Menu
RSS

რუსი სპორტსმენები კავკასიელებს უტევენ

გარიგებული მატჩების სომხური სკანდალი _ აქვს თუ არა კითხვები გამოძიებას ქართველ ფეხბურთელთან

რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, სპორტსმენებთან დაკავშირებული კრიმინალური საგა გრძელდება. როგორც იცით, ძიება მიმდინარეობს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის (ჰო, მკვლელობის) საქმეზე. პარალელურად, გასულ კვირას, სასამართლომ 5 პირს, რომლებსაც ბრალად ადამიანის გატაცება და წამება ედებათ, პატიმრობა შეუფარდა. ამ ხუთიდან ერთი, საქართველოს ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანი, იური ლომაძეა. მართალია, ადამიანისკენ თითის გაშვერა იოლია, მაგრამ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გატაცებისა და წამების რა გითხრათ, მაგრამ საქმეში ორსული ქალი ფიგურირებს და როგორც გვეუბნებიან, სწორედ მას გამოექომაგა ლომაძე, თუმცა საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის.

ამასობაში კი, ვეტერანმა რუსმა სპორტსმენებმა კავკასიასა და ზოგადად, მსოფლიოს შეუტიეს. ტანვარჯიშში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სვეტლანა ხორკინამ განაცხადა, ოლიმპიადა იმიტომ გადაიტანეს, რომ ღმერთმა სამყარო დასაჯა რუსეთის ოლიმპიადიდან მოკვეთს გამოო. მოგეხსენებათ, დოპინგ-სკანდალის შემდეგ, რომლის გამოძიებაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რუსეთის პრაქტიკულად ყველა სპორტსმენი, ოლიმპიადასა და სხვა დიდი ფორუმებიდან მოკვეთეს. 

 

რაც შეეხება დუმის დეპუტატს, ფიგურულ სრიალში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ირინა როდნინას, მან კომენტარი მსოფლიო ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის სიკვდილზე გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ხაბიბის მამა კორონავირუსმა იმსხვერპლა. 

„ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო. კავკასიელები ცხელი ხალხია, მათ ჩხუბი უყვართ, მე ვერ ვხვდები, ეს როგორ უნდა იყოს სპორტი, მაგრამ ვინაიდან მსოფლიო აღიარებს, დაე, იყოს ასე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ გვაფრთხილებენ, წესები დავიცვათ, ნიღბებით ვიაროთ და ეს ცივილზებულმა სამყარომ უნდა გააკეთოს. კავკასიელებს ამის გაკეთება უჭირთ“, _ განაცხადა ხორკინამ და არაპირდაპირ მიანიშნა, რომ კავკასიელებს ცივილიზაცია აკლიათ. 

* * * 

ზედიზედ მეორე ტურია, ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრები მხოლოდ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობენ. 19 წლის ლეგიონერი გუნდში ყველაზე გამორჩეულია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს და ისიც ითქვა, სეზონის ბოლოს, მას „რუბინში“ არავინ დატოვებსო. ასეა თუ ისე, ჩვენთვის მთავარია, ხვიჩა სათამაშო ფორმის პიკს შემოდგომისთვის ანუ მაშინ შეხვდეს, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არსებობის ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის ბელორუსთან. 

* * * 

რამდენჯერმე დავწერეთ თორნიკე შენგელიას შესახებ. ჰოდა, უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ქართველი ცენტრი, მოსკოვის ცსკა-ს მაისურს, ესპანეთის ჩემპიონის რანგში მოირგებს. თორნიკეს „ბასკონიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში, „ბარსელონა“ ყველასთვის მოულოდნელად დაამარცხა და როგორც გუნდის კაპიტანმა, საჩემპიონო თასი, პირველმა შენგელიამ შემართა. ცსკა-ში მის გადასვლას კი უკვე, როგორც მომხდარს, ისე ვამბობთ, რადგან რუსული კლუბის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, შენგელია გადავიბირეთ, ახლა სამედიცინო შემოწმების გასავლელად ველოდებით, რაც პანდემიისა და შესაბამისად, ფრენების აკრძალვის გამო არ ხერხდება და როცა მოხერხდება, სამწლიან კონტრაქტსაც გავუფორმებთო. რუსული მედიის ინფორმაციით, „ბასკონია“ ამ გარიგების სანაცვლოდ, 2 მილიონ ევროს მიიღებს, შენგელია კი _ 6 მილიონს. 

* * * 

იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტური ისტორიული გამოდგა. „იუვენტუსის“ კარის დარაჯმა, ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონატში 648-ე მატჩი ჩაატარა, რითაც ლეგენდარული პაოლო მალდინის რეკორდი გააუმჯობესა და ახლა, ამ მხრივ, ერთპიროვნული ლიდერია. აღნიშნულ ტურში, თავი გოლით კრიშტიანუ რონალდუმაც გამოიჩნდა და ერთბაშად ორი მიღწევა გააუმჯობესა _ ის ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც ესპანეთის, იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატების სეზონში 25 გოლი აქვს გატანილი და ამავდროულად, ის გახდა პირველი მოთამაშე „იუვენტუსის“ მაისურით 1961 წლის შემდეგ, რომელმაც ერთ სეზონში, 25 გოლის გატანა მოახერხა. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ რონალდუ 35 წლისაა, ვეტერანად ითვლება, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, მისი სხეული 20-22 წლის ფეხბურთელის სხეულივითაა და ეს თავად პორტუგალიელის ასკეტური ცხოვრებისა და წვრთნების შედეგია. 

* * * 

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ 4 ქულით გაექცა და სასწაული უნდა მოხდეს, ოქროს მედლები რომ დაკარგოს. მით უმეტეს, ბოლო ოთხი მატჩიდან, „სამეფო გუნდს“ რთული არცერთი არ აქვს და ახლა თავად უნდა მოიფიქროს რამე, ჩემპიონობა როგორ დაკარგოს. როგორც ჩანს, მეორე ადგილს კატალონიაშიც შეეგუვნენ და უკვე დაიწყეს მომავალ სეზონზე ფიქრი, თუმცა რამდენად გამოვა ეს „ფიქრი“, ძნელი სათქმელია. კარს „ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნებია მომდგარი და მოქმედი პრეზიდენტის, ხოსე მარია ბართომეუს მთავარ კონკურენტად, ხუან ლაპორტა ითვლება. ლაპორტა ის კაცია, ვინც ბართომეუმდე პრეზიდენტობდა „ბარსელონას“ და ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულიც სწორედ მან მოაგებინა. ლაპორტამ უკვე განაცხადა, თუ პრეზიდენტი გავხდები, გუნდში მთავარ მწვრთნელად ხავის მოვიყვანო და გულშემატკივართა არმიაც მის მხარეს დადგა. 

ისე, საინტერესო ის გახლავთ, რომ პრეზიდენტს დირექტორთა საბჭო და რამდენიმე კაცი კი არა, კლუბის ფანკლუბში გაწევრიანებული ასი ათასობით ადამიანი ოფიციალურ არჩევნებზე, ბიულეტენებით ირჩევს და გამარჯვებული ნამდვილი სახალხო პრეზიდენტია. 

* * * 

კორონავირუსის გავრცელების რაოდენობითა და ფატალური შედეგებით, ამერიკის შეერთებული შტატები პირველ ადგილზეა, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს, რომ შემოდგომაზე იქ NBA-ს მორიგი რეგულარული სეზონი დაიწყოს. მეტიც, აშშ-ის საკალათბურთო ასოციაციამ უკვე გამოაქვეყნა მოსამზადებელი შეხვედრების კალენდარი და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გულისწყრომაც გამოიწვია, თუმცა... 

„გვესმის, რომ ვირუსი საფრთხეა, რომ ფატალური შედეგების რიცხვი კატასტროფულია, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ჩვენ თუ რეგულარულ სეზონს არ განვაახლებთ, მსოფლიოს უძლიერესი ლიგა, უბრალოდ, გაკოტრდება და აშშ-ში კალათბურთი მოკვდება, ამას კი ვერ დავუშვებთ“, _ განაცხადეს ასოციაციის წარმომადგენლებმა. 

ოფიციალური მონაცემებით, სატელევიზიო უფლებების გაყიდვით, გულშემატკივართა მიერ ნაყიდი ბილეთებით, სარეკლამო კონტრაქტებითა და სხვადასხვა წვრილმანი თუ მსხვილმანი შემოსავლებით, აშშ-ის საკალათბურთო ასოციაციაში, ყოველწლიურად 30 მილიარდამდე დოლარი ბრუნავს, რაც ძალიან სერიოზული თანხაა და მასზე უარის თქმა გაჭირდება. 

NBA კი იმიტომ ვახსენეთ, რომ იქ გოგა ბითაძე თამაშობს. „ინდიანა პეისერსის“ ქართველი ცენტრი გუნდთან ერთად ემზადება და იმედი ვიქონიოთ, რომ სათამაშო დროც ბევრი ექნება, თუმცა ყველაფერი ეს არ არის _ NBA-ს დრაფტზე, სანდრო მამუკელაშვილიც იდგა, მაგრამ ბოლო მომენტში, მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საქმე ისაა,რომ კალათბურთელს კარიერაში, ერთხელ ეძლევა დრაფტზე დადგომის შანსი, მაგრამ თუ არ აირჩევენ, ამას სხვა დროს ვეღარ გააკეთებს და NBA-ს სამუდამოდ დაემშვიდობება. ჰოდა, შარშან ამბობდნენ, სანდროს აყვანა ერთ კლუბს სურდა და რომ გადაეფიქრებინა, ეს ბიჭი კარიერას დაანგრევდაო. ახლა კი ირკვევა, რომ ქართველს ერთბაშად 12 კლუბი ესაუბრება, რაც იმას ნიშნავს, რომ მამუკელაშვილი მომავალ დრაფტზე აუცილებლად დადგება და კარიერას მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში გააგრძელებს. nbadraft.net ვარაუდობს, რომ 2021 წლის დრაფტზე, მამუკელაშვილს, მაქსიმუმ, 50-ე ნომრად აირჩევენ. 

* * * 

სომხეთის რანგით მეორე საფეხბურთო ლიგაში ჩაწყობილი მატჩების გამო, სერიოზული სკანდალი ატყდა. ხუთი კლუბის 58 ფეხბურთელი სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს და ამასთან, კლუბების ხელმძღვანელობას საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალათ. დასჯილ კლუბთა შორის, ერევნის „ლოკომოტივიცაა“, მის კარს კი თორნიკე ზარქუა იცავს. 

„ზარქუა ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. საბედნიეროდ, გამოძიებას მასთან კითხვები არ აქვს, ის გარიგებულ მატჩებში არ მონაწილეობდა“, _ ნათქვამია სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში. ადგილობრივი მედია კი ამტკიცებს, რომ ძალიან მალე, ზარქუა უმაღლესი ლიგის რომელიმე კლუბში გადავა. 

* * * 

დასასრულ, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, ჩვეულ რეჟიმს „ფორმულა-1“-იც დაუბრუნდა. ავსტრიის გრანპრი გასულ უქმეებზე ჩატარდა და ის ფინელმა მრბოლელმა, ვალტერ ბოტასმა მოიგო. შეზღუდვებისა და შეჩერებული ჩემპიონატის გამო, „ფორმულა-1“-მა სამ თვეში, 250 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში