Menu
RSS

53 წლის ტაისონი რინგზე ბრუნდება _ „მზად ვარ, მოვკვდე!“

კორონაკარანტინში გამოკეტილმა მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებმა საიდუმლოებებს ფარდა ახადეს

არსებული შეზღუდვების გამო, სპორტული სამყარო, პრაქტიკულად, გაჩერებულია და სპორტსმენთა უმრავლესობა ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ყველაზე ცნობილი ექსპერტებიც კი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სეზონი განახლდება, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ვინ როგორ ითამაშებს, მაგალითად, საფეხბურთო ჩემპიონატებს, რადგან ფეხბურთელები მინიმალურ ფორმაში არიან და 90 წუთი სირბილი გაუჭირდებათ. ამიტომაც, ფიფა და უეფა სერიოზულად განიხილავენ კვიპროსის „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ინიციატივას, სეზონი თუ განახლდება, მწვრთნელებს ხუთი შეცვლის უფლება უნდა გვქონდეს, ორის პირველ ნახევარში და სამიც _ მეორეში, მოთამაშეებს ამოსუნთქვის საშუალება რომ მივცეთო. ამასთან, განიხილება ტაიმების ხუთი წუთით შემცირება და მთლიანი მატჩის 80 წუთამდე დაყვანა. გარდა იმისა, რომ ფეხბურთელები ფორმაში არ არიან, სეზონი მალე რომ დასრულდეს, ათ დღეში, სამი შეხვედრა უნდა ჩაატარონ, რაც არანაკლებ ენერგიას მოითხოვს. აგერ, გერმანიის კანცლერმა ბუნდესლიგის განახლების უფლებაზე თანხმობა განაცხადა და წესით, ჩემპიონატი 5 მაისს უნდა განახლებულიყო, მაგრამ ის ჯერაც არ დაწყებულა და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ვერც განახლდეს. საუბარი იმაზე არ არის, რომ მაყურებელი არ მივა სტადიონზე _ ამას ყველა შეეგუა და ყველა შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩაივლის. ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეხების ეშინიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორთაბრძოლებში ვერ შევლენ, ასე თამაში კი წარმოუდგენელია. რამდენიმე ფეხბურთელი იმასაც აცხადებს, მოედანზე პირბადის გარეშე არ გავალო და პირბადეში სუნთქვა მაშინ, როცა კილომეტრებს დარბიხარ, წარმოუდგენელია. მოკლედ, ბევრი რამაა დასალაგებელ-გასარკვევი, დრო კი მიდის და წესით, ივნისში, ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები უნდა დაიწყოს, მაგრამ ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, ჯერ უცნობია.

როგორც იცით, ევროპაში ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერდა, გარდა ბელორუსიის ლიგისა. „ბაწკამ“ ბრძანა, კორონავირუსი ბლეფია, ჩვენ არ გვეშინიაო და ბელორუსში საფეხბურთო სეზონი მთელი ძალით მიმდინარეობს, თუმცა... 

„10 მაისს, ბელორუსის ჩემპიონატის მეორე ლიგაში მატჩი იმ მიზეზით გადაიდო, რომ ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდა. შესაბამისად, კვლევა მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელს ვირუსი დაუდგინდება, საფეხბურთო ლიგა ჩემპიონატის შეჩერებაზე იმსჯელებს“, _ ასეთია ბელორუსული ფეხბურთის ოფიციოზის განცხადება და თუ ფეხბურთელს ვირუსი მართლა დაუდგინდება, ბელორუსელებს ფიფა და უეფა აღარ მისცემენ პირველობის განახლების უფლებას, ხოლო თუ მაინც განაახლებენ, ისინი შესაძლოა, ორივე ორგანიზაციამ მოკვეთოს. 

სიმართლე გითხრათ, მოვლენების ასე განვითარება ჩვენ ყველაზე მეტად გვაწყობს, რადგან ერთა ლიგის ნახევარფინალში, სწორედ ბელორუსს ვხვდებით და თუ მათ მოკვეთენ (დროებით მაინც), მაშინ პირდაპირ ფინალში გადავალთ. იქ ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს შორის უძლიერესს შევხვდებით და გამარჯვების შემთხვევაში, იმ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, წელს რომ უნდა გამართულიყო და პანდემიის გამო, 2021 წელს ჩატარდება. 

* * * 

ყველაფერ ამის ფონზე, ცოტა უცნაური კი იყო, მაგრამ გასულ კვირას, წესების გარეშე ბრძოლა გაიმართა. დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს ჯასტინ გეიჯი და ტონი ფერგიუსონი დაუპირისპირდნენ. წესითა და რიგით, ეს უკანასკნელი მოქმედ ჩემპიონს, ხაბიბ ნურმაგომედოვს უნდა შეხვედროდა, მაგრამ დაკეტილი საზღვრების გამო, ხაბიბი აშშ-ში ვერ ჩაფრინდა. 

მოკლედ, მთავარი ფავორიტი, სწორედ ფერგიუსონი იყო, მაგრამ გეიჯმა საოცარი შეხვედრა ჩაატარა და დამსახურებულად მოიგო. თუ ხაბიბს ტიტულის შენარჩუნება სურს, ვალდებულია, ექვსი თვის განმავლობაში გეიჯს შეხვდეს, თუ არადა, დროებითი ჩემპიონი ჩვეულებრივ ჩემპიონად იქცევა. 

* * * 

როგორც ჩანს, სახლში ჩაკეტვამ ბევრი გულახდილობის ხასიათზე დააყენა. მაგალითად, საფრანგეთის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, ვილი სანიოლმა, რომელიც ზინედინ ზიდანის უახლოეს მეგობრად ითვლება, სახლიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალი მთელი გუნდისთვის დიდი დარტყმა იყო. შეგახსენებთ, რომ ფინალში ზიდანმა მარკო მატერაცის მკერდში თავი მას შემდეგ დაარტყა, რაც იტალიელმა ფრანგის და უხეშად მოიხსენია. მსაჯმა ზიდანი გააძევა, საფრანგეთმა კი ფინალი წააგო. 

„ფეხბურთი გუნდური თამაშია, ამიტომ პირადი გვერდზე უნდა გადადო. მახსოვს, მაშინ ზიდანს მთელი გუნდი გაუნაწყენდა, ჩვენ მას, უბრალოდ, აღარ ველაპარაკებოდით, არ ვკონტაქტობდით. იმ შოკიდან გამოსასვლელად, მთელი ორი წელი დამჭირდა. 2008 წელს, ცოლი მოვიყვანე, ქორწილი მქონდა და ზიზუც დავპტიჟე. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა, მოვიდოდა თუ არა, მაგრამ ის მოვიდა და ძალიან გამახარა. ახლა ისევ ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს“, _ ამბობს სანიოლი. 

სხვათა შორის, მის დარად, საფრანგეთის იმდროინდელი ნაკრების ბევრმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ ზიდანის საქციელს გამართლება დღემდე ვერ უპოვა და მოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაკარგვას, სწორედ მას აბრალებს. 

* * * 

შესაძლოა, ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ სამხრეთ კორეაში არ აქცევენ ყურადღებას, ვინ რა პოზიციაზეა და რა დონის ვარსკვლავია, სამხედრო სავალდებულო სამსახური ყველამ უნდა გაიაროს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ნებისმიერმა მოქალაქემ იარაღის ელემენტარულად ხელში დაჭერა და სროლა იცოდეს. ყველაფერ ამას ვერ ასცდა ლონდონის „ტოტენჰემისა“ და სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ჰეუ მინ სონი. 27 წლის ფეხბურთელი, რომლის ღირებულებაც 80 მილიონი ევროა, სამი კვირით ჯარში წავიდა და ძალიან გახარებულია, რომ ეს პანდემიას დაამთხვია ანუ მას კლუბის შეხვედრების გამოტოვება არ მოუხდა. ისე არ გაიგოთ, თითქოს სონი ჯარში მხარ-თეძოზე წამოწოლილი იყო, ის სხვა ჯარისკაცებთან ერთად, უმძიმეს წვრთნებს გადიოდა და რა გასაკვირია, რომ ფიზიკურ მონაცემებში საუკეთესო შედეგი აჩვენა. 

* * * 

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მძიმეწონოსან მოკრივეს, ირლანდიელ ტაისონ ფიურის სახელი მამამისმა, ლეგენდარული მაიკ ტაისონის საპატივსაცემოდ დაარქვა. როგორც გამოჩნდა, შვილმაც და სახელმაც გაამართლა _ მოქმედ ჩემპიონს, გამართული 31 ბრძოლიდან, 30 მოგებული აქვს და ჯერჯერობით ბადალი არ ჰყავს. აი, რაც შეეხება თავად მაიკ ტაისონს, 53 წლის ასაკში, მან რინგზე დაბრუნება განიზრახა და განაცხადა, მზად ვარ, საქველმოქმედო ბრძოლა გავმართოო. მისი მეტოქის შერჩევაზე ბევრს მუშაობენ, რადგან სურთ, რომ ბრძოლა სანახაობრივი გამოვიდეს, ბევრი ფული მოიტანოს და რაც მთავარია, მეტოქემ „რკინის მაიკს“ წინააღმდეგობა გაუწიოს. ჰოდა... 

„მე შვილს მის გამო დავარქვი ტაისონი. ის მე გავზარდე და გავზარდე ჩემპიონად. ახლა კი მზად ვარ, „რკინის მაიკს“ თავად შევხვდე და ვაჩვენო, როგორ შემიძლია ჩხუბი. მართალია, ის ძალიან ძლიერია და 53 წლის ასაკშიც კი საშიშია, მაგრამ ამ ბრძოლისთვის მზად ვარ, რინგზე მოვკვდე“, _ ეს განცხადება ფიურის მამამ, ჯონ ფიურიმ გააკეთა. 

ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტენ შეხვედრის ორგანიზატორები, მაგრამ სანამ ფიური გამოჩნდებოდა, ისინი ტაისონის მეტოქედ ვეტერან მორაგბეს, სონი ბილ უილიამსს განიხილავდნენ. 

* * * 

გამოსავალი მონახეს მოჭადრაკეებმაც. მათ ონლაინ სივრცეში „ერთა თასი“ გაითამაშეს, რომლის საპრიზო ფონდიც 180 ათასი დოლარი იყო. ევროპის ნაკრების ღირსებას ჩვენი ნანა ძაგნიძე იცავდა და შეიძლება ითქვას, თანაგუნდელთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა _ ხუთი შესაძლებლობიდან 3.5 ქულა დააგროვა და მხოლოდ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან წააგო. ევროპის ნაკრებს ნაჩვენები შედეგი მესამე ადგილისთვის ეყო, ფინალში კი აშშ და ჩინეთი გავიდნენ. დაძაბულ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება აზიელებს დარჩათ. ევროპის ნაკრების, ჩინეთისა და აშშ-ის გარდა, ონლაინ ტურნირში მონაწილეობა ინდოეთის, რუსეთის და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ევროპის ნაკრების კაპიტანი ლეგენდარული გარი კასპაროვი გახლდათ. 

* * * 

დასასრულ, საინტერესო იდეა მოუვიდათ ესპანეთის ფეხბურთის მესვეურებს. პირენეის ნახევარკუნძულზე უკვე გადაწყვეტილია, რომ საფეხბურთო სტადიონებზე გულშემატკივარი, მინიმუმ, 2021 წლის იანვრამდე არ დაიშვება, ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში კი ვარსკვლავებისთვის ძალიან მოსაწყენი იქნება. ამიტომ, ესპანეთში სერიოზულად განიხილავენ პროექტს, რომლითაც ტრიბუნებზე სპეციალური მოწყობილობა დამონტაჟდება, რომელიც ხელოვნურად შექმნის ხმაურს და ტრიბუნებიდან ჟრიამული ისევ გაისმება. საინტერესო მხოლოდ ის არის, მასპინძელი გუნდის მხარდასაჭერი ყიჟინა იქნება ცარიელ ტრიბუნებზე, თუ სტუმართა ქომაგებსაც „ამოაღებინებენ ხმას“.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში