Menu
RSS

იკრძალება თუ არა საყოველთაო კარანტინის დროს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები

საგანგებო რეკომენდაციები ფერმერებსა და გლეხებს

30 მარტს, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. მარნეულის, ბოლნისისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტების შემდეგ, ახლა უკვე ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო კარანტინი 31 მარტს, 08.00 საათიდან დაიწყო, 21.00 საათიდან კი მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება აეკრძალათ. გახარიას განცხადებით, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადადგილება იკრძალება. ,,ვერსია’‘ დაინტერესდა, განსაკუთრებული შეზღუდვების პირობებში, აქვთ თუ არა ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების უფლება, მით უმეტეს, რომ მიწას რამდენიმე გლეხი ერთად ამუშავებს (საყოველთაო კარანტინის პირობებში, სამზე მეტი პირის შეკრება დაუშვებელია), ან რა ბედი ელით იმ ფერმერებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში, მაგალითად, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმებში, რძის, ხორცის და ზოგადად, ნებისმიერი პროდუქტის გადამამუშავებელ საწარმოებში მუშაობენ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოფლის მეურნეობის საკითხებში, დავით კირვალიძემ ,,ვერსიას’‘ განუმარტა, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებში, ამ კითხვებზე სისტემური პასუხი არ არსებობს. მისი თქმით, კონკრეტული საქმიანობები სიტუაციურად იზღუდება, იმის მიხედვით, თუ რამდენად აღწევს ან ვერ აღწევს პირი იზოლაციას. 

ქვეყანაში სიტუაცია, მართლაც, ყოველდღიურად იცვლება. მართალია, საკარანტინე ზონაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ აკრძალულა, მაგრამ საინტერესოა, რა წესები უნდა დაიცვან ფერმერებმა და როგორ უნდა შეასრულონ ეს სამუშაოები? სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, დავით კირვალიძემ ,,ვერსიას’‘ იტალიაში, ჩინეთსა და აშშ-ში, სწორედ ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები გააცნო: 

,,იტალიის პრემიერის განკარგულების ტექსტი გამოქვეყნებულია მთავრობის ვებსაიტზე, სადაც COVID-19-გან ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ეპიდემიოლოგიური გადაუდებელი შემთხვევების შეკავებასა და მართვასთან დაკავშირებული დამატებითი ზომებია აღწერილი. პრემიერის 11 მარტის დადგენილებას ემატება დასაშვები აქტივობების ჩამონათვალი. ნებადართულ საქმიანობებს შორისაა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დამუშავება, მესაქონლეობა, მესამე მხარისათვის ჩატარებული აგრო-მექანიკური პროცესების განხორციელება, სასოფლო-სამეურნეო და ზოოტექნიკური ღირებულებათა ჯაჭვების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ფუნქციური მოქმედებების განხორციელება. ამასთან, დასაშვებია სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების წარმოება, ტრანსპორტირება, მარკეტინგი და მიწოდება. ასევე, დაშვებულია ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც აუცილებელია საგანგებო სიტუაციასთან გასამკლავებლად. 

შეჩერებული სასოფლო-სამეურნეო აქტივობებია: აგროტურიზმი, ღვინის წარმოება, საგანმანათლებლო მეურნეობების საქმიანობა, მწვანე ტერიტორიების, პარკებისა და ბაღების მოვლა-პატრონობა’‘. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინე ზონაში მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები _ საავადმყოფო, სახანძრო/სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო ცენტრები, ბენზინგასამართი სადგურები, ელექტროენერგიისა და წყლის მიმწოდებელი ობიექტები, ბანკომატები მუშაობენ. ,,ვერსიის’‘ კითხვაზე, განიხილებიან თუ არა სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ფერმერები აუცილებელი და კრიტიკულად საჭირო ინფრასტრუქტურის თანამშრომლებად, დავით კირვალიძემ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მაგალითებზე დაყრდნობით გვიპასუხა: 

,,დიახ, განიხილებიან! სოფლის მეურნეობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და COVID-19-ზე რეაგირების დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სინამდვილეში, აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურები სურსათსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს განიხილავენ აუცილებელ და კრიტიკულად საჭირო ინფრასტრუქტურის მუშაკთა შორის, COVID-19-ზე რეაგირებისთვის. ასევე, სოფლის მეურნეობას, აშშ 16 სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ სექტორს შორის მოიაზრებს. 

მაგალითად, ჩინეთი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებას გააძლიერებს, რათა გაუმკლავდეს ვირუსის გავრცელებისგან გამოწვეულ დეფიციტს, _ აღნიშნულია სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში. ადგილობრივი ხელისუფლება პასუხისმგებელია ბოსტნეულის, ხორცის, კვერცხისა და რძის, მარცვლეულისა და სხვა პირველადი პროდუქციის წარმოების, ტრანსპორტირებისა და ხარისხის კონტროლის განმტკიცებაზე.

ხდება კოორდინაცია კოოპერატივებთან და მსხვილ ბიზნესებთან, რათა შრომითი დეფიციტი არ შეიქმნას და წარმოება გაიზარდოს. ამავდროულად, ქვეყანა უზრუნველყოფს ფერმერული პროდუქციის შეუფერხებელ ტრანსპორტირებას ეპიდემიური კონტროლის მომარაგებისთვის დადგენილი ,,მწვანე არხებით’‘. მანქანები პრიორიტეტულია და თავისუფლდება მაგისტრალური გადასახადისგან’‘. 

დავით კირვალიძის განმარტებითვე, ჩინეთის რძის გიგანტი Inner Mongolia Yili Industrial Group Co Ltd აცხადებს, რომ უზრუნველყოფს რძის პროდუქტების მიწოდებას. გაზაფხულის ფესტივალის დღიდან, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ქარხნებში, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. ჩინეთის რძის გიგანტურმა ჯგუფმა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო საშუალებები წარადგინა: შემოწმდება თანამშრომლების ჯანმრთელობა და ჩატარდება სემინარები, რათა პროდუქციის ხარისხი და თანამშრომელთა უსაფრთხოება დაცული იყოს: 

,,ქალაქ ერგუნის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის განყოფილებამ ჩაატარა ძროხების ვაქცინაცია, ფერმებს დაურიგდათ სადეზინფექციო მარაგი, რათა ყოველდღიური დეზინფექცია შეუფერხებლად ჩატარდეს. ჩინეთში შეუფერხებლად მუშაობს თვითმომსახურების ბოსტნეულის მაღაზია, რომლითაც ერთნაირად სარგებლობენ, როგორც მომხმარებლები, ასევე ფერმერები. ჩონგკინგის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, ახალი ბოსტნეულის შეძენა სახლთან ახლოს გახსნილ თვითმომსახურების ბოსტნეულის მაღაზიაში შეუძლიათ. ბოსტნეულს მაღაზიაში ადგილობრივი ფერმერები აგზავნიან, ხოლო ვიზიტორებს ამავე მაღაზიაში, ორი მოხალისე მართავს. სასურველი ბოსტნეულის არჩევის შემდეგ, მყიდველები იხდიან ტელეფონის საშუალებით _ QR კოდის სკანირებით. ეს ბევრად უფრო მოსახერხებელია და ამცირებს სუპერმარკეტში კორონავირუსით ინფიცირების შანსს. აღნიშნული ინიციატივა დიდი შვებაა ადგილობრივი ფერმერებისთვის, რომელთა პროდუქცია, სხვა შემთხვევაში, მინდორში გაფუჭდებოდა. მაღაზია ფერმერებს არ ახდევინებს გადასახადს და სრულად ურიცხავს მიღებულ შემოსავალს’‘. 

დავუბრუნდეთ საქართველოს, როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გა-მოცხადდა. არადა, სწორედ გაზაფხულზე სრულდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კორონავირუსის საფრთხის ფონზე, როდესაც მთელი ქვეყანა კი არა, სრულიად დედამიწაა დაპაუზებული, სოფლის მეურნეობის პროდუქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მართალია, სურსათისა და კვების პროდუქტების იმპორტი არ იკრძალება, მაგრამ ვინაიდან გლობალური საფრთხე ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რაზეც ,,ვერსიაში’‘ დეტალურად უკვე ვწერდით, უპრიანი იქნება, ადგილობრივ წარმოებას ხელი შევუწყოთ. 

სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ღიად განაცხადა, რომ გვერდში დაუდგება თითოეულ ბიზნესმენს, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შექმნის: 

,,ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს, ჩაანაცვლოს იმპორტი ყველა მიმართულებით, იქნება ეს სასურსათო პროგრამები, თუ ინდუსტრიული წარმოებები, თითოეულ მათგანს მე, პირადად და მთავრობა დაუდგება გვერდში’‘. 

საინტერესოა, როგორ მუშაობენ მარნეულელი და ბოლნისელი ფერმერები სოფლად? იმისთვის, რომ მარნეულსა და ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ შეფერხდეს, ფერმერები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე სოციალური დისტანცირების დაცვით იმუშავებენ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული ინფრასქტრუქტურის საკითხებში, სოზარ სუბარმა განაცხადა: 

,,ახლა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ყველაზე დაძაბული პერიოდია. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ ჩავარდეს. მათ საშუალება ექნებათ, წავიდნენ მინდორში, ოღონდ უნდა წავიდნენ სოციალური დისტანცირების დაცვით _ მარტო წავა და მარტო მოვა, იმუშავებს და ამაში ადამიანს ხელი არ შეეშლება. ვინაიდან ეს არის რეგიონი, რომლის შემოსავლის მთავარი წყარო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და გაყიდვაა, თანაც ეს მნიშვნელოვანია სხვა რეგიონებისთვის, მათ შორის, დედაქალაქისთვისაც, ისე გავაკეთებთ, რომ იქიდან პროდუქციის უსაფრთხო წამოღება უზრუნველვყოთ’‘.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში