Menu
RSS

მეძავები... ფეხბურთელებისთვის

ვინ არის 19 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელზეც მთელი რუსეთი ლაპარაკობს

სეზონის წინ ვინმეს რომ ეთქვა, მთელი რუსული საფეხბურთო სამყარო ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკებსო, ალბათ, არავინ დაიჯერებდა. „რუბინის“ ქართველი შემტევი საოცარ ამბებს სჩადის: 4 საგოლე გადაცემასა და სამ პენალტს, ბოლო ორ მატჩში, ორი გოლიც დაამატა, თანაც მეორე გოლი მთლიანად თავად შექმნა _ მეტოქეს მოედნის ცენტრში ბურთი აართვა, გზად კიდევ ერთი მეტოქე ჩამოიცილა, მეკარესთან მახვილი კუთხით შევიდა და ცხრიანში გაუტანა. აღფრთოვანება არც რუს კომენტატორს დაუმალავს და არც _ გულშემატკივარს. ეს კი არა და, ფანებმა სპეციალური პეტიციაც კი შეადგინეს _ „არ გაგვიყიდოთ კვარა!“ ამ პეტიციას ხელს ათასობით გულშემატკივარი აწერს. თუ სეზონის წინ, ხვიჩას ფასი 700 ათასი ევრო იყო, ახლა 5 მილიონიც კი სასაცილო თანხაა. თუ სეზონის ბოლომდე, კვარაცხელიამ ასე გააგრძელა, მინიმუმ, 20 მილიონი ეღირება და ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.

 

გასულ უქმეებზე, გოლები, კვარაცხელიას გარდა, ნიკა კაჭარავამ, თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი ქვილითაიამ, ბუდუ ზივზივაძემ და ოთარ კიტეიშვილმაც გაიტანეს. ყველაფერი ეს კი კარს მომდგარი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ძალიან სასიხარულოა. 8 ოქტომბერს, ჩვენი ნაკრები ერთა ლიგის ½-ფინალში, ბელორუსს ხვდება და ეს მატჩი, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა მოვიგოთ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ შეხვედრის ვერმოგება და შემდეგ, ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს შორის გამარჯვებულის ბარიერის ვერგავლა, ქართული ფეხბურთის, მინიმუმ, 10 წლით დასამარებას ნიშნავს. ამიტომაცაა, გულშემატკივარს რომ აინტერესებს, ექნება თუ არა უფლება სტადიონზე შევიდეს და მატჩს დაესწროს. უეფას რეკომენდაციით, ადგილობრივ ფედერაციებს უფლება აქვთ, სტადიონის ტევადობის 30%-ზე დაუშვან მაყურებლები და ამ გათვლებით, „დინამო არენაზე“, დაახლოებით, 20 ათასამდე გულშემატკივარი უნდა მოხვედრილიყო. 

უეფას რეკომენდაცია ერთია და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება _ მეორე. 

„არსებულ ვითარებაში, ჩვენ ვერ გავცემთ რეკომენდაციას, რომ ამ თამაშზე დავუშვათ მაყურებელი. ჩვენი პოზიციაა, რომ თამაში ჩატარდეს უმაყურებლოდ“, _ ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ გააკეთა და ფედერაციის პასუხმაც არ დააყოვნა _ საქართველო-ბელორუსის მატჩი, მაყურებლების გარეშე ჩაივლის. არადა, ყველა აღიარებს _ ასეთი მნიშვნელობის შეხვედრა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჯერ არ გვქონია. 

* * * 

ეროვნულ ჩემპიონატში მარცხის შემდეგ, გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი გიორგი ნემსაძემ დატოვა. არადა, გორელები მი0ს გაშვებას არ აპირებდნენ, თუმცა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. საგულისხმოა, რომ დაახლოებით, ერთი თვის წინ, ნემსაძეს მშობლიური თბილისის „დინამოს“ თავკაცობას სთავაზობდნენ, მაგრამ მაშინ მან წასვლაზე უარი თქვა და „დილაში“ დარჩა. 

* * * 

ფრანგული „მეცის“ ღირსებას 19 წლის ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე იცავს, კლუბმა ის ბელგიის მეორე დივიზიონის „სერენში“ გაანათხოვრა, აქაოდა, სათამაშო პრაქტიკა და კლასი აიმაღლოსო და გიორგიმაც საოცრებების კეთება დაიწყო _ 6 შეხვედრაში გატანილი 12 გოლი, სწორედ ამაზე მეტყველებს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ გიორგი საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი, საფრანგეთის მოქალაქე გახლავთ და საქართველოს ნაკრებში მისი თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს, გიორგი ჩვენს ნაკრებში თამაშზე დაითანხმოს, თუმცა... 

„სურვილი ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს, ეს თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ვიხილოთ, მაგრამ ეს არ არის მარტივი საკითხი. ამ ეტაპზე, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია“, _ ეს განცხადება ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გააკეთა და დიდი ალბათობით, მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ მიქაუტაძე ისტორიული სამშობლოს ღირსების დაცვაზე უარს ამბობს. 

* * * 

საქართველოს ნაკრების დარად, ოფიციალური შეხვედრა ინგლისის ეროვნულ გუნდსაც აქვს. შესაბმისად, მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საითგეიტმა შემადგენლობა დაასახელა და ფეხბურთელები შეკრებაზე გადაიყვანა. წინა შეკრებიდან ნაკრების ორი წევრი _ ფილ ფოდენო და მეისონ გრინვუდი მწვრთნელმა შინ იმიტომ გაუშვა, რომ მათ ღამით, ნომრებში... მეძავები გამოიძახეს და მაშინ, როცა ყველას ეძინა, ისინი არცთუ ურიგოდ ერთობოდნენ. წესით, ეს კარგი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო დანარჩენებისთვის, მაგრამ აგერ, შეკრების პირველივე დღეს, ნაკრების სამმა ფეხბურთელმა მოინდომა მეძავებთან გართობა და ისინი ნაკრების ბაზაზე გამოიძახეს. როგორც ბრიტანული მედია წერს, მწვრთნელი ფეხბურთელების საქციელით შოკირებულია და რაღა თქმა უნდა, ეროვნული გუნდიდან ისინიც გაუშვა, ბაზაზე კი გაძლიერებული დაცვა დადგა, რომელსაც ტერიტორიაზე ნებისმიერი მდედრის შეშვება ეკრძალება. 

* * * 

„მანჩესტერ იუნაიტედმა“, პრემიერლიგის ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე, „ტოტენჰემთან“ 1:6 წააგო და გარდა იმისა, რომ გუნდს დაცვაში პრობლემები აქვს, გოლის გამტანიც არ ჰყავს. სწორედ ამიტომ, მანჩესტერელებმა ედისონ კავანი გადაიბირეს. 33 წლის ფორვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, შესაბამისად, „იუნაიტედს“ ხელში უფასოდ ჩაუვარდა და ასაკის მიუხედავად, მისი ჯამაგირი წელიწადში, ბონუსების გამოკლებით, 6 მილიონი ევრო იქნება. 

* * * 

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ლონდონის „არსენალმა“ სამსახურიდან... კლუბის თილისმა გაუშვა. განეროზავრი გულშემატკივარს 27 წლის განმავლობაში ართობდა, მის გარეშე, ლონდონელთა საშინაო ტრიბუნები წარმოუდგენელი იყო, მაგრამ... საყოველთაო პანდემიისა და შესაბამისად, ფინანსური კრიზისის ფონზე, კლუბმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. განეროზავრის ფორმაში, 27 წლის განმავლობაში, ჯერი ქუი იყო გამოწყობილი და მას, პრაქტიკულად, „არსენალის“ ყველა გულშემატკივარი პირადად იცნობდა, ახლა კი... პანდემიის გამო, „არსენალის“ ზარალმა უკვე 150 მილიონ დოლარს გადააჭარბა და სავარაუდოდ, ის კიდევ უფრო გაიზრდება. 

* * * 

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ძალიან უცნური ფაქტი მოხდა: „იუვენტუსს“, საკუთარ მოედანზე, „ნაპოლისთვის“ უნდა ემასპინძლა, მაგრამ იმის გამო, რომ ნეაპოლური კლუბის ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მთელ გუნდს ქალაქიდან გასვლა აუკრძალა ანუ გუნდი ნეაპოლიდან ტურინში არ წასულა. 

შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, „იუვენტუსის“ ფეხბურთელები სტადიონზე მივიდნენ, გამოიცვალეს, მოსათელად მოედანზე შევიდნენ, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა. არადა, სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმაც ზუსტად იცოდნენ, რომ შეხვედრა არ გაიმართებოდა და მეტოქე გუნდი საკუთარ ბაზაზე იყო ჩაკეტილი. 

 

„იდიოტიზმია, ყველაფერი ეს. ჩვენ რომ არ გამოვცხადებულიყავით, იტალიის საფეხბურთო კავშირი ტექნიკურ წაგებას ჩაგვითვლიდა და ეს მაშინ, როცა მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ შეხვედრა გადაიდო“, _ განაცხადა „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა და... მართალიცაა. 

* * * 

ნელ-ნელა ძიუდოისტებიც გამოდიან დარბაზებიდან და ტურნირებს ატარებენ. მართალია, ჯერჯერობით შიდა ჩემპიონატებს, მაგრამ მაინც. ჰოდა, საფრანგეთში ისეთი რამ მოხდა, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. ყველა დროის საუკეთესო ძიუდოისტმა, ტედი რინერმა ზედიზედ ორი შეხვედრა (პირადი პირველობა და გუნდური) წააგო, ასეთი რამ კი მის კარიერაში არასოდეს მომხდარა. 

* * * 

რადგან ძიუდო ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ 8 ნოემბერს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. დავით ქევხიშვილის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობას გიორგი ათაბეგაშვილი ასრულებს და სავარაუდოდ, ისევ მას ექნება სურვილი, თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელოს, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, ძიუდოს ფედერაციას სათავეში... რომელიმე პარლამენტარი (მოქმედი ან ყოფილი) ჩაუდგეს. 

* * * 

ფიბას ჩემპიონთა ლიგა ესპანურმა „ბურგოსმა“ მოიგო, ხოლო ტურნირის MVP ტედ მაკფადენი გახლდა. ჩვენთვის ეს ამბავი საინტერესო იმით გახლავთ, რომ მაკფადენი საქართველოს ნაკრების კალათბურთელია, ნატურალიზებული და ბოლო შეხვედრაში, სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა სერბეთში, სერბეთის უძლიერეს ნაკრებს რომ ვძლიეთ და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში