაგრამ ახლა, როგორც საქართველოსა და რეგიონის მშვიდობისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, სახალხო მოძრაობის პოლიტიკური პლატფორმიდან ვახმოვანებ. 

საერთოდ, მშვიდობა სურვილი ან იმედი კი არა, არამედ, მშვიდობა უფლებაა! ეს სერთაშორისო ინიციატივაც, სწორედ ამ უფლების ძალით გამოვაცხადე! 

დიახ, იმ დროს, როდესაც საქართველოს მეზობლებსა და ძმებს შორის, განახლებული ომის უმძიმესი რეალობაა და როდესაც სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტის გეოგრაფია ყოველდღე ფართოვდება, დიდი ადამიანური მსხვერპლია და მხარეები ჯერ კიდევ არ არიან მზად, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, როდესაც საქართველო აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონის ნაწილია და ამ პარტნიორობაში შემავალი ყველა ქვეყანა პერმანენტული აგრესიის, ოკუპაციის, ომისა და მშვიდობის ზღვარზეა, ან პოლიტიკური კონფლიქტებისა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის რეალობით ცხოვრობს, როდესაც საქართველო კიდევ ერთი _ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის გავლენის ნაწილია, სადაც გეოგრაფიულად, ასევე, ახლოსაა კიდევ ერთი ომის თეატრი და სადაც რეგიონის ყველა დიდი აქტორის ინტერესი იკვეთება, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მშვიდობის კუნძული, მშვიდობის ადგილი და მშვიდობის მუდმივი ინსტიტუციური სივრცე შევქმნათ. 

_ თბილისის მშვიდობის ქალაქად გამოცხადება, ცხადია, გადასარევი ინიციატივაა, მაგრამ როგორ ფიქრობ, ამ იდეას გამოხმაურება მოჰყვება? 

_ პირველ რიგში, ეს იდეა, შესაძლოა, სხვებსაც ჰქონდათ, მაგრამ იდეის დონეზე დარჩა. მეორეც, ახლა ჩვენ არა მხოლოდ იდეაზე, არამედ, პოლიტიკურ და საერთაშორისო ინიციატივაზე ვლაპარაკობთ, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკურ დედაქალაქებს, საერთაშორისო ინსტიტუტებს, საქართველოს ახალ პარლამენტს და ნებისმიერი კონფიგურაციის ახალ მთავრობას შევთავაზებთ. 

მშვიდობის ქალაქის გამოცხადებას თავისი საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, თავისი შესაბამისი პროცედურები და მექანიზმები აქვს, მაგრამ მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, რომ რეგიონში სტაბილურობის გარეშე, ქართულ სახელმწიფოებრიობას მომავალი არ გააჩნია! 

ამიტომაც, სულ ძიებაში ვარ და ჩვენი ოკუპირებული და დაშლილი სამშობლოსთვის დამცავ იმუნიტეტს, მის განსაკუთრებულ ფუნქციას და თუ გნებავთ, რეგიონში ისტორიულ როლს, მუდამ ვეძებ! 

პოლიტიკურმა არენამ კი, როგორც შესაძლებლობების აქტიურმა პლატფორმამ, ჩემი კონკრეტული ინიციატივები და გზავნილები კიდევ უფრო გაააქტიურა. 

ისე, ერთ საიდუმლოსაც გეტყვით: თბილისის მშვიდობის ქალაქად გამოცხადების ინიციატივაზე ფიქრისას, ხშირად ვსვამდი კითხვას: რამ შეიძლება ამ ახალ ინიციატივას ხელი შეუშალოს-მეთქი და ცოტა იუმორისტულად რომ ვთქვა, ამ კითხვას თავადვე ვპასუხობდი ხოლმე, მხოლოდ რეგიონალურ „შურს“-მეთქი, თუმცა ალბათ, არც უამისობაა, მაგრამ რეალურად, ეს ისტორიული გადაწყვეტილებები ახლა ჩვენს გაბედულებაზე, ნებასა და თანმიმდევრულობაზეა დამოკიდებული. ამიტომაც, ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება! 

_ სხვათა შორის, მედიატორის სურვილი საქართველოს ხელისუფლებამაც გამოთქვა, ანუ შენი იციატივა და ხელისუფლების სურვილი თანხვედრაშია? 

_ არა, რასაკვირველია. ეს ორი სხვადასხვა საკითხი, სხვადასხვა შეთავაზება, სხვადასხვა პლატფორმა და სხვადასხვა შინაარსია. 

_ რატომ? 

_ მოდით, ეს თემა „ჩავშალოთ“. 

_ კი ბატონო, გისმენთ. 

_ ბოლო 30 წელიწადია, მეზობელი ქვეყნების კონფლიქტის მიმართ, საქართველო ნეიტრალიტეტის პოლიტიკას მისდევს და ეს საკმაოდ წარმატებულად გამოსდის. ახლა კი, ოფიციალურმა თბილისმა, განახლებულ ომში შესულ ორ უახლოეს მეზობელსა და მეგობარ სახელმწიფოს, ნეიტრალიტეტის ფარგლებში, მოლაპარაკების სივრცე შესთავაზა. ეს სწორი პოზიცია და შეთავაზებაა, თუმცა აქვე შევნიშნავ, რომ უსაფრთხოების საბჭოსა და პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ეს განცხადება დაგვიანებულია, რადგან ომი, რომელიც საქართველოს მეზობლებს შორის მიმდინარეობს და რომლის გეოგრაფიაც ყოველდღე ფართოვდება, უკვე აღარაა კონფლიქტი ყარაბაღის გამო ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ომის თეატრი ჩვენს რეგიონში გადმოვიდა. 

მართალია, საქართველოში შეფასებებიც და შეთავაზებაც დაგვიანებით გაკეთდა, მაგრამ გაკეთდა. სხვა თემაა, ის უმძიმესი რეალობა, რომ ომის მხარეები მოლაპარაკებისათვის მზად დღესაც არ არიან. 

რაც შეეხება შენს სრულიად ლეგიტიმურ კითხვას _ სივრცის გახსნაზე ხელისუფლების შეთავაზება და სახალხო მოძრაობის იდეა, რომ თბილისი მშვიდობის ქალაქი გახდეს, არის თუ არა ერთი და იგივე, გიპასუხებ, რომ არა. სახალხო მოძრაობა მსოფლიოს სთავაზობს, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი მშვიდობის ქალაქი გახდეს. ეს კი ნიშნავს, რომ თბილისს კონსენსუსისა და სამშვიდობო გადწყვეტილებების მისაღებად გამორჩეული სტატუსი, გავლენა, ფუნქცია, მუდმივი მდგომარეობა და განსაკუთრებული ადგილი ჰქონდეს ანუ სამშვიდობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოში გადმოვიდეს, რეგიონში დიპლომატია გაძლიერდეს და მუდამ მოვლენებისა თუ ყურადღების ცენტრში ვიყოთ. თბილისის მშვიდობის ქალაქად გამოცხადება, მინიმუმ, საქართველოს უსაფრთხოებას, მის სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას, მომავალს და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და განვითარების გზით გამთლიანების შესაძლებლობის მიღწევას ნიშნავს. 

ეს უმნიშვნელოვანესი შეთავაზება გაზრდის ჩვენი ქვეყნის გავლენას, პრესტიჟს, მშვიდობის მანიფესტაციას და საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, როგორც სამხრეთ კავკასიას, აგრეთვე, აღმოსავლეთის პარტნიორობას და ახლო აღმოსავლეთსაც, სადაც რეგიონის ყველაზე გავლენიანი აქტორებისა და აშშ-ის ინტერესები იკვეთება. 

საქართველოს ნებისმერ ხელისუფალს მუდამ უნდა ახსოვდეს, ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანოვანია, რომ რეგიონში სტაბილურობა იყოს. 

_ ისე, სახალხო მოძრაობა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ამომრჩეველს ამ ინიციატივის გარდა, სხვა არაფერს სთავაზობს? 

_ პირიქით, სახალხო მოძრაობა, როგორც ლიდერების ახალი თაობის მოძრაობა, ამომრჩეველსა და საზოგადოებას ბევრ სიახლეს, ახალ ხედვებს, საინტერესო და სასარგებლო ინიციატივებს სთავაზობს. 

ეს სახალხო მოძრაობაა, ჩვენთვის მთავარია, რომ ყოველი ადამიანი და ყველა ინტერესი ხალხის კეთილდღეობისკენ იყოს მიმართული. 

ერთ ექსკლუზივსაც გაგიმხელ: სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები, ნებისმიერი კონფიგურაციის მთავრობას ჯანმრთელობის მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს და ეს ათენის საუნივერსიტეტო კლინიკის დასტაქარი და პროფესორი, გიორგი ებრალიძე გახლავთ, რომელიც უმაღლესი კლასის პროფესიონალია ევროპული განათლებითა და პრაქტიკით, ფართო ერუდიიცითა და უდიდესი პასუხისმგებლობით. გიორგი ებრალიძე საინტერესო პროგრამის ავტორიცაა, რომელიც საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებაზე, ერთდროულად, პაციენტისა და ექიმის ინტერესებზეა მორგებული. 

ახალი მთავრობისათვის, ჯანმრთელობის მინისტრის პოსტზე გიორგი ებრალიძის კანდიდატურის შეთავაზებას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აქცენტი აქვს _ გიორგი შვედეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების სამედიცინო ორგანიზაციებში მუშაობის შემდეგ, ახლა ათენის უნივერსიტეტის კლინიკის დოქტორი და პრაქტიკოსი ქირურგია, რაც იმას მიშნავს, რომ ქართულმა პოლიტიკამ უნდა გაააქტიუროს ეს ხაზი და საქართველოში ღირსეულად დააბრუნოს უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პროფესიონალები.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში