Menu
RSS

როგორ დავიცვათ ბავშვები და მოზარდები კორონავირუსისგან

პედიატრის პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ!

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 60-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 8 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ, ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მარნეული და ბოლნისი კი ე.წ. წითელ ზონადაა გამოცხადებული. 

სხვათა შორის, ჩვენს ქვეყანაში COVID 19-ით რამდენიმე მოზარდი დაინფიცირდა. ამიტომ, საინტერესოა, როგორ მოქმედებს ახალი კორონავირუსი ბავშვებზე და რამდენად საშიშია არასრულწლოვანებისთვის? _ ამ თემაზე „ვერსია“ ცნობილ პედიატრ თამარ ობგაიძეს ესაუბრა და გაარკვია, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ამ ვირუსისგან.

„კორონავირუსის გავრცელებას ერთი საინტერესო კანონზომიერება გამოუვლინდა _ სადღეისოდ არსებული სტატისტიკა მოწმობს, რომ ბავშვები კორნავირუსით უფრო იშვითად ავადობენ, ვიდრე _ მოზრდილები. ამავდროულად, მათ დაავადება მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული სიმპტომატიკით ემართებათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთში დაავადებულების მხოლოდ 2.4% იყო ბავშვი და მათგან 0.2%-ს დაავადების მძიმე მიმდინარეობა ჰქონდა. სიკვდილობის შემთხვევები ბავშვებში, პრაქტიკულად, არ დაფიქსირებულა. არსებული მონაცემებით, მოზრდილებისგან განსხვავებით, ბავშვების ინფიცირებისას, პრაქტიკულად, არ განვითარებულა პნევმონია. 

სხვათა შორის, აქამდე არსებული სხვა ორი კორონავირუსული აფეთქების დროსაც (შAღშ, 2002; MEღშ 2012) ბავშვები იშვიათად ავადობდნენ. რა განაპირობებს ამ ფაქტს, ჯერ კიდევ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ეს შესაძლოა, განპირობებული იყოს ბავშვის იმუნური სისტემის თავისებურებით და იმ რეცეპტორების სიმცირით ან არარსებობით, რაც აფიქსირებს ორგანიზმში კორონავირუსს. 

მეცნიერები განიხილავენ კიდევ ერთ თეორიას _ ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს ბავშვთა ასაკში ჩატარებულ წითელას ვაქცინაციას, რომელსაც შესაძლოა, კორონავირუსისგან ჯვარედენი დაცვის უნარი აქვს. 

ბავშვთა ასაკში ინფექცია მიმდინარეობს ისეთივე ნიშნებით, როგორც მოზრდილებში _ ცხვირიდან გამონადენით, ხველით, ცხელებით, თუმცა შესაძლოა, ერთვოდეს დიარეა და ღებინება, მაგრამ მოზრდილებისგან განსხვავებით, იშვიათად ვითარდება პნევმონია და დაავადების მძიმე მიმდინარეობა“, _ აცხადებს ობგაიძე. 

პედიატრი ერთ საინტერესო დეტალსაც უსვამს ხაზს: 

„საინტერესოა, რომ COVID 19-ით ინფიცირებული ორსული ქალების ამნიონურ სითხეში კორონავირუსი არ აღმოჩენილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაყოფის ინფიცირება არ უნდა ხდებოდეს. 

დღემდე გვაქვს კორონავირუსული დაინფიცირებული ახალშობილის 1 შემთხვევა ლონდონში, დადასტურებულია, რომ ახალშობილის დედა ამ ინფექციით იყო ავად. როგორ მოხდა ახალშობილის ინფიცირება _ მუცლადყოფნისას, თუ დაბადების შემდეგ, ან მშობიარობის მომენტში, ამ ეტაპზე, უცნობია და კვლევის თემაა. 

ზოგადად, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ორსული ქალის ინფიცირებამ ნაყოფზე, ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის. დღემდე არ ყოფილა ინფიცირებული ორსული ქალის სიკვდილობის არც ერთი შემთხვევა“, _ განმარტავს პედიატრი და დასძენს, რომ კორონავირუსული ინფექცია ვრცელდება სწრაფად და 16 მარტის მონაცემებით, ის მსოფლიოს 150 ქვეყანაშია უკვე გავრცელებული. შესაბამისად, ბუნებრივია შიში, რაც დაავადების გავრცელებას ახლავს: 

„ეს, ერთი მხრივ, გამოწვეულია მისი ფართო და სწრაფი გავრცელებით, მეორე მხრივ კი, იმ ფაქტით, რომ ცოტა რამ ვიცით თავად ვირუსის ბუნებაზე და მესამეც, არ არსებობს მედიკამენტი და ვაქცინა მის წინააღმდეგ. 

ამის მიუხედავად, ვფიქრობ, პანიკა არ არის კარგი მოკავშირე. ცნობილია, რომ სტრესს სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენი იმუნური დაცვის სისტემაზე. სწორია სიფრთხილე და დაფიქრება, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავად არ გავხდეთ“. 

თამარ ობგაიძე კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად, მთავარ რეკომენდაციებსაც გვთავაზობს: 

„1. შეიკავეთ თავი არასაჭირო მოგზაურობებისაგან, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე, მის შიგნით. 

2. მოერიდეთ მასობრივ თავშეყრის ადგილებში ყოფნას. 

3. მიირთვით მხოლოდ კარგად გარეცხილი საკვები. 

4. დაიბანეთ ხელები ხშირად, დასაბანად სჯობს, გამოიყენოთ თხევადი საპონი. ხელი უნდა დაიბანოთ, მინიმუმ, 20 წამის განმავლობაში. 

5. თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას, გაიწმინდეთ ის ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით. ის უნდა შეიცავდეს, მინიმუმ, 60% ალკოჰოლს. ხსნარი უნდა დაისხათ ხელზე, შეიზილოთ, მინიმუმ, 20 წამის განმავლობაში და გაიშროთ ჰაერზე. 

6. მოერიდეთ ქუჩაში სახეზე ხელების შეხებას. 

7. თუ ავად ხართ, მოერიდეთ კონტაქტებს და გამოიყენეთ დამცავი ნიღაბი. 

8. ნიღბის გამოყენებას თავისი წესები აქვს _ ის უნდა გაიკეთოთ სახეზე ისე, რომ არ შეეხოთ მის წინა ნაწილს. ნიღაბი სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს. გამოყენებული ნიღაბი უნდა მოიხსნათ ისე, რომ არ შეეხეოთ მის წინა ნაწილს და ჩააგდოთ უახლოეს სანაგვე ყუთში. 

9. დაიცავით ხველისა და ცემინების ეტიკეტი _ ამ დროს უნდა აიფაროთ სუფთა ერთჯერდი ხელსახორცი ცხვირსა და პირზე, გამოყენების შემდეგ კი მაშინვე გადააგდოთ. თუ ვერ ასწრებთ ხელსახოცის მომარჯვებას, სახეზე მჭიდროდ აიფარეთ თქვენივე მოხრილი იდაყვი. 

10. თვითიზოლაცია სასჯელი არ არის. თუ ის გჭირდებათ, აუცილებლად უნდა დაემორჩილოთ წესებს და იზოლაციაში გაატაროთ ის ორი კვირა, რაც დაწესებულია. ამით შეამცირებთ დაავადების შიდა გავრცელების რისკს და დაიცავთ ინფიცირების მაღალი რისკის ადამიანებს გართულებებისაგან. 

და კიდევ, გახსოვდეთ, თქვენი პატარები, შეიძლება, წუხდნენ იმის გამო, რაც ეს დღეებია განუწყვეტლივ ესმით. მიეცით საშუალება, გამოხატონ თავიანთი წუხილი და შეშფოთება ვირუსის გავრცელების გამო. აუხსენით დაავადების შესახებ, დაუთმეთ მეტი დრო მათთან კომუნიკაციას და ასწავლეთ უსაფრთხოების წესები“. 

რაც შეეხება სწავლის განახლებას, თამარ ობგაიძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიურ სიტუაციაზე

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში