Menu
RSS

მცხეთა-მთიანეთის ტყეები განადგურების საფრთხის წინაშეა - მასობრივი ჭრა და დამშრალი მდინარეები

 თიანეთში, მდინარე ქუსნო, საიდანაც წყლით დახლოებით 7-8 სოფელი მარაგდება, უკანასკნელი წლების მანძილზე  წყალწყვის თვალსაზრისით ორ-სამჯერ შემცირდა. ადგილობრივების თქმით, ამის მიზეზი მდინარის სათავეებში მასობრივი ტყის ჭრაა. თიანელები “ვერსიასთან“ საუბარში ამბობენ, რომ მხოლოდ ზემო თიანეთის თემის ტერიტორიაზე დაახლოებით 20 წლის წინ, ათზე მეტი დიდი თუ მცირე მდინარე ჩამოდიოდა. ტყის მასობრივმა კაფვამ ეს მდინარეები ან კატასტროფულად შეამცირა, ანდა საერთოდ გააქრო.

 ამ მხარეში ტყის მასივები ოფიციალურად, ანუ სახელმწიფო ნებართვით იჭრება. ტყეში გამოყოფილია ე.წ. სოციალური ტყეკაფები და ადგილობრივი მოსახლეობა და მთელი მუნიციპალიტეტი აღნიშნული ტყით სარგებლობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სოფელ ვერხველის (მდინარე ქუსნოს ხეობის ბოლო სოფელი) გარშემო რაც ტყეები იყო, სხვადასხვა დროს გამოყოფილი ტყეკაფების შედეგად ერთიანად მოიჭრა და ახლა უკვე ტყის მჭრელები მდინარის სათავეებსაც მიადგნენ.

 მასობრივ ჭრებს უკვე შეეწირა ქართლის და კახეთის ერთ დროს ტყით დაფარული არაერთი ხეობა. ტყე კი, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ლამაზია, მდინარეების არსებობას უზრუნველყოფს და ადამიანისთვის აუცილებელი ჟანგბადის შექმნის წყაროა, წყალმარეგულირებელ ფუნქციასაც ატარებს. უტყეო ადგილებიდან ჩამოსულ მთის მდინარეებს აღარ გააჩნიათ ბუნებრივი შემაკავებელი ბარიერი, ჩამოაქვთ მიწა, ქვა-ღორღი და ასეთი უცაბედი წყალმოვარნები თავისი მძიმე შედეგებით ბოლო წლებში საქართველოში სამწუხაროდ ჩვეულებრივ ამბად იქცა.

 სოფელ ვერხველის მკვიდრი მალხაზ ჭინჭარაული ამბობს, რომ ადგილობრივი მდინარეების დაშრობის მიზეზი ზღვარგადასული ჭრებია. ამიტომ, ახალ–ახალი ტყეკაფების გამოყოფა ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტს იწვევს და თიანელები აპირებენ საამისოდ გარკვეულ ზომებს მიმართონ.

 მალხაზ ჭინჭრაული, ადგილობრივი მოსახლე: “ჩვენ უკვე მივედით იმ დასკვნამდე, რომ ტყის მჭრელები მდინარის სათავეებთან აღარ უნდა ავუშვათ. ჭრა თუ არ შეჩერდა, ელემენტარულად, სასმელი წყალიც კი პრობლემური გაგვიხდება, რომ აღარაფერი  ვთქვათ სხვა ყველაფერზე, რაც ტყეშია და რის გარეშეც სოფელში ცხოვრება შეუძლებელია. ახლა ვცდილობთ, აქაურებს ერთი პირი გვქონდეს, რომ ჯერ წერილობით, შემდეგ კი უკვე სხვა ფორმებითაც გავაპროტესტოთ არსებული მძიმე მდგომარეობა“.

 რთული მდგომარეობაა სოფელ შარახევში (ისტორიული ფშავი), სადაც ასევე გამოყოფილია ტყეკაფი და უკვე დაწყებულია ჭრები. ხელშეუხებელი, ასწლოვანი ტყეებით, უთხოვრის კორომებით, იშვიათი ბიომრავალფეროვნებით, წყალვარდნილებით, მცირე კანიონებით და ისტორიული ძეგლებით მდიდარი ხეობა ყველაზე საუკეთესო პირობებს ქმნის მაღალი ღირებულების ტურისტული მომსახურებების განვითარებისთვის, რამაც შარახევი მდიდარ სოფლად უნდა აქციოს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჯგუფები ამ ადგილებში ჯერ კიდევ დადიან. თუმცა, სულ მალე შესაძლოა ამ ტყეებმა ყოველგვარი მიმზიდველობა დაკარგოს. მეორე წელია, სატყეო გზებმა აქამდეც ამოაღწია და ჭრებიც დაიწყო. ადგილობრივების განცხადებით, ასწლეულობით შემონახულ–შენარჩუნებული ბუნების ხელყოფა და შეშად გადაქცევა ჩვეულებრივი ვანდალიზმია და სასწრაფოდ არ შეჩერდა, საქართველო ერთ რიგით ლამაზ ადგილს კი არა, ხელშეუხებელი ბუნების მქონე ქვეყნის სახელს დაკარგავს, რითიც ასე ვამაყობდით.

 საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჭრები პირდაპირ ისტორიულ ზონაში მიმდინარეობს და ხის კოტრები კოშკებზე, კედლებზე და ნანგრევებზე ცვივა. რამდენიმეს ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე, ჭრები კი მათ ნგრევას აუცილებლად დააჩქარებს, რადგან დამამზადებლები მიმართავან მორების დაგორების ხერხს და ბრაკონიერებისგან არც ის იქნება გასაკვირი, ხეები ზედ კოშკებზე რომ წააქციონ. სატყეო გზებიც ძეგლთან ახლოსაა გაყვანილი და დამატებითი საფრთხეს უქმნის მათ არსებობას.

 ნაზი მარაული, სოფელ შარახევის მკვიდრი: “ღამღამობით დადიან დიდი მანქანებით და ეზიდებიან შეშას. მართლ და პატიოსან ადამიანს ღამე რატომ უნდა ჭირდებოდეს ტყიდან ხის გატანა? მდგომარეობა ძალიან ცუდია. ტყეები ყოველდღიურად იკაფება და ყველამ ვიცით, რომ ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება. ჩვენს სოფელში ყველა ამბობს, რომ ზამთარში მხოლოდ ნაყარი გამხმარი ხით და ტოტებითაც კი გავალთ იოლად და ადგილობრივებს სულაც არ გვჭირდება ხის მოჭრა. მაგრამ, გააკეთეს ეს ტყეკაფი და ჩვენი ტყის გაჩანაგებით ათასი ჯურის ხალხი სარგებლობს. მე ასაკოვანი ქალი ვარ, მაგრამ არ ვაპირებ, შევეგუო ასეთ მდგომარეობას და ყველაფერს ვიზამ იმ ხალხის გასაჩერებლად“.

 დავით შავერდაშვილი, სოფელ შარახევის მკვიდრი, ყოფილი მეტყევე: „როდესაც მეტყევედ ვმუშაობდი, ჩვენთან, ფშავში და მთლიანად, რაიონში, ტყეც ბევრი იყო და ნადირ-ფრინველიც. ჭრები მაშინაც ხდებოდა, მაგრამ ასეთი მასობრივი სახე არასოდეს მიუღია. მდინარეების სათავეებში ტყის ჭრას როგორ დავუშვებდით ან როგორ წარმოვიდგენდით? აუცილებელია მოსახლეობამ ხმა ამოიღოს ამაზე, თორემ მალე დადგება დრო, როდესაც ფშავში, მთიულეთსა და ხევსურეთში ტყეები აღარ დაგვრჩება“.

 ტყის ჭრას სტიქიური პროცესებთან ეკოლოგებიც აკავშირებენ. მეტიც, ბოლო დროს გახშირებული კატასტროფების მთავარ მიზეზად სწორედ ჭრები სახელდება და მდინარის აუზებში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო მძიმე პროგნოზები კეთდება. გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ ჭრების აკრძალვის შემთხვევაში უნდა არსებობდეს ალტერნატიული გათბობის საშუალებები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლის სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

CENN-ის შეფასებით, ტყეების მდგომარეობა წლიდან-წლამდე უარესდება. ტყეს დაკარგული აქვს რეკრეაციული და ესთეტიკური ღირებულება; გაკაფულ ფერდობებზე დაწყებულია ეროზიული პროცესები, ფერდობები  ჩამორეცხილი  და დამეწყრილია, გაზრდილია ღვარცოფებისა და წყალმოვარდნების რისკი; მძიმე მდგომარეობაა სატყეო გზებთან დაკავშირებით - ინტენსიურად მიმდინარეობს მათი დახრამვა. დახურული ტყეკაფებისკენ მიმავალი სატყეო გზები არ იხერგება და ბრაკონიერებს საშუალება ეძლევათ, თავისუფლად გააგრძელონ შეშის დამზადება უკვე ჭრაგავლილ ფართობებზე, რესურსების ბოლომდე ამოწურვამდე და ტყის განადგურებამდე.

 გიორგი იორამაშვილი, CENN-ის კორდინატორიი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში: “თიანეთში ტყეები მალე შეიძლება უბრალოდ აღარ იყოს. ეს პრობლემა აშკარად დგას. მალე ტყეკაფებისთვის გამოსაყოფი ადგილები ფიზიკურად აღარ იქნება.  რასაც ვხედავთ, ამ ტყეებს უკვე დაკარგული აქვთ თავისი ეკოლოგიური ფუნქცია. სწორედამიტომ, ბუნებრივიკატასტროფებიჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ექსტრემალურ ნალექებს კი არა, ჩვეულებრივ წვიმასაც უკვე წყალმოვარდნებიმოსდევს".

 რეზო გეთიაშვილი, ორგანიზაცია CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი: “მცხეთის მუნიციპალიტეტის ბარის დიდი სოფლები სწორედ ასეთი ადგილებიდან მარაგდება. დაბლობში ფაქტობრივად აღარაა ტყე და ჭრები სულ უფრო და უფრო ზევით, მდინარეების სათავეებისკენ მიიწევს, სადაც ყველაზე მგრძნობიარე ეკოსისტემებია და ნებისმიერი უხეში ჩარევა შეიძლება კატასტროფად იქცეს. სატყეო გზები ეწყობა პრიმიტიულად, ფერდობების ჩამოჭრით, ყოველგვარი რისკების შეფასების გარეშე. ხშირ შემთხვევაში, სატყეო გზად პირდაპირ მდინარის კალაპოტი გამოიყენება და შეშით დატვირთული მანქანები მდინარეებში გადაადგილდებიან. სხვა შემთხვევაში, თავად გზები ქმნიან მდინარის ახალ კალაპოტებს. ეს ის შენაკადებია, რომელიც არაგვს აბინძურებენ და ამ წყლით მერე მთელი დედაქალაქი მარაგდება.

 აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიზიარებთ მოსახლეობის განწყობას და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა აიკრძალოს ჭრები ხეობების სათავეებში. თუმცა, აკრძალვა ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მოდის ზედამხედველობის სამსახური და ტყეში ყოველგვარი უკანონობა მთავრდება. ტყეებში და გზებზე პრობლემის პოლიციური მოგვარება არის ილუზია და უკანონო ჭრები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ალტერნატიული გათბობის საშუალებით შეშის ჩანაცვლების, ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების განვითარების და ამ გზით, ტყეზე ენერგეტიკული ზეწოლის შემცირების პროგრამები არ დაფინანსდება. ან ვიდრე არ დაიწყება სტარტაპ–პროგრამები ტყიანი სოფლების და რეგიონების მიერ ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის ხელშეწყობისთვის.

 შარახევიც ამის მაგალითია. სოფლის უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი ღუმელში იწვება. გამოდის, რომ მოსახლეობა უკვე სიღარიბისთვისაა განწირული და სოფელი – დაცლისთვის. ღარიბი ოჯახი გათბობის თანამედროვე სისტემების დანერგვას კი არა, დენის ტარიფის დაფარვასაც ვერ მოახერხებს. გათბობა კი პირველადი საჭიროებაა და შეიძლება სიცოცხლის უფლების რანგშიც განვიხილოთ. ამიტომ, ვიდრე უკანონო ჭრებს მხოლოდ გარემოსდაცვით პრობლემებს ვუკავშირებთ და მის ენერგეტიკულ, ან თუნდაც ეკონომიკურ ასპექტებს არ განხვიხილავთ, თვითონვე ვაწერთ ხელს ტყეების განადგურებაზე, სტიქიაზე, კატასტროფაზე და უფრო მეტ სიღარიბეზე“.

 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კარლო ამირგულაშვილი „ვერსიასთან“ საუბარში ამბობს, რომ ეს პრობლემა ბოლო 30 წლის მანძილზე მიმდინარე მოუწესრიგებელი ჭრების შედეგია და ყოველივე გამომდინარეობს არსებული სოციალური პრობლემებიდან.

კარლო ამირგულაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრიოს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: „როგორც იცით, მიმდინარე წლის 22 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი ტყის კოდექსი, რომელიც ორი მნიშვნელობით იქნება გამორჩეული ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარების გზაზე. პირველყოვლისა ესაა ტყეების კატეგორიზაცია რაც ნიშნავს იმას, რომ გამოიყოფა დაცული, საკურორტო-რეკრეაციული და სამეურნეო ტყეები და ამ ტყეებში ჭრები განსაზღვრული იქნება იმ სახით, რასაც ფიზიკურად აიტანს ესათიუს ტყე.

მე ვფიქრობ, რომ ტოტალური აკრძალვა საქმეს არ უშველის. ერთის მხრივ სოციალური ჭრის გაუქმება და მეორეს მხრივ სწორად დაგეგმილი სატყეო მართვით შეგვიძლია უფრო ეფექტური შედეგები მივიღოთ. სოციალური წნეხიდან გამომდინარე, ასე პირდაპირ ჭრის აკრძალვამ შესაძლებელია უფრო უარყოფითი შედეგები მოგვცეს.იმ პოლიტიკით რასაც ახალი კანონი ამყარებს, შესაძლებერლია უფრო პოზიტიური შედეგები დადგეს. ახლა რა თქმა ამგვარი სახით ტყის ჭრა არის პრობლემა და ამას კლიმატის ცვლილებაც ემატება.

იმედი მაქვს ახალი ტყის კოდექსის ამოქმედების შემდეგ ისეთ სენსიტიურ ადგილებში, როგორიც მაგალითად შარახევია, მოსაჭრელი ტერიტორია შემდეგში ისეთნაირად შეირჩევა და ისე მოხდება მოჭრილი ხის გამოტანა, რომ მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მიადგება ტყეს და წყლის აუზებსაც ნაკლები პრობლემა შეექმნება“.  

 

 

 

ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში