Menu
RSS

დასავლეთ საქართველოში სასულიერო პირი მოკლეს

რომელმა „კანონიერმა ქურდმა“ მისცა მღვდელს „შავი ფული“ ეკლესიის ასაშენებლად

დასამალი არავისთვისაა, რომ კომუნისტები საეკლესიო პირებს არ სწყალობდნენ. ახალი ეკლესიები კი არა, აშენებულებს ანგრევდნენ და სასულიერო პირებსაც სდევნიდნენ. მერე და მერე, ეს დევნა შემცირდა, მაგრამ ეკლესიაში სიარული კარგ ტონად მაინც არ ითვლებოდა. თანამდებობის პირებს ეკლესიაში შესვლა აკრძალული ჰქონდათ და არც დადიოდნენ, მრევლი თითებზე დასათვლელი იყო და ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა, დიდ ქალაქებში მოქმედი ეკლესიები ნაკლები ყოფილიყო. ამის მიუხედავად, მამაოები, განსაკუთრებით სოფლებში, მაინც ახერხებდნენ პატარა ეკლესიების ისე მოწყობას, რომ წირვის ჩატარება შესაძლებელი ყოფილიყო და გლეხებს იქ სიარულსა და სანთლის დანთებას, შესაწირავსა და ნათლობას ვერ უკრძალავდნენ.

„დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში განყოფილების უფროსი ვიყავი, როცა არცთუ ახლოს მდებარე სოფლის რწმუნებული მოვიდა და მიპატაკა, ადგილობრივი მღვდელი გარდაცვლილი იპოვესო. ერთი შეხედვით, საქმე უბედურ შემთხვევასთან გვქონდა, რადგან რწმუნებული ამბობდა, მღვდელი ფუტკრებმა დაკბინეს, მას კი ფუტკრის ნაკბენზე ალერგია ჰქონდა და რადგანაც ტყეში მარტო იყო, ვერავინ უშველაო“, _ გვიყვება პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

შემთხვევის ადგილზე გასულ სამართალდამცავებს ზუსტად ისეთი სურათი დახვდათ, როგორიც რწმუნებულმა აღწერა _ მამაო ტყის ბილიკზე იწვა, ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა, ფუტკრის ნაკბენი კი სამ ადგილზე ჰქონდა. მილიციის თანამშრომლებმა, ყოველი შემთხვევისთვის, მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს და მინის პატარა ქილა იპოვეს. ექსპერტი ქილას ყურადღებით დააკვირდა, შემდეგ გამომძიებელს შეხედა და ნაღვლიანად უთხრა _ მკვლელობაა! 

ქულაში ფუტკრის ორი ფრთა იპოვეს, ორივე მარცხენა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქილაში, მინიმუმ, ორი ფუტკარი იყო. ტყეში, უბედური შემთხვევის ადგილზე ქილა ფუტკრის ფრთებით, აშკარად იძლეოდა იმის საფუძველს, რომ სამართალდამცავებს ეჭვი გასჩენოდათ _ იქ ფუტკარი სპეციალურად მიიყვანეს, რათა მამაოსთვის ეკბინა. 

 

„ძალიან მარტივია _ ქილას ფუტკრებით აავსებდნენ, მამაოს მიეპარებოდნენ, კისრის მხარეს ჩაუყრიდნენ და სანამ აზრზე მოვიდოდა, ფუტკრები თავის საქმეს იზამდნენ. სამივე ნაკბენი გარდაცვლილს კისერზე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სამმა ფუტკარმა უკბინა და ისინი მაინცდამაინც კისერში ეცნენ“, _ ამბობდა ექსპერტი. 

ექსპერტიზით ისიც დადგინდა, რომ მამაოს სხეულზე არაერთი სვირინგი ჰქონდა, რაც გამომძიებელს არ გაჰკვირვებია. მან ზუსტად იცოდა, რომ ადრე, მამაო ნასამართლევი იყო, რწმენაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კი მღვდლად ეკურთხა და სოფელში ძველი ეკლესიის რემონტი დაიწყო, თუმცა რემონტს სერიოზული თანხა სჭირდებოდა და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მამაოს ეს თანხა ჰქონდა. უხეში დათვლით, უკვე 15 ათას მანეთზე მეტი იყო დახარჯული, ამასთან, გამორიცხული იყო, ადგილობრივ მრევლს ამ ოდენობის თანხა შეეწირა. 

მამაო სასჯელს ბინის ქურდობისთვის იხდიდა ანუ ისიც გამორიცხული იყო, რომ ბინიდან ისეთი რამ წაეღო, რაც გაყიდა და ეკლესიას მოახმარა. ეკლესიის რემონტში, პრაქტიკულად, მთელი სოფელი იყო ჩართული და ვისაც სურვილი ჰქონდა, უფასოდ მუშაობდა, ვისაც არა _ ჯამაგირს იღებდა და მამაო ხელფასს არასოდეს უგვიანებდა. 

იმის გათვალისწინებით, რომ მამაო სოფლიდან თითქმის არასდროს გადიოდა და საჭირო რამეებს სოფლელებს აბარებდა, ადვილი მისახვედრი იყო, რომ თანხა შინ უნდა ჰქონოდა, თუმცა სახლის ჩხრეკამ გამოძიებას არაფერი მისცა. გარდაცვლილის ცოლიც, ფოფოდიაც ამბობდა, რომ დიდი თანხა სახლში არასოდეს უნახავს, მაგრამ ვერც იმას ხსნიდა, მოძღვარს ეკლესიის რემონტის ფული საიდან მოჰქონდა. 

რაც მთავარია, სოფელში ვერავინ ხვდებოდა, რისთვის შეიძლებოდა მოეკლათ მოძღვარი. სხვათა შორის, ის, რომ ფუტკრების ნაკბენზე ალერგია ჰქონდა, მხოლოდ ცოლმა იცოდა და არავისთვის უთქვამს. ამიტომ, სამართალდამცავებს მამაოს მკვლელობის მიზეზი, მის წარსულში უნდა ეძებნათ.  

„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი არაფრით გამოირჩეოდა. მას შემდეგ კი, რაც რწმენაში შევიდა, ერთ-ერთ „კანონიერ ქურდს“ დაუახლოვდა და მის საკანშიც კი გადავიდა საცხოვრებლად. ქურდის საკანში ცხოვრება პრივილეგია იყო. ისინი ერთი კვირის სხვაობით გათავისუფლდნენ, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე თვეში, „კანონიერი ქურდი“ გარდაიცვალა _ მას სიმსივნე ჰქონდა და ყველამ იცოდა, რომ დიდი დღე არ ეწერა“, _ ასეთი პასუხი მიუვიდა გამოძიებას იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც მღვდელი სასჯელს იხდიდა და პასუხს იმ პატიმართა სიაც ერთვოდა, რომლებთანაც პატიმრობის დროს, მამაო ერთ საკანში იმყოფებოდა. 

გამოძიებამ სიის შესწავლა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი, იმავე სოფელში მძღოლად მუშაობდა. ავტოფარეხის უფროსმა დაადასტურა, რომ მძღოლის წარსულის შესახებ იცოდა, თუმცა მაინც აიყვანა, რადგან სოფლად სამუშაოდ არავინ მიდიოდა. მკვლელობის დღეს, გამოძიებამ მისი ალიბი გადაამოწმა და გაარკვია, რომ დილიდან მძღოლი გვერდით სოფელში, სიმინდის წამოსაღებად იყო წასული, ამიტომ მკვლელობის ადგილზე ვერ იქნებოდა. სამაგიეროდ, უბნის რწმუნებულმა სოფლის განაპირას მეფუტკრე იპოვა, რომელსაც ორასამდე სკა ჰქონდა და ზუსტად იმდაგვარი ქილებიც, როგორიც ტყეში იპოვეს. რაც მთავარია, ნაპოვნ ქილაზე არსებული ანაბეჭდიც მეფუტკრისას დაემთხვა. 

„თქვენ ხომ არ გადაირიეთ? მამაოს სიკვდილი ყველაზე მეტად მე მეწყინა, რადგან სანთლისთვის ფიჭას სწორედ ჩემგან ყიდულობდა და შემოსავალი დავკარგე. რაც შეეხება ქილას, სახლის წინ, ასობით ქილა მიდევს და ყველაზე ჩემი ანაბეჭდია. შეიძლება, ვინმემ მოიპარა და ჩემი ფუტკრებიც წაიყვანა“, _ თავს იმართლებდა მეფუტკრე და სამართალდამცავებიც გრძნობდნენ, ის მკვლელი არ იყო. 

რადგან სხვა ვერაფერი იპოვეს, მილიცია ისევ იმ ყოფილ პატიმარს დაუბრუნდა და მისი ალიბი კიდევ ერთხელ, საფუძვლიანად გადაამოწმა. როგორც გაირკვა, დილით მან, მართლაც მიიყვანა მანქანა გვერდით სოფელში, სიმინდიც დაუტვირთეს, მაგრამ საღამომდე კაცი გაქრა და მანქანას მხოლოდ შებინდებისას მიაკითხა. 

სად იმყოფებოდა მთელი დღის განმავლობაში? _ ამ კითხვაზე პასუხი თავად უნდა გაეცა. როგორც ხდება ხოლმე, „მკაცრმა“ დაკითხვამ შედეგი გამოიღო. 

„ჯერ კიდევ ციხეში გავიგე, რომ „კანონიერი ქურდი“ მამაოსთვის ფულის მიცემას აპირებდა ეკლესიის გასარემონტებლად. ვიფიქრე, რომ გავალ, მეც იმ ეკლესიის რემონტზე ვიმუშავებ-მეთქი და როცა ვნახე, რა უნდა გაგვერემონტებინა, პირი დავაღე _ რაღაც ნანგრევისგან უნდა აგვეშენებინა ახალი ეკლესია, შეგვეძინა ხატები და როგორც მამაოს წამოსცდა, ყველაფერი ეს, 50 ათას მანეთამდე დაჯდებოდა. ქურდთან მივედი, ვუთხარი, 10 ათასიც რომ მომცე, ახალ ცხოვრებას დავიწყებ, ბინას ვიყიდი-მეთქი და იმან კიდევ, არაო, სული უნდა გადავირჩიონოო. მისი გარდაცვალების შემდეგ, რემონტი არ შეჩერებულა ანუ ქურდმა მთელი ფული მამაოს დაუტოვა. სახლში როცა არ იყო, რამდენჯერმე შევიპარე და საფუძვლიანად გავჩხრიკე იქაურობა, თუმცა ვერ ვიპოვე. ფულისთვის სოფლიდან არ გადიოდა ანუ ახლოს ჰქონდა და ამიტომ, მუშაობა აქეთ დავიწყე, მისი ცხოვრების წესი რომ შემესწავლა. დილის წირვის შემდეგ, მუდმივად ტყეში მიდიოდა სასეირნოდ და ყოველთვის მარტო ანუ ლოგიკურად, სამალავი ტყეში უნდა ჰქონოდა. ფუტკრების და ალერგიის შესახებ ადრევე ვიცოდი, ამიტომ წინასწარ მოვიმარაგე ფუტკარი და უკან გავყევი. ვიცოდი, სამალავიდან ფული ჩუმად რომ წამეღო, ეჭვს ჩემზე მოიტანდა და ამიტომ, მთავარი იყო, სამალავთან მისულიყო, შემდეგ ფუტკრებიც თავის საქმეს იზამდნენ და მეც. 

იმ ადგილზე, სადაც კისერში ფუტკრები ჩავაყარე, გაჩერდა, მიიხედ-მოიხედა და ერთ ფუღუროიან ხეს მიაშტერდა. ვიფიქრე, სამალავი იქ არის-მეთქი და საქმეს შევუდექი. ფუტკრებმა მაშინვე დაკბინეს და ალერგიამ იქვე გაგუდა, მაგრამ რად გინდა, სამალავი ვერ ვიპოვე, იმ ფუღუროში არაფერი იდო“, _ ასეთი „აღსარება“ ჩააბარა მკვლელმა სამართალდამცავებს. 

მილიცია ტყეში სამალავს ორი კვირის განმავლობაში ეძებდა და საბოლოოდ, მკვლელობის ადგილიდან, დაახლოებით, ნახევარ კილომეტრში მიაგნო. სამალავში 15 ათასი მანეთიღა იყო დარჩენილი და ფული... სახელმწიფოს გადაეცა, რადგან ჩაითვალა, რომ „კანონიერი ქურდი“ მას კანონიერი გზით ვერ იშოვიდა. 

რაც შეეხება მკვლელს, მას სასამართლომ მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაშინ ამბობდნენ, მამაო რომ არ ყოფილიყო მკვდარი, ეგებ, დაეხვრიტათ კიდეცო, მაგრამ სასულიერო პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულს კომუნისტები ლოიალურად მიუდგნენ.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში