Menu
RSS

„რატომ არ იცვლება გზებზე მდგომარეობა, რატომ დადიან ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები?“

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ ტექინსპექტირების რეფორმის კვლევა ჩაატარა

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ ტექინსპექტირების რეფორმის კვლევა ჩაატარა. უფრო ზუსტად, ესაა პროექტის - „ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან“, რომელიც 2020 წლის 12 მარტიდან, 20 აპრილამდე პერიოდს მოიცავს. კვლევა მხარდაჭერილია ფონდი - „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ. ასოციაციამ ეს კვლევა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში პრობლემატური საკითხების შესწავლის მიზნით ჩაატარა, რომლის მიზანი ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის 2014/45/EU დირექტივის დანერგვის ეფექტიანობის შეფასება იყო. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა სერიოზული შეფერხებებით მიმდინარეობს, რასაც მთელი რიგი გადაუჭრელი პრობლემები ახლავს თან და რომელთა რაოდენობაც, შემცირების ნაცვლად, ყოველდღიურად იზრდება. გადაუჭრელ პრობლემათა მომრავლებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რის გამოც ევროდირექტივის დანერგვის პროცესს სერიოზული საფრთხე ექმნება. მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ეტაპობრივად, ფორმალურ ხასიათს იძენს, რეფორმა კი ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგება. ეს პროცესი საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია და შედეგად, პასუხგაუცემელმა კითხვებმაც მოიმატა: „ინსპექტირება დაიწყო, მაგრამ რატომ არ იცვლება გზებზე მდგომარეობა? რატომ დადიან კვლავ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები? რატომ ბოლავენ ისევ?“ 

საქართველოს ტრანპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა „ვერსიასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ რეფორმას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი, არასამართლიანი და არაერთგვაროვანი მიდგომა ბიზნეს-კომპანიებთან, როდესაც ერთი კომპანია - „გრინვეი საქართველო“, სხვა კომპანიებთან შედარებით, აშკარად პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. მისი თქმით, ევროკავშირის სახელმწიფოებში, ასეთ შემთხვევას ანალოგი არ აქვს. 

 „საქართველოს მთავრობის დადგენილებების შესაბამისად, ტექნიკურ რეგლამენტებში გაწერილი მოთხოვნები, დღევანდელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონდიციებს ძირითადად მოერგო და არა 2014/45/EU დირექტივას. აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში, ევროდირექტივის დანერგვის პროცესი, განსაკუთრებით 2019 წლის მეორე ნახევრიდან დღემდე, ფორმალურ ხასიათს იძენს. ეს განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა; ელექტრონული პროგრამა ფუნქციურად არ არის დატვირთული გამოწვევების შესაბამისად; არ ხდება სტატისტიკური მონაცემების წარმოება-დამუშავება; სტატისტიკის არარსებობის გამო ვერ იგეგმება პრევენციული ღონისძიებები; სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან დამოკიდებულება შერჩევითია და არასამართლიანი, პრივილეგირებულია ერთი კომპანია; მთიანი რაიონების მოსახლეობა კომპანია „გრინვეი საქართველოს“ მიერ მიტოვებულია მომსახურების გარეშე, რომელიც არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციას და ეს უკანასკნელიც არ რეაგირებს აღნიშნულ ფაქტზე; მთიანი რაიონების მოსახლეობას ორჯერ და სამჯერ მეტი ხარჯის გაწევა უხდება ავტომობილების ინსპექტირებისთვის; არ არსებობს რეფორმის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები; არ არსებობს რეფორმის ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორი; სუსტია და არათანამედროვე პროცესზე მონიტორინგის სისტემა; პროგრამულად არ არის დანერგილი ინსპექტორთა ინდივიდუალური მონიტორინგის სისტემა; არ ხდება ინსპექტორთა მომზადება ერთიანი პროგრამის შესაბამისად; არ არსებობს პროფესიული ეთიკის კომისია, რომელიც დაადგენდა ინსპექტორის გადაცდომის შემთხვევითობასა თუ დარღვევის სიმძიმეს; არაერთგვაროვანია ინსპექტირების პროცესი, ერთ ცენტრში დახარვეზებული სატრანსპორტო საშუალება უპრობლემოდ გადის ინსპექტირებას სხვა ცენტრში; გაუგებარია ეკონომიკის სამინისტროში რომელი სტრუქტურაა რეფორმაზე და პოლიტიკაზე პასუხისმგებელი; სამინისტროს სტრუქტურებს შორის ფუნქციები არეულია, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს როლი ევროდირექტივის დანერგვის პროცესში - ბუნდოვანი...“, _ აღნიშნულია კვლევაში. 

დავით მესხიშვილმა „ვერსიას“ დაუზუსტა, რომ გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის შესამცირებლად, ორწლიანი გეგმაა გაწერილი. 2020 წლის 1 პრილიდან, CO არ უნდა აჭარბებდეს 0.7%-ს, 2021 წლიდან -  0.6%-ს, ხოლო 2022 წლიდან - 0.5%-ს. ამ ეტაპზე, კატალიზური კონვერტორი სავალდებულო არაა. 2020 წლის 1 აპრილიდან, იმპორტირებული ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდნენ 2014/45/EU ევროდირექტივის მოთხოვნებს ავტომობილების გამონაბოლქვში ჩO-ს შემცველობასთან დაკავშირებით (კატალიზური კონვერტორის ვალდებულება). 

თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო ბიზნესისთვის არაერთგვაროვან გარემოს ქმნის. როგორც დავით მესხიშვილმა ამ კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნა, კომპანია „გრინვეი საქართველო“, სხვა კომპანიებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, რაც დიდი ალბათობით, გამყარებულია ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით. 

„ მეტიც, „გრინვეი საქართველო“ არ ითვალისწინებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციას, უზრუნველყოს მთიანი რეგიონის მოსახლეობა ინსპექტირების მომსახურებით და ამ პროექტისთვის განკუთვნილი მოძრავი ხაზები, თითქმის ერთი წელია, გამართულია სხვადასხვა ქალაქში ანუ იქ, სადაც ინსპექტირების ცენტრები, ისედაც ფუნქციონირებენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ არაერთგზის ეცნობა ეკონომიკის სამინისტროს და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს, არცერთ სახელმწიფო უწყებას სერიოზულ პრობლემაზე ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენია. შედეგად, დაზარალებულია მთიანი რაიონების მოსახლეობა, რომელთათვისაც აღნიშნული პრობლემის გამო, ინსპექტირების ხარჯი გასამმაგებულია“. 

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ, ტექინსპექტირების რეფორმის კვლევაში ამ პრობლემების გადაჭრის გზებიც შემოგვთავაზა. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის პარამეტრების განსაზღვრისას, უნდა გადაიდგას გაბედული ნაბიჯები და შესაბამისი ცვლილებები უნდა დაჩქარდეს. 2014/45/EU დირექტივის ისეთი მიზნის სრულად მისაღწევად, როგორიცაა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, აუცილებელია გამონაბოლქვში არა მხოლოდ CO-ს შემცველობის შემოწმება, არამედ, აზოტის მონოქსიდისა და სხვა მავნე ნივთიერებების გაზომვაც. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ბენზიგასამართ სადგურებში საწვავის ხარისხის კონტროლი და ამ მიმართულებით, რეგულარული მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება. 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა განსაზღვროს რეფორმის კურატორი მთავარი სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი ევროდირექტივების ეფექტიანად დანერგვის საქმეზე და გაატარებს შესაბამის პოლიტიკას. ამავდროულად, აკრედიტაციის ცენტრსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ფუნქციები გამოსაკვეთია, ხოლო შემდეგ -  გასამიჯნი. გასაუმჯობესებელია მათ შორის კომუნიკაცია, რისთვისაც შესაქმნელია შესაბამისი მაკოორდინირებელი მექანიზმი; 2014/45/EU დირექტივის დანერგვის ეფექტიანობის შეფასებას, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, სახელმწიფო სამსახურებიც უნდა ახდენდნენ, თუმცა პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, როგორც რეფორმის პოლიტიკაზე, აგრეთვე მონიტორინგზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა. საჭიროა გაზომვადი ინდიკატორების შექმნა, რომლის მიხედვითაც გამოჩნდება, თუ რა ნაბიჯებმა გამოიწვია წარმატება და სად შეიქმნა სირთულეები; ინსპექტირების ცენტრების მიერ, შეფასებისას არაერთგვაროვანი მიდგომის პრობლემა უნდა გადაიჭრას ერთიანი ელექტრონული პროგრამის დანერგვით, ისნპექტორთა ერთიანი სასწავლო პროგრამის შექმნითა და გადამზადების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებით. ეს კი მხოლოდ აკრედიტებულმა ორგანომ უნდა განახორციელოს. ელექტრონული პროგრამა ისე უნდა გაიმართოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მეტი გამჭვირვალობა და ამ გზით მოხდეს არაერთგვაროვანი ინსპექტირების (მცდელობის) პროგრამული ბლოკირება“. 

რაც შეეხება „გრინვეი საქართველოს“ პრივილეგირებულ მდგომარეობასა და სამართლიანი ბიზნეს-გარემოს შექმნას, კვლევის მიხედვით, ამ პრობლემის გადაჭრა მნიშვნელოვანია, რათა რეფორმა წარმატებით განხორციელდეს და ევროდირექტივაც დაინერგოს:

„ აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ - აკრედიტაციის ცენტრმა, საქმიანობა უნდა წარმართოს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად საქართველოს კანონმდებლობის, აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების, აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების საფუძველზე. თუმცა რეალობაში, სს „გრინვეი საქართველოსთან“ შედარებით, სხვა კომპანიები აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან. ასეთ ვითარებაში, აკრედიტაციის ცენტრი ვალდებულია, იმოქმედოს ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად და საქმიანობა წარმართოს EA-ევროპული აკრედიტაციის საფუძველზე, რომელიც შექმნილია ევროკომისიის რეგულაციების შესაბამისად. მნიშვნელოვანია ერთნაირი მოთხოვნებისა და პირობების წაყენება ინსპექტირების ყველა ცენტრის მიმართ. კომპანიებთან დადებული ხელშეკრულება უნდა იყოს ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გადახედოს „გრინვეი საქართველოსთან“ დადებულ ხელშეკრულებას. მიუხედავად იმისა, შეიძლება თუ არა პირობების შეცვლა, ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თანაბარი პირობების დაცვა და სხვა კომპანიებსაც მიანიჭოს ის უფლებები (სტაციონარული ხაზის გადატანა/მოძრაობა, ორი და მეტი ბიზნესსაქმიანობა ერთდროულად და სხვა), რომლებიც ამჟამად, ექსკლუზიურად აქვს მინიჭებული მხოლოდ ერთ კომპანიას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრომ, „ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობისა და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესში წინადადებათა წარმოდგენის შესახებ“ მოწვევაში გაცემული რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. უნდა შეიქმნას მობილური ხაზის გადაადგილების დროში მკაცრად გაწერილი გრაფიკი, ადგილმდებარეობების განსაზღვრით. სახელმწიფომ უმოკლეს ვადებში უნდა უზრუნველყოს მთიანი რაიონების მოსახლეობისთვის (155 000-ზე მეტი) ინსპექტირების მომსახურების მიწოდება, რომელიც კომპანია „გრინვეი საქართველოს“ მიერ, ახლა სრულიად უგულებელყოფილია“.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფომ, თავისი მოქალაქე, 2014/45/EU დირექტივის დანერგვის პროცესის მონაწილედ უნდა განიხილოს. ამ მხრივ, კვლევაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ უნდა განსაზღვროს საინფორმაციო კამპანიის სტრატეგია, სადაც მოსახლეობისთვის, ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის საჭიროება განიმარტება; მნიშვნელოვანია ევროდირექტივის დანერგვით გამოწვეული სიახლეებისა და რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის სათანადო სიხშირით მიწოდება. საინფორმაციო სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ (და არა ისპექტირების სფეროსთან უშუალო შეხებაში მყოფი სტრუქტურის მიერ), ცენტრალიზებული საინფორმაციო ცენტრის შექმნა, სადაც ამოქმედდება ცხელი ხაზიც. ცხელი ხაზი იქნება შესაბამის სამსახურებზე მონიტორინგის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება. მომხმარებლისთვის უნდა შეიქმნას გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმი. საჩივრების მიღების მიზნით, საჭიროა ნეიტრალური და ამავდროულად, კომპეტენტური სამსახური, ასეთად შეიძლება განვიხილოთ საინფორმაციო ცენტრი.

 

მაია მიშელაძე 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში