Menu
RSS

რა მსგავსებაა ბელორუსულ ფეხბურთსა და პორნოგრაფიას შორის

კორონავირუსით გაღარიბებული ცნობილი სპორტსმენები და დაპაუზებული სორტული სამყარო

 

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სპორტული სამყარო, უბრალოდ, დაპაუზებულია. არსად არაფერი ხდება, გარდა ერთი ქვეყნისა, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ. მანამდე კი ის ვთქვათ, რას აკეთებენ ცნობილი თუ უცნობი სპორტსმენები იმის გარდა, რომ შინაურ პირობებში ვარჯიშობენ და შემდეგ, გადაღებულ ვიდეოებს პირად გვერდებზე ტვირთავენ. 

სხვათა შორის, კორონავირუსით დაავადებული წევრების შესახებ, არაერთმა კლუბმა ღიად განაცხადა, კლუბების უმრავლესობა კი ანონიმურობას იცავს და მხოლოდ ციფრებს ასახელებს. როგორც გვიხსნიან, ეს თავად სპორტსმენების გადაწყვეტილებაა, ვიღაცას სურს აფიშირება, ვიღაცას _ არა.

ვინაიდან, ვირუსი ტელეფონით არ გადადის, ეს საუკეთესო დროა აგენტებისთვის. ისინი საკუთარ კლიენტებს ახალ კლუბებს სთავაზობენ, მერე კლუბების მფლობელებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს, რომ სწორედ ამ პაუზის გამო, მომავალ სატრანსფერო სეზონში დიდი მიდი-მოდი იქნება. 

უკვე ღიად საუბრობენ იმაზეც, რომ მომავალი წლიდან, კატალონიურ „ბარსელონას“ ახალ თავკაცს დაუნიშნავენ და ის ახალი, „ბარსასა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ხავი ერნანდესი იქნება. 

ხავი, დღეის მდგომარეობით, არაბულ „ალ საადს“ წვრთნის, მაგრამ ყველამ იცის, რომ პირველივე დაძახებისთანავე, ის არაბებს დატოვებს და მშობლიურ კლუბს ჩაიბარებს. სხვათა შორის, ხავი არ მალავს, რომ ამის სურვილი აქვს. 

 

„ჩემს დანიშვნაზე ადრეც იყო საუბარი, მაგრამ მაშინ რომ შემოეთავაზებინათ „ბარსელონას“ გაძღოლა, უარს ვიტყოდი. ახლა შესაბამისი გამოცდილება მივიღე და მზად ვარ, გუნდი ჩავიბარო, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით _ მე სრული დამოუკიდებლობა უნდა მქონდეს. მე უნდა გადავწყვიტო, ვინ წავა და ვინ დარჩება გუნდში. სხვა შემთხვევაში, აღნიშნულ თანამდებობას არ დავიკავებ“, _ განაცხადა ხავიმ. 

სპეციალისტთა აზრით, ის ასე იმიტომ იქცევა, რომ კარგად იცის, გუნდში გადაწყვეტილებებს მწვრთნელი ან პრეზიდენტი კი არა, ლიონელ მესი იღებს და სწორედ მესის ჰეგემონიის დამხობა სურს ხავისაც, რაც ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება. 

* * * 

რადგან „ბარსელონაზე“ ვსაუბრობთ, გუნდის მეკარეზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზეც ვთქვათ. ის თვითიზოლაციაში იმყოფება _ სახლიდან არ გამოდის და შესაბამისად, ტელეფონით ჟურნალისტებთან სასაუბროდ ბევრი დრო აქვს. ჰოდა, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის ძირითადმა მეკარემ განაცხადა, ფეხბურთში საერთოდ ვერ ვერკვევი, მხოლოდ ბურთის დაჭერა ვიცი და ვერც ცნობილ ფეხბურთელებს ვცნობ სახეზეო. 

მეკარეობის გარდა, ტერ შტეგენი არქიტექტურითაა გატაცებული და თავისუფალ დროს მთლიანად ამ სფეროს უთმობს. 

* * * 

რამდენიმე თვის წინ, ვინ იფიქრებდა, რომ მარტის მიწურულს ანუ მაშინ, როცა ყველა სპორტული ღონისძიება გადამწყვეტ ფაზაში შევიდოდა, ოლიმპიადისთვის მზადება კი დასასრულისკენ წავიდოდა, მინიმუმ, ევროპის მასშტაბით, მთავარი სპორტული მოვლენა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ქმედება გახდებოდა, თუმცა სანამ ლუკაშენკოს საოცარ გადაწყვეტილებებს გაგაცნობთ, იმას გიამბობთ, რა უთხრა მას ვლადიმერ ჟირინოვსკიმ. 

ჟირინოვსკი ის კაცია, ვისაც ჭკუა არ მოეკითხება, მაგრამ ლუკაშენკოს ქმედებებმა ისიც კი გააოცა. 

„ლუკაშენკო მთელ პლანეტას დასცინის. ყველგან მკაცრი ზომები მიიღეს, სპორტული ღონისძიებები გააუქმეს, ყველა ქვეყანაში ცდილობენ, რომ ხალხი სახლში დარჩეს, ბელორუსში კი ქუჩებში დასეირნობენ, ყველა სტადიონზეა, თავად ლუკაშენკო კი ჰოკეის თამაშობს. უკვე რამდენიმე ათეული ადამიანია დაინფიცირებული, შემდეგ ასეულობით იქნება, მერე _ ათასობით... ასე არ შეიძლება. ისე გამოდის, თითქოს მთელი პლანეტი სულელია და მხოლოდ თქვენ ბრძანდებით ჭკვიანი...“ 

ბელორუსის საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპაში ერთადერთია, რომელიც არ შეჩერებულა, სრული სვლით მიმდინარეობს და ეს, იმის მიუხედავად, რომ კვირის მონაცემებით, ბელორუსში, ოფიციალურად 94 ადამიანია ვირუსით ინფიცირებული. ქვეყნის პრეზიდენტმა კი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და... ვირუსი გააუქმა. ჰო, სწორედ ასე თქვა, ბელორუსში ვირუსს ვაუქმებ და ის აღარავის შეხვდებაო. 

ისე არ გეგონოთ, ქვეყნის პირველი პირი თავად იმალებოდეს და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ უბიძგებდეს. არა, ლუკაშენკო არ ერიდება ხალხმრავალ ადგილებს, ჰოკეიც ითამაშა პროფესიონალებთან ერთად და არ აპირებს, ან საკუთარ თავს, ან ქვეყნის მოსახლეობას რაიმე სახის შეზღუდვა დაუწესოს. 

სხვათა შორის, რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა, ვიაჩესლავ კოლოსკოვმა განაცხადა, ლუკაშენკო ფეხბურთელებს სასაკლაოზე უშვებსო, მერე კი დააყოლა, საერთოდ, ტელევიზიით ბელორუსის ჩემპიონატს რატომ აჩვენებენ, პორნოგრაფიააო?! 

მოკლედ, ქვეყნის პრეზიდენტს აფრთხილებს და აკრიტიკებს ყველა, მაგრამ მას მხოლოდ საკუთარი თავის სჯერა. 

* * * 

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა და ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მოქმედმა მეკარემ, კეილორ ნავასმა საფრანგეთი მას შემდეგ დატოვა, რაც კორონავირუსის შემთხვევები გახშირდა. მართალია, ნავასი სახლში იმყოფებოდა და გარეთ ცხვირს არ ჰყოფდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, საფრანგეთის დატოვება და სამშობლოში გაფრენა გადაწყვიტა. 

მოკლედ, კეილორმა თვითმფრინავი იქირავა და ცოლსა და სამ შვილთან ერთად სამშობლოში გაფრინდა. საფრანგეთი-კოსტა რიკას ჩარტერი, მეკარეს „სულ რაღაც“ 200 ათასი ევრო დაუჯდა. 

* * * 

ყველა საზომით, NBA-ს კლუბი, ლოს ანჯელესის „კლიპერსი“ ერთ-ერთი უმდიდრესი და წელში გამართულია. მისი მფლობელი, მილიარდერი სტივ ბალმერი გახლავთ. ჰოდა, იმის მიუხედავად, რომ საკალათბურთო სეზონი შეჩერებულია და იგივე ბალმერი, ამის გამო, დღეში ასეულ ათასობით დოლარს კარგავს, მან გადაწყვიტა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს და ამ საქმისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა _ 25 მილიონი დოლარი გამოყო. 

„აღნიშნული თანხიდან 15 მილიონი _ ლოს ანჯელესის, სიეტლისა და მიჩიგანის კლინიკებს, ხოლო 10 მილიონი _ ვაშინგტონის სამედიცინო უნივერსიტეტის სწრაფი რეაგირების ფონდში ჩაირიცხება და კორონავირუსული ინფექციის საწინააღმეგო ვაქცინაზე მუშაობის ტემპის დაჩქარებას მოხმარდება“, _ განაცხადა ბალმერმა. 

* * * 

რადგან სპორტის სამყარო დაპაუზებულია და სუპერვარსკვლავებსა თუ რიგით მოთამაშეებს ხელფასების 30% ჩამოეჭრათ, იმასაც გეტყვით, ვინ რამდენი გამოიმუშავა გასულ წელს და შემდეგ, თავად განსაზღვრეთ, როგორ იზარალეს, მაგალითად, ფეხბურთელებმა. 2019 წელს, ხელფასს პლუს სარეკლამო შემოსავლის ოდენობით, პირველ ადგილზე ლიონელ მესია, რომელმაც 131 მილიონი დოლარი იშოვა. მესიზე გვარიანად ნაკლები აქვს, მეორე ადგილზე მყოფ, კრიშტიანუ რონალდუს. პორტუგალიელმა შარშან ჯიბეში 118 მილიონი ჩაიდო. რაც შეეხება საპატიო მესამე ადგილს, ის ბრაზილიელ ნეიმარს _ 98 მილიონი დოლარით ერგო. 

 

რაც შეეხებათ მწვრთნელებს, გასული წელი ყველაზე ხვავი „ატლეტიკოს“ თავკაცისთვის, დიეგო სიმეონესთვის აღმოჩნდა. სიმეონე უფულობას ნამდვილად არ უნდა უჩიოდეს, რადგან გასულ სეზონში, 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილზე, 30 მილიონით, იტალიელი ანტონიო კონტე გავიდა, მესამე პოზიცია კი, 27 მილიონით, „მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ დაიკავა. 

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მომგები იურგენ კლობის შარშანდელი შემოსავალი, „სულ რაღაც“, 24 მილიონი გახლდათ. 

* * * 

დასასრულ, იმის მიუხედავად, რომ სპორტის, პრაქტიკულად, ყველა სახეობა შეჩერებულია, მაინც აქტიურად განიხილება ოლიმპიადის წელს ჩატარების შესაძლებლობა. იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოლიმპიადის 2021 წელს გადატანა მას ზუსტად 213 მილიარდი დოლარით აზარალებს, რაც იაპონიის ეკონომიკას ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება. მით უმეტეს, ახლა, როცა ძნელია იმის პროგნოზი, როგორი იქნება პოსტვირუსული პერიოდი ქვეყნებისთვის. 

ჰოდა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ოლიმპიადა შემოდგომაზე ჩატარდება.

ბათო ჯაფარიძე

 

დაბრუნება დასაწყისში