Menu
RSS

დიდი არეულობა ქართულ რაგბიში

კატალონიის მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა _ ლიონელ მესი „ბარსელონადან“ მიდის. მას შემდეგ, რაც ესპანური გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ სამარცხვინოდ _ 2:8 დამარცხდა, ლეო კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან მძიმე საუბარი ჰქონდა. როგორც ჩანს, მათ არგენტინელის მოთხოვნები (კლუბში მაღალი დონის ფეხბურთელების მოყვანა და დაახლოებით, 500 მილიონი ევროს დახარჯვა) არ გაითვალისწინეს და აგერ, მესი გუნდიდან წასვლაზე ალაპარაკდა. პრინციპში, რაღა ალაპარაკდა, „მანჩესტერ სიტი“ მზადაა, მის სანაცვლოდ, 200 მილიონი გადაიხადოს და დაახლოებით, 150 მილიონის ღირებულების ფეხბურთელები კატალონიურ გუნდში გაუშვას ანუ მთლიანობაში, მესი 350 მილიონად გაიყიდება მაშინ, როცა მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 700 მილიონი წერია, თუმცა ცხადია, რომ 33 წლის ფეხბურთელში, თუნდაც ის მესი იყოს, ამ თანხას არავინ გადაიხდის. ისიც ვთქვათ, რომ „სიტის“ მფლობელი არაბი შეიხები მესის 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, საიდანაც არგენტინელი 3 წელს მანჩესტერულ კლუბში გაატარებს, 36 წლის ასაკში კი სათამაშოდ, ასევე, შეიხების მფლობელობაში არსებულ კლუბ „ნიუ იორკ სიტიში“ გადავა. ჰოდა, ამ 5 წლის განმავლობაში, არაბები მესის 500 მილიონს ანუ წლიურად 100 მილიონ დოლარს სთავაზობენ და როგორც ამბობენ, ამ თანხას ისინი მხოლოდ კლუბის მაისურების გაყიდვით ამოიღებენ.

ლეოს გადაწყვეტუილებას გულშემატკივართა პროტესტი მოჰყვა, თუმცა ისინი არა ფეხბურთელს, არამედ, კლუბის შეფებს ებრძვიან და მათ გადადგომას ითხოვენ. „ბარსას“ პრეზიდენტი, ხოსეპ ბარტომეუ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და იმედი აქვს, რომ არგენტინელი გადაიფიქრებს, მაგრამ კატალონიაში, „სიტის“ თავკაცი, ხოსეპ გვარდიოლა ჩავიდა და მესისთან მოლაპარაკებებს პირადად მართავს. მეორე მხრივ, გულშემატკივართა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თუ მესი გუნდის გამოცვლას აპირებს, კარგი იქნება, „იუვენტუსში“ გადავიდეს, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს და თანამედროვე ეპოქის ამ ორი, უდიდესი ფეხბურთელის მოედანზე ერთად ხილვა ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება. 

* * * 

მესი და „ბარსელონა“ მიხედავენ თავებს, მილიონებსაც იშოვნიან, ჩვენ კი ჩვენი ვთქვათ. გასულ კვირას, სამი ქართული კლუბი ჩაება ევროთასების გათამაშებაში. ბათუმის „დინამომ“ ისრაელში, „ჰაპოელთან“ 0:3 წააგო, თბილისის „საბურთალო“ კვირპოსში, „აპოლონთან“ 1:5 დამარცხდა, თბილისის „ლოკომოტივმა“ კი, ყველასთვის მოულოდნელად, რუმინეთის ვერცხლისმედალოსან „უნივერსიტატეას“ 2:1 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზეა თბილისის „დინამოც“, ოღონდ ეს თბილისელთა წარმატება კი არა, მარცხია. დედაქალაქელები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოვარდნენ და ამის შემდეგ გადაერთვნენ ევროპა-ლიგაზე. 

მოკლედ რომ გითხრათ, ქართულმა კლუბებმა ევროთასების საკვალიფიკაციოზე ოთხი შეხვედრა ჩაატარეს, სამში დამარცხდნენ, ერთი მოიგეს, მეტოქეებს სამი გოლი გაუტანეს, საკუთარ კარში კი... 11 ბურთი მიიღეს. 

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ქართულ ფეხბურთში სახელმწიფო სუბსიდიას ახორციელებს და კლუბებს 15 მილიონით ეხმარება, ფაქტია, რაღაც ისე ვერ თუ არ კეთდება და ეს ფულიც წყალში გადაყრილი გამოდის. როცა ლუქსემბურგისა და ლიხტენშტეინის გუნდები გადიან შემდეგ ეტაპზე და პოსტსაბჭოთა სივრცის ლამის ყველა წარმომადგენელს ჯგუფურ ეტაპზე მუდმივად ჰყავს ერთი გუნდი მაინც, საქართველო მაჩანჩალათა შორის, მაჩანჩალა გამოდის. 

* * * 

5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების პირველ ტურში ესტონეთს სტუმრობს, 8 სექტემბერს კი, თბილისში, მაკედონიას დაუხვდება. ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში შემდეგ ფეხბურთელებს უხმო: 

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე („ვიტორია სეტუბალი“, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“, თბილისი); 

მცველები: ოთარ კაკაბაძე („ლუცერნი“, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა („შახტარი“, უკრაინა), გია გრიგალავა („არსენალი“, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი), საბა კვირკველია („როტორი“, რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი), ნიკა მალი („საბურთალო“, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი („დინამო“ ბათუმი); 

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ტობოლი“, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ვაკო გვილია („ლეგია“, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია), გიორგი აბურჯანია („ტვენტე“, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ლევან შენგელია („ქონიასპორი“, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი“, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („როტორი“, რუსეთი), გიორგი კუცია („დინამო“ თბილისი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“ ბათუმი); 

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („გენტი“, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა („ანორთოსისი“, კვიპროსი). 

გამოძახებულთა შორის არ არიან აშშ-ში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია. ამის მიზეზი პანდემიაა. აშშ-ს საზღვრები აქვს დაკეტილი და მათი ჩამოსვლა ამ მიზეზით გამორიცხულია. არადა, ორივე ფეხბურთელი ნაკრებისთვის დიდი ძალაა, მაგრამ რეგულაციები ყველასთვის მოქმედებს და გამონაკლისს მხოლოდ ჩვენი ფეხბურთელებისთვის არავინ დაუშვებს. 

რეალურად რომ ვიმსჯელოთ, გულშემატკივარი ყველაზე მეტად არა ამ შეხვედრებს, არამედ, 8 ოქტომბერს გასამართ ერთა ლიგის ნახევარფინალს ელოდება, რომელშიც ბელორუსს ვმასპინძლობთ და გამარჯვების შემთხვევაში, მეტოქედ ჩრდილოეთ მაკედონია გვყავს. აი, მაკედონიელებს თუ დავამარცხებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, რაც ფეხბურთის განვითარებისა და ზოგადად, ქართველი გულშემატიკვრებისთვის, ძალიან, ძალიან კარგი იქნება. 

* * * 

შემოდგომაზე მორაგბეთა შორის „8 ერის“ ტურნირი უნდა გაიმართოს და გაირკვა, რომ კორონავირუსის რეგულაციების გამო, ტურნირში მონაწილეობას იაპონიის ნაკრები ვერ მიიღებდა. მაშინვე ითქვა, ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლები, შესაძლოა, საქართველომ ჩაანაცვლოსო და გულშემატკივრებში ეს თემა აქტიურად განიხილებოდა, თუმცა ტურნირის ორგანიზატორებმა პირდაპირ მიანიშნეს, რომ საქართველოს ვარიანტს არ განიხილავენ და ტურნირში მონაწილეობას მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას სთავაზობენ. 

ზოგადად, ბოლო დროს, ქართულ რაგბიში სერიოზული არეულობაა. პრეზიდენტის გადადგომის, შემდეგ მისი მოვალეობის შემსრულებლის წასვლისა და ექვს ერში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართვაზე უარის მიღება იმას ნიშნავს, რომ საქართველოში რაგბის წინსვლა დამუხრუჭდა, მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრითა და იქ გამოსვლით, საქმე წინ ვერ მიდის. 

ყველაფერს ნათელი, წესით, ახალმა არჩევნებმა და ახალმა პრეზიდენტმა უნდა მოჰფინოს, მაგრამ მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამას არც მოქმედი თუ ვეტერანი მორაგბეები მალავენ. 

* * * 

იაპონიაში, 13 სექტემბერს დასაწყები აკი ბაშოსთვის ემზადებიან. სუმოისტთა სუპერტურნირი დიდ ინტერესს კი იწვევს, მაგრამ ისევ მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ჩვენთვის საინტერესო კი ახალი რეიტინგია. მოგეხსენებათ, გასულ ტურნირზე, ლევან გორგაძემ დადებითი ბალანსი დააფიქსირა და წინსვლა უნდა განეცადა. ასეც მოხდა, ტოჩინოშინი მეოთხე მაეგაშირას რანგში წარსდგება გულშემატკივრების წინაშე და თუ აკი ბაშოსაც სოლიდური დადებითი ბალანსით დაასრულებს, ვინ იცის, ეგებ, კომოსუბის ტიტული ირგუნოს და ოძეკობას კვლავ შეუტიოს. 

სამწუხაროდ, ქვედა ლიგაში მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველი, თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ, ქრონიკული ტრავმის გამო, ჯეროვნად ვერ ასპარეზობს. ახალ რეიტინგში ის კიდევ უფრო დაბლა დაეშვა და ქვედა ლიგის 85-ე ნომერი იქნება. 

* * * 

და ერთიც: როცა ფეხბურთი გიყვარს, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, დიდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მცველი, პატრის ევრა 39 წლისაა და შესაბამისად, გუნდის მოძებნა უჭირს. ამის მიუხედავად, პატრისმა საკუთარი სამსახური სრულიად უფასოდ ინგლისურ „ბრენტჰემს“ შესთავაზა და ამ გუნდის რიგებში თამაშობს. „ბრენტჰემი“ ინგლისის რანგით მე-11 (!!!) ლიგაში ასპარეზობს, თუმცა ევრას ეს არ ანაღვლებს, ის ყოველდღიურად ბაზაზე მიდის, ვარჯიშობს და გუნდი სათამაშოდ კაპიტნის სამკლავურით გაჰყავს. ცნობისათვის, „ბრენტჰემის“ მატჩებს, ევრას მისვლამდე, მაქსიმუმ 300 გულშემატკივარი (ძირითადად, ფეხბურთელების მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ), მას შემდეგ კი, რაც პატრისი გუნდში მივიდა, კლუბის 3-ათასიან სტადიონზე ადგილის მოძებნა ჭირს.  

P.S. ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის „დინამო“ ერთმატჩიან დაპირისპირებაში უელსში, „ქონაჰს“ ესტუმრება, თბილისის „ლოკომოტივი“ კი ვაკეში... მოსკოვის „დინამოს“ მიიღებს. სწორედ ეს ბოლო შეხვედრაა გულშემატკივრებისთვის საინტერესო და ქვეყნისთვის პრინციპული!

ბათო ჯაფარიძე

 

დაბრუნება დასაწყისში