Menu
RSS

ყველაფერი ფარერებზე, რომლებმაც „დინამოელებს“ ლაფი დაასხეს

როგორ იპოვა მამა მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა

54 139 _ რეკონსტრუქციის შემდეგ, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ ტრიბუნებზე, სწორედ ამდენი გულშემატკივარი ეტევა. ისე, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს აღნიშნული ტრიბუნები მაშინაც არაერთხელ გაუვსია, როცა ტევადობა 80 ათასი იყო და იმედია, მომავალშიც არაერთხელ შეივსება. აი, ზედმეტად ოპტიმისტები რომ ვართ ქართველები, თორემ იმედი...

49 267 _ ეს არის კუნძულოვანი სახელმწიფოს ანუ ფარერების მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა. ესე იგი, მთელი ფარერები „დინამო არენაზე“ რომ შეყარო, 4 872 ადგილი კიდევ დარჩება. ამის მიუხედავად, ფარერები ერთ-ერთ განვითარებულ სახელმწიფოდ ითვლება, ხალხი იქ მეთევზეობასა და მეცხოველეობას მისდევს და ჯანსაღ პროდუქტსაც აწარმოებს. ფარერებს არ ჰყავს საკუთარი არმია, ჰყავს რამდენიმე პოლიციელი (სწორედ რამდენიმე, რადგან იქ დანაშაული, პრაქტიკულად, არ ხდება). ერთ სულ მოსახლეზე კი ადამიანის განვითარების ინდექსით, მსოფლიოში მე-15 ადგილზე არიან ანუ მთელი ერი ძალიან განვითარებულია. 

ამ სახელმწიფოში საფეხბურთო თუ საკალათბურთო სტადიონები 1500-2000 გულშემატკივარს იტევს, რადგან აკი გითხარით, მთელი მოსახლეობა „დინამო არენას“ ვერ შეავსებს-თქო, თუმცა ცხოვრების რიტმს რომ არ ჩამორჩნენ, უქმეებზე მეთევზეები, „პარიკმახერები“, ეკონომისტები, ინჟინრები, მწყემსები და, მოკლედ, ყველა პროფესიის ხალხი იკრიბება და ზოგი ბურთს ფეხით აგორებს, ზოგიც _ ხელით ანუ ისინი საკალათბურთო და საფეხბურთო ჩემპიონატებს ატარებენ, ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში ათი გუნდიც ჰყავთ, მაგრამ... 

ეს არის ერთადერთი ლიგა ანუ მეტი გუნდი, უბრალოდ, არ ჰყავთ. შესაბამისად, ჩემპიონატიდანაც არავინ ვარდება და არც ახალი ემატება. თამაშობენ ეს გუნდები წლიდან წლამდე და ახარებენ ჭიას. 

აი, კალათბურთს სუფთა სამოყვარულო დონეზე თამაშობენ... მინდორში, რადგან დარბაზი არ აქვთ და არც ოფიციალური ნაკრები ჰყავთ. 

ყველაფერი ეს კი იმიტომ მოგიყევით, რომ გასულ კვირას, ფარერულმა „კლაკსვიკმა“ ისტორიული რეკორდი დაამყარა და მეტოქე 6:1 დაამარცხა. აქამდე არ ყოფილა, რომ რომელიმე ფარერულ გუნდს ნებისმიერი რანგის (თუნდაც მათზე წყალწაღებული სან-მარინოსა და ანდორის) კლუბისთვის ოფიციალური შეხვედრა 6:1 მოეგო, თანაც მეტოქეს სამი გოლი ადგილობრივმა მწყემსმა გაუტანა, აქედან ორი _ „პარიკმახერის“ პასით, ერთი ტაქსისტის ანგარიშზეა, ერთი ინჟინერმა შეაგდო და ერთიც ადგილობრივმა ბუღალტერმა. 

ჰოდა, ეს ადამიანები, რომლებიც ფეხბურთელები არ არიან, სამშობლოში გმირებად გამოაცხადეს. ბარემ, ისიც გავიხსენოთ, რომ წლების წინ, საქართველოში სათამაშოდ ჩამოსულ ფარერების ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი არ ჩამოჰყვა, მიზეზი მარტივად ბანალური გახლდათ _ ნაკრების კაპიტანი ტაქსის მძღოლი იყო და „სმენა“ ვერ გადაცვალა ანუ შემცვლელი ვერ იპოვა და სამუშაო რომ არ დაეკარგა, იძულებული გახდა, თამაშის ნაცვლად, ტაქსი ეტარებინა. 

ჰოდა, როცა ნამატჩევს ანუ 6:1 მოგების შემდეგ, ფარერელებმა იმ გუნდის ისტორია „დაგუგლეს“, რომელიც ასე სასტიკად და რეკორდულად დაამარცხეს, გაოცდნენ. ისინი სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, თუ ასეთი ანგარიშით მოუგებდნენ გუნდს, რომლის ღირსებასაც თავის დროზე მიშა მესხი, ბორის პაიჭაძე, დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა, ვიტალი დარასელია და კიდევ არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი იცავდა. მათ არც ის იცოდნენ, რომ ამ გუნდს, 1981 წელს, თასების მფლობელთა თასი ჰქონდა მოგებული და ევროპას აზანზარებდა, ამარცხებდა „ლივერპულსა“ და „ინტერს“, „ვესტ ჰემსა“ და „ფეიენოორდს“... და ახლა წააგო კი არა, განადგურდა და თავს ლაფი დაისხა „კლაკსვიკთან“. 

ალალად გეტყვით, ბევრი ვიფიქრეთ, როგორ გაგვემართლებინა ეს სირცხვილი და ვერ მოვიფიქრეთ. სამაგიეროდ, ის გაგვახსენდა, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი რომ შეიქმნა და სახელმწიფომ სპორტის ამ სახეობაში 200 მილიონი ჩადო. ჰო, 200 მილიონი და ერთი ამდენი სამომავლოდ აქვს გამზადებული. არაერთი მილიონი სწორედ „დინამოს“ ერგო და ვინმე აგვიხსნის, რაში დაიხარჯა ეს თანხა? _ იმაში, რომ მეთევზეებმა და მწყემსებმა მასხრად აგვიგდონ და რეკორდი დაამყარონ? თან ეს ხომ არ იყო რიგითი მატჩი _ ევროპის ლიგაზე ვთამაშობდით და როცა კენჭისყრამ მწყემსების გუნდი შეგვახვედრა, გაგვიხარდა, ბიჭები ცოტას წაივარჯიშებენ და შემდეგი ეტაპისთვის მშვიდად მოემზადებიანო. შემდეგი ბარიერის დაძლევის შემდეგ კი ასე ნანატრი ჯგუფური ეტაპი იქნებოდა და... საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თავლაფდასხმულია, სხვა სიტყვას ვერ მოიფიქრებს ვერავინ. 

ევროპის ლიგის ამ ეტაპზე წააგო მეორე თბილისურმა კლუბმა „ლოკომოტივმაც“. რკინიგზელები ესპანეთში, „გრანადასთან“ 0:2 დამარცხდნენ, მაგრამ მათზე აუგი არავის უთქვამს. „გრანადა“, რომლის ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება 100 მილიონს აჭარბებს („ლოკომოტივის“ ფეხბურთელები 3 მილიონად არიან შეფასებულნი), „ლოკოს“ ფეხბურთელებმა ამ გუნდს ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს, თუმცა კლასმა და გამოცდილებამ თავისი ქნა. 

* * * 

იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ნელ-ნელა ხალხი მასთან ერთად ცხოვრებას მიეჩვია და სპორტული ღონისძიებებიც განახლდა. აგერ, უნგრეთში, მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი გაიმართა, სადაც საქართველოს ნომერ პირველი ნიჩბოსანი, ზაზა ნადირაძეც ასპარეზობდა. ზაზასთან ერთად, ამ ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი, მურმან მალანიაც გაემგზავრა. ამ უკანასკნელმა მერვე ადგილი დაიკავა, ზაზამ კი ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოქროს მედალოსანს ჩვენებური, სულ რაღაც, 0.29 მეასედი წამით ჩამორჩა. 

* * * 

იაპონიაში დასრულებული ტურნირი ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ 6:9 ანუ უარყოფითი ბალანსით დაასრულა და შემდეგ ტურნირზე რამდენიმე რანგით დაქვეითდება. სამწუხაროდ, ლევანს ქრონიკული ტრავმა აქვს და შესაბამისად, შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენს. ეს მის მონაგარზეც აისახა _ თუ ადრე ლევანი თითო ტურნირიდან 100 ათას დოლარზე მეტს შოულობდა, ახლა მისი მონაგარი 20 ათას დოლარს ოდნავ აჭარბებს. 

* * * 

კატალონიური „ბარსელონას“ უკლებლივ ყველა გულშემატკივარი გაეტირა ლუის სუარესს. გუნდის ახალმა თავკაცმა, რონალდ კუმანმა 33 წლის ურუგვაელს კარისკენ მიუთითა და ისიც, 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა. სადებიუტო შეხვედრაში, სუარესი მოედანზე 70-ე წუთზე შეუშვეს და ეს ლოგიკურიც იყო _ მადრიდში წინა დღეს ჩასულ ფეხბურთელს დასვენება სჭირდებოდა. არასრულ 20 წუთში, სუარესმა 2 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, მისმა გუნდმა კი 6:1 მოიგო. ასეთი რამ „ატლეტიკოს“ ისტორიაში, სადებიუტო შეხვედრაში არავის გაუკეთებია და ეჭვი გვაქვს, სუარესი ყველაზე მეტად, სწორედ „ბარსელონასთან“ მატჩში მოინდომებს, რათა კუმანს დაანახოს, რა დაკარგა. 

* * * 

„ბარსელონაში“ გულშემატკივრებს ახალი კუმირი ჰყავთ _ 17 წლის ანსუ ფატი საოცარ ფეხბურთს თამაშობს. აგერ, „ვილიარეალს“ 2 გოლიც გაუტანა და წინადადებამაც არ დააყოვნა _ მისი შეძენის სურვილი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამოთქვა და 17 წლის ბავშვში, კატალონიელებს 175 მილიონი დოლარი შესთავაზა. თუმცა ესპანურმა გუნდმა წინადადება არც კი განიხილა და ტრანსფერს ვეტო დაადო. 

* * * 

დღეისთვის, მსოფლიოს უძლიერესმა კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა მთელი ბავშვობა მამის გარეშე გაატარა. მან, უბრალოდ, არ იცოდა, ვინ იყო მამამისი, რადგან... დედამ არ იცოდა, ვისგან ჩაისახა ბავშვი, რამეთუ ურთიერთობა ერთდროულად რამდენიმე კაცთან ჰქონდა და რაც მთავარია, ნახევარზე მეტი არ ახსოვდა, რადგან ეს შემთხვევითი კავშირები იყო. ახლა კი დადგინდა, რომ ლებრონის მამა გვარად მაქლილენდი ყოფილა, რომელიც ცოტა ხნის წინ, ციხეში გარდაიცვალა. კაცი დედამისმაც გაიხსენა და დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ მსოფლიო კალათბურთს ლეგენდა, სწორედ ამ კაცმა აჩუქა. ჰო, მაქლილენდმა მთელი ცხოვრება ციხეში გაატარა, იქვე გარდაიცვალა და ეს მაშინ, როცა მისი შვილი წლიურად, ასეულობით მილიონ დოლარს აკეთებს. 

P.შ. თბილისის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა, ზაზა დოლიძემ ფარერული კრახის შემდეგ განაცხადა: „ის მეცხვარე კომბლით კი არ დადის... ის ადამიანები ქმნიან ეკონომიკას და ქვეყანას აშენებენ...“ ბატონო ზაზა, ადრე იყო ასეთი რეკლამა _ „ხანდახან ლაპარაკს, სჯობს, დაღეჭო...“

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში