Menu
RSS

თემურ ქეცბაია: „გაგვძარცვეს!“

85 ათას დოლარად შეფასებული პაემანი ჩოგბურთის ვარსკვლავთან _ როგორ ემზადება მსოფლიო სპორტი პოსტპანდემიური ეპოქისთვის

არის, ასრულდა ოცნება _ გასულ უქმეებზე, მსოფლიოს ფეხბურთი დაუბრუნდა. ჩემპიონატი გერმანიაში განახლდა და ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩებიც გათამაშდა. შეხვედრებმა, რაღა თქმა უნდა, ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩაიარა და გოლის გატანის შემდეგ, ფეხბურთელები ერთმანეთს არ ეკარებოდნენ, მხოლოდ ხელის აწევით ულოცავდნენ ანუ შეიძლება ითქვას, რომ ისინი დისტანციას იცავდნენ, მაგრამ ორთაბრძოლების დროს, ფეხბურთელები ერთმანეთს ეხებიან და რამდენად უხიფათოა ეს, წესით, ორ კვირაში გამოჩნდება. ისე, ერთი საინტერესო ფაქტიც _ „ბაიერნის“ ფეხბურთელმა, ტომას მიულერმა მოედნიდან გასვლის დროს, თავისი გუნდის მწვრთნელს, ჰანს დიტერ ფლინკს პანღური უთავაზა, აქაოდა, ხელის ჩამორთმევა არ შეიძლებაო. მწვრთნელმა და ფეხბურთელმა ამაზე ბევრი იცინეს, გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა კი მომხდარზე იმსჯელა და იმის გათვალისწინებით, რომ მწვრთნელი არ ჩიოდა, მიულერს არაფერი უთხრა, თორემ ჩივილის შემთხვევაში, დისკვალიფიკაცია არ ასცდებოდა.

 

ორ კვირაში, ჩემპიონატების განახლებას ინგლისი, იტალია და ესპანეთიც აპირებენ. აი, კვიპროსის ჩემპიონატი კი დასრულებულად გამოცხადდა და პირველი ადგილიც „ომონიას“ მიაკუთვნეს. ეს მაშინ, როცა „ომონია“, მეორეადგილოსან „ანორთოსის“ მხოლოდ ბურთებით სჯობნიდა, ქულების მარაგში კი ორივეს 46 ეწერა. „ანორთოსისი“ ჩივილს აპირებს და სასამართლოს მოგების იმედიც აქვს. 

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს გაგვძარცვეს. ჩვენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაპირებდით, მაგრამ სხვაგვარად გადაწყვიტეს“, _ განაცხადა „ანორთოსისის“ ქართველმა თავკაცმა, თემურ ქეცბაიამ, რომლის გუნდი ოქროს მედლების მოპოვების რეალური კანდიდატი იყო, თუმცა... 

„ანორთოსისში“ მთავარი მწვრთნელისა და მისი თანაშემწის (სოსო ჭედია) გარდა, ხუთი ქართველი თამაშობს. დიდი ალბათობით, გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და ნიკა კაჭარავა კარიერას კვლავ ფამაგუსტელთა რიგებში გააგრძელებენ, ჯანო ანანიძესა და თორნიკე ოქრიაშვილს კი წასვლა და უკეთეს კლუბებში თამაში სურთ. 

* * * 

მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ ლეგენდარული კაცი, იური სიომინი გაუშვეს. სიომინი ის მწვრთნელია, ვინც სხვადასხვა დროს, საერთო ჯამში, 20 წელზე მეტხანს, რკინიგზელთა კლუბს თავკაცობდა, ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა და რაც მთავარია, მუდმივად იმეორებდა, წარმატების მიღწევა თუ გინდა, კლუბში მინიმუმ, ერთი ქართველი უნდა გყავდესო. სხვადასხვა დროს, ასე იყვნენ „ლოკოს“ ლიდერები ზაზა ჯანაშია, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი და ბოლოს, საბა კვირკველია. ყველაზე მეტად, ახლა, სწორედ კვირკველიას ბედი გვადარდებს და ყველა თანხმდება, რომ სიომინის წასვლასთან ერთად, გუნდს ისიც დატოვებს. კარგი იქნება, თუ საბა კარიერის გასაგრძელებლად ევროპას აირჩევს, მით უმეტეს, რომ თავის დროზე, მისით არაერთი წამყვანი კლუბი იყო დაინტერესებული. მოსკოველებმა უკვე დაადასტურეს, რომ მზად არიან, საბას 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ. მის მსურველ გუნდს აუცილებლად მოუწევს იმის გათვალისწინებაც, რომ ქართველი ფეხბურთელის წლიური ხელფასი 1.8 მილიონი ევროა. 

* * * 

მოგეხსენებათ, 2020 წლის ოლიმპიადამ 2021 წლისთვის გადაიწია და ასევე, გადაიწია სალიცენზიო ტურნირებმაც. ისინი სტარტს, დიდი ალბათობით, სექტემბერში აიღებენ, თუმცა მაყურებლების გარეშე და თუ ოლიმპიელებმა მზადება ახლა არ დაიწყეს, სალიცენზიო ქულების მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლერი ხაბელოვმა სპეციალური განცხადება გაავრცელა: 

„პირველ რიგში, ჩვენ მივმართეთ საოლიმპიადო პროცესში ჩართულ სპორტულ ფედერაციებს და როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმნიშვნელოვანი დასტური მივიღეთ: თითოეული ფედერაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია საწვრთნელი პროცესის ორგანიზება, რაც შეიძლება მოკლე დროში. გარდა ამისა, მათ მოგვაწოდეს დეტალური ინფორმაცია, ჩვენს მიერ დასმული კითხვების პასუხად. მაგალითად, საწვრთნელი შეკრების სასურველი ადგილმდებარეობისა და ხანგრძლივობის, შეკრებაში მონაწილეთა რიცხოვნობისა და შემადგენლობის, სამედიცინო უზრუნველყოფის, აუცილებელი-ინვენტარ-აღჭურვილობის შესახებ და სხვა საკითხებზე. 

მოკლედ, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვჭირდება და რისთვის, რამდენი ადამიანი მოიყრის თავს შეკრებებზე, რა ბიუჯეტი დასჭირდება ამ საქმის ორგანიზებას, ვინ იქნებიან პასუხისმგებელი პირები და ა.შ. 

ჩვენი მომდევნო ნაბიჯი ის იყო, რომ ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს მთავრობას, აგრეთვე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ჩვენ ვითხოვთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაისვას და დადებითად გადაწყდეს საკითხი ქართველი ოლიმპიელებისთვის საწვრთნელი პროცესის განახლების შესახებ. ფაქტობრივად, ეს არის ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების, მწვრთნელებისა და თავად სპორტსმენების ერთობლივი თხოვნა. 

როგორც მოგეხსენებათ, ობიექტური მიზეზების გამო, სპორტულმა ორგანიზაციებმა, მათ შორის, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, შეაჩერეს აქტიური საქმიანობა და დღემდე მკაცრად იცავენ საგანგებო მდგომარეობის წესებს. ორ თვეზე მეტია, შეჩერებულია ოლიმპიური პროგრამები და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, რამაც დიდად დააზიანა საოლიმპიადო სამზადისი, რადგანაც სპორტული ფორმისა და ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია თითოეული დღე. ამ დანაკლისის ანაზღაურება შეუძლებელი იქნება, თუ უახლოეს პერიოდში, არ მივიღებთ შესაბამის ზომებს. საუბარია შეზღუდულ კონტიგენტზე – დაახლოებით, 200 სპორტსმენზე, რომლებიც ტესტირების გავლის შემდეგ, განაწილდებიან რამდენიმე სპორტულ ბაზაზე და ქვეყანაში მოქმედი ყველა საგანგებო წესის ზედმიწევნით დაცვით, სპეციალურ სივრცეში განაახლებენ ვარჯიშს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაწილეობითა და ჩვენი ეპიდემიოლოგების აქტიური ჩართულობით, საგანგებოდ სპორტისთვის უკვე შემუშავებულია პროტოკოლის პროექტი, სადაც დეტალურად არის გაწერილი სპორტული აქტივობის რეგულაციები ეპიდემიის პირობებში. 

გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ასევე, მოგვაწოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად შედგენილი რეკომენდაციები, რაც ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტია ჩვენთვის. საგულისხმოა, რომ სწორედ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რჩევითა და ადგილობრივ ხელისუფალთა დასტურით, მსგავსი პრაქტიკა უკვე ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში: საწვრთნელ პროცესში სხვადასხვა ფორმით უკვე ჩართულნი არიან ოლიმპიური ლიცენზიანტები და ის სპორტსმენები, რომლებსაც შემოდგომაზე, ან 2021 წლის დასაწყისში, მოუწევთ ტოკიოს ოლიმპიადის საგზურებისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლისთვის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება გულისყურით შეისწავლის ამ პრობლემას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“. 

ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, მაგრამ ეს პრობლემა ყველა ქვეყანაში დგას და ოლიმპიადის სტატუსის გათვალისწინებით, ყველგან ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მალე, სპორტსმენებს სავარჯიშო პირობები შეუქმნან. 

* * * 

16 მაისს, გამთენიისას, ფლორიდაში, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაიძემ, რიგით მესამე ბრძოლა გამართა და მესამე გამარჯვება იზეიმა. პროფესიონალთა შორის შვიდი თვის გადასული გიგასთვის, ეს საუცხოო სტარტია და მისი გამარჯვება მსაჯებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. სამრაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით _ 30:27, 30:27, 30:26, გამარჯვებულად ჭიკაიძე გამოცხადდა. 

შეხვედრის შემდეგ, გიგამ UFC-ს პრეზიდენტს, დანა უაითს მიმართა: 

„დანა, შენთან ერთი თხოვნა მაქვს: ვიმუშაოთ UFC-ის საქართველოში ჩატარებაზე. ჩემი მთავრობა ამისთვის მზადაა და UFC-ის პოპულარობა ჩემს ქვეყანაში, კიდევ უფრო გაიზრდება...“ 

 

* * * 

ხომ გახსოვთ, 53 წლის მაიკ ტაისონი რინგზე დაბრუნებას რომ აპირებს და ახლა პრომოუტერები, მისი მეტოქის შერჩევაში არიან, რათა რეკლამებიდან, რაც შეიძლება მეტი ფული მოხსნან. ჰოდა, ისე ჩანს, 53 წლის ასაკშიც კი, ტაისონმა, შესაძლოა, ბრძოლის სანაცვლოდ, რამდენიმე ათეული მილიონი მიიღოს. მის წინააღმდეგ საბრძოლველად მზაობა, 57 წლის ევანდერ ჰოლიფილდმა გამოთქვა. ჰოლიფილდი ის კაცია, ვინც ტაისონს საჩემპიონო ქამარი მოუგო, სანაცვლოდ კი მაიკმა, პირდაპირ რინგზე, მას ყური მოაჭამა. 

„თქვენ შოუ გინდათ და ეს იქნება ყველაზე მაგარი შოუ, რაც აქამდე გინახავთ“, _ განაცხადა ჰოლიფილდმა და არც ტყუის. 

* * * 

ცნობილმა ჩოგბურთელმა და მოდელმა, ეჟენი ბუშარმა საქველმოქმედო აქცია წამოიწყო. ინსტაგრამზე, ეჟენის ორ მილიონამდე გამომწერი ჰყავს და როგორც ჩოგბურთის მოყვარულებში, ისე ზოგადად, საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ჰოდა, აქციის ფარგლებში, ეჟენის სურს, მშიერი ბავშვები დააპუროს და ამისთვის, სადილზე გაჰყვება ნებისმიერს, ვინც 85 ათას დოლარს გადაიხდის. ეს ერთგვარი პაემანი იქნება ბუშართან, ოღონდ საღამოს, მას მეგობარი ბიჭი გამოუვლის და სახლში წაიყვანს, კავალერი კი, რომელიც 85 ათასს გადაიხდის, საუკეთესო შემთხვევაში, ხელს დაუქნევს. რამდენი ადამიანი გადაწყვეტს, ხელის ერთ დაქნევაში 85 ათასი დოლარის გასროლას, მალე გამოჩნდება.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში