Menu
RSS

მასონების, ლიბერალებისა და გლობალისტების შეთქმულება მსოფლიოს წინააღმდეგ ანუ „მამალი ჭორები“ კორონაზე

მართლა საშიშია თუ არა 5G ინტერნეტი ჯანმრთელობისთვის, რა კავშირი აქვთ კორონაპანდემიასთან მასკსა და გეითსს და გვიპირებენ თუ არა „დაჩიპვას“

მართალია, ჯანმოს პანიკიორი კაცი და მისი სხვადასხვა ეროვნების კოლეგებიც საზოგადოებას ისევ ზაფრავენ, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით, რამდენიმე ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ახალი კორონავირუსი უკან იხევს. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოდან ამ მხრივ კარგი ცნობები მოდის, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ქვეყნებმა მკაცრი „ლოკდაუნის“ გალაითება დაიწყეს. ყველაფერ ამასთან ერთად, საზოგადოების ნაწილს, მათ შორის, საქართველოშიც თანდათან უძლიერდება ეჭვი, რომ კორონა ჩვეულებრივი ინფექციისგან არაფრით განსხვავდება და ყველაფერი ის, რაც ბოლო ორ თვეში პლანეტამ გამოიარა, ჩვეულებრივი აფერა იყო და მეტი არაფერი. ამ თეორიას, ბუნებრივია, ბევრი ადამიანი არ იზიარებს, მაგრამ არც ისინი არიან უმცირესობაში, რომელთაც სჯერათ, რომ კორონაპანდემია იმ ჯგუფისა თუ ჯგუფების ავანტიურა იყო, რომელი ჯგუფი და ჯგუფებიც ჩვენი პლანეტის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ დღის წესრიგს ადგენენ. ამ კუთხით ეჭვმიტანილები ე.წ. გლობალისტები და ულტრალიბერალები არიან, თუმცა ვიდრე ამ საკითხს უფრო მეტად ჩავშლით, სჯობს, აქვე ვთქვათ, რომ შეთქმულების თეორიები მხოლოდ პანდემიების კი არა, იგივე ომების თანმდევია ხოლმე.

აი, მაგალითად, სამხედრო ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ყველა ან თითქმის ყველა ის ინფორმაცია, რომელიც კორონას ხელოვნურობას ამტკიცებს და ამასთან, იმ აზრსაც ანვითარებს, რომ ახლანდელი პანდემია გლობალისტებისა თუ ულტრალიბერალების მოგონილია, რუსული წარმოშობისაა. თუმცა ანალიტიკოსი აქვე განმარტავს, რომ კორონაკონსპიროლოგიას მიმდევრები აშშ-შიც ჰყავს. 

„მსოფლიოს ისტორიაში ვერ იპოვით ეპიდემიას ან სხვა კრიზისს, ომებს, მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებსაც თან არ ახლდა ჭორები, შიშები, დეზინფორმაციები, შეთქმულების თეორიები, კონსპიროლოგია. 

1816-დან 1975 წლამდე, მსოფლიომ ქოლერის 7 ეპიდემია გადაიტანა. მეორე ეპიდემია რუსეთ-სპარსეთის ომის _ 1828-29 წლების შემდეგ დაიწყო და მთელ რუსეთს მოედო. 

ქოლერის პირველი შემთხვევბი 1930 წელს, თბილისსა და ასტრახანში აღმოაჩინეს. ეპიდემიამ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს 1931 წელს მიაღწია. როგორც რუსეთის მთელ იმპერიაში, ისე მის დედაქალაქში ბუნტები დაიწყო (გენიშნათ?). მოქალაქეებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ ინფექცია ორგანიზმში ცუდი საკვებისა და წყლის მეშვეობით ხვდებოდა, ეგონათ, რომ მათ სპეციალურად ხოცავდნენ. დაიწყეს საავადმყოფოების დაზიანება, კლავდნენ ექიმებსა და პოლიციელებს. 

მთელ ეპიდემიას არ აღვწერ. მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი ნდობის ამაღლება დაიწყო, როცა მოქალაქეები ხედავდნენ საავადმყოფოებიდან მასობრივად ცხედრების გამოსვენებას. მაშინაც კარანტინი და თვითიზოლაცია მთავარი მეთოდი იყო. ადამიანები, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, საცხოვრებელ ადგილებს არ ტოვებდნენ. 

მოკლედ, მე-19 საუკუნეშიც იგივე ჭორები იყო. ახლაც ხომ იგივე ეჭვებს აღვივებდნენ, რომ მსოფლიო მთავრობა სპეციალურად ხოცავს მოხუცებს, თუმცა ბევრ ქვეყანაში დაავადებულთა ნახევარი 40 წლამდე ასაკისაა. ე.ი. მოხუცებს არ ხოცავენ, ხომ ასეა? 

დღეს ხელისუფლება დიდძალ რესურსებს ხარჯავს ადამიანების სიცოცხლის გასაფრთხილებლად. არადა, ჭორები, ხმა ვრცელდება... ჩვენს სივრცეში გავრცელებული ჭორების, ინფორმაციების ლომის წილი რუსულენოვანია, თუმცა შეთქმულების თეორიები სხვა ქვეყნებშიც ფართოდ ვრცელდება. 

მაგალითად, აშშ-ის მოსახლეობის 29%-ს სჯერა „კოვიდ-19“-ის ხელოვნური წარმომავლობა. „ლევადა-ცენტრის“ მიერ, მარტში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთში მოსახლეობის მხოლოდ 24%-ს არ სჯერა კორონავირუსის შესახებ მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის. 

აპრილში ამ განწყობებმა იმატა და 59% შეადგინა. თებერვალში დაინფიცირების შიში მხოლოდ 30%-ს ჰქონდა. მარტის ბოლოს კი მათი რიცხვი 44%-მდე გაიზარდა. 

თებერვალში „ფრანს პრესმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ სოციალურ ქსელში, რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში აქვეყნებდა ინფორმაციებს „კოვიდ-19“-ის გავრცელებაში აშშ-ს სპეცსამსახურების ბრალეულობის შესახებ. რუსეთმა ეს ბრალდება, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყო. 

ეპიდემიებს ახასიათებთ მოსახლეობის აქტივობები სხვადასხვა ხასიათის მოძიებული ინფორმაციების გავრცელების, ერთმანეთში გაცვლის კუთხით. ზოგი აზიარებს სხვისი აზრის გაგების მიზნით, ზოგი განზრახ ავრცელებს სიცრუეს, ზოგი კეთილი ზრახვებით, რათა სხვებსაც გააგებინოს „სასარგებლო“ ინფორმაცია. მთლიანობაში, ყველაფერ ამის გამო, დიდი აჟიოტაჟი იქმნება. 

რა ხასიათის ინფორმაციებს ავრცელებენ ყველაზე მეტად: ოფიციალური ვერსიების, განცხადებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ან გაყალბება; სახალხო რეცეპტები, ლიცვები; ფსევდოექიმების რჩევები; ისტორიები პირველწყაროს მითითებით. მაგალითად, „ჩემი ახლობელი მუშაობდა უხანში და ყვება, რომ...“ ან, „ჩემმა ნათესავმა იტალიიდან მომიყვა, რომ იქ არაფერი ხდება“; ისტორიები ვირუსის წარმომავლობის შესახებ; პანიკური, შეუმოწმებელი ინფორმაციები. მაგალითად, „დღეს, ღამით თვითმფრინავებით მოხდება ქალაქის დეზინფექცია. შეხვდით ღია ფანჯრებით“ და ა.შ.“ _ ამბობს ამირან სალუქვაძე. 

მოკლედ, ვთანხმდებით, რომ კორონაეპიდემია ხელოვნურად არაა შექმნილი და ყველაფერი ის, რის შესახებაც ბოლო დროს ვისმენთ, რეალობაა, მაგრამ აქვე, ჩნდება კითხვა _ რატომ სჯერა ადამიანთა ნაწილს, რომ კორონა მოგონილია და მიზნად, მინიმუმ, მოსახლეობის გამოხშირვას ისახავს? 

ამ კითხვაზე ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის პასუხი ასეთია: 

„ადამიანს, როგორც გონივრულ არსებას, ყოველთვის აქვს მიდრეკილება, გაარკვიოს პრობლემების, საფრთხეების მიზეზები, თავად ჩასწვდეს საკითხების არსს. ვის რამდენად გამოსდის, სხვა საკითხია. ფიქრების, ტვინის ჭყლეტის შედეგად თუ მიაკვლევს მისთვის სასურველ ვერსიას, მისი გადარწმუნება შეუძლებელი ხდება. ვეღარ ჭრის ვერც მეცნიერება, ვერც _ ლოგიკა, ვერც _ საღი აზრი... 

განსაცდელის დროს, ადამიანს ყველაზე მეტად აწუხებს გაურკვევლობა. შესაბამისად, ის ცდილობს, მონახოს პასუხები ყველაფერზე, რაც მას აფიქრებს, განსაკუთრებით, პრობლემის წარმომავლობაზე, მისი გაჩენის მიზეზებსა და მომავლის პროგნოზირებაზე. სხვათა შორის, მკითხაობაც (მარჩიელობაც) ადამიანის ამ განცდებს ეფუძნება. მკითხავი უშუალო კონტაქტშია პირთან, აქვს შესაძლებლობა, დააკვირდეს რეაქციებს, მისგანაც მოიპოვოს დამატებითი ინფორმაციები, შეთქმულების თეორიების ავტორებს ამის ფუფუნება არ აქვთ. მკითხავისთვის მნიშვნელოვანია, კლიენტმა დაიჯეროს, რადგან ეს პირდაპირ აისახება ანაზღაურებაზე. კონსპიროლოგს ეს არ ადარდებს. ის მასებზე, კონკრეტულ ტიპაჟებსა და სამიზნე ჯგუფებზე მუშაობს. არ დაიჯერებს ერთი, დაიჯერებს _ სხვა. ვინც არ დაიჯერებს, თუ დაეჭვდა მაინც, ისიც შედეგია. იმისთვის, რომ ინფორმაციები, ვერსიები, თეორიები, დამაჯერებელი იყოს, ის დეტალურად უნდა იყოს აღწერილი, გაანალიზებული და „გამყარებული“ სხვადასხვა ფაქტით. 

„კოვიდ-19“-ის შესახებ გავრცელებულ რამდენიმე აბსურდულ ვერსიას გავიხსენებ: „ვირუსი მოიგონეს, რათა შეეწყვიტათ საჰაერო მოძრაობა და კოსმოსური აპარატები განეთავსებინათ“. ამ ტექსტის დამწერს, ან მის გამავრცელებელს ვინმე დააჯერებს, რა სიმაღლეზე დაფრინავენ თვითმფრინავები და რა სიმაღლეზეა ორბიტალური სადგურები? ან სკოლაში თუ არა, ინტერნეტში წაუკითხავთ, რა არის ტროპოსფერო, სტრატოსფერო, მეზასფერა და ა.შ.? ან გააგებინებთ, რომ თანამგზავრების გაყვანა კოსმოსური რაკეტებით ხდება და საჰაერო მოძრაობას ხელი არასდროს შეუშლია მათ გასაშვებად? ალბათ, არ დაიჯერებენ. 

კიდევ ასეთი პოსტი გამოქვეყნდა. ერთმა გადაიღო „ფლიგტჯრადარ24“-ის საიტზე, დროის რეალურ მომენტში, ევროპის საჰაერო სივრცეში არსებული საჰაერო ვითარების ფოტოასლი და გამოაქვეყნა ტექსტით: „ნახეთ, რამდენი თვითმფრინავი დაფრინავს. არანაირი შეზღუდვები არ არსებობს“. რეალურად, ფოტოზე ბევრი თვითმფრინავია, რამდენიმე ასეული, მაგრამ რამდენი დაფიქრდება იმაზე, რომ 1-2 თვის წინ, შეზღუდვებამდე, იყო 2-3-ჯერ მეტი? ადამიანები დაფიქრდებიან, რომ ყველა ქვეყანას არ დაუწესებია შეზღუდვები, ან ის, რომ არსებობს ჩარტერული რეისები, ან ის, რომ საჰაერო ტვირთების გადაზიდვა გრძელდება და, შესაბამისად, გარკვეული რეისები სრულდება?დაფიქრდება ვინმე, რომ ჩვენი ცა გადასერილი იყო ტრანზიტული ფრენებით და დღეს სიცარიელეა? ან ვინმე დაფიქრდება, შეამოწმოს რამდენჯერ იკლო ფრენების რიცხვმა რომელიმე ქალაქის აეროპორტში, თუნდაც თბილისში? რა თქმა უნდა, არა. ასეა, სანდო საიტიდან აღებულ ფოტოასლს, ინფორმაციას, მიაბამენ მთელ კონსპიროლოგიურ ბოდვას, რაც ამ ბოლოს ვრცელდება და არკვიე, სადაა სიცრუე და სად _ სიმართლე. 

ასეთი „ფაქტის“ ნახვის შემდეგ, 100-დან რამდენი ადამიანი დაინტერესდება ავიაკომპანიების გადაზიდვების სტატისტიკით? 

კონსპიროლოგიურ ინფორმაციებს აქვს გარკვეული მახასიათებლები, სიტყვათა წყობა, ლოგიკა. მის გამავრცელებლებს კი ახასიათებთ შემდეგი ტიპის ფრაზები: „რაღაც არ მჯერა“, „კი, მჯერა, მაგრამ“, „ნახე, რა ვიპოვე დღეს ქსელში“ და ა.შ. მთავარი ისაა, რომ კონსპიროლოგიურ თეორიებს ისეთი ლოგიკა აქვთ, რომ მათი გაბათილება რთულია, პირდაპირი მტკიცებულებებითაც კი“. 

გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ კონსპიროლოგია სიმართლეზე ძლიერია ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ადამიანებს ჭორის უფრო სჯერათ, ვიდრე _ რეალობის. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ კორონაპანდემიის დროს, ისეთი „მამალი ჭორი“ გავრცელდა, რომლის მოგონებაც თვით ყველაზე დიდ ფანტასტიკოს მწერალსაც კი გაუჭირდებოდა.

მოკლედ, კორონაჟამიანობამ პიკს მიაღწია თუ არა, ინტერნეტი წალეკა ინფორმაციამ, რომ კორონა 5G-ს „შედეგია“. ამ „სევდიან“ ისტორიაში ყველაზე უცნაური ის გახლდათ, რომ 5G-ს მავნებლობაზე არსებულ ფეიკნიუსებს ისეთი ადამიანები აზიარებდნენ და ახლობლებ-მეგობრებსაც აფრთხილებდნენ, რომლებიც სხვა დროსა და ვითარებაში იმის მტკიცებით არიან ხოლმე დაკავებულნი, რომ ძალიან განათლებულნი არიან და მხოლოდ, ვთქვათ, ლიტერატურაში კი არა, მეცნიერებაშიც კარგად ერკვევიან. 

ერთი სიტყვით, „5G-ს სკანდალი“ დასრულებული არ იყო, სოციალური ქსელები ახალმა შეთქმულების თეორიამ რომ წალეკა. კერძოდ, ითქვა, რომ კორონა ილონ მასკის პროექტია და ამ „ალგორითმის“ მიმდევრები საკუთარი ნათქვამის განმტკიცებას იმით ცდილობდნენ, რომ ზუსტად მაშინ, როცა მსოფლიოს ეპიდემია მოედო, მასკმა ახალი პროექტი _ ე.წ. ინტერენტი ყველას გაუშვა. 

მასკისა და 5G-სგან მტრის ხატი რომ ვერ შეიქმნა, ახალი კონსპირაცია გაჩნდა. სახელდობრ ის, რომ კორონა თითქოს მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ადამიანმა, ბილ გეითსმა „მოიგონა“. ამ თეორიის მიმდევარები იმის თქმასაც არ ერიდებოდნენ, რომ გეითსმა კორონას შექმნა, თითქოს საკუთარი პირით აღიარა. 

იმთავითვე ნათელი იყო და ყველა გონიერი ადამიანი ხვდებოდა, რომ 5G, მასკი და გეითსი კორონასთან კავშირში არ იყვნენ, მაგრამ ვითარების დრამატიზება, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში, ეკლესიამაც მოახდინა ანუ ცალკეულმა სასულიერო პირებმა ყველა ზემოთქმული კონსპიროლოგიის ქადაგება ამბიონიდან დაიწყეს და ზოგის ფანტაზია იქამდეც კი მივიდა, რომ მრევლი კინაღამ დაარწმუნა, მასობრივი თერმოსკრინინგი, ესე იგი, სიცხის გაზომვა იმას ემსახურება, ამ გზით ფარული ჩიპები ჩაგვიყენონო. 

ამას გარდა, ეკლესიის ზოგიერთი მსახური კორონას საწინააღმდეგო ვაქცინის წინააღმდეგაც ილაშქრებს და ხალხს მოუწოდებს, ვაქცინაციაზე უარი თქვას. არადა, კარგად თუ დავაკვირდებით, ეს ვითარება ძალიან დრამატულია. რატომ? _ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ შექმნილა! მიუხედავად ამისა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ამბობს, რომ ვაქცინაციაზე წმინდა სინოდმა უნდა იმსჯელოს. 

„საპატრიარქოში კომისია შეიკრიბება, რომელიც მედიკოსების რეკომენდაციებს გაეცნობა და ეკლესიის პოზიციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, _ ამბობს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი და დასძენს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ნებაყოფლობითი უნდა იყოს. 

ასე და ამგვარად, ყველაფერ ზემოთქმულიდან ჩანს, რომ კორონავირუსზე იმაზე მეტი შეთქმულების თეორია არსებობს, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა, მაგრამ რატომ დაუკავშირდა ეს პანდემია გლობალისტებს, ულტრალიბერალებს და, ბოლოს და ბოლოს, 5G-ს? 

მოდით, დავიწყოთ გლობალისტებითა და ულტრალიბერალებით ანუ გავარკვიოთ, თუ რა „კლასტერზეა“ საუბარი. 

სამოქალაქო ლექსიკონის თანახმად, გლობალიზმი მსოფლიო პოლიტიკის სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი პარადიგმული მიდგომაა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობებს ანიჭებს. 

„გლობალისტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკის უკეთ გაგებისთვის, აუცილებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე პროცესების ერთიანი სურათის წარმოდგენა. საერთაშორისო სისტემის განმსაზღვრელ თვისებად გლობალისტები კაპიტალისტურ ურთიერთობებს ასახელებენ. მათი აზრით, მსოფლიო კაპიტალისტური სისტემა სახელმწიფოთა ქმედებების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, ანუ სახელმწიფოების საერთაშორისო პოლიტიკაში არა დამოუკიდებელ, არამედ, დამოკიდებულ ცვლადებს წარმოადგენენ. 

ამასთან, გლობალიზმი ყურადღებას აქცევს დომინირების მექანიზმების შესწავლას და განვითარებულ „ჩრდილოეთსა“ და განვითარებად „სამხრეთს“ შორის დაქვემდებარება-დომინირების ურთიერთობების კვლევითაა დაკავებული. 

გლობალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში წამყვან ადგილს ეკონომიკურ ფაქტორებს ანიჭებს. გლობალისტები სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობების მარქსისტულ ხედვას ანიჭებენ უპირატესობას. შეაბამისად, გლობალიზმი რეალისტური და პლურალისტური (რაციონალისტური) მიდგომებისაგან განსხვავდება“, _ ვკითხულობთ სამოქალაქო განათლების ლექსიკონში. 

რაც შეეხება ლიბერალიზმს, ამავე წყაროს მიხედვით, ლიბერალიზმი პოლიტიკური ფილოსოფიაა, რომელიც პრიორიტეტს ინდივიდთა პირადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას, მმართველობის დემოკრატიულ ფორმებსა და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტების თანმიმდევრულ რეფორმებს ანიჭებს. 

„ლიბერალიზმი XX საუკუნის იდეოლოგიაა,რომელიც ქადაგებს პოლიტიკური ინსტიტუტების თავისუფლებას, ადამიანის ისეთ ინდივიდუალურ უფლებებს, როგორებიცაა აზრის გამოხატვის უფლება და რელიგიური შემწყნარებლობა. იგი მხარს უჭერს იდეას, რომ მთავრობამ აქტიურად უნდა იღვაწოს კაპიტალიზმის რეგულირებაში, საერთო სიკეთისა და კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნისთვის, რომელშიც ღარიბთა მოთხოვნილებები მაქსიმალურად დაკმაყოფილებული იქნება. 

ლიბერალიზმი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული იდეური და სოციალ–პოლიტიკური მოძრაობაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს პიროვნების თავისუფლების დაცვა, ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი, საბაზრო მეურნეობა, მეწარმეობის თავისუფლება, კონკურენცია სახელმწიფოს მინიმალური ჩარევით, ზომიერი რეფორმატორობა, რაციონალიზმი, შემწყნარებლობა, პარლამენტარიზმი, ინდივიდუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, ტრადიციებისაგან დამოუკიდებლობა და სხვ. ლიბერალიზმის იდეები აქტიურად მუშავდებოდა ჯერ კიდევ XVII-XVIII სს–ში, მაგრამ, როგორც დამოუკიდებელი, განსაკუთრებული მიმართულება, რომელმაც ფართო გაქანება მიიღო, XIX საუკუნის 30-40-იან წლებში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით კი, ლიბერალური პარტიის გაჩენასთან დაკავშირებით. დღეს ბევრი ასეთი პარტია მმართველია ან კოალიციური მთავრობის შემადგენლობაშია. 1947 წელს, ამ პარტიათა უმრავლესობა გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელმაც მიიღო „ლიბერალების მანიფესტი“. მათ შესამჩნევი წარმომადგენლობა აქვთ ევროპარლამენტში. ლიბერალიზმისთვის დამახასიათებელია პიროვნების თვითფასეულობების აღიარება და ყველა ადამიანის საწყისი თანასწორობა, მოქალაქეთა თავისუფლების, უფლებებისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისთვის ბრძოლა, ხალხის მმართველობა, კონსტიტუციონალიზმი, კანონიერება და სამართლის დაცვა, ხელისუფლების დანაწილება, სახელმწიფოს აღქმა, როგორც ორგანოსი, რომელიც დაფუძნებულია საზოგადოების წევრებთან საერთო კონსენსუსზე, პიროვნების თავდაპირველი უფლებების დაცვასა და მის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობაზე. ლიბერალიზმი ცალსახოვანი არ არის. მან სერიოზული ევოლუცია განიცადა კლასიკური ლიბერალიზმიდან XIX-XX საუკუნეების ნეოლიბერალიზმამდე“, _ ნათქვამია სამოქალაქო განათლების ლექსიკონში. 

ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ფაქტია: ლიბერალიზმი განსაკუთრებით საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვისაა მიუღებელი. ამის ახსნა, ალბათ, კომუნისტური და, ზოგადად, რუსული ოკუპანტური წარსულით შეგვიძლია ანუ ადამიანთა მცირე ჯგუფი თვლის, რომ ლიბერალები და გლობალისტები ქართველობას გვართმევენ, ენას, მამულსა და სარწმუნოებას გვირყვნიან და ეს მაშინ, როცა იგივე რუსულ ოკუპაციაზე სიტყავსაც არ „ასველებენ“. არადა, თუ კარგად ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ გლობალისტებსა და ლიბერალებს „ქართველობის წართმევა“ არაფერში აინტერესებთ, რადგან ისინი გაცილებით „რთული“ თემებით არიან დაკავებულნი. 

რაც შეეხება 5G-ს, ამაზე სამხედრო ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, თავის ვრცელ პოსტში, რომელიც „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა და რომლიდანაც ამონარიდები ზემოთ უკვე შემოგთავაზეთ, წერს: 

„5G-ს მილიმეტრული მაღალი სიხშირის გამოსხივება აღწევს ორგანიზმში, ზემოქმედებს ატომებზე, რის გამოც ისინი ვეღარ უკავშირდებიან ჰემოგლობინს და სისხლში ჟანგბადს ვეღარ აწვდიან“, _ ასეთი „თეორიებითაა“ „გამყარებული“ 5G ტექნოლოგიების ირგვლივ ატეხილი ისტერია, რომ „სახლში გამოგვკეტეს, რათა ანტენების დამონტაჟებას ხელი არ შევუშალოთ“. 

ამას ემატება ჯანმო-ს ირგვლივ ატეხილი ფსიქოზი, მისი კავშირები ბილ გეიტსთან და ა.შ. ასეთ „თეორიას“ როცა წაიკითხავს ადამიანი, განსაკუთრებით ის, ვისთვისაც სკოლის ფიზიკა უღრანი ტყეა, როგორ უნდა აუხსნა, რომ მთავარი სიხშირე კი არა, სიმძლავრეა. ან აუხსნი, რა არის იონიზირებადი და არაიონიზირებადი გამოსხივება? 

ისეთი აქტიური კონსპოროლოგ-პროპაგანდისტიც ვნახე, რომელსაც სიხშირე და სიმძლავრე ერთმანეთში ერევა. შეხვდებოდით, ალბათ, სინქროფაზატრონით დარეტიანებული ნიუტონის შთამომავლის ამაღელვებელ „მიმართვას“, „მე ვარ ყოფილი სამხედრო მეკავშირე და ვიცი, რა ზიანს აყენებს ადამიანს 5G 60 GGH სიმძლავრის გამოსხივება. თქვენი შვილები მაინც შეიცოდეთ (აქ საქართველოს დროშა აქვს ჩაწებებული, მეტი დამაჯერებლობისთვის). 

როცა კითხულობთ „სამხედრო მეკავშირე“-ს, ინფორმაციის სანდოობა მატულობს. თქვენ ხომ არ აქცევთ ყურადღებას, რომ გიგაჰერცებში (GGH) სიმძლავრეს არ ზომავენ? ასეთ „მეკავშირეს“ დიპლომი უნდა გაუუქმო, დიპლომის გამცემს კი _ ლიცენზია. 

შემდეგ წერს, რომ 5G, წინამორბედებთან შედარებით, 20-ჯერ მძლავრია, „რაც ადამიანების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“-ო. ჯერ ერთი, 20-ჯერ მეტი სიხშირეა და არა _ სიმძლავრე, სიმძლავრე კი, პირიქით, 4G-ს გაცილებით მეტი აქვს. 

რაც შეეხება „ხალხის შეცდომაში შეყვანას“, ამის დამწერს, უბრალოდ, ლოგიკასთან და ელემენტარულ უნარებთან აქვს პრობლემა. „მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“, ამ კონტექსტში, არაკორექტულადაა გამოყენებული. ის უფრო მიკვირს, ასეთ აბრაკადაბრას უამრავი ადამიანი რომ იჯერებს და აზიარებს. 

და ბოლოს, ვრცელდება ასეთი თეორიებიც, რომ თითქოს პანდემია სპეციალურად მოაწყვეს და მიზნად ისახავს, როგორც გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევას, ასევე, მსხვილი კორპორაციების გამდიდრებას. არგუმენტებად მოჰყავთ ვარაუდები, რომ ბევრი კომპანია გაკოტრდება და მათ იაფად შეისყიდიან. მსგავსი პროცესები, ვიღაცის გაკოტრება, სხვისი გამდიდრება, ყოველთვის ახლავს კრიზისებს. რატომ არ ვუშვებთ ვერსიას, რომ, როგორც სახელმწიფოები, ასევე, კომპანიები, ვითარების შესაბამისად მოქმედებენ და ცდილობენ, ნაკლები დანაკარგებით გამოვიდნენ სიტუაციიდან და, შეძლებისდაგვარად, მეტი სარგებელი ნახონ?! 

ქვეყნის მთავარი ასტროლოგი იზიარებს საერთაშორისო ფსიქოზს და ტელეეთერით ქადაგებს, რომ მსოფლიოს მმართველები (მასონები და ა.შ. მასონების ხსენება ყველაზე დამაჯერებელია) გეგმავენ 7.5 მილიარდი ადამიანიდან 6.5 მილიარდის დახოცვას და მილიარდის დატოვებას. 

ჯერ ერთი, თუ ამდენი ადამიანის დახოცვას აპირებენ, ასეთი ნელი ტემპებით რატომ „მუშაობენ“? _ 4 თვეში, 250 000 ადამიანი დაიღუპა. მეორე, დანარჩენებს რატომ მკურნალობენ ასეთი თავგამოდებით? _ 1 მილიონზე მეტია გამოჯანმრთელებული?! 

მესამე, წელიწადში მილიონიც რომ დაიღუპოს „კოვიდ-19“-ით, 6.5 მილიარდის კი არა, მილიარდის დახოცვას, ამ ტემპებით, 1000 წელი მოუნდებიან. სანამ ასეთ „ვერსიებს“ გაიმეორებთ, იქნებ, ლოგიკა ჩართოთ?! 

ამ დღეებში, კიდევ ერთი მავნე ვიდეო ვრცელდება გერმანიიდან. პირი მანქანაში ზის, „ლაივში“ გვიყვება, აი, ახლა, ამ წამს გადმოსცა რადიომ, რომ უნობელესლაურეატეს მეცნიერებმა დაადგინეს „COVID-19“ კლავს მხოლოდ 0.37% (ორჯერ გაიმეორა 0.37%) შემთხვევაშიო. სხვა არანაირი ინფორმაცია. კითხვა: ეს 0.37% გერმანული მიდგომების შემთხვევაშია, როცა დროულად გამოავლენ, სწორად უმკურნალებ და გადაარჩენ, თუ შვედურ ვარიანტში, როცა სიცოცხლეზე წინ ეკონომიკას აყენებ და მიუშვებ თვითდინებით? 

ამ ვიდეოს შემდეგ, ქართული მედია ავრცელებს ჰამბურგელი მეცნიერების კვლევის მონაცემებს და სათაურში გამოაქვს, რომ მათი კვლევების თანახმად, გარდაცვლილებში „კოვიდ-19“-ის კვალი არის 0%, ხოლო სტატიის გერმანულ წყაროში 0% ვერ ვიპოვე. მსგავსი ინფორმაციების გავრცელება, რომლებიც უპირისპირდებიან მსოფლიოს ქვეყნების, მათ შორის, ჩვენი მთავრობის ოფიციალურ ვერსიებს, რაც დაბალი პროფილაქტიკური საქმიანობისა და ინფორმირების ფონზე, იწვევს მოსახლეობაში წინააღმდეგობის გაღვივებას. 

დასასრულ, ეპიდემიის საწყისი ეტაპის ერთ-ერთ შიშს გაგახსენებთ, შიშს სურსათის შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებით. გაიხსენეთ, რა დღეში იყო მოსახლეობა, როგორ იმარაგებდა სურსათს და როგორი პანიკური ინფორმაციები, გაფრთხილებები ახლდა თან ამ პროცესს. „ახლობელმა მითხრა, სურსათი გაგქრება“, „ერთმა სანდო ადამიანმა გამაფრთხილა სურსათის პრობლემები შეიქმნება“ და ა.შ. ვის ახსოვს ახლა ეს აუდიო თუ ტექსტური შეტყობინებები?! შიში დეზინფორმაციის მთავარი მამოძრავებელი ძალაა“. 

მოკლედ, კორონაჟამიანობას, სხვა ეპიდემიებისა თუ უბედურებების მსგავსად, კონსოპირაციული თეორიების გარეშე არ ჩაუვლია. ამ თეორიებიდან უმეტესობა, რასაკვირველია, აბსურდულია, თუმცა სამართლიანობისთვის, ისიც უნდა ვიკითხოთ, რატომ ვერ ახერხებს 21-ე საუკუნეში, კაცობრიობა კოვიდინფექციის ეფექტური სამკურნალო წამლის ან ვაქცინის შექმნას? ამასთან, ისიც საკითხავია, რას ემსახურება, მაგალითად, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი? მართალია, ეპიდემიოლოგებმა განმარტეს, კომენდანტის საათი იმიტომაა საჭირო, რომ ადამიანები ერთმანეთთან სტუმრად არ მივიდნენო, მაგრამ ვისაც სტუმრობა უნდა, ახლობელს თუ მეგობარს საღამოს 9-მდე ესტუმრება და თუ ქეიფი გაუტკბა, დილის ექვს საათამდეც გააგრძელებს. 

ასე რომ, ბევრი რამ გასაგებია და სოციალური დისტანციის დაცვა, თუ ხელების დაბანა აუცილებელია, მაგრამ ზოგიერთი აკრძალვა, როგორც ვთქვით, კითხვებს აჩენს და ალბათ, ესეც უწყობს ხელს კონსპირაციული თეორიების გაჩენას!

ნინო დოლიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში