Menu
RSS

ფსბ-ს ყოფილი შეფი საქართველოსთან დიდ დაპირისპირებას აანონსებს

ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, თავისი არსებობის ისტორიაში, პირველად მოუგო ესტონეთს. მანამდე გამართული სამი შეხვედრიდან, ქართველებს ერთი წაგება და ორი ფრე ჰქონდათ. სწორედ საკუთარი კედლების იმედად იყვნენ ესტონელები, მაგრამ კაჭარავას მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ესტონეთთან მატჩს, როგორც გულშემატკივარი, ისე სამწვრთნელო შტაბი, 8 ოქტომბერს, ბელორუსთან გასამართი შეხვედრის რეპეტიციად მიიჩნევს. ამ დღეს გაირკვევა, საქართველოს ნაკრები მოიპოვებს თუ არა ევროპის ლიგის გასული გათამაშების ფინალის საგზურს და გავა თუ არა ევროპის 2021 წლის ფინალურ ეტაპზე.

მანამდე კი, 17 სექტემბერი და პრინციპული შეხვედრაა. თბილისის „ლოკომოტივი“, ევროპა ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოსკოვის „დინამოს“ ერთმატჩიან დუელში უმასპინძლებს. შეხვედრა ვაკეში გაიმართება და მაყურებლის გარეშე ჩაივლის, მაგრამ მთავარი ისაა, რა განწყობით მოდიან რუსი ფეხბურთელები და რა განწყობით ხვდებიან ქართველები. 

დავიწყოთ იმით, რომ „დინამოს“ დირექტორი, ფსბ-ს ყოფილი ხელმძღვანელი, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, სერგეი სტეპაშინია. ჰოდა, ამ კაცმა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თქვა, ეს არ არის რიგითი შეხვედრა, ეს საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაა, დირექტორთა საბჭოს საკითხის დასმა, სწორედ ასე მართებსო. სტეპაშინის ამ განცხადებას რუს გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. დიდი ნაწილი მას მკაცრად აკრიტიკებს და უცენზურო სიტყვებით მოიხენიებს, აქაოდა, ეს რიგითი მატჩია და არა _ სახელმწიფოებს შორის ომიო. 

თავის მხრივ, სოციალურ ქსელში ქართველი გულშემატკივრები „ლოკომოტივისგან“ კატეგორიულად მოითხოვენ ამ შეხვედრის მოგებას და მის პრინციპულობასა და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობენ. 

სიმართლე გითხრათ, ძნელი სათქმელია, როგორ დასრულდება შეხვედრა, აქეთაა ქართველთა ჟინი, იქით კი _ რუსული კლუბის დაახლოებით 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი, მილიონებად ნაყიდი ფეხბურთელები, ლეგიონერები... 

* * * 

არანაკლებ პრინციპული მატჩი ელით მორაგბეებს. 14 მარტს, ჩვენი გუნდი რუსეთს უნდა შეხვედროდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მეზობელი ქვეყნის ნაკრები უკვე თბილისში იყო, რაგბის ევროპის ფედერაციამ, პანდემიის გამო, შეხვედრა გადადო. ახლა კი გაირკვა, რომ გადადებული შეხვედრა ისევ თბილისში, 1 ნოემბერს გაიმართება, თუმცა უდიდესი ალბათობით, გულშემატკივარი ამ შეხვედრას ვერ დაესწრება. სატურნირო მდგომარეობის კუთხით, შეხვედრას მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს, ჯგუფში პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება, მაგრამ რა ქულასა და სატურნირო მდგომარეობაზეა საუბარი, როცა სათამაშოდ რუსეთი მოდის, ნაკრები, რომლის მეტსახელიც „რუსი დათვებია“. 

* * * 

მოსკოვის საკალათბურთო კლუბმა „ცსკა“-მ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ოთხი ამხანაგური მატჩი გამართა. გუნდის ახალწვეული თორნიკე შენგელია, ოთხივე შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში იყო და გუნდისთვის სასარგებლოდაც გაისარჯა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ქართველი გულშემატკივრის უმრავლესობის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, ადაპტაციას აშკარად წარმატებით გადის და იმედია, მისი სათამაშო ფორმა ეროვნულ გუნდსაც წაადგება. 

* * * 

ლიონელ მესის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, როგორც იქნა, ჩაცხრა. კატალონიური გრანდის იურისტებმა ფეხბურთელი დაარწმუნეს, რომ თუ გუნდს ცალმხრივად გაწყვეტილი კონტრაქტით დატოვებდა, მის ახალ მფლობელ კლუბს სატრანსფერო თანხის გარდა, 100 მილიონი ევროს ჯარიმაც უნდა გადაეხადა. საბოლოოდ, მხარეები კომპრომისზე შეთანხმდნენ, მაგრამ ლეოს ორი ვარჯიშის გაცდენის გამო, ორი დღის ხელფასი ჩამოაჭრეს. ვიღაცისთვის ეს, შესაძლოა, სასაცილო თანხა იყოს, მაგრამ არგენტინელის დღიური ხელფასი 114 ათასი ევროა და ორ დღეში, 228 ათასის დაკარგვა მესისთვისაც არ უნდა იყოს დიდად სასიამოვნო ამბავი. 

* * * 

სამაგიეროდ, კვლავ გაურკვეველია „ბარსელონას“ კიდევ ერთი ვარსკვლავის, ლუის სუარესის გარშემო მიმდინარე მოვლენები. სუარესს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს და წლიურად მისი გასამრჯელო 15 მილიონი ევროა. გუნდის ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გეგმებში სუარესი არ შედის და მას უკვე უთხრეს, რომ ახალი გუნდი უნდა ეძებოს. ის ახალი კი ტურინის „იუვენტუსია“, რომელიც ურუგვაელს 2-წლიან ხელშეკრეულებასა და წლიურად 10 მილიონს სთავაზობს, მაგრამ საქმე ისაა, რომ სუარესი „ბარსას“ კუთვნილი 2 წლის ჯამაგირსაც სთხოვს და მხარეები ვერ თანხმდებიან. 

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო სხვა რამაა. ლუის სუარესი მსოფლიო დონის ვარსკვლავია, ყველა იცნობს, მაგრამ იმისთვის, რომ იტალიაში მუშაობის უფლება ოფიციალურად მიიღოს, ენის ტესტი უნდა ჩააბაროს ანუ თუ არ იცი ენა, ოფიციალურ სამუშაოს ვერ დაიწყებ და ეს ყველაზე ვრცელდება. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ საქართველოში მოთამაშე ლეგიონერების 95%-ზე მეტი, მხოლოდ „გამარჯობის“ თქმას ახერხებს. 

* * * 

ევროპის ერთა ლიგის გათამაშებაში, ესპანეთის ნაკრებმა უკრაინა 4:0 დაამარცხა. ორი გოლი პირენეელთა მცველმა და კაპიტანმა, სერხიო რამოსმა გაიტანა და ყველა დროის საუკეთესო გახდა. რამოსს 23 სანაკრებო გოლი მოუგროვდა, ამდენი ბურთი კი არცერთი ეროვნული გუნდის არცერთ მცველს არ გაუტანია. დაგვეთანხმებით, რომ მცველის პოზიციაზე მოთამაშისთვის, 23 სანაკრებო გოლი ზედმეტად კარგი შედეგია და თუ ამას მადრიდის „რეალის“ მაისურით გატანილ 70 გოლსაც დავამატებთ, მართლაც, ფენომენალურ მიღწევასთან გვექნება საქმე. 

* * * 

ის, რაც აშშ-ის ღია პირველობაზე მოხდა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა. ტურნირის მთავარ ფავორიტად მიჩნეული ნოვაკი, 1/8-ფინალში მორიგ მეტოქეს ამარცხებდა, მაგრამ საკუთარი ჩაწოდება არ მოეწონა და ბურთს ჩოგანი მძლავრად ამოჰკრა. ბურთი კი პირდაპირ მის უკან მდგომ ხაზის მსაჯს მოხვდა. რაღა თქმა უნდა, ჯოკოვიჩი მაშინვე მსაჯთან მივიდა, მოუბოდიშა, საკუთარი ექიმიც კი დაახმარა, მაგრამ დანარჩენმა მსაჯებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ეს საქციელი სერბის მხრიდან არასპორტული იყო. შედეგად, ჯოკოვიჩი ტურნირიდან მოხსნეს და არსებობს ეჭვი, რომ მას ფულად ჯარიმასაც დააკისრებენ. არადა, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, სერბ ჩოგბურთელს კონკურენტი, პრაქტიკულად, არ ჰყავდა და დიდი მუზარადის მორიგი ტურნირის მოსაგებად, აშკარად მზად იყო. 

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ბოდიშს გიხდით ჩემი საქციელისთვის. მომხდარმა შინაგანად გამომფიტა, ინციდენტის შემდეგ, იმ წამსვე შევამოწმე ხაზის მსაჯის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმებმა მითხრეს, რომ კარგად არის და მადლობა ღმერთს, დარტყმა ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა. ბოდიშს ვუხდი აშშ-ის ღია პირველობას, ჩემს გუნდს და გულშემატკივრებს“, _ სულ ეს იყო, რაც ჯოკოვიჩმა დისკვალიფიკაციის მერე თქვა. 

* * * 

და ერთიც: დღეს ბევრს საუბრობენ, თუ ვინ არის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი. ჰოდა, ევროპელები დასხდნენ, დაიანგარიშეს, აზრი მწვრთნელ-ფეხბურთელებს ჰკითხეს და საბოლოოდ, დღეისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეული შეადგინეს. 

ჰო, წინასწარ გეტყვით, რომ პირველ ადგილზე არც ლიონელ მესია და არც _ კრიშტიანუ რონალდუ. 

კილიან მბაპე (პსჟ) – 260 მილიონი ევრო, რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) – 195, ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – 180, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული) – 170, მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნატედი) – 152, მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 145, სადიო მანე (ლივერპული) – 140, ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) – 135, ალფონსო დევის (ბაიერნი) – 134, ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 120.

ბათო ჯაფარიძე

 

დაბრუნება დასაწყისში