Menu
RSS

სიკვდილით დასჯილი ირანელი მოჭიდავე

ვინ გაუტეხა ცხვირი ხვიჩა კვარაცხელიას და რატომ გაბრაზდა გიორგი ასანიძე

სასწაული მოხდა _ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 8 ერთა თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც წესი, ეს 6 ერის გათამაშებაა და მასში ევროპის უძლიერესი ნაკრებები ასპარეზობენ _ ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია და იტალია. ახლა მათ ფიჯი და საქართველოც დაემატა, „შემოდგომის ერთა თასი 2020“ დაერქვა და ამის მთავარი მიზეზი პანდემიაა. სწორედ პანდემიის გამო, ეს ნაკრებები ტესტ-მატჩებს ვერ ატარებენ და გადაწყვიტეს, ერთა თასი გაფართოებულ ფორმატში ჩაატარონ. ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაცვლად, ამ ტურნირზე იაპონია იყო მიწვეული, მაგრამ ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა, პანდემიის გამო, ბებერ კონტინენტზე ჩასვლაზე უარი თქვეს და შედეგად, ბედმა საქართველოს გაუღიმა. ეს ჩვენი ბიჭებისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება. რა თქმა უნდა, პირველობაზე არავინ ფიქრობს, მაგრამ მთავარია, ჩვენმა გუნდმა ღირსეული თამაში აჩვენოს და დაამტკიცოს, რომ ელიტურ გუნდებთან ტოლ-სწორად ასპარეზობა ხელეწიფება.

რაც შეეხება კალენდარს, ტურნირი სტარტს 14 ნოემბერს აიღებს და 6 დეკემბერს დასრულდება. ჩვენი ნაკრები 14- ში, ინგლისს ხვდება, 21 ნოემბერს _ უელსს, 29 ნოემბერს კი ირლანდიასთან თამაში გველის. ამით ჯგუფური ეტაპი დასრულდება. 5-6 დეკემბერს, „შემოდგომის ერთა თასის“ დასკვნითი მატჩები გაიმართება და ერთმანეთს ჯგუფებში ერთნაირი რეიტინგის მქონე გუნდები შეუწყვილდებიან ანუ პირველადგილოსნები პირველობისთვის ითამაშებენ, ჯგუფში მეორეები მესამე-მეოთხე ადგილისთვის, მესამე ადგილოსნები _ მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის, მეოთხე ადგილზე გასული გუნდები კი მეშვიდე-მერვე ადგილებს გაინაწილებენ. 

* * * 

ეს ნოემბერში მოხდება, მანამდე კი 8 ოქტომბერი და დამოუკიდებელ ქართულ სანაკრებო ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ერთა ლიგის ნახევარფინალში, ჩვენი გუნდი ბელორუსს მასპინძლობს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ისევ თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს შორის უძლიერესს შეხვდება და ამ მატჩის მოგების შემდეგ, არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშებთ. 

გულშემატკივართა სრული შემადგენლობა წაგებას არც კი განიხილავს და ქართველ ფეხბურთელებს მხოლოდ მოგებას სთხოვს, თანაც გასულ კვირას, ბელორუსებისა და ჩვენი ნაკრების თამაშმა აჩვენა, რომ მეტოქეს აშკარად ვჯობივართ, მაგრამ ეს უპირატესობა მინდორზე უნდა დავამტკიცოთ. მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ბელორუსში მიმდინარე აქციების გამო, ნაკრების არაერთმა ლიდერმა ეროვნული გუნდის მაისურის ჩაცმაზე უარი თქვა მანამ, სანამ ალექსანდრე ლუკაშენკო არ გადადგება და ისე როგორ იქნება, ეს კაცი 8 ოქტომბრამდე წავიდეს?! 

* * * 

რადგან ნაკრებზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ ჩვენი გუნდის ფორვარდმა, ნიკა კაჭარავამ „ანორთოსისი“ დატოვა და კარიერას პოლონურ „ლეხში“ აგრელებს. კვიპროსული კლუბის თავკაცმა, თემურ ქეცბაიამ ნიკას ნაცვლად, გუნდში კვლავ ქართველს უხმო და ბელგიიდან გიორგი ქვილითაია იჯარით აიყვანა. სხვათა შორის, სწორედ ქეცბაიას ხელში დაიბრუნა სათამაშო ფორმა და ნაკრებში ადგილი თორნიკე ოქრიაშვილმა, საიმედოდ ირჯება მურთაზ დაუშვილი და ასევე, საიმედოდ დგას, როგორც „ანორთოსისის“, ისე ნაკრების კარში გიორგი ლორია. 

სამწუხაროდ, მოსკოვის „დინამოსთან“ შეხვედრაში დაშავდა ხვიჩა კვარაცხელია. ჩვენი ნაკრების ლიდერმა კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, მის მიერ მოპოვებული პენალტით, ყაზანის „რუბინმა“ სამი ქულა გაინაღდა, მაგრამ სწორედ პირველი ტაიმის მიწურულს, ჩვენებურს მეტოქე ფეხბურთელი ისე შეეჯახა, რომ მას ცხვირიც გაუტყდა და ტვინის შერყევაც მიიღო. 

ზოგადად, ხვიჩას ცხვირს აშკარად ერჩიან _ შარშან, სწორედ ცხვირის ტრავმის გამო, კვარაცხელია კარგა ხანს დამცავი ნიღბით ასპარეზობდა და დიდი ალბათობით, ამჯერადაც ასე მოუწევს. 

* * * 

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მაკარიძემ პორტუგალიური „ვიტორია“ დატოვა და კარიერას ესპანური დივიზიონის „ალმერიაში“ გააგრძელებს. ესპანური კლუბის მესვეურები უკვე მომავალ სეზონში, პრიმერა დივიზიონის საგზურს უმიზნებენ, მაკარიძე კი, რომელმაც გასული სეზონი, მართლაც, საუცხოოდ ჩაატარა, ძირითადი მეკარის პოზიციისთვის ჰყავთ შეგულებული. 

* * * 

ერთი შეხედვით, ძალიან უხმაუროდ ჩატარდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნებამდე შეიცვალა კომიტეტის წესდება და ჩაიწერა, რომ ნებისმიერ მსურველს, ორის ნაცვლად, რამდენიმე ვადით შეეძლო არჩევა. შედეგად, ორჯერ არჩეულმა ლერი ხაბელოვმა, საკუთარი კანდიდატურა მესამედაც წამოაყენა და 121 დელეგატიდან, ღია კენჭისყრით, მხარი 121-ვემ დაუჭირა. 

მანამდე კი იყო საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ასანიძემ, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა. 

„ლერი ხაბელოვი ჩემი კუმირი იყო, მას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მის ქმედებებში უზურპაციის ნიშნები დავინახე. დამოუკიდებელ კანდიდატებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მოესპოთ. გარდა ამისა, სამინისტროს რეკომენდაცია იყო, რომ არჩევნები გადადებულიყო. ეს რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული. ამ არჩევნებისთვის შეიცვალა წესდება. სამართლებრივი კუთხით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც ახალი წესდება ყველა კანონის მიხედვით იყო მიღებული, მაგრამ არსებობს მორალური ასპექტებიც. ორმაგი სტანდარტით მუშაობა არ შეიძლება, არც ადრე შეიძლებოდა. მით უფრო გულდასაწყვეტია, რომ ეს ორმაგი სტანდარტი სპორტულ ოჯახში დამკვიდრდა. ლერი ხაბელოვის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ არჩევნების ჩატარების ფორმა მიუღებელია“, _ განაცხადა ასანიძემ, მაგრამ ამ განცხადებამ ვერაფერი შეცვალა.  

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ხაბელოვის მესამედ გაპრეზიდენტების პერსპექტივა ძიუდოს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ქევხიშვილმა გააპროტესტა. 

* * * 

იაპონიაში სექტემბრის სუპერტურნირი „აკი ბაშო“ დაიწყო და ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე „ტოჩინოშინი“, მასში მონაწილეობას მეოთხე მაეგაშირას რანგში იღებს. „ტოჩი“ წინა ტურნირში წარმატებული ასპარეზობის გამო დაწინაურდა და თუ ამ ტურნირსაც დადებითი ბალანსით დაასრულებს, წინსვლა ისევ გარანტირებული ექნება. 

* * * 

ფრანგული პსჟ-ს ფორვარდმა, კილიან მბაპემ კლუბის ხელმძღვანელებს უკვე განუცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, პარიზულ გუნდს დატოვებს და კარიერას ესპანეთში ან ინგლისში გააგრძელებს. მბაპე, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და ფრანგები მის სანაცვლოდ, 200 მილიონზე ნაკლებს არ მოითხოვენ, თუმცა ამ თანხის გადახდის მსურველი არაერთი კლუბი გამოჩნდება. 

* * * 

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველი ტური გათამაშდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ფეხბურთელები, მაისურზე ანტირასისტული წარწერით გამოჩდნენ. აბსოლუტურად ყველა გუნდის ყველა ფეხბურთელის მაისურზე წარწერა _ „რასიზმის ადგილი არ არის“, სეზონის ბოლომდე იქნება, ინგლისის საფეხბურთო კავშირი ასე უცხადებს სოლიდარობას რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ რასიზმის გამოვლინება ინგლისურ ფეხბურთში არცთუ იშვიათია. 

რადგან ინგლისის პრემიერლიგა ვახსენეთ, პირველ ტურში მომხდარ საინტერესო ამბავსაც შევეხოთ. ლონდონის „ტოტენჰემმა“, სეზონის სადებიუტო მატჩი საკუთარ მოედანზე, „ევერტონთან“ მინიმალური სხვაობით _ 0:1 დათმო. ლონდონელთა თავკაცი, ჟოზე მაურინიოა და მის 18-წლიან სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა, რომ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა სეზონის პირველი შეხვედრა წააგო. მანამდე გამართული 18 მატჩიდან, მაურინიოს გუნდებს 11-ჯერ გაუმარჯვიათ, 7 მატჩი კი ფრედ დასრულებულა. 

* * * 

დასასრულ, სამწუხარო ინფორმაცია. ირანში მასშტაბური დემონსტრაციები 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა და მოსახლეობა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდა. იმ პერიოდში, 25 ადამიანი დაიღუპა, ათასამდე კი დააპატიმრეს. სწორედ მაშინ დააკავეს ნავიდ აფკარი და მისი ძმები _ ვაჰიდი და ჰაბიბი. ნავიდს სასამართლო, დემონსტრაციაში მონაწილეობის გარდა, სამართალდამცავის მკვლელობასაც ედავებოდა. პროცესი თითქმის ორი წელი გაგრძელდა და ირანის სასამართლომ ნავიდს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. არადა, 27 წლის სპორტსმენი, ირანის მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი და ქვეყნის არაერთგზის ჩემპიონი იყო. მისი სიკვდილით დასჯის გაუქმება, თვით დონალდ ტრამპმაც კი სთხოვა ირანის ხელისუფლებას, თუმცა განაჩენი სისრულეში გასულ კვირას, 12 სექტემბერს მოიყვანეს. 

რაც შეეხება მოჭიდავის ძმებს _ ვაჰიდსა და ჰაბიბს, შესაბამისად, 54 და 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ახლა, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია იმაზე მსჯელობს, მოკვეთოს თუ არა ირანის ნაკრები ყველა სპორტული შეჯიბრიდან.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში