Menu
RSS

ექსკლუზივი: რას ჰყვება ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი, რომელმაც კორონავირუსი, სავარაუდოდ, სახლის პირობებში დაამარცხა

 ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი, „ბრიტანულ-ქართული ორგანიზაციის“ თავმჯდომარე  თამარ ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ კორონავირსი, სავარაუდოდ, უკვე მოიხდა. გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვირუსის სიმპტომებისა და იმის შესახებ საუბრობს, თუ რა ვითარებაა პანდემიის მხრივ დიდ ბრიტანეთში.

  „ცოტა ხნის წინ ავად ვიყავი, რამდენიმე დღეა, გამოვკეთდი. ზუსტად არ ვიცი, ეს ვირუსი იყო თუ არა, თუმცა იმედი მაქვს, რომ გადავიტანე, რადგან სჯობს, მოიხადო. აქ რეკომენდაციას გვაძლევენ, სახლში ვიყოთ, არ წავიდეთ ექიმთან. არის ინტერნეტ-გვერდი, სადაც შეგყავს სიმპტომები და თუ ალგორითმი გადაწყვეტს, რომ დიდი შანსია კორონავირუსით იყო ინფიცირებული, მითითებას გაძლევს, დარეკო ცხელ ხაზზე. მე საკმაოდ რთულად ვიყავი, სუნთქვა მიჭირდა...“

 მსოფლიო კორონაპანდემიას ებრძვის. ინფექციის დადასტურებულმა შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა. ევროპის ზოგ ქვეყანაში, პანდემიის თვალსაზრისით, კლების ტენდენცია შეინიშნება. „ვერსია“ დაინტერესდა, როგორ ცხოვრობენ ქართველები სხვადასხვა ქვეყანაში კორონაპანდემიის დროს... გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს თამარ ლორთქიფანიძესთან, რომელიც დიდ ბრიტანეთში 20 წელია, ცხოვრობს და „ბრიტანულ-ქართული ორგანიზაციის“ თავმჯდომარეა:

- ცოტა ხნის წინ ავად ვიყავი, რამდენიმე დღეა, გამოვკეთდი. ზუსტად არ ვიცი, ეს ვირუსი იყო თუ არა, თუმცა იმედი მაქვს, რომ გადავიტანე, რადგან სჯობს, მოიხადო. აქ რეკომენდაციას გვაძლევენ, სახლში ვიყოთ, არ წავიდეთ ექიმთან. არის ინტერნეტ-გვერდი, სადაც შეგყავს სიმპტომები და თუ ალგორითმი გადაწყვეტს, რომ დიდი შანსია კორონავირუსით იყო ინფიცირებული, მითითებას გაძლევს, დარეკო ცხელ ხაზზე. მე საკმაოდ რთულად ვიყავი, სუნთქვა მიჭირდა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს სუნთქვითი ვარჯიშები. ვაღიარებ: შემეშინდა, თუმცა სუფთა ჰაერზე ვიყავი, სითხეებით დავიტვირთე და უსიცხოდ გადავიტანე. დიდ ბრიტანეთში საავადმყოფოში მხოლოდ ისეთი ხალხი მიდის, ვინც მართლა უკიდურესად მძიმედაა და ამიტომაც არ წავედი. ვიფიქრე, იქნებ, ჩემზე მეტად სჭირდებოდა ვინმეს დახმარება. აქ ტესტები არაა ბევრი, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი გვპირდება, რომ აპრილის ბოლოსთვის დიდი რაოდენობით შემოიტანენ და ყველას შეეძლება ტესტის ჩატარება, რათა გავიგოთ, გვქონდა თუ არა ვირუსი.

ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება, ასაკოვანი ხალხი სახლშია და გარეთ ვერ გამოდის. არა მარტო ქართველები, არამედ - ბრიტანელებიც. ამჟამად 2 ბრიტანულ და ერთ ქართულ ოჯახს ვეხმარები, სადაც 80 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, მიგზავნიან სიას, ვყიდულობ პროიდუქტს, მიმაქვს და კართან ვუტოვებ.

- ასაკოვან ხალხს გარეთ გამოსვლა მანდაც აკრძალული აქვს?

- არა, აკრძალვა არაა, მაგრამ თვითშეგნება აქვთ და ცდილობენ, სახლში დარჩნენ. ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში, ჯგუფი შევქმენი, ლონდონი ჩვენი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით დავყავი. ორგანიზაციაში 340 აქტიური წევრი გვყავს, რომელთაც ოჯახები აქვთ და ეს ციფრი რეალურად უფრო დიდია. მოკლედ, ყველას ვაწვდით ინფორმაციას, რომ თუ ვინმე სახლიდან ვერ გამოდის, მოგვმართოს და დავეხმარებით.

- თუ არის შემთხვევა, რომ ვინმეს უნდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ვერ ახერხებს და ქუჩაშია დარჩენილი?

- ნამდვილად არ მგონია, რომ ვინმე იყოს დარჩენილი. როგორც კი კარანტინი გამოცხადდა, „ვოთსაპ“-ში გავაკეთე ჯგუფი, სადაც შევიყვანე საელჩოს, დიასპორის წარმომადგენლები, ჩვენი საზოგადოებიდან რამდენიმე წევრი, დაახლოებით, 10 ქართველი ვართ ამ ჯგუფშიდა თუ რამე პრობლემა წარმოიქმნება, ხალხს კოორდინაციაში ვეხმარებით. იყო შემთხვევა, რომ უსახლოდ დარჩენილ ახალგაზრდა მამაკაცს საქართველოში რეისი დროებით გადაედო და ჰოსტელი მოვუნახეთ, თუმცა ფრენა შედგა და დახმარება აღარ დასჭირდა. ასე რომ, აქ ყველა ერთმანეთს ეხმარება, არა მხოლოდ ქართველები, არამედ - ბრიტანელებიც. აქ საზოგადოება ყოველთვის შეკრული იყო, მაგრამ ახლა ეს განსაკუთრებით ხდება. მედიით ვიგებ, რომ ემიგრანტები ამბობენ, ცუდ დღეში ვართ და მშიერი ვკვდებით სხვადასხვა ქვეყანაშიო. არ მაქვს უფლება, ამაზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვინმემ რომ თქვას, ეს ლონდონში ხდებაო, ვერ დავიჯერებ. სადაც ხელი მიგვიწვდება - სოციალურ ქსელში, ქართულ ეკლესიასთან, ქართულ სათვისტომოსთან, საელჩოსთან, ინფორმაციას ვავრცელებთ.

იყო შემთხვევა, როცა ფერმერებმა გამოთქვეს შიში, სეზონისთვის ვერავინ ჩამოვა დასასაქმებლად და ეძებდნენ ადამიანებს. დავუკავშირდი ფერმერთა ასოციაციას, ეს ინფორმაცია გავავრცელე და მალე ბევრი უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანი დასაქმდება. ასე რომ, სახლიდანაც შეიძლება, ბევრი რამ გააკეთო. ყველა ძალიან ცუდ დღეშია, არ მჯერა, რომ ყველაფერი სინამდვილეში ხდება და სიზმარი მგონია, მაგრამ აქ ქართველები ერთმანეთს ვეხმარებით!

- როგორ აფასებთ მედიის მუშაობას ბრიტანეთსა და საქართველოში პანდემიის გაშუქების თვალსაზრისით?

- კარგი კითხვაა... საქართველო და დიდი ბრიტანეთი განსხვავებული ქვეყნებია და ძნელია, ერთი ან მეორე შეადარო და გააკრიტიკო. ორივე ქვეყანაში მედია ძალიან მაღალ დონეზე აშუქებს მოვლენებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ინტენსიური თერაპირიის განყოფილებაშია მოთავსებული კორონავირუსის გამო, ამაზე მე და ჩემი შვილი ძალიან ვნერვიულობთ და ვგულშემატკივრობთ, რადგან მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მეთაური კარგად იყოს. ამ საკითხზე გუშინ მედია გააკრიტიკეს, უფრო ადრე იცოდნენ და არ გამოაცხადეს, რომ რეანიმაციაში გადაიყვანეს, გვიმალავენ ინფორმაციასო, მაგრამ ამასაც, ალბათ, მიზეზი აქვს - თუ კარგად არ დაამუშავე ინფორმაცია და ისე მიაწოდე ხალხს, პანიკას გამოიწვევ. ამ თემებს მედია, როგორც ვხედავ, საქართველოშიც ძალიან კარგად აშუქებს.

- საქართველოს ჯანდაცვის სისტემას როგორ აფასებთ - როგორ მართავს პანდემიას?

- ძალიან კარგად, ყველა აქებს. ცოტა ხნის წინ წამოვედი საქართველოდან ბრიტანეთში, როგორც მივხვდი, ასეთი ვითარება იქნებოდა - ჩემი შვილი აქ იყო და ვიცოდი, ხალხს აქ დავჭირდებოდი. რომ ჩამოვედი, ყველამ მითხრა, რატომ წამოხვედი, საქართველოში ხომ უფრო დაცული იქნებოდიო? ამაში არის ლოგიკა. საქართველო პატარა ქვეყანაა და თითოეულ პაციენტს დიდი ყურადღება ეთმობა, რაც ფუფუნებაა ყველა დაავადებულისთვის. აქ, დიდ ბრიტანეთში, ასე არ ხდება, დერეფნებში წვანან პაციენტები, საქართველოში კი, ძალიან მიხარია, რომ ასე მართავენ სიტუაციას. ისიც მადარდებს, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნების დროს ამ ვირუსს მანდ ჩამოიტანენ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ის არ მოხდება, რაც ევროპის დიდ ქვეყნებსა და აშშ-ში მოხდა - უცებ აფეთქდა პანდემია. ეს რომ საქართველოში მოხდეს, დაღუპულები ვართ! ქედს ვიხრი და უდიდეს მადლობას ვუხდი ქართველ ექიმებს და მთავრობას, ძალიან მიხარია, რომ ასე მართავენ სიტუაციას.

თავიდან დიდი რაოდენობით ვიღებდი ინფორმაციას ამ ვირუსზე, რამაც დამთრგუნა და დამაპანიკა. ახლა კი, მე და ჩემი შვილი მხოლოდ დღეში ერთხელ ვუყურებთ საინფორმაციოს. უმნიშვნელოვანესია, პოზიტიურად ვიყოთ განწყობილნი და დადებითი ინფორმაცია მივიღოთ. ყველას ვურჩევ, რომ პოზიტიურად შეხედოს ამ ამბავს, რადგან ზოგისთვის ეს ჩვეულებრივი გრიპია, ზოგს უსიმპტომოდ გადააქვს. გავრცელებული ინფორმაციით,  დიდი ბრიტანეთში მოსახლეობის 50%-მა ეს ვირუსი შესაძლოა, უკვე გადაიტანა.

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში