Menu
RSS

,,აფხაზეთის მოსახლეობა საფრთხეშია!’‘ _ როგორი ეპიდვითარებაა რუსეთისგან ოკუპირებულ რეგიონებში

საქართველო კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც კორონაკრიზისს ყველაზე უკეთ მართავს!"

დედამიწაზე კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. მსოფლიოში ინფექციით ნახევარ მილიონამდე ადამიანია დაინფიცირებული, რამდენიმე ათეული გარდაცვლილი და 100 000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული. ინფექციის გავრცელების მხრივ, ლიდერობენ ჩინეთი, იტალია და აშშ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში, კორონავირუსით დაინფიცირებული გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურად ქვეყნდება. ასე, მაგალითად, ვრცელდება ინფორმაციაც, რომ კრასნოდარის მხარეში, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, უმძიმესი ვითარებაა და ძალიან ბევრი ადამიანი აფხაზეთისკენ დაიძრა. ამბობენ იმასაც, რომ რუსეთის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში სასტუმროებს ჯავშნიან. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მთელ ქვეყანაში კომენდანტის საათის შემოღებამდე, საქართველოს ხელისუფლებამ სამეგრელო-ზემო სვანეთში, საგანგებო მდგომარეობა გაამკაცრა. 

„ვერსია“ შეეცადა, გაერკვია, რა მდგომარეობაა ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთსა და საერთოდ, მთელ კავკასიაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ხომ არაა საჭირო ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრის გაკონტროლება საქართველოს ხელისუფლების მიერ, რადგან აფხაზეთიდან ვირუსი არ შემოვიდეს; რა მდგომარეობაა გალში, სადაც რამდენიმე ათასი ქართველი ცხოვრობს და სჭირდებათ თუ არა მათ საქართველოს ხელისუფლების დახმარება? _ ამ საკითხებზე, კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძესა და ევროპელი დემოკრატების ლიდერ პაატა დავითაიას ვესაუბრეთ.

მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, სოჭში, კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. 

„აფხაზეთში იმის ინფრასტრუქტურა და საშუალება არ არსებობს, რომ ადგილზე გაუმკლავდნენ კორონავირუსს და ამაზე თავად აფხაზებიც წერენ. სხვათა შორის, ჯანმოსგან (ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, _ავტ.) დახმარება მიიღეს, ოსებმა კი ამაზე უარი განაცხადეს. დახმარება ეხება პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარების მიღებას, მაგრამ ხომ უნდა იცოდე, როგორ გამოიყენო ეს საშუალებები? შამბამ მუშტები აბრახუნა, ამას და იმას ვიზამთო, მაგრამ თუ გამოცდილება, ცოდნა და სტრუქტურა არ გაქვს, ძალიან რთულია, ეპიდემიას გაუმკლავდე. ასე რომ, აფხაზეთი ისევე, როგორც ცხინვალი, მაღალი დონის ხიფათის პოტენციური მატარებელია. 

ენგურის ხიდი აფხაზებს თავად აქვთ ჩაკეტილი, ჩვენ შეგვიძლია, ფორმალურად, საკარანტინო რგოლი დავაყენოთ, მაგრამ ამ კორდონის დაყენების საჭიროება ამ წუთში არ არსებობს. უბრალოდ, იქ დამკვირვებლები უნდა იყვნენ, რომ უკონტროლო გადმოსვლა არ დაფიქსირდეს არა ხიდიდან, რომელიც ისედაც ჩაკეტილია, არამედ, სხვა ადგილებიდან იმ შემთხვევაში, თუ ინფექციამ უცებ იფეთქა. 

რაც შეეხება კრასნოდარიდან აფხაზეთში გამგზავრების მსურველებს, დიახ, ასეა, რადგან ყველა სხვა ზონა დაკეტილია. ამ სიტუაციაში, კარგი იქნება, საქართველოში არსებობდეს ისეთი სტრუქტურა, რომელიც რუსეთში, ასეთი ტიპის დინამიკის განვითარებას თვალ-ყურს მიადევნებს. რუსეთს დაეკეტა თურქეთი და ყველა სხვა დასვენების ზონა, დარჩა მხოლოდ ყირიმი და აფხაზეთი. რუსეთში, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, ტურისტული ნაკადები ყველა სეზონზეა. რასაკვირველია, ახლაც მოდის ხალხი აფხაზეთში, რაც თავისთავად, მეტი ხიფათის შემცველია“, _ განმარტავს მამუკა არეშიძე. 

პაატა დავითაია აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსი იქ ნაკლებადაა გავრცელებული, სიცრუეა. 

„აფხაზეთთან საზღვარი რუსეთმა ჩაკეტა და უთხრა, თქვენს თავს თავად მიხედეთო, რასაც რუსეთის სათათბიროში მძიმე რეაქცია მოჰყვა და ისიც თქვეს, რომ გარკვეული თანხა აფხაზეთისთვის უნდა გამოეყოთ. საზღვრის ჩაკეტვა იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთიდან არავის უშვებენ, აფხაზეთში კი ის შედის, ვინც იქ ცხოვრობს. რუსეთის მოქალაქე, რომელიც შევა აფხაზეთში, უკან ვეღარ გავა. 

რამდენიმე დღის წინ, სოხუმის ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება, ყველა სახლში დარჩესო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გულრიფშის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მიმართვაც, რომელმაც თქვა, აფხაზეთში უმძიმესი ვითარება შეიქმნებაო. 

ვფიქრობ, 10 დღის შემდეგ, აფხაზეთში უმძიმეს სურათს მივიღებთ. საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ისედაც გაკონტროლებულია რუსების მიერ, ენგურის ხიდზე კონტროლი მარტივი განსახორციელებელია, მაგრამ მერე რა იქნება, რთული სათქმელია. არ დაგვავიწყდეს, რომ გალის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 40 ათასი ქართველია და 10 ათასი მიგრირებს. ყოველნაირად უნდა შევუწყოთ ხელი ქართველებს, მაგრამ მეორე თემაა აფხაზები, რომლებიც, მოგვწონს თუ არა, ჩვენი მოქალაქეები არიან. ამიტომ საქართველომ, ალბათ, რაღაც ღონისძიებები უნდა შესთავაზოს, თუმცა სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება, ე.წ. მთავრობა ამას დასთანხმდეს. ამ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ის ისევ რუსეთისკენ გაიხედავს, მაგრამ მოსახლეობამ თუ დაინახა, რომ აქ უფრო შვებას იგრძნობს, სამკურნალოდ ჩვენსკენ წამოვა. ყველაფერ ამას კონტროლი უნდა, რაც მარტივი განსახორციელებელია, რადგან ყველა სხვა გასასვლელი დაკეტილი და დანაღმულია. მოკლედ, გალის მოსახლეობას საფრთხეები უნდა მოეხსნას და დავეხმაროთ. 

ცხინვალის მიმართულებით, საფრთხე დიდი არაა, რადგან დღეს, ცხინვალის რეგიონში 8 000 ადამიანი ცხოვრობს, აფხაზეთში კი სხვა ვითარებაა, იქ დაახლოებით, 150-180 ათასი ადამიანია და აქედან 40 ათასი _ ქართველია“, _ ამბობს პაატა დავითაია. 

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელებას კავკასიასა და რუსეთში, ამ საკითხზე მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო სახელმწიფოა და იქ მოქალაქეების მობილიზება და კონტროლი ბევრად მარტივია, ვიდრე თავისუფალი დემოკრატიის ქვეყნებში. 

„რუსეთი, პუტინის ბრძანებით, ნელ-ნელა გადავიდა ნახევრად სამხედრო მდგომარეობაზე და პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც არმიის ბაქტერიოლოგიური სამსახურები გამოიყენა. რუსეთში ძალიან დიდი სამხედრო მობილიზაცია მიდის, მაგრამ ეს საქმე იმდენად დიდია და იმდენად მიტოვებული იყო, რომ აფეთქება, რასაკვირველია, უფრო მაღალი დონისაა, თუმცა ბევრად უფრო კონტროლირებადია სიტუაცია, ვიდრე, მაგალითად, უკრაინაში. 

აი, უკრაინაში, მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით, დასავლეთ ნაწილში, სადაც მილიონნახევარი გასტერბაიტერი (იაფი მუშა-ხელი, ძირითადად, სხვა ქვეყანაში სამუშაოს მაძიებელი, _ავტ.) დაბრუნდა, რომელიც მუშაობდა ევროპაში და იქ რა ამბავია და როგორი უკონტროლობაა, ვერ წარმოიდგენთ. რუსეთში შედარებით უფრო დისციპლინაა ამ მხრივ, თუ არ ჩავთვლით შორეულ აღმოსავლეთს. ამიტომ, ცენტრალურ რუსეთში განსაკუთრებული პანიკა არ არის და ეჭვი მეპარება, იქ რეალურ მონაცემებს მალავდნენ. მიჩვეულები არიან და შეიძლება, რეალური რიცხვის 1/3 თქვან, მაგრამ ისეთი კატასტროფული მდგომარეობა, როგორიც უკრაინაშია, არ არის. 

რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, იქ მდგომარეობა მარტივი არ გახლავთ და ამას ისიც ადასტურებს, რომ სტავროპოლის მხარის მთავარი ინფექციონისტი, თავად დაავადდა კორონავირუსით, რომელსაც უცხოეთში ვიზიტები ჰქონდა, მაგრამ ეს არ გათქვა და 15 ადამიანს გადასდო. ასევე, ვიცი დაღესტნის სიტუაცია _ იქ რთული მდგომარეობაა, დაღესტნელი ექიმები ძალიან შეწუხებულნი არიან, რომ ცენტრალური რუსეთისგან განსხვავებით, იქ სათანადო კონტროლი ვერ მოქმედებს. 

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ყველა რიტუალური ღონისძიება აკრძალულია, მაგრამ ამის მიუხედავად, სოფლებში მაინც ატარებენ ასეთ ღონისძიებებს. აზერბაიჯანში წესი აქვთ, დანარჩენმა მსოფლიომ ნაკლებად უნდა იცოდეს, რა ხდება მათ ქვეყანაში, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ იქ უფრო მაღალი დონის პრობლემებია, ვიდრე ამბობენ. 

სომხეთში, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღიდან შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა, ამ წესებს, პრაქტიკულად, არავინ იცავდა. იყო აბსოლუტური განუკითხაობა, თუმცა ახლა გონს მოეგნენ და ცდილობენ, მაქსიმალურად შეაკავონ ვირუსის გავრცელება. სომხეთში სხვა ტიპის პრობლემებიცაა, მაგალითად, დაშორებული ოჯახები ანუ სომხეთი ვერ ახერხებს ისეთ მობილურ ურთიერთობას, როგორსაც საქართველო. მაგალითად, 60 სომეხი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ვერ მიდის სომხეთში, რადგან საქართველო არ ატარებს. უამრავი ირანელი სომეხი მიაწყდა სომხეთს. სომხეთს კომუნიკაციის სერიოზული პრობლემები აქვს. ვერ ვიტყვით, რომ ექიმები არ ჰყავთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ სახელმწიფო სტრუქტრურებმა თავიდანვე არ მიიღეს საჭირო ზომები, რათა საკარანტინო ვითარება მაღალ დონაზე ყოფილიყო და სიტუაცია ძალიან მიუშვეს. 

საქართველოში კი აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ მოხდა _ პირველივე დღიდან, ძალიან სწორად მიუდგა საქართველოს ხელისუფლება და სამედიცინო პერსონალიც სიტუაციას. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს პოლიტიკური კონიუნქტურის გამო მოხდა და ვიღაცამ თავის გამოჩენა გადაწყვიტა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი შედეგია. ჩვენ ბედმა გაგვიღიმა, რომ მაღალი დონის ინფექციონისტები გვყავს, ასევე, გვაქვს ლუგარის ლაბორატორია, ამასთან ერთად, ხელისუფლებაში ადამიანების ჯგუფი აღმოჩნდა, რომელმაც უცებ შექმნა კრიზისის მართვის სწორი მენეჯმენტი, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

კავკასიაში, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე უკეთ მართავს არსებულ კრიზისულ სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ვიღაც უფრო მაღალ დონეზეა, მაგალითად, შეიძლება, ბევრად უფრო მაღალი დონის საავადმყოფო იყოს აზერბაიჯანში, მაგრამ ქართველი სამედიცინო პერსონალი, ტრადიციულად, ყველაზე ძლიერია კავკასიაში და ამასთან, კრიზისის მართვის აბსოლუტურად სწორი მენეჯმენტი განხორციელდა საქართველოს ხელისუფლებაში. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ კუთხით, საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებებს შორის, გამოცდილების გაცვლა ხდება“, _ აცხადებს მამუკა არეშიძე.

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში